სამს მინუს ერთი

სამნი ვართ.ნავში არა, კაფეში.

სიამოვნებით მოვაკლებდი ერთს, მაგრამ ჩემი არგუმენტები მისაზე არადამაჯერებელია.

ჰოდა, ვართ სამნი.

მიმტანის სიზანტე და ხალხმრავლობა ახანგრძლივებს ჩემს ტანჯვას. ამიტომაც მალ-მალე ვდგები და გავდივარ მოსაწევად. დაბრუნებულს ასმაგად მძაფრად მეტაკება ცხვირში ოხშივარი(ვითომ რითაა სიგარეტის ბოლზე ნაკლებად მავნე და არასასიამოვნო) და თვალში- მაგიდასთან დარჩენილი ორის ჟღურტული.

ვზივარ მესამე, ერთი კარგი მწერლის არ იყოს, როგორც «მაშასადამე».

ყოველდღე, 2-დან 3- მდე, ვზივარ მესამე და ვეძლევი თვითგვემის სიტკბოებას. 3-დან  ღამის 2 საათამდე ვდებ პირობას, რომ შევცვლი ამ მოცემულობას:ან კაფეს გამოვიცვლი, ან სამსახურს, ან იმ ერთს, პირველი რომაა და წესით სულ რომ არ უნდა იყოს, თავიდან მოვიშორებ, ან იმ მეორეს, რომელიც წესით უნდა ხვდებოდეს, რომ გაცილებით უკეთესი იქნება მისთვის ჩემთან ერთად ჯდომა და რატომღაც ვერ ხვდება ამას, მე მივახვედრებ და დავანახებ იმ ერთის ზედმეტობას. ღამის 2-დან 9-მდე მძინავს. 9-დან 10-ის ნახევრამდე ვიღვიძებ ღამის კოშმარებით ნაწვალები, 10-დან 11-ის ნახევრამდე ვწესრიგდები.11-დან ვმუშაობ და მერე ყველაფერი იმავე თანმიმდევრობით მეორდება.

ალბათ ასეა, როცა სამსახურს ვერ თმობ, კაფე კი მის სიახლოვეს მხოლოდ ერთია, რომელშიც შეისვლება.

სამნი ვართ.სიამოვნებით დავახვევინებდი ერთს, მაგრამ მისი არგუმენტები ისე დამაჯერებლად იწონებენ თავს მაგიდის ქვეშ და გამჭვირვალე ბლუზის მიღმა, ცდადაც არ ღირს…სად მე ჩემი საშუალო სტატისტიკური მონაცემებით და სად ეს,Victoria’s Secret-ის გოგოების ვიდზე რომაა.

ვჭამთ. ვჭამთ რა, ორნი ვჭამთ, ჩქარ-ჩქარა,გემრიელად. მესამე ჩანგლით ჩიჩქნის თავის ბალახეულს და ისე იწიწკნება, მეცოდება გაუპატიურებული საჭმელი. ყავას ვაყოლებთ-ჩვენ ორმაგ ესპრესოს, ის — უკოფეინოს.მე და გიო ხვალინდელ პრეზენტაციაზე ვბჭობთ.კაფეში ქალი შემოდის. ვუყურებ და თვალს ვერ ვაშორებ. რაღაცნაირია, ფილმის ან წიგნის პერსონაჟივით: კაფანდარა, წლებით გამოხრული, დაჩიავებული. შავი კაბა აცვია, თეთრი მაქმანის საყელოთი, თავზე კოხტა შლაპა ახურავს, შავი, გვერდზე პატარა თეთრი ყვავილით, ლილისფერი ქინქილა თმა კეფაზე აქვს დახვეული,გალეულ ტუჩებზე წითელი პომადა უსვია, შავად დატუშული მეჩხერი წამწამებიდან ღიღილოებივით მოუჩანს ლურჯი თვალები. მოდის ჰაერ-ჰაერ, ქუსლებს რომ არ მოაბაკუნებდეს, იფიქრებ, მოცურავსო. წელში გაშლილია, თავაწეული, დედოფალივით. ვუყურებ და მეღიმება. ვაკვირდები. მეცნობა და ვერ ვიხსენებ, სად მინახავს.

-შენც შეამჩნიე?-მეკითხება გიო.- რა ლამაზია!

-ძალიან. თან მეცნობა ძალიან და აზრზე ვერ მოვდივარ, საიდან.

-ვინაა ლამაზი? ვისზე ლაპარაკობთ?-ერთვება მესამე.( მგონი კონკურენციის ეშინია)-ამ ქალზე ამბობთ? ღადაობთ? ესაა ლამაზი? ეს კაი, მარა შენ რა გჭირს?გერონტოფილი ხარ?მგონი ნაფტალინის სუნი ასდის.

— ჩააგდე, გოგო, ხმა! მეც მეცნობა. ტვინი მეღრძო.

ვართ ასე და ვწვალობთ. ის უცნაური ქალი კი ზის მშვიდად, რაღაცნაირად წელში აღერილი, კოხტად დასკუპებული. გული აგიფრიალდება ყურებისას. კისერზე ყულფად მედება მახსოვრობის ბაწარი და შორს მიმათრევს…

…ძველ ჟურნალებს ერთ დიდ, ხის ყუთში ინახავდა ბებიაჩემი. რა არ იყო შიგ. ზოგი მთლიანი ნომერი, ზოგის ამოჭრილი ფურცლები. ძველი მსახიობები, მომღერლები, შავ-თეთრი კინოს ვარსკვლავები. იქნებ ამ ყუთის ბრალია, ასე რომ მიყვარს შავ-თეთრი კინოც და ფოტოც. გარედანაც ფოტოები ჰქონდა ამ ყუთს აკრული. ერთ მხარეს, ცენტრში, ყველაზე დიდი სურათი იყო- თეთრკაბიანი ლამაზი ბალერინა, ჰაერში გამოკიდებული, ბუმბულივით ფარფატა, გამჭვირვალე თეთრი მკლავებით, ქერა თმით და ლამაზი, ღიღილოსფერი თვალებით.უყვარდა ოპერა ბებიაჩემს.

-გამახსენდა! პრიმა ბალერინაა.ერთ დროს ძალიან ცნობილი და მაგარი ბალერინა.

მიმტანს  ყავა და ნამცხვარი მოაქვს ქალისთვის.

გიო სკამიდან დგება, ახლავე მოვალო და გარეთ გარბის.

ქალი  ყავას წრუპავს გულის გასაჩერებლად, ლამაზად, ჰაეროვნად.

გიო შემორბის. დიდი თაიგული უჭირავს. მიდის. თავს უხრის და აწვდის. რაღაცას ეუბნება. ქალი ფეხზე დგება. დაბნეულია. თვალებში სისველე ეძალება. თაიგულს გულზე იკრავს, რაღაცას ამბობს და მიდის…მაგიდაზე ხელუხლებლად რჩება ნამცხვარი. ნახევრად დალეულ ყავას ჯერ ისევ ორთქლი ასდის…

ყოველდღე, 2-დან 3-მდე ერთსა და იმავე კაფეში ვსადილობთ, ახლოა სამსახურთან.

ორნი ვართ…

 

 

 

 

 

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან, პროზა, ჩანაწერები с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 отзыва на “სამს მინუს ერთი

  1. მაკა:

    ქეთო, ქეთოო რა კარგი გოგო ხარ 🌝🌹

  2. მადლობა,თვითონ კარგო გოგო❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s