ლამაზჩანახატებიანი წიგნი ანუ ქალაქი, სადაც სიკეთე ცხოვრობს

ერთი კარგი მწერალი ამბობს, ყოველი კარგი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ იმაზე უკეთესი ხდები, ვიდრე მის წაკითხვამდე იყავიო. ვერ შეედავები.რაც მეტად უახლოვდები ფინალს კარგი წიგნის კითხვისას, მით მეტად გეუფლება მასთან განშორების ტკივილი და სევდა. დახურავ, გადადებ და მასზე აკვიატებულ ფიქრებში ბორიალს განაგრძობ. ხვდები, რომ ეს განშორება პირობითია და ის უკვე სამუდამოდ დარჩა შენს გონებაში, გულში და როცა ყოფა ულმობლად გიჭერს თავის საცეცებს, ფიქრებში ისევ შლი უკვე წაკითხულ ფურცლებს  და მათგან წამოსული ფიქრის გრეხილით ცდილობ ნაცრისფერ ყოველდღიურობასთან შეჭიდებას.

წიგნი მხოლოდ ფურცლებად ქცეული ამბები არაა. ადამიანიც შეიძლება წიგნს ჰგავდეს, ქალაქიც.

მეც ასეთი წიგნი-ქალაქი გადავიკითხე კიდევ ერთხელ, კოხტაყდიანი, ფერადნახატებიანი. მასში უამრავი ლამაზი ჩანახატია  მზეზე, წვიმაზე, ზღვაზე, ყავაზე, აბოლებულ სიგარეტზე, ველოსიპედზე… ილუსტრაციებად პატარ-პატარა, ლამაზი, მოკირწყლული, ერთმანეთში გადაგრეხილი ქუჩები, კუწკუწა სახლები აქვს.ქათქათა და თვალწარმტაციო, უმღერიან ამ ქალაქს. თვალწარმტაცი ნამდვილად არის, ქათქათაც, მაგრამ მასში ფერადი მეტია. ბუნებრივიცაა. ეს ის ადგიოლია, სადაც სიკეთე ცხოვრობს და სიკეთე რომ ფერადია, მგონი, ყველამ ვიცით…

ახლა მესმის აქაურების, რომ ამბობენ, ზაფხულის ბათუმი ბათუმი არააო. ნამდვილად ასეა. არა, ქალაქს აბა რა შეცვლის, ამ სილამაზეს აბა რას დააკლებს მოზღვავებული ხალხის ჯგრო, მაგრამ იმ ქაოსში რაღაც იკარგება, რაღაც კი არა, სიმშვიდე, ასე დედოფლურად რომ წევს ამ ქუჩებში.ამ დროს ბათუმი თავისუფალია გადატყლარჭული სნობებისგან. თბილისური ყოველდღიურობით გათანგული ქანცის გაწყვეტამდე დავეხეტებოდი ქუჩიდან ქუჩაზე, ვისრუტავდი განუმეორებელი ბათუმური ყავის სურნელს, ნესტის, ობის, მზის, ზღვის არომატების გასაოცარ ნაზავს და ნერ-ნელა ვპოულობდი საკუთარ თავს. მერე ზღვას მივყვებოდი ნაპირ-ნაპირ, მშვიდს, კამკამას, ვსუნთქავდი ხარბად და ვტკბებოდი მისი მუსიკით. ღიმილი თავისით ჩნდება ასეთ დროს და აღარც განებებს თავს კარგა ხანს.

ამ ლამაზ წიგნში ერთი პერსონაჟია, გულღია, კეთილი, როხროხა. ყველას უყვარს, განსაკუთრებით მათ, ვისაც მასთან სიარულის, მისი «მრევლობის» პრივილეგია ხვდა წილად.შინაგანად ბალერინა ვარო, ამბობს თავის თავზე და დიდ სავარძელში მჯდომარე ისეთ ლიტერატურულ ფუეტეებს აკეთებს მოსწავლეების თვალწინ, გაგიკვირდებათ.ჩაკრები გამეხსნა შენი ჩამოსვლითო. ამას თუ აქამდე რამე ჩაკეტილი ჰქონდა და ამდენი შეეძლო, ახლა რას იზამს, წარმოდგენისაც მეშინია…

