ხათუთა

«დროა ვარსკვლავთა ჟიკჟიკის,
მცვრევა ბალახზედ ნამისა,
მკვდართ სულთ საფლავით გამოსვლის.
დრო მათ სიმღერის წყნარისა.»

ვაჟა-ფშაველა

ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნადო, რომ იტყვიან, ე მასეთი გოგო ყოფილა.

არა, არა, ასე არ ივარგებს. ნამეტანი გავიქეცი წინ.

დავბრუნდეთ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემს ჭირიან შვილს მოსაძლიერებლად მთის ჰაერი გამოუწერა ექიმმა. ჰოდა, რაკი ეს აფთიაქებში არ იყიდება და არც მე გამაჩნია რამე არა თუ მთაში, არც ბარში, ამ ერთი საწყალი, დაფხავებული, ბაბუისეული სახლის გარდა დედაქალაქში,არც ფეშენკურორტების და სასტუმროების სახსარი მაქვს (ნეტა მოძალებულ რევმატიზმს ავუყვიდოდე და სხვა სახსარს ვინღა ჩივის), მეგობარს მივმართე თხოვნით. იმანაც დიდსულოვნად გადმომცა მამაპაპისეული სახლის გასაღები. ავიხოხრხლე პირმშოსთვის აუცილებელი ატრიბუტები, ღამის ქოთნიანად, და მოვიტოვეთ უკან ადუღებული ქალაქი.

ჰოდა, როცა  ნახევრად დაცლილ სოფელს მივადექით და ძველი სახლის ხის კარი ჭრიალით გავაღე, ე მაგის მერე დაიწყო ეს ამბავი.

არა, ისეთი კი არაფერი დაწყებულა, მართლა რომ საოცარი და აღსანიშნავი ყოფილიყო, მაგრამ რაც იმ დღეებიდან გამომყვა, სულ მახსოვს და არასდროს მცილდება ფიქრის გრეხილიდან.

ყოველთვის მეგონა, რომ მთა არ იყო საჩემო ადგილი.ისე, სიმართლე რომ ვთქვა, ახლაც, თუ არჩევაზეა, ზღვა მირჩევნია,ალბათ მთების გარემოცვაში დაჩიავებულად ვგრძნობ თავს და იმიტომ. ამ ჩემს ორსანტიმეტრიან თვითშეფასებას კიდევ დაპატარავება უნდა?თუმცა ვაღიარებ, რომ აქ, ზევით, ყოფნაში არის რაღაც მისტიკური, ვაჟაური, სხვანაირად რომ გაფიქრებს ყოფნა-არყოფნაზე…

ღმერთო, როგორ თენდებოდა და ღამდებოდა…სახლის უკან წამოყუდებული მთა წამებში სანსლავდა ჩამუქებულ მზეს და მერე ნელ-ნელა, სისხლის ნაგლეჯებად გაფანტული ნისლიდან ისევ აბრუნებდა ცაზე გამოძინებულს, ახალშობილს…

ვებრძოდი სიცივეს, მოძალებულ თაგვებს, შვილს და ფიქრებს.

ძირითადად მოხუცები ცხოვრობდნენ სოფელში, შვილებისა და შვილიშვილების მოლოდინში ამოღამებულთვალებიანი მოხუცები.

მუხლი გაიმაგრა ჩემმა ბამბებში გამოზრდილმა ქალაქელმა ბიჭუნიამ. ისე დაჭენაობდა აღმა-დაღმა, ვერ ვეწეოდი, ირგვლივ ყველა ბაბუა და ბებია გაოცნო. ყველას სასურველი სტუმარი იყო. ყველას ძროხის, ხბოს, ძაღლის სახელი იცოდა.

სასაფლაო იყო ძველი. მის შორიახლო კი გაშლილი მინდორი.მანდ ნუ გაუშვებ, ცუდი ადგილია,მანდ გონჯაი მარხიაო, მითხრეს. საქონელსაც კი არ უშვებდნენ იქ საბალახოდ, დაწყევლილიაო.დავინტერესდი და აი მაშინ რაც მიამბეს, ისაა, მე რომ ჩამრჩა გონებაში, გულში და დღემდე არ მანებებს თავს.

ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნადო, რომ იტყვიან, ე მასეთი გოგო ყოფილა ხათუთა. ოთხ ძმასთან გამოზრდილი ბიჭებს არ უდებდა ტოლს ჯირითში, დანასობიაში. ნებიერა, თავისნათქვამა ყოფილა, ამაყი უბედურად, ბუზს ვერ აუფრენდა ვერავინ, ცალკე ძმების შიშით და ცალკე მისი ხასიათის გამო.

ყველასგან გამორჩეული იყო გარეგნობითაც და ბუნებითაც. შოლტა, წვივმაგარი გოგო ისე ლამაზად დაიარებოდა, ისე მედიდურად დაატარებდა უშველებელ სპილენძისფერ ნაწნავს, სისხლიანი მათრახივით რომ სცემდა წელზე, ვინ დარჩებოდა გულგრილი. მაგრამ ხათუთას ტოლი და სწორი არავინ იყო სოფელში და ეს მანაც კარგად იცოდა და სოფელმაც. პატარა, დაჭორფლილი ცხვირი ამაყად აბზეკოდა და წითური წამწამებიდან ისე შავად ელავდნენ უზარმაზარი თვალები, როგორი ღამეები იცის ამ მხარეში.

