15=0

ხომ გვაქვს ყველას ჩვენ-ჩვენი აჩემებები, იქნებ სხვებისთვის გაუგებარი, იქნებ ჩვენთვისაც აუხსნელი, მაგრამ აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ასეთია ჩემთვის ციფრი 5 და ყველა ის რიცხვი, 5-ზე რომ ბოლოვდება. დიდი ხნის აჩემებააა ეს, ბავშვობიდან აკვიატებული.

არ ვიცი, მოხაზულობამ მომხიბლა თუ იმან, რომ ხუთოსნობის ამბიცია მკლავდა ყოველთვის. მერე ერთხელაც, მარტო ციფრებს და რიცხვებს კი არა, რთულ მათემატიკურ ამბებსაც რომ ვუმკლავდებოდი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი დაბადების თარიღიც ერთი ამ რიცხვთაგანია-15 და გამიხარდა. იქნებ ასეც გაგრძელებულიყო, წუთისოფლის კანონზომიერება რომ დარღვეულიყო.

მოკლედ, ჩვენი ნესტანის არ იყოს, «კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველიაო», რომ ამბობდა, იქ, ზევით, გადაწყვიტეს, რომ ეს აჩემებაც, რაკი სასიამოვნო და მოსაწონი იყო ჩემთვის, ისევე უნდა დამეკარგა, როგორც ყველაფერი, რაც მომწონს და მიყვარს. კანონზომიერება ხომ არ დაიღვეოდა. ის კი ასეთია: რაც მომწონს და მიყვარს, ან ფუჭდება, ან მძულდება, ან ვკარგავ. ჰოდა, ესეც დავკარგე, ან კი არ დავკარგე, შევიძულე.

რა ვიცი, რიცხვები დაელია იმ დალოცვილს თუ რა იყო, რომ მაიცდამაინც  15-ში დავკარგე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანები-დედა და ბებია, ერთი იანვარში და მეორე ივნისში. ვითომ უბრალო დამთხვევაა ახლა ეს?!

ჰოდა ხვალ ის 15-ია ბებიაჩემი რომ გაიყოლა მარადისობაში. ხვალ ის დღეა, ვერაფერსაც რომ ვერ დავწერდი, ვერ მოვერეოდი სიტყვებს. დიდად დღესაც ვერ მიადვილდება, მაგრამ ისე მჭამს დილიდან მლაშედ ჩასველებული ფიქრები, ვერდაწერასაც ვერ მოვერიე.

ყოველ წელიწადს 14 რიცხვის გათენებისთანავე იწყება ფილმის ჩვენება, სათაურია «15 ივნისი», ორი დღე გრძელდება, კადრი კადრზე და ცრემლი ცრემლზე… ასეა წლებია.

არადა, ჩვეულებრივი დღე იყო. არც მე მიგრძნობდა გული რამე ცუდს და ბებოც თითქოს არ იყო ცუდად. ასე რომ არ ყოფილიყო, სად გავადგამდი ფეხს, როგორ დავტოვებდი.

ფაციფუცში გავატარე დილა. კონცერტი იყო იმ დღეს, «ბასტი-ბუბუს» სტუდიის და გამალებულ სამზადისში ისე შემოგვაშუადღევდა მე და ჩემს შვილს, ვერც გავიგეთ. სიჩქარეში ყავაც გადმომივიდა. დავტოვე, მოვალ და მერე გავწმენდ-მეთქი. ბებოს შევხედე, რამე ხომ არ გინდა, ხო კარგად ხარ-მეთქი. კიო, კიო, წადით, არაფერზე ინერვიულოო. წავედით.

ავყარეთ შვილები სცენაზე. გასახდელში თავი მოვიყარეთ ერთი ჭკუის გოგოებმა. გავერთოთო. ერთმა ტეკილა დააძრო დიდი ჩანთიდან, მეორემ ხილი, იქვე ლიმონიც დაიჭრა თხელ ნაჭრებად და დაიწყო. მოხრილი ცერა ზედმოყრილი მარილით, ალოკე, გადაჰკარი, ლიმონი ენაზე.ავმჩატდით, გავსულელდით, ავტროვდით, ავიკელით იქაურობა, თავზე დავიმხეთ შენობა, მგონი შვილებსაც ვაჯობეთ ხტუნვა-ცეკვა-სიმღერაში. ვიცინეთ. მერე, კონცერტი რომ დამთავრდა, სცენაზე ავცვივდით და შვილების ნომრები შევასრულეთ, ისინი კი ტაშს გვიკრავდნენ აცეტებულ დედებს.

გახვითქულები, დაოსებულები წამოვედით.

ჭიშკარი ღია დამხვდა. წინ თვალებდაწითლებული უფროსი შვილი იჯდა და ფშლუკუნებდა. სახლში ხალხი ირეოდა.

კადრი კადრზე:

სანამ ისინი ცეკვავენ და მღერიან, ასე ხომ არ ვისხდებით, ცოტა გავერთოთო, თქვეს გოგოებმა.

