შობის ჯონათანი

…შეეძლო ისარივით ავარდნილიყო ცაში, მაგრამ ნელა ერჩივნა აეკრიფა სიმაღლე. ძალას იზოგავდა, ენერგიას, დროს თუ მიწიდან მოშორების და გამჭვირვალე სივრცეში ასვლის სიამოვნებას, თვითონაც არ იცოდა. თუმცა, ალბათ მაინც ბოლო უფრო იყო. დახამებული ისრუტავდა სიმაღლის სიგრილეს, ჟანგბადის სიმძიმეს. ტყლაშუნით იქნევდა განიერ, ღონიერ ფრთებს და თვითონვე ტკბებოდა მზის სხივებზე აელვარებული ბუმბულის სიჭრელით. ირწეოდა მედიდურად. ირაოს დრო რომ დადგებოდა, უცებ დაფეთებულივით იყურებოდა ქვევით, ეგონა ვიღაც დაქაჩავდა და აღარ დააცლიდა თავის ნებაზე ნავარდს.ვერა და ვერ ამოვიგდე მახსოვრობიდან ეს უბედურებაო, გაიფიქრებდა, ნისკარტიდან კუდის ბოლომდე დაუვლიდა სიხარულის სასიამოვნო ჟრუანტელი და უმატებდა სიმაღლეს. ნელ-ნელა პატარავდებოდა მისი დიდი, მძლავრი, ფერადი სხეული და ბოლოს სიშორისგან გაშავებულ წერტილადღა მოჩანდა მიწიდან.

… გაასავათა, ქანცი გაუწყვიტა ყოველ ჯერზე ერთი და იმავე  სიზმრის ნახვამ. არა, დასაღლელი და დასათრგუნი აბა ამ სიზმარს რა ჰქონდა, ისეთი იყო, რომ ინატრებ, მაგრამ გამოღვიძება თქვი შენ! ეს იყო, რომ კლავდა და გულს უგლეჯდა.არადა, ჯიბრზე ეძინა და ეძინა. აბა, სხვა რა უნდა ეკეთებინა დამტვერილ თაროზე შეკუჭულს.იყო და იყო ასე, გაუნძრევლად. ისიც კი არ შეეძლო, საკუთარი სხეული შეეთვალიერებინა. სივიწროვეში გდებისგან ისე მიხორცებოდა ფრთები, ვეღარც გრძნობდა, ჰქონდა თუ არა. ვინ  იცის, ეგებ კიდეც გამოჭამა ალაგ-ალაგ დრომ, ვინ იცის, ეგებ ფერების ალებიც ჩაუნაცრა  უქმად ყოფნამ, ზუსტად ისე, როგორც გაღვიძების სურვილი საკუთარი გამოუსადეგარობის, ზედმეტობის, უვარგისობის განცდამ.

… ოოოო რა ამბავი მოჰყვა მის გამოჩენას! იმდენად დიდი დრო გავიდა მას მერე, აღარც ახსოვს, როდის იყო ეს, მაგრამ ის კი კარგად ჩაებეჭდა მეხსიერებაში, რა ჟრიამულით დახვდნენ სახლის პატარა ბინადრები- ჭრელსარაფნიანები, მოკლეშორტებიანები, კუბოკრულპერანგიანები, ცხვირპაჭუები, კბილნაკლულები. დიდი დიდი ორი დღე გაეჩერებინათ უსაქმოდ. გაიყვანდნენ გაშლილ მინდორზე, ქარს შეამოწმებდნენ უფროსები, გაამზადებდნენ და მიდიიი, სრიალებდა და სრიალებდა ჰაერში, ქვევიდან კი ქარისგან გაწეწილების, კეპწართმეულების, ბაბთებმოფრიალეების მხიარული წკრიალ-წკრიალი მისდევდა. მასაც უხაროდა. მართალია, ერთფეროვნება მობეზრდა მალე და უჩუმრად აეკვიატა თავაწყვეტილობის, უსასრულობაში ავარდნა-გადაკარგვის სურვილი, მაგრამ გამძლე თოკი ჯიუტად ახსენებდა დანიშნულებას და ამ მოულოდნელად გაჩენილი სურვილის ასრულების შეუძლებლობას. სწყინდა, გულიც სწყდებოდა, მაგრამ მაინც არ დარდობდა ისე, როგორც ახლა,უსაქმურობისგან მიმჭკნარ-დამტვერილი.

