ზიგზაგი

არც ვიცი, რამდენი წლისაა. დიდი ბებიასთვის რომ მიჰქონდათ მზითვად, რიონში გადავარდნიათ

,ამოუტანიათ, გაუმშრალებიათ ნაწილ — ნაწილ და მას მერე ვინ მოთვლის, რამდენ თაობას ემსახურა პატიოსნად.

დიდთოვლობა იყო თურმე იმ დეკემბერს რაჭაში. გვირაბები გაჭრეს თოვლში და ისე მიდი — მოდიოდნენ მეზობლები ერთმანეთთან. ასე გვირაბით მიახანხალეს მოხუცი ბებიაქალი და გაჩენილა პატარა ქეთო, მომავალში ჩემი ტკბილი ბებია. პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს — მესამე, მესამეს — მეოთხე და მეოთხეს — მეხუთე. ხან ერთის შარვალი თუ კაბა კოწიწდებოდა ამ პატიოსანი გერმანელის მოგონილ მანქანაზე, ხან მეორის და ასე ირახრახა კაი ხანს ნამზითვმა «ზინგერმა». ყველაფერი რომ ამოკერა და გადაკერა, რაც კი ამოსაკერ — გადასაკერი იყო, დაახურეს ხის ყავისფერი ხუფი და თბილისს გამოამგზავრეს.

ახლა აქ ახადეს ხუფი და აღარც დახურვია კაი ხანს. ხან რას იგონებდა ზედ ბებიაჩემი და ხან რას. რა არ გამოიარეს ერთად. ბინიდან ბინაზე გადასვლა, ომები, შიმშილობა, უშუქობა და სიცივე.

მე რომ გავჩნდი, უკვე ისე ხშირად აღარ აკითხავდა ბებია. სადღა ეცალა ამისთვის. კვირიდან კვირამდე იყო უქმად, თავდახურული, ჩემი დაკვირვების ობიექტად ქცეული. სულ ვიცი სად რამდენი ფხაჭი ან ბზარი აქვს. სად გაქექილია და სად ჩაშავებული. საათობით ვუყურებდი. ყველაზე უფრო ქუფზე რომ ქალი ხატია, თეთრი მაქმანებიანი თავშლით, ის მომწონდა. იჯდა და კერავდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ დედაჩემი იყო. ვკითხე კიდეც ბებიას, ეს ხო დედაა — მეთქი და იცინა. არც კი მითხრა და არც არა და დამტოვა ასე ჩემს ვარაუდში გაურკვევლად. კი, დედა იყო აბა რა. მერე რა, რომ ასეთ კაბებს არ იცვამდა და არც ასეთი თავშალი ჰქონდა. სამაგიეროდ, ხალი ჰქონდა ზუსტად ასეთი სახეზე, თვალებითაც ჰგავდა.
კვირაობით იკერებოდა ჩემთვის  სარაფნები,  კაბები, ჭრელები, ფუჩფუჩებიანები. როგორ მიყვარდა ეს ამბავი. როგორც კი დავინახავდი ბებიას  საკერავ მანქანასთან, მაშინვე იქ ვიყავი ატუზული. ვაკვირდებოდი, როგორ ჭრიდა,  ლამბავდა და ერთი სული მქონდა, როდის მეტყოდა, ჰე ახლა, მოდი და გადაარახრახეო. ვიდექი და მონდომებით ვატრიალებდი სახელურს. ახლა რომ მეკითხებიან, საიდან ისწავლე კერვაო, ვპასუხობ არ მისწავლია — მეთქი და ასეცაა. ძაფს ვახვევ მაქოზე და მახსენდება, ბებია როგორ აკეთებდა ამას, მერე ვამჩნევ, რომ მეც ისე ვშვრები, როგორც ის,  ძაფს ვაწყვეტ და ესეც ბებიასავითაა…
პირველად რომ უნდა წავსულიყავი უნივერსიტეტში, იტკიცა ბებიამ,ახალი კაბით უნდა წახვიდეო. საიდან მექნებოდა ღარიბ — ღატაკს და უდედმამოს. გავიდა ჩუმად თავის ოთახში და საიდანღაც დიდი ხნის წინ ბაბუას ნაჩუქარი საკაბე გამოიტანა, ლურჯი, თეთრკოპლებიანი. დაჯდა. კერა და კერა და მეორე დღეს ჩამაცვა.

