AVE MARIA

ჩვეულებრივზე დიდხანს შემოვრჩი იმ დღეს სასაფლაოზე. გვახასიათებს ადამიანებს უცნაურობა, ვაკეთოთ ის, რაც ტკივილს გვაყენებს, გვტანჯავს. თან ამას ისეთი მონდომებით ვეკიდებით,რომლის მეასედსაც არ ვახმართ იმას, რაც გვსიამოვნებს და გვახარებს. არ ვიცი, ეს ფარული მაზოხიზმის გამოვლინებაა თუ ერთგვარი კომპენსაცია, საზღაური, უაზროდ გაფლანგული დროის,მოუფრთხილებელი გრძნობების, ნებით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომების…

ვიჯექი და ვირინდებოდი მდუმარებაში.  არ იყო არც სიმშვიდე, არც სიამოვნება, არც  გარდაცვლილთა მონახულების და მონატრების დაკმაყოფილების განცდა. იყო მხოლოდ სიჩუმე, მზე და მის სხივებში ასისინებული ქარი.

ვქაჩე და ვქაჩე ღერი-ღერზე. ბოლოს ავდექი, მოვუბოდიშე ბაბუაჩემს, ასე ურცხვად რომ ვაბოლე მის წინ და გავუყევი  გასასვლელისკენ. გზად, ტრადიციულად, ვათვალიერე საფლავები, ვაკვირდი წარწერებს, ფოტოებს, თარიღებს და მათ მიხედვით ვაკოწიწე  ამბები, ისტორიები.

გვერდი ვერ ავუარე ჩია მოხუცს, ქანქარით რომ მოდიოდა შემხვედრად. ეს ადრე იყო, გზა განიერი, გინდა გაიწეოდი და გინდა არა, ახლა ისე გადაივსო აქაურობა, საცალფეხო ბილიკიღაა დარჩენილი.

მომიახლოვდა. კოჭამდე შავი, ფერგაცრეცილი კაბიდან ერთი ბეწო,  ოდესღაც ალბათ კოხტა და უცხო შავი ლაქის ფეხსაცმელები მოუჩანდა, სანახევროდ უფარავდა დაძარღვულ ტერფებს.ჭაღარა თმა ქარში აქეთ-იქით გაფშეკოდა და ბოლოებში შერჩენილი შავი საღებავი არშიებად ჩანდა.სახე დაღარული, შემჭკნარი, თვალები უსიცოცხლო, გადახუნებული. იქნებ არც მიმექცია ყურადღება, მაგრამ შორიდანვე თვალი მომჭრა ყავისფერმა ტყავის ბუდემ, რომელშიც, სავარაუდოდ, ვიოლინო უნდა ყოფილიყო.

გავატარე, ჩავაკვირდი და პირს კატა მეცა. არ ვიტყვი სახელს და გვარს. მხოლოდ გეტყვით, რომ ჩემ წინ ძალიან ცნობილი მევიოლინე იდგა. მისი ვირტუოზობით მეც ბევრჯერ მოვხიბლულვარ. მსოფლიოს უდიდეს დარბაზებში უკრავდნენ ტაშს და აღიარებდნენ.

გავშეშდი. უხერხულობისგან ავირიე და ჩემდაუნებურად მივესალმე, მოვიკითხე, როგორ ბრძანდებით-მეთქი. ნეტა რა მრჯიდა! სახე გაუბრწინდა, მეცა, გადამეხვია, როგორ ხარ, რატომ არ ჩანხარ, სად დაიკარგეო. მივხვდი, არ იყო მთლად კარგად საქმე, მაგრამ როგორ გამოვძვრალიყავი ამ სიტუაციიიდან, ვერ მოვიფიქრე.

-როგორ გამიხარდა შენი ნახვა, წამომყევი, თუ არ გეჩქარება. აქვეა, ახლოს. კვირაობით მოვდივარ მეუღლის მოსანახულებლად, ვუკრავ მისთვის.