დრო გადიოდა, ის თმააწეწილები, ჭყლოპინით მორბენლები, უკვე დაბრძენებული, უფროსული ღიმილით ასწავლიდნენ სხვა ცხვირპაჭუებს მისი ვეება ფრთების მართვას.

მერე კიდევ იარა დრომ. იარა, იარა და ეტყობა იქ მივიდა, სადაც ქარიან-მზიანი ჟრიამული აღარაა. გათავდა, ეტყობა, ამოიწურა. ანდა იმ უცნაურმა ყუთებმა ჩაანაცვლა, ზოგი რომ მაგიდებზეა შემოდგმულ-გაწოლილი, ზოგიც ყველას ხელში უჭირავს და წამითაც ვერ შეუძლია მისი გვერდზე გადადება. ჰოდა, მას მერე წევს და წევს ამ მტვრიან თაროზე. ახლა ნანობს, რომ მაშინ, წლების წინ, უძალიანდებოდა მოზღვავებულ სურვილს, ულმობლად კლავდა გაჩენილ პროტესტს. თავს ირწმუნებდა, ასე უფრო საჭირო ვარ. სწორედ ამ თოკის გამოა, ასე რომ ვახალისებ ამ თვალებციმციმა სასაცილო არსებებსო. აბა, რომ ავიწყვიტო და გავთავისუფლდე, მოიწყენენ უჩემოდო. რა გულით ვილივლივო მერე მე იქ, ზევით, როცა ესენი აქ დაღონებულები, ცრემლიანები იქნებიანო. წევს და ნანობს. ჰო, მეტი აბა რაღა შეუძლია!

დღესაც ისე გათენდა, როგორც გუშინ, გუშინწინ, იმის წინ… იწვა და ფიქრობდა. მერე კარადა გაიღო. ახლა მაინც მოვიცალო ამისთვის, საშობაოდ მაინც დავალაგოო, ამბობდა წინსაფრიანი ქალი. გადმოყარა ყველაფერი. დიდ პარკში ყრიდა ძველმანებს. ქვევით რომ გამოასუფთავა და მიალაგა ძველებული კარადა, სკამი მოიტანა, ისე რას მისწვდებოდა მაღალ თაროს. ავიდა, გადმოახოხა კედელთან მიჭუჭყნული და უიო, ეს სულ აღარ მახსოვდაო. ჩამოიღო, გაშალა. როგორ დაცრეცილაო. ეს რაღა შესანახია, ან ვიღას სჭირდებაო.

გაყურსული უსმენდა და ხვდებოდა, იმ დიდ შავ პარკში ჩაკუჭვის პერსპექტივა ელოდა. გგონიათ დარდობდა? სულაც არა. ის კი არა, სადღაც კიდეც გაუხარდა. ბარემ აღარც ძილი და სიზმარი დამღლის და აღარც გამოღვიძებაო.

მერე პატარა სასაცილო კაცუნა შემოგორდა, ვარდისფერი ლოყებით, ნაყინით მოტუტყნული პირით და ჭორფლით პაჭუა ცხვირზე. ეეეე, ბებო, ეს რა არისო. ჩამოუჯდა ბებია. მოუყვა და მოუყვა წლების ამბები, ქარიანი მინდვრის მხიარული კვირები, ჭრელფრთიანი ფრანის ფრაშფრაში, ძმებთან კინკლაობები- გეყოფა, ახლა ჩემი ჯერიაო.

