Ode ad mortem

ალბათ გგონია მუხლები მიკანკალებს შენი შიშით. სულ ტყუილად! აბა როგორ შეიძლება გეშინოდეს იმის, რაც ბავშვობიდან დაგდევს და თავს არ განებებს! შენ იმდენჯერ აიარ-ჩაიარე ჩემს ეზოზე, იმდენჯერ შემოაბოტე დაუპატიჟებლად ჩემს სახლში, იმდენჯერ დაიარე ოთახები და მკვდარი ყვავილების აშმორებული სიცივე დამიტოვე ჟანგბადის მაგივრად, იმდენჯერ ამომიშანთე თვალები ცხელი მდუღარებით, რაღა შემაშინებს…

ყოველი შენი სტუმრობა ამოუვსებელ სიცარიელეს მიტოვებს. მარბიელივით შემოითარეშებ ცივი ქარებით და გვერდიდან მაცლი საყვარელ ადამიანებს. ამიტომაც ვერ გეტყვი, არ მძულხარ-მეთქი, შიშის კი რა მოგახსენო. თუმცა, თუ კარგად დავფიქრდები, მაინც მივლის გულ-მუცელში ელდა და შფოთი. არ გეგონოს, რომ შენი დანახვის მეშინია. მე ის მაშინებს, მორიგი სტუმრობისას კიდევ სხვას არ დაავლო ხელი და არ გაიყოლო ჩემ მაგივრად.

აი, ამ ცოტა ხნის წინაც ისე ახლოს ჩამიარე, ძვლები ამიჭახჭახა შენმა სიცივემ, ნესტოები ამიწვა შენმა სუნმა, მუხლებში მომცელა, წელში გადამატვრია, მაგრამ ფორთხვა-ფორთხვით გადაგიწექი და არ შემოგიშვი.გულდაწყვეტილი, ხელცარიელი გაგიშვი. რა ვქნა, ვერ გამოვდექი გულუხვი მასპინძელი, არ მიყვარს მოულოდნელად თავს დასხმული სტუმარი და არც არავის გამეტება და გატანება შემიძლია შენთვის.

უცნაურია, ყოველთვის ისინი მიგყავს, ვისაც ეშინია, ვისაც არაფრით არ უნდა შენი გაყოლა. ალბათ აზარტის ბრალია. აბა რა სასიამოვნოა ისეთის მონადირება, ვინც ისედაც შენია და თავისი ნებითაც სიხარულით მოგდევს უკან…

ვერ გეტყვი, არ მძულხარ-მეთქი, თუმცა მზად ვარ კიდეც შეგიყვარო, თუ დამპირდები, რომ მომავალი ვიზიტისას მხოლოდ მე ჩამკიდებ ხელს. აკი სანახევროდ კიდეც გამოგყევი უკვე, გამოგაყოლე ის, რაც ყველაზე მეტად მეძვირფასებოდა ჩემში, ის, ვისაც ჯერ კიდევ სჯეროდა რაღაცის, კიდევ  შეეძლო მოლოდინი, ბრძოლა… საკუთარი ხელით გამოვასალმე სიცოცხლეს, დიდი, ბასრი მაკრატელით გამოვჭერი ყელი, ნელ-ნელა, ღრიჭინ-ღრიჭინით, სისხლიანი ნაწნავი ჩაგიდე ძვალტყავა ხელში და გაგაყოლე…მეტი რაღა გინდა!  ხომ არ გამიშვიხარ მთლად უპატივცემლოდ! მას შემდეგ, რაც ეგ გაგატანე, შენს მოლოდინად იქცა მაინც ცხოვრება. შენ ერთადერთს შეგიძლია ჩემი შველა, გადარჩენა. მხოლოდ შენ შეგიძლია ამარიდო ტკივილები, გამათავისუფლო მოვალეობებისგან, მომაცილო აყროლებულ, მომაბეზრებელ ქაოსს, ყოველდღიურობას, უფერულ დღეებს, კოშმარებიან ღამეებს, მაინც გათენებული დილით გულდაწყვეტას, უსურვილობას და  გულზე მაჯლაჯუნასავით გაწოლილ დაღლას…

ნუ, ნუ შემოიხედავ ჩემს ეზოში, შენ მხოლოდ დამიძახე, არა, დაძახებაც არ გინდა, მოაკაკუნე და თვითონ შემოგებებები, გულში ჩაგეკვრები, თავს ჩავრგავ შენს ცივ, ჩონჩხივით მკერდში და გრძელი გზის საუბრებით დაგაჯერებ ჩემს სიყვარულში, მოგიყვები, რამდენჯერ მოვმკვდარვარ, გარდავცვლილვარ და ისევ აღვმდგარვარ, გავცოცხლებულვარ, განახლებული, სახეშეცვლილი, გაზრდილი და გაძლიერებული. გეტყვი, რომ ეს უკვე იმდენჯერ იყო, აღარ დამრჩა მეტი სიცოხლე და სახე და აღარც მინდა, რომ გამოგიტყდე. მე ხომ  იმდენად მოგეჩვიე, იმ ერთი ჩემი საყვარელი ადამიანის მსგავსად, კიდეც მიკვირს,  აქამდე რომ ცოცხალი  ვარ.

არ მეშინია შენი, საშიში სიცარიელის დაღლაში  ცხოვრებაა.

15253646_1369218419795141_4882236657315349615_n

 

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები, ჩანახატები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «Ode ad mortem»

  1. დავიზაფრე. ძალიან მძიმეა.
    თუმცა ნაწნავთან დამშვიდობება ცვლილებაა, ცვლილება კი ახლის დასაწყისია, ცუდია ეს თუ კარგი, დასაწყისი დასაწყისია.

  2. აბა რა გითხრა, ჯერ კიდევ ვერ ვარ გონზე მოსული, თუმცა დიდად რომ არ მომწონს ეს ცვლილება, ვატყობ. თუ შევძელი, დავწერ, როგორი მითოსური ელფერი მიიღო ამ სიგიჟის ჟამს გადადგმულმა ნაბიჯმა

  3. zhana:

    ქეთიი! ! !

  4. natia:

    ამ მოჭრილი ნაწნავის ამბავი არ ვიცოდი . მგონი მეწყინა 😐

  5. ეჰ. მეც მეწყინა და დღემდე მწინს. ტყუილად არ ყოფილა მითოსში თმა მნიშვნელოვანი. ისეთი შეგრძნება მაქვს, მთელი ძალა გავაყოლე, ძლივსღა ვარ 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s