ვერაფრით მოვიძიე სიტყვები უარის სათქმელად და გავყევი ასე ყელზე საბელგამობმული ცხვარივით.

-მოდი, მოდი, აი აქ დაჯექი, აქედან კარგად გაიგონებ, თან იქ კედელია და აკუსტიკა უკეთესი იქნება.

ძლივს ამოიღო ვიოლინო. ართრიტისგან შეჭმული, დაკორძილი ხელები უკანკალებდა. ნეტა ამით როგორ უნდა დაუკრას და რომ ვერ დაუკრავს, მერე რა უნდა ვქნა-მეთქი, ვფიქრობდი.

დაუარა სიმებს, ამოიდო ნიკაპქვეშ საკრავი, მოამზადა ხემი. მე თვალები დავხუჭე მოსალოდნელი საცოდაობის დანახვის შიშით.

სისინა ქარმა დაატრიალა ხეებში AVE MARIA. არც ერთი ყალბი ბგერა, არც რიტმის არევა. თვალები გავახილე. იდგა ეს ბეღურასავით ქალი, დამჭკნარი, ყავისფრად დალაქული თითებით სიმებსა და ხემზე სამკვდროდ ჩაფრენილი.ლოყით მიჰკვროდა ვიოლინოს, ხეშეშა თმას ფიჩხებად  აყრიდა სახეზე ქარი.

ვიჯექი დამუნჯებული, დადამბლავებული.

-აბა, როგორ დავუკარი? კარგი იყო?

-რას ამბობთ, კარგი კი არა, გადასარევი იყო.

-აბა ტაშს რომ არ უკრავთ? მე განებივრებული ვარ მაყურებლის აღტაცებით. აი ახლაც, ხომ ხედავთ, როგორი აღფრთოვანებულია ყველა.

რა მექნა. დავიწყე ტაშის დაკვრა. ის კი იდგა და მადლობას იხდიდა გაბადრული.

მერე ისევ მოიმარჯვა ვიოლინო, ალბათ ბისზე შესრულებს ერქვა ამას და ისევ დაიწყო AVE MARIA…

არასდროს მიგრძვნია თავი ასე უმწეოდ. არ ვიცოდი, მეტირა, მეცინა.არაფერი ისე არ მინდოდა, როგორც უკანმოუხედავად გაქცევა, მაგრამ რაღაც არ მიშვებდა, მიბორკავდა ფეხებს.

ისევ შემოვცხე ტაში, ამჯერად ფეხზე ამდგარმა.

ისევ რომ მოიმარჯვა ვიოლინო, მივხვდი, რომ ახლა თუ არ გავაჩერებდი, გული გამისკდებოდა. მივვარდი, გადავკოცნე. ძალიან ვისიამოვნე-მეთქი. ვაქე და ვადიდე. გამოვდე ხელკავი და ნელ-ნელა გამოვიყვანე გასასვლელისკენ. არაფრით არ დამანება ვიოლინოს გამორთმევა, კანკალით ძლივს ჩადო ბუდეში. გავედით გარეთ.

-წამოდი ჩემთან, ვისაუბროთ. მე შენთვის დავუკრავ AVE MARIA-ს, ხომ გიყვარს? მოგეწონება, მე სულ სხვანაირად ვუკრავ, გამორჩეულად.

აუცილებლად გეწვევით-მეთქი, ოღონდა სხვა დროს, ახლა ძალიან მეჩქარება-მეთქი. გამიმართლა-მისამართი ახსოვდა. ჩავსვი ტაქსიში. მძღოლი გავაფრთხილე, ზუსტად კარამდე მიეყვანა.

მტვრიანი, დაღლილი, ფეხით დავუყევი გზას. სახეში სისინა ქარი მცემდა და ტყვიებივით მახლიდა AVE MARIA-ს ნაგლეჯებს…

ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი და ტკივილიანი სასაფლაოზე შეკოწიწებულ ამბავთა შორის, გრძელი, როგორც «ვეფხისტყაოსანი» და მკვლელი, როგორც «Lacrimosa»…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან, პროზა с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s