აგვისტოს წიგნი

პროლოგი

მწერალი რომ ვყოფილიყავი, მეც დავწერდი ალბათ დიდ — დიდ ამბებს ბევრ — ბევრი პერსონაჟით, ჩახუჭუჭებული პეიზაჟებით( სიმართლე გითხრათ, ეს ყოველთვის მეზედმეტება პროზაში და, ცოდვა გამხელილი სჯობს, კიდეც ვახტები ხოლმე კითხვისას), კულმინაციით და კვანძის გახსნით. დავხლართავდი ამბრისას და უმბრისას, სიუჟეტში თავიანთ ადგილს მივუჩენდი ყველას და ვეცდებოდი რამე ისეთი მეთქვა ამ ყველაფრით, ერთ კაცს მაინც რომ გამოადგებოდა რამეში. იქნებ კიდეც გამომსვლოდა ეს ყველაფერი, მაგრამ დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ რაც არ უნდა მოინდომო და იწვალო, ვერაფერს იტყვი და დაწერ ისეთს, აქამდე რომ არ უთქვამთ და დაუწერიათ, თან შენზე გაცილებით დიდებს და ნიჭიერებს. მერე ისიც აღმოვაჩინე, რომ ვერც ეს დიდები და ნიჭიერები წერენ იმ ერთ, ყველაზე დიდ, მწერალზე უკეთ, ცხოვრება რომ ჰქვია. ჰოდა, რაკი ეს აღმოვაჩინე, მისი მკითხველობა ვარჩიე. ვკითხულობ ამბებს, ვიკვლევ პერსონაჟებს და მერე ხანდახან მოკლე შინაარსებს ვწერ ამ წიგნებისას. დღეს აგვისტოს წიგნზე ვწერ, მოკლედ, არამწერლურად.

აიშა

ჩირივით გამომშრალი და შემჭკნარი ერთი ბეწო ქალია. უთავშლოდ ერთხელაც არ დამინახავს. ძლივს დახანხალებს, მაგრამ მაინც გაჩერებულს ვერ ნახავ. სულ რაღაცას აკეთებს, დაფაჩუნობს, გარს უვლის ეზო — ყურეს, ედემის ბაღს რომ ჰგავს  ულამაზესი ყვავილებით და უცნაური ხეებით. აღარ შემიძლიაო, მაგრამ აბა ქალის საქმეს ვინ გააკეთებსო, კაი რძალი მყავდა, მოაკლდა მისი ხელი აქაურობასო, ცრემლს იწმენდს ჩუმად. იქნება როგორმე ცოლი მოვაყვანინოთ ბიჭსო. ხო, ახალგაზრდა კაცია, ცოდვაა მარტოო, დავეთანხმეთ. უიო, იტკიცა, ეს როგორ იფიქრეთ, მე შვილიშვილს ვგულისხმობდი, თუარა ესო, თავის შვილზე გვანიშნა, ცოლს ვერ მოიყვანსო. ჩემი ობოლი შვილიშვილებისთვის  დედინაცვალს ვერ  დავაყენებინებ თავზეო. აი ხო არაფერი, მაგრამ ისე თქვა, ახლაც ტანზე ეკალი მაყრის. ფილმივით იყო. მოქანქარდებოდა კიბესთან და ხან თავისი ბოსტნის პომიდორს მოგვიკითხავდა, ხან მოხარშულ სიმინდს. წამოსვლის წინა დღეს უკვე გროში აღარ გვებადა. გვშიოდა. ვიჯექი ოთახში და ვწუწუნებდი. უცებ ქვევიდან გოგოებოო, მესმის. აგერ მწვანე შეჭამანდი გავაკეთე, ჩემს მოხუცს უყვარს და მიირთვითო.გულაჩუყებულმა გამოვართვი პატარა, ხეხვისგან გალეული ალუმინის ქვაბი. ვჭამდი და  ცრემლებს ვაყოლებდი. ათასნაირი ფოთლებით და ბალახბულახით სავსე ქვაბიდან ბავშვობის მონატრებული გემო და ბებიაჩემის ცხელი მხალის ოხშივარი თან მკლავდა და თან მახარებდა. თითქოს იქ გაიგონა ჩემმა ტკბილმა ბებიამ, რომ მშიოდა და აქ ამ კეთილი ქალის ხელით გამომიგზავნა ის, რასაც ბავშვობაში მიკეთებდა და ასე ძალიან მიყვარდა…

ქრისტინე

13 — 14 წლის იქნება. სულ ახლახან რომ დაუძახა საკუთარმა სქესმა და ნელ — ნელა უკვირდება თავის სხეულს. როგორც ძველი მწერლები იტყოდნენ, ახლად შეღერებული და ჩაკდემით მოსიარულე. ლამაზი. ჩუმი. მისი ტოლები რომ აღმა — დაღმა დარბიან და გაუდით გნიასი, ეს უხმოდ ტრიალებს სახლში. დროზე ადრე წამოუკიდებია ქალის საქმე და დიასახლისობს. თვალები ისეთი აქვს, გული ამოგიჯდება, დიდი, შავი და მოქუფრული ზღვასავით, ობლობის სიჩუმით და სევდით სავსე.

