რომ არ დავბადებულიყავი

რომელიღაც წლის აგვისტოს 15-ში მოხდა სრულიად უმნიშვნელო ამბავი — დავიბადე. არაფერი შემატებია ამით კაცობრიობას და რომც არ დავბადებულიყავი, დიდად არც არაფერი მოაკლდებოდა. ბევრჯერ მიფიქრია, რომ იქნებ კიდეც სჯობდა, სულაც არ მოვსულიყავი ამ ქაოსით სავსე სამყაროში.

ტრადიციულად, ყოველ წელს  აგვისტო განუწყვეტლად მაფიქრებს ამაზე და დაუსრულებლად მატრიალებს დაბადებასა და არდაბადებას შორის არჩევანში. ახლაც ასეა.

რომ არ დავბადებულიყავი…

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ გავიცნობდი დედაჩემს, ყველაზე კეთილ, ჭკვიან ადამიანს გასაოცარი გონებით, ყველაზე ლამაზ, მხიარულ, ენამახვილ ქალს, ვინც კი შემხვედრია ცხოვრებაში. ვერ ჩავხედავდი გაზაფხულის სიმწვანით და სითბოთი სავსე საოცარ თვალებში, ვერ შევიგრძნობდი მისი ლამაზი თითების სითბოს, ვერ ვიოცნებებდი, დავმსგავსებოდი მას. ვერ გავიგებდი როგორია, ბავშვობაშივე რომ ამთავრებ  ბავშვობას, რაკი შენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი ნელ-ნელა, წლობით, საათობით, წუთობით გეცლება ხელიდან, იმის მიუხედავად, რომ განწირული ებღაუჭები და არ ცდილობ  გაშვებას…

რომ არ დავბადებულიყავი, ობლობის და დედინაცვლის ამბები მხოლოდ ზღაპრებში მექნებოდა ნანახ — გაგონილი. ვერც იმას გავიგებდი, როგორია, როცა თვითონ ბავშვს, გიწევს შენზე უმცროსის დაცვა-პატრონობა.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ გავიცნობდი ჩემს ულამაზეს და უკეთილშობილეს ბებიას და «ხულიგან» ბაბუას, ვერ მოვისმენდი მათ უცნაურ ზღაპრებს, ვერ დავინახავდი სიყვარულით სავსე ცრემლიან თვალებს, ვერ გავიგონებდი მათ ბუტბუტს ღამღამობით, ღმერთს რომ ეხვეწებოდნენ ობლების კარგად ყოფნას.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ გავიგებდი, რა ბედნიერებაა, როცა გვერდით გყავს შენი თანამოსისხლე, ქრომოსომების თანამოზიარე დაიკო, ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, ცხოვრების ერთგული თანამგზავრი, დიდი იმედი და სიყვარული.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ შევიგრძნობდი მეგობრობას, მისით ტკბობას, მის ფასს.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ დავინახავდი ყურებამდე შეყვარებულ თვალებს, ვერ შევიგძნობდი  პირველ კოცნას და მის ეიფორიას, ვერ გამოვცდიდი სიყვარულით ტკბობის ნეტარებას.

რომ არ დავბადებულიყავი, არ მეცოდინებოდა, როგორია მრავალსაათიანი ტანჯვა-წამების მერე არაადამიანური ტკივილის ხარჯზე საკუთარი საშოდან მოვლენილი სასწაულის დანახვა. არ მეცოდინებოდა, რამხელა დარდი და სიხარულია შვილების ყოლა, არ მეცოდინებოდა, როგორია ღამეების თენება,ზრუნვა, დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო.

რომ არ დავბადებულიყავი, არ მექნებოდა ბალიშში თავჩარგული ტირილიანი ღამეები, საკუთარი უსუსურობის შეგრძნების შემოტევები, დილით ისევ მხნედ და ვითომ აქ არაფერი წამოხტომები. ვერ შევიგრძნობდი უსაზღვრო სიამაყეს კაცებად ქცეული პირმშოების შეხედვისას.

რომ არ დავბადებულიყავი, არ მეცოდნებოდა, რომ სიამაყე და თავმოყვარეობა ვინმესთვის ცხვირის აბზუება და გაბღენძვა კი არა, საკუთარ სისუსტეზე გადაბიჯება, მისი  ისე ოსტატურად მიჩქმალვაა,  შენ გარდა რომ ვერავინ შეამჩნიოს.