უი, ყავა გადმოსვლიაო, დაღლილი მოვა და ამისი თავი არ ექნებაო. გახეხა, გააპრიალა ქურა ბებიამ.  ფერდი ეტკინა და ორპირის ბრალიაო, გაიფიქრა. შალი შემოკრა და წამოწვა. წიგნი გადაშალა. დღეს რატომღაც ლექსები არჩია, ბარათაშვილის.

მარილი-ტეკილა-ლიმონი.

ფანჯრიდან გასძახა ჩემს უფრო შვილს, აი იმას, ჭიშკრის წინ რომ დამხვდა, ბებია, ეგება მაწონზე გამეგზავნოო. ოფო, მაცალე, ვთამაშობ და მერეო. მნიშვნელოვანი მატჩი იყო ძალიან-უბანი უბანზე. კაიო და ისევ კითხვას მიუბრუნდა.

მარილი-ტეკილა-ლიმონი.

სუნთქვა გაუჭირდა, ფანჯარა გამოხსნა ბოლომდე. ისევ წამოწვა. სათვალე მოიხსნა, წიგნში ჩადო. «სუმბული და მწირი» იყო იმ გვერდზე.

მარილი-ტეკილა-ლიმონი.

ბოლოა ალბათ ესო. ცოტა შეეშინდა, აყუდებულ ბალიშს მიეყუდა. მერე თავს შემოუძახა, ძალიანაც კარგი, როგორც იქნა, ჩემს შვილს ვნახავო. კიდევ კარგი გოგოები არ არიან სახლში, შევაშინებდი, ინერვიულებდნენო.

მარილი-ტეკილა-ლიმონი.

ღმერთო, შენ მიმყოფე კარგად ჩემი ობოლი გოგოები, ჩემი პატარა ბიჭუნებიო.გულმა ბოლოჯერ დაჰკრა და ფართოდ გახელილი თვალებიდან ფრთხილად, უხმაუროდ გაიპარა მოღიავებული ფანჯრისკენ სიცოცხლე. სუმბულივით მსუბუქმა, ტკბილხმიანმა პირველად და უკანასკნელად გამოაღო იმ გალიის კარი, შვილებმა და შვილიშვილებმა რომ გამოვამწვდიეთ საგულდაგულოდ და სიფრიფანა ფრთები ააყოლა არყოფნის გრილ ნიავს…

ვერ მოვასწარი ჩამხედა ღიად დარჩენილ დიდ, ლამაზ, ჭკვიან თვალებში. დამენახა, ეგებ შიში იყო ჩარჩენილი, ეგებ წყენა, ეგებ შვება და ლოცვის ტოლფასი «ბებია გენაცვალოს». უჩემოდ დაუხურეს.

როგორ ვერ ვიგრძენი ვერაფერი, როგორ ვერ დავინახე ეს კადრები, ახლა რომ კლავს და მანადგურებს, მაშინ, გამობრუჟული რომ ვეძლეოდი ხალისს და თავაწყვეტილობას…იქნებ ვერც შემეცვალა ვერაფერი, მაგრამ ხელს მაინც ჩავკიდებდი, გვერდით მაინც ვეჯდებოდი და ეგებ აღარ შეშინებოდა, ეგებ სიტყვები დაეტოვებინა ჩემთვის, მარცალ-მარცვალ რომ ჩავიკერებდი გულში, ტვინში,მოველოლიავებოდი.

ჰოდა 15  იყო იმ დღეს.

არაფერი იციან ამ ცხოვრების მათემატიკოსებმა- სულაც არა საჭირო განულებისთვის ნულზე გამრავლება. ხშირად ცხოვრება ყოველგვარი გამრავლება-გამოკლების გარეშეც ნულად  გიქცევს ნებისმიერ რიცხვს, თუნდაც ის შენი საყვარელი რიცხვი იყოს.

ჩემს რიცხვით ღერძზე თხუთმეტი ნულის ქვეშაა.

 

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან, ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «15=0»

  1. ჩამწყდა. საყვარელი რიცხვებიც ნულდება, თვეებიც, სეზონებიც, ადგილებიც. ყველაზე დრამატული «მარილი-ტეკილა-ლიმონი»-ს მომენტებია, მუდმივად რომ ახვევ და წარმოიდგენ სანამ შენ რაღაცით იყავი დაკავებული პარალელურად რა ხდებოდა.

  2. ომდენი განულდა უკვე, მეშინია ჩემი რიცხვითი ღერძი სამედიცინო მონიტორზე რომ გაბმული ხმა და ხაზია, იმას არ დაემგვანოს. ხო, აი მაგის წარმოდგენა ყველაზე დრამატულია

  3. მეწყინა. მეც ბებოს გარდაცვალების მერე აღმოვაჩინე იმდენი «სანანებელი». რამდენი რამ დავაკელი თურმე და ბოლო წუთას მეც ვერ დავუჭირე ხელიმ გზა ვერ სავულოცე იქითა მხარეს.
    მარა რიცხვები ყოველთვის ბედნიერებას არ გვამცნობენ. ზოგჯერ უბედურებას მოასწავებენ. მე მაფრთხილებდა თურმე და ვერ ვხვდებოდი. (( უფრო სწორად გული გრძნობდა. მე კი იხტიბარს არ ვიტეხდი. კარვის ნიშანია თქო.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s