თეთრხალათოსნები ანუ ჰიპოკრატეს მკვლელობა

ბევრჯერ დავაპირე ამ ამბის მოყოლა თქვენთვის, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი. აი, ახლა ამანაც ჩაიაროს და მერე, ამანაც გადაიაროს და მერე და ა.შ. ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, ამყავს თავი ხელში, ვთოკავ სიბრაზეს და ვიწყებ.

მძიმე ზაფხული მქონდა. ივნისი თვეში ვერეს ხეობაში ერთი პატარა მანქანა გადავარდა. იმ მანქანაში ჩემი შვილი იჯდა. სასწაულით გადარჩენილი, სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. არის ასეთი ელიზაბეტ ბლექველის სახელობის ჰოსპიტალი, შანხაიზე( შეგიძლიათ თქვენც ბოქვენის ჰოსპიტალი დაარქვათ ჩემსავით).

მე რომ მივედი(თუ იმას მისვლა ერქვა), უკვე საოპერაციოში შეჰყავდათ. მითხრეს, ლავიწია გატეხილიო.დამთავრდა ოპერაცია და გამოვიდა ქირურგი,ამ საქმისთვის ერთობ შეუფერებლად ნორჩი. ასეო, ისეო, დასხვრეული იყოო, ნაწილი ვერ აღვადგინე და სიცარიელე დარჩება , მაგრამ ეგ არაფერიო, რკინა ჩავდგიო, 6 თვე ექნება და მერე ამოვუღებო. კი მიყო რეჩხი გულმა, მაგრამ რაკი არაფრის შეცვლა არ შემეძლო, გავჩერდი.

კედლებზე დადისო, ხომ გაგიგიათ გამოთქმა? ე ზუსტად მასე დამხვდა შვილი. არცაა გასაკვირი. ცალკე სტრესი და ცალკე ტკივილი. ძვალი ხომ ყველაზე მტკივნეულია. დიაზეპამი მომიტანესო, იბრდღვნიდა ყველაფერს. მერე ანალგინი-დიმედროლიო და ბოლოს რომ დავიკალი ცალი ხელით ექთანი და ვახრჩობდი, როგორც იქნა მაღირსეს მორფიო.კი, ასე იყო. სამაგიეროდ, ეს ჩვენი ლაპურწაკი ქირურგი მუდმივად მთვლემარე, მობანცალე და გალენჩებული იყო.

ისე მოვიდა გამოწერის დღე, ტკივილები არ განელებია. რაკი არავინ მომისმინა, მთლად უფროსთან შევედი. იმან, გიჟებს რომ ელაპარაკებიან, ისე გამიბა ბაასი, მიღიმა. მაგასო ახლა არ სტკივა, ეჩვენება და ფსიქოლოგთან წაიყვანეო.

გამოგვწერეს.

იმატა და იმატა ტკივილმა. დავრეკე. ცხელა ახლა და იმიტომ სტკივაო. სიცივეში გამიგია ძვლის და ნაოპერაციევის ტკივილი, მარა ეს სიცხე რა კავშირშია-მეთქი. იცისო, იცისო. მივედით გასასინჯად და არაფერია საგანგაშოო.

გავიდა ორი თვე. მოვიხსენით ფიქსატორი. მხარი შესივდა, ამოიბურცა. ტკივილმაც არ იკლო. მივედით საკონტროლოდ, გადაუღეს რენტგენი და ყველაფერი წესრიგშია, წადით და 4 თვის მერე მოდით რკინის ამოსაღებადო.

რაკი ავადმყოფის მდგომარეობა სრულიდ გამორიცხავდა მათ ნათქვამს, ავდექი და სხვა კლინიკაში წავიყვანე, ვანახე ეს სურათი, რომელზე გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იყო. აღმოჩნდა რკინები ამოცვენილი, ძვალი ტყუილად დახვრეტილ-გაუბედურებული. გვითხრეს სასწრაფოდაა ამოსაღები ეს ფირფიტა, მაინც ტყულადაა, თან ძვალს ეხახუნება და აზიანებსო. კაი-მეთქი და მორცხვად მოვიკითხე ფორმა 100-ის ამბავი. უჰ, მაგ თუ გინდათ, მაშინ სხვა კლინიკაში წადით, აქ დაფინანსებით არ ვაკეთებთო. წავედით ნიუჰოსპიტალში. მოვიკითხ-მივიკითხეთ, ვინ იყო კარგი ქირურგი და გავაკეთებინეთ ოპერაცია. აღმოჩნდა, რომ ძვალი საერთოდ არ იყო შეხორცებული, ამას გარდა, არასწორად გაკეთებულმა ოპერაციამ დააზიანა ძვალი, წავიდა ინფექცია. ბეწვზე მივასწარით. ეს რკინა კი ამოიღეს, გაწმინდეს, მაგრამ გვითხრეს, მესამე ოპერაციაა საჭირო, გადანერგვის გარეშე ეს არ შეხორცდებაო. დაველოდოთ ცოტა ხანი ძვლის მოშუშებას და მერეო. გარდა ამ ყველაფრის, მკერდი კუნთი აღმოჩნდა გადაჭრილი და ნერვული დაბოლოებები დაზიანებული, კუნთი ჩავარდნილი, რასაც მხოლოდ პლასტიკური ოპერაცია თუ უშველისო.