ასმათის კაფე

ასმათი და მამუკა ცოლ — ქმარია ბათუმიდან. როგორც ბევრს ჩვენს ქვეყანაში, ამათაც ბანკის ყულფში გაუყვიათ თავი და ეს პატარა ბუნგალო დაუდგამთ. არც დიდად ინტერიერის კრეატიულობით გამოირჩევა აქაურობა, არც სამზარეულოს მრავალფეროვნებით, მაგრამ ერთხელ თუ მოხვედი, სულ აქ მოგიწევს გული. ალბათ იმიტომ, რომ რაღაცნაირად ოჯახივითაა. გგონია, რომ დიდი ხნის ნაცნობებთან მოხვედი სტუმრად. თან თუ ასმათის აჭარული ხაჭაპურიც გასინჯე, მაშინ ხო საერთოდ აღარსად გაიხედავ. დაგვღუპა ეს ნადიეტარი გოგოები. არანაირი «პოპოზობები», სოფლურად მოზელილი ცომი საუკეთესო სულგუნით და ზედ ორსართულიან ჩაიდანში დაყენებული არომატული ჩაი კვნიტი შაქრით და შუშის ჭიქებით. გვერდიდან კი ზღვის ტყლაშუნი გესმის, ის კი არა ხანდახან შხეფებიც კი გხვდება. როცა იკეტებიან, შინაურებისთვის, ანუ ჩვენნაირებისთვის, ტოვებენ ღიად, რომ გვიან კომფორტულად შეგვეძლოს ჯდომა გადახურულში და ზღვის ცქერა. აი, ხო ვითომ არაფერია, მაგრამ ძალიანაც დიდია და ბევრი ეს. და სწორედ ასეთი ვითომ წვრილმანების გამოა, ვინმე მარკის უჯიშო ცოლი რომ ტირის და წასვლა არ უნდა აქედან.

მარკი

საქართველოდან 30 წლის წინ წასული ებრაელია. გერმანიაში ცხოვრობს. ქართულ — რუსულ — გერმანულად ლაპარაკობს და კოჭებში ეტყობა, უფულობას არ უჩივის. უჟმური ცოლი და ქალიშვილი და ერთი ძალიან საყვარელი ბიჭი — ილია ჰყავს, რომელსაც ძალიან უნდა ქართველობა, წვალებით იმახსოვრებს ქართულ სიტყვებს, ეძმაკაცება აჭარელ ბიჭებს, გეგმავს აქ ჩამოსვლას სამუდამოდ და ქართველი ცოლის მოყვანას.

შეხვედრის ადგილი უცვლელია — ასმათის კაფე. ჩვენ — მე, ჩემი და და ჩვენი ბავშვობის მეგობარი და მარკი ოჯახით. თავისი უცხვირპირო ქალებით თავმობეზრებული, შემოგვხაროდა ჩვენ, მხიარულებს, დამწვრებს, დიეტის დამრღვევებს, უწესოდ ხმაურიანებს, მწეველებს. ხან საიდან მოგვიდგა, ხან საიდან. ერთხელ შემოგვჩივლა, ამას ჰქვია ერთხელ დაშვებული შეცდომაო. ჩვენ რომ სიცილით დავიხრჩვით ამაზე, თვითონაც სიცილი აუტყდა და ისე ეს სატირალი უფროაო, თქვა. გაგვაყრუა რაღაც საშინელი სიმღერების სმენით. ჯერ ისე ხო მიყვარს ქართული ესტრადა და ახლა კიდევ ვიღაც «ლ»-ებიანი გოიმის რეპერტუარი! თავიდან ვბრაზდებოდი, მაგრამ მერე რომ დავაკვირდი ტექსტებს, სხვა თვალით შევხედე ყველაფერს. ყველა სიმღერა იყო საქართველოზე, მის მონატრებაზე, უცხოობაში მარტოობაზე და ა. შ. იჯდა და გულამომჯდარი ითვლიდა დარჩენილ დღეებს. წასვლის დღე რომ მოვიდა მათი, აი იმ უჟმურმა ქალებმა ტირილი მორთეს, არ გვინდა წასვლაო. ამის მერე არც შენი შვეიცარია გვინდა, არც საფრანგეთი, აქ უნდა ჩამოვიდეთო. გაცილებაც მოუწყვეს უკვე მშობლიურ ბუნგალოში. გაისად შევხვდებითო, დაგვაიმედა მარკმა. მე კი მითხრა, გიმნაზიას დაამთავრებს თუ არა ჩემი ილია, მომყავს და შენ უნდა მოგაბარო, ქართული ასწავლეო. კაი — მეთქი, აბა რაღა მეთქვა!