ამის მერე უკვე ჩემს ხელში გადმოინაცვლა ამ საგვარეულო «ზინგერმა» და ახლა უკვე ჩემით ვშველოდი საკუთარი გარდერობის სიმწირეს. მერე შვილებს ვუკერე და ვუკერე, სანამ პატარები იყვნენ. გადავაგორეთ ერთად შავბნელი 90 — იანები. ახლაც ჩემთანაა. როცა უძილობა მიტევს, ფიქრებში ვათვალიერებ მობეზრებულ ტანსაცმელს და ვგეგმავ, რისგან რა უნდა გამოვიყვანო. ფიქრში რომ დავალაგებ, მერე ნელ — ნელა ვიზოგავ და თავისუფალ დროს ნაცნობ და მშობლიურ რახრახში ვკლავ. ვხდი ხუფს და იწყება კინო, შავ — თეთრი კინო, ცოცხლდება კადრები. აი აქ ამომწვარია, სანთელი გადაბრუნებია ბებიას და იმის კვალია. აგერ იქ, წკვერტითაა გამაგრებული რკინა და მე ხელს არ ვკიდებ, იყოს ასე. უჯრის თავსახური გადაპრიალებულია, ალბათ ბებიას ლამაზი თითებისგან, ქვეშ რომ ადგილია, პატარაობაში სამალავი რომ მეგონა, იქ დღემდე დევს ძველ ნაჭრის ნაგლეჯში გაყრილი ნემსები.

კერავს პატიოსნად, უკან არ იხევს არაფერზე, მაგრამ აი ზიგზაგს ვერ აკეთებს, ვერც ღილის გასაყრელს. განა ვერ იზამდა, მაგრამ აი მაშინ, რიონში ჩავარდნისას დაკარგვია ფეხები. რამდენჯერ ვთქვი, რომ ვიყიდი ახალ მანქანას, როდემდე უნდა ვუხვიო ხელით ან ვიარო სამკერვალოებში, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მავიწყდება. არა, ვიტყუები,  არ მავიწყდება. ვითომ მავიწყდება. სინამდვილეში, რომ წარმოვიდგენ ახალ მანქანას, ასე მგონია, გული ეტკინება ჩემს ბებრუხანას.

ხანდახან მგონია, ცხოვრებაშიც ამიტომ არ ვიცი ზიგზაგებით სიარული. მარტო მე კი არა, ყველა ასე ვართ ოჯახში. ამ ძველი «ზინგერივით» მივდივართ და მივდივართ პირდაპირ, მიხვეულ — მოხვეულების გარეშე. ვეხეთქებით ათას უბედურებას, ცხვირ — პირს ვიმტვრევთ, გამოვედებით ათას ეკალს და ჟანგიან ლურსმანს, გამოვიგლიჯებით, გამოვირღვევით და მაინც მივდივართ.

ასე მგონია მე და ის ერთად ვითვლით დარჩენილ წლებს, დღეებს, საათებს, წამებს. ჩემი ნივთების სამყარო მანამდე იქნება, სანამ მე ვიქნები და ამ სამყაროში მრგვალმაქონიანი, ხისხუფიანი ძველი «ზინგერი» ყველაზე მთავარია. მე ნივთებზე დამოკიდებული ადამიანი ვარ. ყოველ მათგანში რაღაც ამბავია. მე მათში ისტორიებს, ადამიანებს ვინახავ. ამ ადამიანებში კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი ბებიაჩემია, ჩემი ტკბილხმიანი და ლამაზთითება ქეთუსია.

დღეს ის დღეა, ბევრი წლის წინ, თოვლიან რაჭაში პატარა ქეთო რომ დაიბადა. დღეს ჩემთვის ყველაზე მთავარი ადამიანის  დაბადების დღეა. რა კარგია, რომ დაიბადა და  უზიგზაგოდ ცხოვრება მასწავლა.

გილოცავ, ბებონა…როგორ მიყვარხარ და როგორ მენატრები…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან, ჩანაწერები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s