ახლა მე თქვენ გეკითხებით, უნდა გავჩერებულიყავი? ავდექი და დავწერე წერილი. მოვყევი ეს ყველაფერი, გავუგზავნე ჯანდაცვას და ვთხოვე, მიაქციეთ ყურადღება, რომ სხვაც არ აღმოჩნდეს ჩვენს დღეში-მეთქი. დამცინა ყველამ. მაგას არც წაიკითხავენო. მართალი გითხრათ, მეც ასე მეგონა.

ცოტა ხანში დამიბარეს და მიმატანინეს ყველა რენტგენის სურათი, რაც კი გვქონდა.

ჰოდა, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, დადგა დრო მესამე ოპერაციის. მივედით. აი, იმ სახელოვანმა, ორასკილოიანმა ექიმმა, კურდღელივით დაფეთებულმა, მიკიბ-მოკიბა, მოვიდნენო, საბუთები გაიტანესო. იმ ბლექველის საქმეს და იმ ქირურგის საქმე იძიებენო და სანამ არ დამთავრდება, ოპერაციას ვერ გავაკეთებო. დაელოდე, ან 2 თვე მოუნდება, ან 3, ან 4 ან სულაც 8-ო. ახლა ეს რომ თავიდან მოშორება იყო, მგონი, ყველა მიხვდით. კი გამიკვირდა, ასეთი რა დავწერე, საჩივარი არ იყო და არაფერი-მეთქი, თანაც, როგორც ვიცი, ასეთი სახის წერილი დღეში ათასი შედის და კაციშვილი არ რეაგირებს. გავიკითხე და აღმოჩნდა: ჯერ ერთი, თვითონ იმ ჰოსპიტალს აქვს ცუდად საქმე, პროკურატურა იძიებს მათ საქმეს( ნამდვილად იმსახურებენ), მეორეც,იმ ქირურგს არასრული განათლება ჰქონდაო, კიდევ ვიღაც ჩაუგდია შავ დღეში და იმას უჩივლია. ჰოდა, ამის გამო ყველა საქმე, რომელიც მასთან და კლინიკასთან იყო დაკავშირებული, იძიება. დაზარალებული, რასაკვირველია, ისევ მე და ჩემი შვილი აღმოვჩნდით.

ახლა კიდევ სხვა კლინიკას მივაკითხე. იქ ქირურგმა თქვა, რომ ეს სასწრაფოდაა გასაკეთებელი, თორემ რაც მეტი დრო გავა, ალბათობა იმის, რომ ვერ შეხორცდება, მოიმატებს.

აი ასე. ველოდებით საყოველთაოს პასუხს. მერე კიდევ რა იქნება დასამატებელი, კაცმა არ იცის. ცალკე ამდენი ჯიჯგნა ადამიანის. კიდევ ახალი ჭრილობა, თეძოდან ძვლის ფრაგმენტის ამოცლა, მერე ისევ ძველი ჭრილობის გახსნა, იქ ჩამატება და აწყობა…

კიდევ კარგა ხანს ვერ გავამხელდი ამ ამბავს, ის რეკლამა რომ არ მენახა შემთხვევით, ევროპული დონის კლინიკა რომაა ეს ბლექველის თუ ბოქვენის ჰოსპიტალი…

კაცმა რომ თქვას, არც მეორე ექმიმმა დაგვაყარა კაი დღე…

ჰოდა, ახლა მე გეკითხებით: ესაა სამართალი? ან კიდევ რატომ ითვლება მოძალადედ და მკვლელად მხოლოდ ის, ვინც ვინმეს ესხმის თავს და რატომ არ არიან მოძალადეები, ქურდები და მკვლელები ასეთი ექიმები?!

რაც მეტად მესმის ასეთი ამბები და ვხვდები ასეთ თეთრხალათიან მტარვალებს, მით მეტად ვბრაზობ საკუთარ თავზე. ვერ ვპატიობ, რომ გადავიფიქრე თავის დროზე ექიმობა. მე ხომ ასე ვერასდროს მოვიქცეოდი. ვერც ვერავის მოვატყუებდი, არც პრინციპულობის შემეშინდებოდა და ჩირგვებში არ ჩავძვრებოდი, თუნდაც ამის გამო სამსახური დამეკარგა…

რაც მეტად ვხვდები ამგვარ შემთხვევებს, მით მეტჯერ ვხედავ საწყალ ჰიპოკრატეს, ყულფში თავგაყოფილს, ნაწამებს, გაბახებულს, პირში ჩვრის მაგივრად საკუთარი ფიცი რომ ჩაუტენიათ ხმის ჩასაწყვეტად…

ისმინეთ კატერინას შეგონება: არ ენდოთ ადვილად ექიმებს. წადით რამდენიმესთან, მერე გამოიყვანეთ საშუალო არითმეტიკული, ამოიღეთ ფესვი და ისე გადაწყვიტეთ. სხვა გზა არაა.

 

 

Запись опубликована в рубрике საზოგადოება, ჩანაწერები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «თეთრხალათოსნები ანუ ჰიპოკრატეს მკვლელობა»

  1. ვაი. იმედია უკეთესადაა თქვენი შვილი. მეც ბევრი ამბავი გადამხდენია ექიმებთან. მათთან ბრძოლის ისეთი სტაჟი მაქვს. მესმის თქვენი. 😦

  2. ჯერ სადაა კარგად ყოფნა.ვემზადებით მესამე ოპერაციისთვის.პარალელურად ვცდილობ თურქეთის კლინიკას მივაწვდინო დისკი და გავიგო იმათი აზრიც.ისე ვარ დაშინებული,უკვე აღარავის ვენდობი

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

w

Connecting to %s