გიო

თბილისში იტყოდნენ თინეიჯერიაო. მაგრამ აქ და ამ ვითარებაში, როგორც ის ცხოვრობს, არაფრით ესადაგება ამ სიტყვას. ტარანივით გაფიჩინებული, ჩხინკორა ბიჭია, შავი ხუჭუჭა თმით. მზისგან ისე აქვს გადახუნებული და მარილისგან გამოფუჩეჩებული, ქარი ძვრას ვერ უშვრება. დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე პლაჟზეა. შეზლონგებს მეთვალყურეობს. შესჩერებია პრეტენზიულ ქალაქელებს, აბა ვის რომელი ურჩევნია, სად ურჩევნია, მზის მიმართულებაც უნდა შეურჩიოს მოთხოვნის მიხედვით გაზულუქებულ ქალბატონებს. ყველას რომ დაარიგებს, ზის იქვე, შავად გახრუკული მუხლები ცხვირთან აქვს მიტანილი და უყურებს და უყურებს ზღვას. ვინ იცის, რას ფიქრობს და რაც ხედავს. მის მოწყენილ სახეს  და ძალიან, ძალიან დარდიან თვალებს რომ ვუყურებ, ასე მგონია ჰორიზონტს იქით ამ ცხოვრებიდან გასაქცევ ადგილს ეძებს და თვალგაშტერებული იკარგება ზღვის მიღმა სამყაროში მანამდე, სანამ შეზლონგების აკრეფის დრო არ მოვა.

კახა

ფილმის გმირს ჰგავს. მზეზე დამწვარი, აფრიკელივით უელავს თეთრი კბილები. ნამდვილი ზღვის კაცია. ლეგენდები დადის მაგაზე. მარტო წელს 8 კაცი გადაურჩენია დახრჩობას. მაშველები რომ  ახლოს მისვლასაც ვერ ბედავენ, ეს ვითომც არაფერიო, ისე შედის გადარეულ ზღვაში. რამდენადაც ველურს ჰგავს, იმდენად კეთილი და მოსიყვარულეა. საკმარისია, ვინმეს რამე გაუჭირდეს ან დასჭირდეს, მაშინვე იქაა. როგორც გაირკვა, რომანტიკაც ჰყვარებია. დიდი ლავსთორი აქვს გაჩაღებული თბილისელ ქალთან. მე, როგორც დამკვირვებელი და მკითხველი, ყურადღებით ვადევნებ თვალს და ვხვდები, ცოტა მეტი ნიჭი და მონდომება რომ მქონდეს, არც თუ ურიგო ამბავი გამოდნებოდა აქედან. განსაკუთრებით მაშინ ვხვდები ამას, რომა პლაჟზე მარტოა კახა და მერე როცა მისი დულცინეა ჩამოდის. რაღაცნაირად ფიქრიანია ეს კაცი. ვიცი, რომ სისულელეა მამაკაცის სულის სიფაქიზეზე და სასიყვარულო ტკივილებზე საუბარი, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, სეზონის დამთავრება არ იქნება ადვილი ამ ადამიანისთვის. ცუდია, რომ ვერ დავესწრები ამ ამბავს. საინტერესოა, რა იქნება გაისად?

იმერული ხინკალი

ხო, მეც ეგ რეაქცია მქონდა. სად იმერეთი და სად ხინკალი? მაგრამ ზრდილობიანობის გამო არ შევიმჩნიე. და სწორადაც მოვიქეცი.

გამოვემშვიდობეთ ნაცნობებს, ზღვას და დაძმარებულები ჩავეყარეთ მანქანაში. ისეთები ვართ, დანა პირს არ გვიხსნის. მძღოლმა გვთხოვა, თუ არ გეჩქარებათ, ცოტა ხნით ზესტაფონში გავჩერდეთ, ბიძაჩემს ვნახავ და ხინკალზე დაგპატიჟებთო, მასეთ ხინკალს მთაშიც ვერ შეჭამთო. რაც გავიფიქრე, კი ნახეთ ზევით, მარა გავჩუმდი.

