განსხვავება

ნივთების განსხვავებულობა ადვილად შესამჩნევია. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანების გარეგნობაზეც, შეხედავ და დაინახავ. მაგრამ ადამიანი მარტო გარეგნობა ხომ არაა.

ყველას თავისი შეხედულება აქვს, საკუთარი გემოვნებიდან, თვალსაწიერიდან, მენტალობიდან, ინტელექტიდან, ადამიანობიდან, ორიენტაციიდან გამომდინარე. ამიტომაცაა რთული ადამიანური ურთიერთობები.

ქვეცნობიერად მაინც ყველა თანამოაზრეებს ვეძებთ, რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ არ გვაღიზიანებს განსხვავებული აზრი. თუმცა გაღიზიანებაც არის და გაღიზიანებაც. შეიძლება ვერ გაიგო სხვისი პოზიცია, სხვისი შეხედულება, არც იყოს შენთვის მისაღები, მაგრამ ეს სულაც არ გაძლევს იმის უფლებას, მტრად ექცე ან გასაბრდღვნელად გაიმეტო ეს ადამიანი.

არც ისაა სწორი, თავი მოაჩვენო, თითქოს იზიარებ მის აზრს და ამით მისი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდე. თქვი, შენ რასაც ფიქრობ, მოაყოლე შენი არგუმენტები და სულაც ნუ ელოდები, რომ აუცილებლად შენ გაიმარჯვებ. ურთიერთობა არ უნდა ჰგავდეს პოლიგონს.

არც ის მგონია სწორი, ჩიჩინი დაუწყო და ეცადო მის გადარწმუნებას. ყველას საკუთარი ხედვა აქვს და ერთსა და იმავე რამეს ყველა ამ ხედვიდან გამომდინარე ჭრის და კერავს. თუმცა ეს ჭრა — კერვა ზედმეტად სულელური თუ არის, რასაკვირველია, უნდა აუხსნა, ეგებ მიახვედრო. ტყუილად ხომ არ გვაქვს ანდაზა : «შეძახილმა ხე გაახმოო».

რა თქმა უნდა, გადასარევია, თუ თქვენი აზრები დაემთხვევა და გაუგებთ ერთმანეთს. ისედაც, ეს, ალბათ, ამოსავალია ურთიერთობისთვის, მაგრამ ყველაფერში ხომ ასე არ იქნება? რაც არ უნდა გესმოდეთ ერთმანეთის , მაინც აღმოჩნდება რაღაც ისეთი, რაზეც სხვადასხვა შეხედულება გექნებათ და თუ თავიდანვე იმ ამბიციით ხარ, რომ აუცილებლად შენი აზრია ჭეშმარიტება და სხვა ყველა სისულელეა, მაშინ განწირულია ეს ურთიერთობა.

სხვისი აზრის პატივისცემის უნარი დიდი ნიჭია თურმე, ყველაზე იშვიათი და ყველაზე დასაფასებელი.

ბევრია ისეთი, ხმამაღლა რომ გაჰყვირის ტოლერანტობაზე, შემწყნარებლობაზე, განსხვავებულობის უპირატესობაზე, მაგრამ ხშირად, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ესენიც ისეთივე წარმატებით ჩაგაქვავებენ, გაგლანძღავენ (ბილწადაც), როგორც ამას ისეთები აკეთებენ, თვითონ რომ აკრიტიკებენ და თავადაც რომ ბევრჯერ გამხდარან მათი გონებაშეზღუდულობის სამიზნე. ხოდა, აბა მაშინ რით ხარ მათზე უკეთესი? რაღას იგდებ მათ აბუჩად და ნათლავ ჩამორჩენილად და ერთუჯრედიანად?

ბუნებრივია, რომ გულს უფრო ეამება იმის მოსმენა, რასაც შენ ფიქრობ და როგორც შენ ფიქრობ, მაგრამ თუ პიროვნული თავისუფლების ამბიცია გაქვს, მაშინ კიდეც აიტანე და თუ მაინც ვერ ერევი უკვე გაჩენილ მტრობას და სიძულვილს ამ ადამიანის მიმართ, გაჩუმდი და მიხვდი, ბოლოს და ბოლოს, რომ დროა იზრუნო საკუთარ განვითარებაზე!

გავყვირით ხმამაღლა, რომ გვინდა თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი ჩამორჩენილი მენტალობისგან, თავისუფალი ტაბუებისგან, დოგმებისგან და თავად დოგმას ვუწესებთ იმათ, ვინც სხვანაირად ფიქრობს? ან რა აუციელებელია ყველა ერთნაირად ფიქრობდეს და ყველა ერთანაირი იყოს! ასეთი ხომ იყო უკვე და რაც მოვიგეთ, კი ვნახეთ ყველამ.


ყველაზე  დიდი ნიშანი ინტელექტის და კულტურულობის, ჩემი აზრით, სწორედ განსხვავებულობის მოსმენის, დანახვის და მიღების უნარია. ლინჩის წესით გასამართლებაც ველურობის ატრიბუტია. იქ, სადაც ბრბოს ფსიქოლოგიაა, საზოგადოება ვერ იქმნება. სადაც ბელადები და კერპები უყვართ და უნდათ, იქ არც თავისუფლებაა და არც ქვეყნის განვითარების პერსპექტივა.

კოლექტიური სიძულვილი, ყვირილი და აგრესია არც პროტესტია და არც თავისუფალი აზრის გამოხატვა. არც დამნაშავის დასჯაა საჯარო საქმე. ცივილიზებულ სამყაროში კანონი წყვეტს, რაა დანაშაული, ვინაა დამნაშავე, რაშია დამნაშავე და როგორ უნდა დაისაჯოს. ადამიანის შეხედულება, მისი ცხოვრების წესი თუკი ვინმეს არ აზიანებს, არაა დანაშაული.

ყველამ რომ მამიდას არა, მაგრამ თავის თავს მიხედოს, საკუთარ ცხოვრებას დაუკვირდეს, ხელი გაანძრიოს, იშრომოს, ისწავლოს, განვითარდეს, ქვეყანაც აშენდება. აბა გულზე მჯიღის ბრაგუნით, «ჯოს» ყვირილით, ჯვრების, «ტაბურეტკების» რტყმით, სხვების გაუთავებელი ლანძღვით, სხვისი დირეების ძებნით როდის სად აშენებულა სოფელი?

ჰომო საპიენსს ჰომოს თუ მოვაშორებთ, მარტო საპიენსი დაგვრჩება. თუმცა, როგორც ვატყობ, განსხვავებულების თანაცხოვრება საპიენსების სამყაროში უფრო ადვილად გამოდის, ვიდრე წილხვედრში…

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s