საშობაო მოზაიკა

«დრო უსინათლო მეგზურია»

ენ მაიკლსი

სულ ცოტა ხანში შობაა. რამდენიმე საათით ისევ გაიხსენებენ ადამიანები იმას, ვინც ასე გულუბრყვილოდ ცდილობდა მათ გაადამიანებას, სამყაროს გაუმჯობესებას.

რას იზამ, ესაა მოკვდავთა წესი-წამიერი და კალენდარული გახსენება, ყალბი პათეტიკა, წამიერი დავიწყება და მარადიული სიბნელე. მეც ერთი მათგანი ვარ, თუმცა სიყალბესა და პათეტიკას ვერც თვითონ დავაბრალებ თავს და ვერც სხვა დამაბრალებს.

დაეხეტები  და გვერდიდან არ გშორდება უსინათლო მეგზური. ხელი მაგრად აქვს ჩაბღაუჭებული.  ტორტმანებს, შენც გაყანყალებს. ეხლება კედლებს, კლდეებს, ხეებს, ყველაფერს, რაც გზად შეხვდება წინაღობად,გახათქუნებს ულმობლად. შენი ცხოვრებაც, მომყოლივით რომ გაქვს მომაგრებული, ეხეთქება აქეთ-იქით და იმსხვრევა.

ჩერდები, მუხლებზე დამხობილი აგროვებ  გაფანტულ ნამსხვრევებს, იწმენდ ჭირის ოფლს და მონდომებით ცდილობ ახიკული დატეხების შეკოწიწებას.ააწყობ, შეადუღაბებ ცრემლით, სისხლით, ისევ წამოიკიდებ და აგრძელებ გზას. ის უსინათლო კი მაშინვე ბრუნდება და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი.

აგროვებ და აწყობ:წარსულს, აწმყოს. პირველის ასაწყობად ყველაზე ბევრი ფერადი ნატეხია საჭირო, რომ ტვირთად არ ჩამოგაწვეს. რასაც მუქი ფერები სჭირდება, იმას ტოვებ უკანმოუხედავად და მხოლოდ ხასხასაფერებიანს იკიდებ, ჩარჩოებით შემოგარსულს. რაც გადაგრჩება, იმით მომავლის შეკოწიწებას ცდილობ. არ გყოფნის, ხან ფერი გაკლდება, ხან საჭირო ზომის და ფორმის მასალა არ გაქვს. მაინც არ ეშვები. ხვდები, რომ მთლად ვერაა ის, რაც წარმოგედგინა, მაგრამ სულ არაობას სჯობსო, ფიქრობ და იტუებ თავს, შემდეგ ჯერზე უკეთესი გამომივაო.

თანდათან ძნელდება დიდ-დიდი და ფერად-ფერადი ნატეხების მოძებნა. ყოველ ჯერზე წვრილდება, იფშვნება. ხვდები, რომ აწი ყველაფრის ასაწყობად აღარ დაგრჩა არც ძალა და არც ფერი. ამიტომ წარსულის ფერად სურათებს უბეში მალავ საგულდაგულოდ.

ისევ მიდიხარ აბეზარ უსინათლოსთან ერთად…

გაფაციცებული კენკავ ყოველ მარცვალს, ფრთხილად იგროვებ მუჭებში. აწყობ და ხვდები, რომ აწმყოზე აღარ გეხარჯება იმდენი დრო, როგორც ადრე, არც ფერი და ნატეხი გჭირდება იმდენი. აღიარე, რომ აღარც გადარდებს, როგორი გამოვა. გირჩევნია მომავლისთვის გადაინახო, თუკი რამ დარჩა წესიერი. აზომებ, ანგარიშობ-არ გყოფნის. მაშინ იმასაც გამოკრავ ქისაში და უბეში უდურთავ თავს. ეგებ შემდეგზე მაინც გამომივიდესო.

ერთხელაც ისე იქნება, რომ ქვიშის გარდა არაფერი მოგყვება ხელში. ჰოდა, რაკი მაინც წესია და მიჩვეული ხარ, რომ უნდა აკოწიწო მომავალი, იწყებ ქვიშის წვალებას, შენც წვალობ, წვალობ, თითებშუა გეპარება წყალივით,ააკოლიკებ და იშლება, ისევ და ისევ. ამასობაში ისევ გზის გაგრძელების დრო მოგდის. მიდიხარ, მიხათქუნობ,წვრილ-წვრილ ნამცეცებად გეშლება გული, ცხოვრება და მომავალი, აწმყო მახინჯ ქისაში გამოკრული გიდევს უბეში და ხელს კიდეც თუ გააპარებ, მას არც შეეხები, მხოლოდ წარსულის ჩარჩოებს ამოალაგებ გულის გასამაგრებლად თუ თავის გასამართლებლად…მიდიხარ და მუჭებით მიგაქვს მომავალი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც ეგებ კიდეც არის, მაგრამ ქვიშისგან და ქარისგან( ერთი კარგი ფილმის სათაური გამახსენდა «სახლი ქარისა და ქვიშისგან»)…

***

თორმეტი დაიწყო. მეც სხვების მსგავსად მოვემზადე იმ დიდი  იდეალისტის, დიდი მეოცნების, დიდი ჰუმანისტის და რევოლუციონერის გასახსენებლად, იმასაც ვიხსენებ, რომ მას მერე დღე არ გასულა, ადამის ძეს ყოველ ცისმარე დღეს არ მოეკლას განსაკუთრებული სისასტიკით.მეც ალბათ…

თორმეტი ახლოვდება. უამრავი წლის და საუკუნის წინ უსინათლო მგზავრმა ბაგაში აკივლა ერთი ლამაზი ქალი და მერე კაშკაშა ვარსკვლავად მოავლინა ის, ვინც დაბადებიდანვე შესაწირად იყო განწირული…

ცოტაც და შობა დადგება. ვზივარ და გადამალული ნამსხვრევებით ვაწყობ მოზაიკას, ეგებ ფერნაკლულს, უფორმოს, მაგრამ მოზაიკას. სანამ ერთი ფერი მაინც მომეპოვება, ვერ გამიქრება მონდომება, მერე კი გავშლი ქვიშით სავსე მუჭებს და უკანასკნელი ამოსუნთქვით გავატან ქარს არშამდგარ მომავალს…

25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და…

პ.ს.

«იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი…

აქ კი… დღეს.»

პ.პ.ს.

შობას გილოცავთ

 

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები. Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s