ჰოდა, ასე ალამაზებდა ამ პატარა სოფელს ეს უცნაური გოგო. ხომ ასეთი ქაჯანა იყო,უკარება, მაგრამ ისეთი დარდი დაჰქონდა თურმე იმ ცეცხლისმფრქვეველი თვალებით, ტანში გაგცრიდა. რისი დარდი იყო, ვინ იცის…შებინდებულზე პატარა წყალი რომ ჩამოდის, ვითომ მდინარე, იქ უყვარდა მარტო ჯდომა.  მზედაკრულ ფეხებს ცივ წყალში ჩაყოფდა, ჩამოიშლიდა თავის საოცარ ჟღალ თმას, გრძელი თითებით ივარცხნიდა ნელა, დიდხანს და ისე ერინდებოდა მარტოობას, ვერც გაბედავდი ახლოს მისვლას. რამდენს სცემია ელდა მის დანახვაზე და პირჯვარიც გადაუწერია, ფუი, ეშმაკს, ალია თუ ცოცხალი ქალიო, იმდენი სიკეთე მე და თქვენ.

ტოლები შეყრილან ზაფხულის იმ საღამოს. ხან ილექსავეს, ხან იმღერეს, ხათუთამაც გადაიწელა თურმე ლამაზ მკლავებზე და სავსე მკერდზე გარმონი. მერე ფანტის დრო დამდგარა. აბა ამის პატრონმა ეს და იმის პატრონმა ესო. ჰოდა, ამ ჩვენს ყოჩაღ გოგოს ისეთი რამ დაევალა, სხვას რომ ამოსვლოდა, ვერავინ გაბედავდა შესრულებას. მაგრამ ეგ ხო სხვა არ იყო. არავის ახსოვს, ვის მოუვიდა თავში ეს დავალება. ეგებ ერთ-ერთს იმ უამრავთაგან, ხათუთას ნდომა რომ კლავდა და ვერაფერს კი ვერ უბედავდა მისი ქედმაღლობით დაფეთებული.

მოკლედ, ამის პატრონიო გონჯაის საფლავზე მივიდეს და ა ეს დანა ჩაარჭოს მიწაშიო. ენა ჩავარდნია ყველას. ღამით კი არა, დღისითაც არავინ გაივლიდა ამ საფლავის სიახლოვეს. მართალია, თითქმის აღარავის ახსოვდა, ვინ იყო ეს გონჯაი და რა დააშავა ასეთი, მაგრამ ის კი იცოდა ყველამ, რომ რაღაც ძალიან დააშავა და მოკვეთილი და დაწყევლილი ყველასგან, სიკვდილის მერეც ვერ ეღირსა პატიებას და ასე დარჩა სამუდამოდ განდევნილი.

შემცბარა ხათუთა, მაგრამ მაგის ჩიტი იყო, რამეზე უკან დაეხია? მომეცით დანა, მივდივარო. ახმაურებულან ბიჭები, არა ეგ რა წესია, მარტოს არ გაგიშვებთ, წამოგყვებითო.უუკადრისებია გოგოს, ჩემს დავალებას მე შევასრულებ, არავის დახმარება არ მჭირდებაო და წასულა…

წკვარამ სიბნელეში მიუგნია საფლავისთვის. ზედ გადასჯდომია, მოუქნევია დანა და ჩაურჭვია. აი სწორედ ამ დროს ნაწნავი დაუხვევია ვიღაცას თუ რაღაცას და ხათუთა ზედ საფლავზე გადაქცეულა პირქვე.

კივილმა გახია თურმე ღამე, შეასკდა მთებს და ქარბორბალასავით დატრიალდა ირგვლივ… წამომხტარან ბიჭები, აუნთიათ მუგუზლები და მისულან.

ხათუთა პირქვე ეგდო, ხელში დანა ჰქონდა ჩაბღუჯული.დანას ნაწნავით დაეკრა გონჯაის მკერდზე…

გული გასკდომოდა  უშიშარ გოგოს..

მთამ თავის ქნა. შვილი კი გამომატანა გამოჯანმრთელებული, მაგრამ მე დამაავადა. რამდენი წელი გავიდა მას მერე და მე მაინც ჯიუტად დამყვება თან ნაწნავგაგლეჯილი ხათუთას აჩრდილი და მაწვალებს. უძილობის  ჟამს ხშირად ვხედავ ფილმად საფლავზე გადამჯდარ დანაშემართულ გოგოს, რომელსაც ამქვეყნად არაფრის ეშინოდა და რომელსაც საკუთარი ხელით მოქნეულმა დანამ და საამაყო თმამ მოუსწრაფა სიცოცხლე… თუ ყველასაგან დაწყევლილმა გონჯაიმ?..

 

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან, პროზა, ჩანაწერები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

w

Connecting to %s