არ მეცოდინებოდა, რომ ცხოვრების აზრი საკუთარი თავის ძიება-გაცნობაში, მუდმივ ბრძოლაში და საყვარელი ადამიანებისთვის სარგებლობის მოტანაშია.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ შევიგრძნობდი დაკარგვის ტკივილს, იმედგაცრუებას, ოცნებების კლება-გაქრობას და მათ სურვილებამდე დაწვრილმანებას. ვერ გავიცნობდი და დავიმეგობრებდი მარტოობას.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ ვიგრძნობდი ვანილის ნაყინის გემოს, მწიფე, ყვითელი ატმის ჩაკბეჩას და მისი ღვთაებრივი წვენის ჩამოწუწვას. არ მეცოდინებოდა შოკოლადის  გემო და არომატი.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ დავჯდებოდი დილაობით მზით განათებული ფანჯარასთან, ვერ დავიდგამდი წინ აქაფქაფებულ ყავიან ფინჯანს და ვერ გავაბოლებდი  დღის პირველ სიგარეტს,  ვერ გავყვებოდი ნიკოტინის და კოფეინის  სუნდაკრულ ფიქრებს და ვერ ვიბორიალებდი აღმა-დაღმა მათში.

რომ არ დაბადებულიყავი, ვერ გავცურავდი მზის ზოლზე, ვერ ვიჯდებოდი აქაფებულ ზღვასთან, ვერ გავწვებოდი მზის გულზე და ვერ შევისრუტავდი მის სხივებს ჩემი კანის ყველა უჯრედით. არ მეცოდინებოდა ამ სასწაულის  ბედნიერება.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ გამოვცდიდი, როგორია ზაფხულის სიყვარული და მისი მოლოდინი ზაფხულიდან ზაფხულამდე.

რომ არ დავბადებულიყავი, არ მეცოდინებოდა ფულის ხარჯვის სიამოვნება და მისი ეკონომიის სიმწარე.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ აღმოვაჩენდი, რომ მიუხედევად ჩემი არშემდგარ ქვეყანაში ცხოვრების, მიუხედავად აუარებელი წარუმატებლობის და მარცხის, მაინც შემდგარი ადამიანი ვარ, რაკი მოვახრხე ის, რაც მოვახერხე და, რაც მთავარია, დავიმეგობრე საკუთარი თავი.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ გადავიქცეოდი მეოცნებე რომანტიკოსიდან პესიმისტ რეალისტად.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ ვისწავლიდი სიკვდილზე ფიქრის  შეგუებას, ვერ მივიდოდი აზრამდე, რომ სიკვდილ-სიცოცხლე ერთი მთლიანობაა და კანონზომიერი წრე.

არ მეცოდინებოდა მუსიკის ძალა. არ დამათენდებოდა წიგნის კითხვაში, ვერ დავტკბებოდი ჭრიჭინების  ხმით.

რომ არ დავბადებულიყავი, რამდენი რამე დამრჩებოდა უნახავ-გამოუცდელი!!!

კარგია, რომ დავიბადე…

 

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 отзывов на “რომ არ დავბადებულიყავი

  1. მაკა:

    ,,რომ არ დავბადებულიყავი,, ძალიან ხშირად მეც მიფიქრია, თან მესამე შვილი (ბიჭის ძიებაში) 😊 რა საჭირო ვიყავი …
    ზუსტად იგივე ტკივილებს(თითქმის) და სიხარულებს(თითქმის) ვერ გამოვცდიდი, რაც შენ გამოცადე, ქეთი. რაღაც ლექსი მახსოვს ასე მთავრდებოდა ,, პირველად როცა მითხრეს შენც მოკვდებიო მოკვდა ბავშვობა,, მე მაშინ 13 წლის ვიყავი, ოცის სუუუულ მარტო …
    რომ არ დავბადებულიყავი …
    შენ ვერ გაგიცნობდი, რომელსაც არ გიცნობ და ასე ახლობელი ხარ ჩემთვის …
    ,,რომ არ დავბადებულიყავი» …
    დაიბადე ქეთი და ამ დღეს გილოცავ
    🌺🌺🌺

  2. მადლობა, მაკუნია❤

  3. ჟანა:

    სანამ ამას წავიკითხავდი, დაბადების დღეს რომ გილოცაავდი გუშინ, ზუსტად ამას ვფიქრობდი გულში: ქეთუ, რა კარგია, რომ დაიბადე! კინაღამ ასეც დავწერე, მაგრამ … ეს ხომ ისედაც იცი, რომ მიხარია! თუმცა დიდი ხანია, არ გვინახავს ერთმანეთი, მაგრამ რაც მთავარია, გვიხარია ერთმანეთის არსებობა! მადლობა ღმერთს და ჩვენს დედებს, მიუხედავად ცხოვრების სიძნელეებისა…

  4. ხო, ჟან, მასეა. კარგია, რომ დავიბადეთ და შევხვდით ერთმანეთს. რაც შეეხება იმას, რომ დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი, ყოველთვის მზად ვარ მაგის გამოსასწორებლად, შენ ოღონდ თქვი❤

  5. MERS:

    ფეისბუქ გვერდი არ აქვს ბლოგს? იქ უფრო ადვილი მისადევნებელი იქნებოდა თვალი სიახლეებისთვის :/

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s