დილიდან საღამომდე ვფურცლავდი ამ ჩემთვის ძვირფას, კეთილ წიგნს, ფეხებზე ბებერების ამოსვლამდე დავეხეტებოდი აღმა-დაღმა, საღამოს კი ბახუსნარევ, სევდა-სიცილით სავსე საუბრებს ვმართავდი ამ სულით ბალერინა გოგოსთან.თვალცარემლებულები ომის ვეტერანებივით ვიხსენებდით ამბებს, ვარჩევდით წიგნებს და ვკამათობდით ამა თუ იმ ლიტერატურულ წიაღსვლებზე.

ყველაფერი კარგი რომ მალე მთავრდება, უჩემოდაც კარგად იცით. ჰოდა ეს ჩემი ლამაზი წიგნიც მალე დამთავრდა. ყელში ბურთმობჯენილი გამოვემშვიდობე ზღვას, კოხტა ქუჩებს, დავტოვე ჩემი გულის ნაწილი და გამოვეშურე თბილისისკენ. გზაში ის ძველი სიმღერა ამეკვიატა, ბათუმს რომ უმღერიან. პირველად დავუკვირდი მის ტექსტს და გავოცდი, როგორ ზუსტად შეუფასებიათ ეს ჩემი, ჰო, ჩემი, კუკუნა ქალაქი…

მოვუახლოვდი თბილისს და ჩემმა ასთმამაც არ დააყოვნა, არადა, იმ ნესტიან ქალაქში ერთხელაც არ შევუწუხებივარ. მოდი და ენდე მედიცინას…

დამთავრდა ჩემი ლამაზ-ქალაქში მოგზაურობა. როგორც ჩემი მგობარი ამბობს, აგი რაფერაა იცი? აგერ პრიზაში რომ პოეზია გარევა, იმფერ. ჰოდა ყოფის პროზაში მყოფი კატერინა ფიქრებში არაერთხელ გადაშლის კოხდაყდიან, ფერადნახატებიან წიგნს და იქიდან ამოვადნილი ყავის, მზის, წვიმის, ნესტის, ზღვის არომატები სიკეთის ჩაფხუტს ჩამოაცმევენ აბეზარი აზრებით დამძიმებულ თავზე…

 

 

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები. Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «ლამაზჩანახატებიანი წიგნი ანუ ქალაქი, სადაც სიკეთე ცხოვრობს»

  1. სათაურიდანვე მივხვდი რომ საქმე ბათუმს ეხებოდა. არ ვიცი, ადრე მეგონა რომ შეუძლებელი იყო ბათუმი ყველას ისე არ ყვარებოდა, როგორც მე. შემდეგ აღმოვაჩინე რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთლად ჩემსავით გადარეულები არ არიან. მაგრამ აი, ეს პოსტი, ზუსტად გამოხატავს ჩემს სიყვარულს. უნდა ამოვბეჭდო და რომ მომენატრება გადავიკითხო ხოლმე. 2016-ში შევასრულე გეგმა და ყველა სეზონზე ჩავედი. მართლა საოცარია ბათუმი სხვა «არასაზღვაო» სეზონებზე.

  2. ჩემი და ფინიკი😘ამ სიყვარულშიც ვემთხვევით.მიხარია,თუ ეს ჩანაწერი შენც გამოგადგება ამ ლამაზ-ქალაქის მონატრების💟

  3. ეგრევე მივხვდი, ქალაქის შესასვლელში რომ ამიფარცქვალდება ხოლმე გული, ისე ამიფარცქვალდა ახლაც, მზე, ზღვა და სულშიჩამწვდომი სითბო მომენატრა იქაური….. ფრიად სასიამოვნო და საჩემო პოსტია. და კიდევ, რას შობი? — რა ვქნა 🙂

  4. მადლობა,ნინიკო.ხო, საერთოდაც გულის ასაფარცქვალებელი ქალაქია,პატარა, ლამაზი ზღაპარქალაქი

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s