ფერადი ვალსი

დაუნანებლად, დაუზოგავად გაზიდა ყველაფერი, წლობით, დღიურად, საათობით. j70494_1286636347თავიდან ზედმეტი გაჰქონდა მხოლოდ და ისეთი, თავს რომ აბეზრებდა. თანდათან აზარტმა დაიმორჩილა და უკვე ისეთებსაც მიადგა, ძალიანაც საჭირო რომ შეიძლებოდა ყოფილიყო. მოსწონდა, ნელ-ნელა რომ ცარიელდებოდა. გამოთავისუფლებულ ადგილს სიჩუმე და სიმშვიდე იკავებდა.

სრული სიცარიელე მეტი სივრცეა, მეტი ჰაერი, მეტი სტაბილურობა, მეტი გარანტია. სრულ სიცარიელეში უკეთ ესმის საკუთარი ხმა. როცა ეპასუხება მას, ამ პასუხს სიცარიელის ექო ორხმად აჟღერებს და უკვე რამდენიმეს საუბარს ემსგავსება. სრულ სიცარიელეში მშვიდად მოწყენაა შესაძლებელი და ამ მოწყენაში იმ ფერების მოკოწიწება, უკვე რომ სანთლით საძებარი აქვს კაი ხანია…

ხანდახან მოადგებიან ხოლმე გზააბნეულები. უფრო ხშირად უცერემონიოდ უხურავს კარს ცხვირწინ, ზოგჯერ კი ანებებს შემოსვლას. ის კი არა, სკამებსაც კი მოიძიებს ხოლმე და ჩამოამწკრივებს მიჯრით და წრიულად. ისინიც შემოდიან, სხდებიან, საუბრობენ, ჩერდებიან რაღაც დროით, მერე გარშემო შემოუვლიან და მწკრივად დაწყობილი გადიან. მეტი რა გზა აქვთ, როცა თავისი სიჩუმით თვითონვე ყრის კინწისკვრით ყველას.

ვისაც არასდროს ააცლიდა სკამს და არც სიჩუმით დაღლიდა, იმას შემოსვლის ეშინია. ალბათ იმის შიშით, რომ მერე გასვლა გაუჭირდება და ეს აფრთხობს. ვინც კარებშია გაჩაჩხული ჭირვეული ბავშვივით და არაფრით არ გადის, თავისი  ყოფნით ვერაფერს უვსებს, ის კი არა, რაც მეტ ხანს არის, მეტად აცარიელებს. ესეც ტოვებს  ხანდახან. ეს მაშინ, როცა მშვიდ სიცარიელეში საკუთარი ხმა ისე ხმამაღლა ესმის, რომ ყურები სტკივდება და ფორიაქი შიშად ედება გულზე.

ზოგჯერ ასეთი ფორიაქისას ტოვებს აქაურობას და გარეთ გარბის. თავიდან თითქოს მოსწონს ეს ქაოსი, მაგრამ მერე სუნთქვა უძნელდება, ნაცრისფრად ღლის აურზაურის ერთფეროვნება, ღლის ხმაურიანი სიცარიელე და უკან ბრუნდება.

სიცარიელის სიმშვიდეში სიმწრით გადარჩენილი ფერებია შეჩურთულ-გადამალული, უცებ რომ არავინ მოჰკრას თვალი არამკითხეებიდან.  ზოგჯერ, როცა ამ სიცარიელის სიმშვიდე აფორიაქებს, გამოაქვს სამალავებიდან ეს ფერები და მათით გარშემორტყმული როკვას იწყებს. ის ცეკვავს. ცეკვა კი სრულიად განსხვავებულია, «ფერადი ვალსი ერთისთვის»-მგონი, ასე უნდა ერქვას…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 отзыва на “ფერადი ვალსი

  1. «ვისაც არასდროს ააცლიდა სკამს და არც სიჩუმით დაღლიდა, იმას შემოსვლის ეშინია. ალბათ იმის შიშით, რომ მერე გასვლა გაუჭირდება და ეს აფრთხობს. ვინც კარებშია გაჩაჩხული ჭირვეული ბავშვივით და არაფრით არ გადის, თავისი ყოფნით ვერაფერს უვსებს, ის კი არა, რაც მეტ ხანს არის, მეტად აცარიელებს.» — რატომღაც ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, თითქმის ყველა სიტუაციაში

  2. კი, მასეა. ვინც გინდა, ის კიდეც რომ გაიჩაჩხოს კარებში, გაგიხარდება და არ შეგაწუხებს 🙂

  3. მაგრამ რად გინდა, ჯერ მე არ გამიგია ვინმეს კარებში სასურველი სუბიექტი გაჩაჩხულიყო :დ

  4. არც მე. თვითონ კი შეიძლება გაიჩაჩხო, რომ არ გავიდეს 🙂

Оставьте комментарий