ალყაში

იმდენი ვაგროვე სხვების დარდები, საკუთარი უმაქნის ლოდებად მექცა.

იმდენი ცრემლი ვღვარე სხვების სადარდელზე, საკუთარისთვის თვალები ამომიშრა.

იმდენი ვიფიქრე სხვების შეცდომებზე, საკუთარი ქვიშასავით გამეპარა თითებშუა.

იმდენი ვიზრუნე სხვების სურვილებზე, საკუთარი გვამებად მექცა.

იმდენი ვჭერი ჩემი ცხოვრება სხვების თარგზე, ვეღარ მოვირგე.

იმდენი ვატარე სხვების ტკივილები, საკუთარი რომ ყელამდე მომადგა, გამომეპარა.

იმდენჯერ გადავიწიე და სხვა დავაყენე წინ, დავიკარგე სხვების ჯგროში და რომ ვეღარ დავინახე საკუთარი თავი, გავქრი სამუდამოდ, მეგონა.

იქნებ მერჩია კიდეც, ასე ყოფილიყო და ყოფნაშივე არყოფნად ვქცეულიყავი ჩემი დარდებსურვილებიანად.

სხვების სიყვარულმა დამავიწყა, რომ ჯერ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, თორემ გაცემული სიყვარულის ყოველი მარცვალი მომაკვდინებელ ტყვიების წვიმად დაგიბრუნდება.

ისე დავძიმდი სხვების მხრებით ტარებით, ქვესკნელში მიდგას შიშველი ტერფები და თითებშუა მეზილება ცხელი ტალახი.

რაც მეტად გაზარდე ტვირთი, თვითონ დავპატარავდი, შევმცირდი, მეგონა ასე,მაგრამ მხოლოდ ოპტიკური ილუზია ყოფილა ეს. სინამდვილეში მილიონ განრისხებულ მედ დავშლილვარ, ავხოხოლავებულვარ, ავზვინებულვარ ბარიკადებად და სტიქიასავით გავყურსულვარ ჟამის დადგომამდე.

ამიჯანყდნენ საკუთარი ოცნებები, უქმად დებისგან ვერშესრულებულ ბანალურ სურვილებად რომ იქცნენ.

ამიმხედრდნენ საკუთარი ტკივილები, დარდები, დამცირებულები, უყურადღებობით დაღლილები.

მოსისხლე მტრებად მექცნენ ნაწილაკებად დაშლილი გაავებული მეები.

ალყაში ვარ. ოღონდ ეს ალყა ციხეს უფრო ჰგავს. ლოდებად ქცეული დარდებით ნაშენებს, დაუღვრელი ცრემლით, ამოუთქმელი სიტყვებით, სისხლიანი ფიქრებით და ნიკოტინით ამოლესილ-ამოგმანულს.

არც კარია სადმე და არც სარკმელი.

რა საჭიროა!

მაინც არავინ შემოვა, რომ  დამიდნოს ტკივილის ყინულები.

მაინც არავინ დამიჯდება ამოუთქმელი სიტყვების მოსასმენად და გინდაც აღმოჩნდეს ვინმე ასეთი, უკვე აღარც ვიცი, როგორ უნდა ამის კეთება. თავიდან სწავლისთვის კი მეტისმეტად მოხუცი ვარ.

თავი დავანებე კედლებზე მიხლას, რადგან მივხვდი, რომ პატარა კენჭის გამოცლის ძალაც აღარ მაქვს.მათ მიღმა კი მილიონ ნაწილად დაშლილი საკუთარი თავის ყაყანი მესმის და ვხვდები, არ უნდა ველოდე დანდობას

ვზივარ სამუდამო პატიმრად და მზის შუქს მხოლოდ ზევით ახედვისას თუ მოვკრავ თვალს. თუმცა რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო კარგად ძალას მისი სიმხურვალე და თანდათან ემსგავსება ბავშვობაში ხატვის გაკვეთილზე დახატულ უფორმო, უნიჭო მზეს, იმდროინდელს, როცა მეგონა, რომ ცხრა თვალი ჰქონდა და მუდამ იღიმებოდა.

ყინულნარევ ფანტელებად მეყრება თავზე დაკარგული ზაფხულები, ფერდაკარგული აგვისტოები.

სიცივით დაძაგრული ვგრძობ, როგორ მეყინება ფეხის თითებში ამოლესილი ტალახი.

ვერავინ შემოვა დილეგში, რომელშიც თვითონვე გამოვიმწყვდიე თავი. არავინ მოადგება უშველებელ კედელს გარედან. არავინ დაუკრავს ჩემთვის გიტარაზე Norwegian Wood-ს. არავინ შეამჩნევს, რომ  ძალიან ლამაზი ფორმის ყურები მაქვს, ზღვის პატარა ნიჟარების ფორმის.არავინ მეტყვის, რომ სულაც არ ვარ უფერული, რომ პირიქით, ძალიან ბევრი ფერი მაქვს. რომ ყოველი ახალი ნაოჭი კი არ მაუშნოვებს და მაბერებს, პირიქით, მშვენიერს და მიმზიდველს მხდის.

ამიტომ ვდგავარ და ჩემთან დარჩენილ მეს ვუმეორებ, რომ არყოფნა და ყოფნა ერთი მთლიანობაა, რომ ეგებ არყოფნაში მაინც იყოს არშემდგარი ყოფნის რეაბილიტაციის შანსი.

Запись опубликована в рубрике არაპოეტური ლექსები, ემო, ჩანაწერები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.