მოკლედ, მივადექით ზესტაფონს და  ერთ პატარა სახინკლეს. აი რომ გადავედით, მაგიდა უკვე მზად იყო იმერული მონდომებით გადაპრიალებული, სახინკლისთვის შეუფერებლად სუფთა თეფშებით, ჭიქებით და ცივი ბორჯომით. დავსხედით და კიდეც მოიტანეს ლანგრით. აი, როგორ არ უნდა აგიჩუყდეს გული. ამან რომ დაურეკა ამა და ამ ადგილას ვართო, დრო გამოთვალეს ისე, რომ მისვლისაც ამოეყარათ ახალ — ახალი. არ უთქვამს ტყუილი. მართლა სასწაულად კარგი ხინკალი იყო. მამა — შვილი შავებში და გულზე ახალგაზრდა ბიჭის სურათით. თურმე ბიძაშვილს გლოვობენ, დენმა მოკლა და ჯერ ორმოციც არაა გასულიო. ოჯახში უბედურებაა, ესენი კიდევ იმერულად, ღურღულ — ღურღულით, ჩამღერებული კილოთი ზედ გვყვებიან. ახლა ქალი გამოვიდა, ისიც შავებში, დარჩით ამაღამ, გადმევიღებთ მაყალს, დავაკრავ ჭადებს და წადით ხვალო. გულდაწყვეტილები დარჩნენ, რომ ვიუარეთ. გამოგვაცილეს სულ ხელის ქნევით და დაგვპატიჟეს, სხვა დროს დიდი ხნით მოდითო.

დაისვენე საქართველოშიო — ხო, დიდი ვერაფერი დასვენებაა იქნებ. მაგრამ რაც აქ წანწალს და ადამიანებთან ურთიერთობას აქვს, ვერავინ დამაჯერებს, რომ იმ ფეშენკურორტებზე იმის მეოთხედი შეიძლება რამე ნახო. ხო, მარტო აქ შეიძლება ერთი კვირის მიცვალებულის ოჯახმა ასე მიიღოს სრულიად უცხო ადამიანები. მარტო აქ შეიძლება ასმათის კაფე ოჯახად გექცეს, მოხუცი დიასახლისი აიშა მზრუნველ ბებიად და გაგერმანელებული ქართველი ებრაელის შვილი პოტენციურ მოსწავლედ. სწორედ ამ ყველაფერმა აატირა მარკის უცხვირპირო ფლეგმა ცოლი და სამუდამოდ მოწამლა საქართველოთი.

ეპილოგი

სხვაც ბევრი იყო  ზღვის და ევკალიპტის ფურცლებიან აგვისტოს წიგნში. იყო ბევრი მზე, ბევრი წვიმა, ბევრი ზღვა, ბევრი სიცილი, ამბებად დასაწერი ადამიანები, კეთილი დელფინები, მკვლელი ბზიკები, იყო ყველასგან განსხვავებული, გამორჩეული დაბადების დღე ნამდვილზე ნამდვილი სიურპრიზით, იყო რაფაელო სიტყვების ნაცვლად, იყო წვიმაში ბოდიალი, ცხელი ჩაი, ცივი მარტინი, იყო მისტიკა და მცდელობა ლამის ასწლიანი მოჯადოებული წრის გარღვევის. ჭორფლებად მოვაგროვე მზიან-წვიმიანი ამბები და შთაბეჭდილებები. ბევრი ისეთია ამათგან, თან რომ წამომყვა და დარჩება ჩემთან, ბევრიც ისეთი, უბრალოდ რომ იყო და დარჩა იქ, მზიან ზაფხულში და როცა ყოფის პროზა აუტანელი გახდება, როცა თბილისური ყოველდღიურობა დამქანცავს, მომეშველება გადამაგორებინოს ნაცრისფერი დღეები.წამზომი ჩაირთო. იწყება ათვლა მომავალ ზაფხულამდე.

 

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან, ემო, ჩანაწერები с метками , , , , , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 отзыва на “აგვისტოს წიგნი

  1. მაკა:

    ,,მწერალი რომ ვყოფილიყავი, მე დავწერდი …,, აბა რა არის ახლა რაც წავიკითხე და წამიკითხავს, აააა
    ბევრი წერე 😄 მომენატრე

  2. მაკუნია❤მადლობა,ოქროს გოგო.მეც მომენატრე.გამიხარდი

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s