აუ, ბებო, ბებო, მეც მინდა რაო,-პუტკუნა მუჭა გაისვა მოსვრილ ტუჩებზე პატარა ბიჭმა, მერე ხელი შარვალს გაუსვ-გამოუსვა და მინდა რაო, ჩააცივდა და ჩააცივდა. რა დროს ფრანი იყო ახლა ამ გაგანია ლაგების დროს, უნდა გამაცდინოო, მაგრამ ბებიებს უყვართ, ხომ იცით, შვილიშვილების ჭკუაზე სიარული. ჰოდა, მოულოდნელობისგან გაბრუებულმა ისე ამოჰყო თავი გაშლილ მინდორზე, ვერც მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს…

აი ცოტაც, ცოტაც და მხრები გაშალა, შეათამაშა დაცრეცილი, გახუნებული ფრთები, გააჭრიალა ბებერი სახსრები და სიხარულისგან გააძაგძაგა. თოკი დაიჭიმა, ქარმა დაუბერა და გასრიალდა… არ დავიწყებია! დავიწყებია კი არა და მგონი უფრო ლამაზადაც კი დაფრინავს, ვიდრე მაშინ, ხასხასა რომ ჰქონდა ბუმბული. თვითონ ასე ეგონა, ყოველშემთხვევაში.რაღაცამ გაიღვიძა, თუ ვიღაცამ…

ქვევიდან პატარა ჭორფლიანი ბიჭის ჭყლოპინი ესმოდა.ადრე ეგებ კიდეც გახარებოდა, ახლა კი გულზე არ ეკარებოდა. მიჰყვებოდა ქარს. თითქოს ის მტვერწაყრილი წლები არც ყოფილა. ის დიდთვალება გოგო გაახსენდა, სულ წიგნით რომ დადიოდა და ჩაჰკირკიტებდა. გაახსენდა ერთ ასეთ მზიან-ქარიან კვირის მინდორზე ჯონათანი რომ დაარქვა. კი არ იცოდა, ვინ ოხერი იყო ეს ჯონათანი, მაგრამ ახსოვს, რომ გაუხარდა. გულმა უგრძნო, რომ რაღაც კარგი იყო ეს ამბავი. მერე სიზმარი გაახსენდა, წლების ყურებით დაღლილი სიზმარი და ისე მოიქნია კუდი, პატარა მორბენალმა ძირს მოადინა ბრაგვანი. თავიდან ვერ მიხვდა, რა მოხდა, მერე სიმსუბუქე იგრძნო. მაღლა-მაღლა წავიდა, აღარაფერი იჭერდა. სიძველით შეჭმული თოკი კონწიალ-კონწიალით მიჰყვებოდა თან. ცხვირპაჭუა ჭირვეულად ტიროდა. ადრე ალბათ შეეცოდებოდა, დაბრუნდებოდა. ახლა კი გულში ჩაეცინა და ფეხებზე დაიკიდა, კი არ ჰქონდა ფეხები, მაგრამ მაინც…გაჰყვა და გაჰყვა ქარს. ფრთები ჩამოეხა, ჩამოეკიდა, თუმცა ტკივილს სულაც არ გრძნობდა. პირიქით, ასეთი მხიარული, ჯანმრთელი და ამაყი არასდროს ყოფილა! თვალები დახუჭა და ბოლომდე მინებდა სიმაღლეს და ქარს…

მაღალი ხის ტოტს საიდანღაც მოქარებული ფერადი პარკი შეერჩინა. მის ზემოთ კი რაღაც ჭრელი ქანაობდა. შორიდან ისიც პარკს ჰგავდა ალბათ. სინამდვილეში კი სიზმარახდენილ, სურვილასრულებულ, გაჯონათანებულ  ნაფრანალს ეძინა ღრმა და ბედნიერი , უსიზმრო ძილით…

ბებიამ გაჭინჭყლებულ შვილიშვილს ალბათ ნაყინი უყიდა კიდევ, ან იქნებ გემრიელი ღვეზელიც გამოუცხო. მერე საშობაოდ საჩუქრებიც მოუტანეს და მეორე დღეს, პუტკუნა ხელებში ჩაბღუჯულ თხელ მართკუთხედში თავჩარგულს აღარც  ბებოს მონაყოლები გახსენებია,აღარც ძველისძველი ფრანი  და აღარც მისი მოულოდნელი გაქცევა.

Запись опубликована в рубрике პროზა, ჩანაწერები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s