მზის ნაკოცნები და კრუასანების არომატი

დავბრუნდი.

აღარც მეგონა, რომ ძალა მეყოფოდა გასაღწევად.wkiss54 ადრეც მომწევია ბინძურ, ბნელ გვირაბებში სიარული, მაგრამ ეს ყველაზე გრძელი იყო. კუკუნახ სიბნელეში აშმორებული ნესტით გაგუდული მივლასლასებდი და თვალებს მწვავდა შავი სიმყრალე. ვერც დავთვალე, რამდენჯერ მომეკეცა ძალაგამოცლილს მუხლი, რამდენჯერ გავგორდი სველ, ყლარტიან სიცივეში. სულ რომ გამომელია ძალა, ვიფიქრე, დავრჩები აქ, ვიწვები ასე ღორივით ამ ტალახში, იქ , ზევით, მაინც აღარ ველი არაფერს -მეთქი. ასეც მოვიქეცი. დავხუჭე თვალები და დავივიწყე დრო, სამყარო და საკუთარი არსებობა.მეგონა ასე წვალებას ავიცილებდი და დაუღლელად დაველოდებოდი დასასრულს.

გავაერთე დღე-ღამე.გავიყურსე, გავინაბე არყოფნის მოლოდინში, მანაც ნელ-ნელა ამომაცოცა სხეულზე ლორწოიანი საცეცები, გარს შემომეხვა და ისე მომიჭირა კისერზე, ხრიალი დავიწყე.სრულ კუნაპეტში ხმები ჩამესმოდა, თვალებს ვხედავდი, შიგ განგაშჩამდგარებს, დაფეთებულებს.  რაც მეტად მიჭერდა ის წყეული საცეცებს, რაც მეტად ვნებდებოდი არყოფნის მოლოდინს, მით მეტად გაჰკიოდნენ ჩუმად ჩემთვის ძალიან ნაცნობი, ძვირფასი ხმები… მით მეტად  ანათებდა სიბნელეში მათი თვალების ელდა. თითქოს უხმოდ მსაყვედურობდნენ, მანამუსებდნენ, მადანაშაულებდნენ… ქანცმილეულს შოლტად მხვდებოდა ყოველი მზერა, ყოველი სიტყვა, ართქმულობით თქმული…

შემრცხვა… ისე შემრცხვა, როგორც არასდროს. საკუთარმა უნიათობამ, ლაჩრობამ და უსუსურობამ ზიზღი მომაძალა იმ გასაცოდავებული, დანებებული ნაადამიანალის მიმართ, ბნელ, მყრალ წუმპეში რომ ხრიალებდა ბედს დამორჩილებული.

ძალა მოვიკრიბე, ჩამოვიდღლიზე აქოთებული, ლიწრი საცეცები და გასასვლელს დავუწყე ძებნა. ვეცემოდი უღონობისგან. მაინც არ გავჩერდი. ვიფორთხე, გადავიგლიჯე ხელისგულები, მუხლები, მაინც არ გავჩერდი, ვიწვალე და გამოვაღწიე….

გარეთ ისეთი მზე დამხვდა, გული გამითბა, მწველი კოცნით დამახატა პირველი ჭორფლი, მოჭუტულ თვალებში შემიძვრა, უსიცოცხლო, მიმქრალ გუგებში გაიარა ცხლად, იქიდან გულში გაინავარდა, სულში შემომიცოცდა, ამომაგლიჯა ცხელი შანთებით ჩამპალი დარდი, ეჭვი. სხივის ნატეხი ჩამიგდო მარცვალივით და უცნაური მუსიკით ამავსო. მოგისმენიათ მზის სიმღერა? ეს ყველაზე დიდებულია სიმფონიათა შორის. მსგავსი ჯერ არავის არაფერი შეუქმნია.

აი მეც! ნაცემი, დალეწილი, დაღლილი, მაგრამ წელში გამართული ისევ მივყვები გზას, რომელზეც, სავარაუდოდ, ისევ არაფერი იქნება საინტერესო, რომელიც საბოლოოდ მაინც იქ მიმიყვანს, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინ გამოვაღწიე, მაგრამ მაინც ვივილი და არ გავჩერდები, რადგან ჩემ უკან ის თვალებია, ასე რომ აშინებთ ჩემი დანებება.როგორ იქნება მათი ღალატი! ვინ მოგცა უფლება გაჩერების, გრძნობების აყოლის, შეყოლის, ემოციების დამონების! სადაა ამის ფუფუნება! სადაც შენ, ამდენ ტკივილგამოვლილს, ნამეცადინევს გიძნელდება ამ ჯოჯოხეთთან გამკლავება, რაღა ქნან მათ, წლებით რომ ვერ არიან შენსავით გამობრძმედილები.

არაფერი დამხვდა შეცვლილი ჯურღმულიდან ამოსულს. ყველაფერი იგივეა, ყველა იგივეა. არც არაფერია ისეთი, რომ დამაიმედოს და გამახაროს თითქოს, მაგრამ მაინც მიხარია და ისეთი ამაყი და მხარგაშლილი ვარ, ცოტაც და ირაოს დავკრავ.

მე არ ვეძებ ბედნიერებას. ის ჩემი ძვირფასი ადამიანების თვალებშია. ამიტომაც, რაც არ უნდა გამიჭირდეს, უნდა მოვახერხო, ხშირად დავინახო მათ თვალებში ჩემი ბედნიერება.

ყველაზე მთავარი დანიშნულება ადამიანის მაინც ის მგონია, ცხოვრების სიმძიმე შეუმსუბუქო იმათ, ვინც გიყვარს, უკან მიჰყვე უჩუმრად გზაზე და წაფორხილებულს ხელი შეაშველო, იმედგაცრუებულს გული გაუკეთო და უთხრა, რომ ყოველი ტკივილი მის გასაძლიერებლად არის და რაც მეტს გაუძლებს, მით მეტ და  უკეთეს ადამიანად შედგება.

ზამთრის ბოლო დღე მივაბარე სევდას. დღეიდან მონდომებით შევიგროვებ სახეზე წითურ ნაკოცნებს.

ფართოდ გავაღე სულის სარკმელი. გაზაფხულის მზემ ამომირეცხა მური და ყლარტი. ახლა აქ მზის  სხივები სირმავენ ნაზ სევდას და ჩამთბარ სიმყუდროვეში ჩუმად, მხოლოდ ჩემთვის გასაგონად ისმის მზის სიმფონია და ცხვირში მიღიტინებს ცხელი კრუასანის არომატი…

Запись опубликована в рубрике ემო, ჩანაწერები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «მზის ნაკოცნები და კრუასანების არომატი»

  1. ეს შემოდგომა/ზამთრის 6 თვიანი პერიოდიც გადაგორდა, ახლა იმედების, პოზიტივის და მზის დრო დადგა ისევ ❤

  2. მთავარია მარტმა არ გაგვაწვალოს.😘

  3. ყოველ გაზაფხულზე თავიდან ვიბადები ასე მგონია ❤

  4. მეც და ყოველ შემოდგომაზე ახლიდან ვკვდები. ზაფხულში კი სრულად ვცოცხლობ. 💟

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s