ღილაკი

არასდროს რომ არაფერი ამომიჩემებია, ეს კარი ამოვიჩემე. უფრო სწორად, კარი კი არა, ზედ მიმაგრებული უცნაური ყუთი და პატარა ღილაკი. თითქოს არაფერი იყო განსაკუთრებული, ასეთი კარი ყოველ მეორე სახლს აქვს ძველ უბნებში, მაგრამ აი ეს ყუთი, ჩემთვის გაუგებარი წარწერით, და ვერცხლისფერი ოთხკუთხა ფორმის ღილაკი მოსვენებას  არ მაძლევდა. კვირაში ორჯერ ორ-ორჯერ მიწევდა ამ კარის წინ გავლა. ერთხელ მუსიკალურ სკოლაში წასვლისას და მეორედ — წამოსვლისას. გვერდს ვერ აუვლიდი ვერაფრით, აუცილებლად აქ უნდა ჩაგევლო. ჰოდა, მივყვებოდი უხმოდ დედაჩემს და კისერს ვიგრეხდი უკან-უკან ცქერით.

ვიჯექი გაკვეთილებზე და მუსიკალური თანხლებით ვეძლეოდი ფანტაზიას. ხან რას ვხედავდი ამ კარის იქით და ხან რას… ხან რას აღებდა ეს პატარა, მაცდური ღილაკი და ხან  რას… წარმოვიდგენდი, როგორ დავაჭირე თითი, როგორ ამოძრავდა, სლიკინა, ცივი ლითონი და როგორ დაიწყო ის ყველაფერი, რაც ჩემს წარმოსახვებში იყო.

ასე მივდიმოვდიოდი კვირაში ორჯერ და  ვერა და ვერ ვბედავდი დედასთვის ნებართვის თხოვნას. ზუსტად ვიცოდი, რასაც მიპასუხებდა, რომ არ შეიძლება,რომ სირცხვილია. არადა, უკითხავადაც რას გავრისკავდი! აზრადაც არ მომივიდოდა.

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სტრატეგიას მივმართე, ჩემი ჭკუით, ჭკვიანურს: ყოველი გავლისას ისე, სასხვათაშორისოდ, ვამბობდი:- როგორ ლამაზი კარია არა, დედა?

-კი, ლამაზია, ჩქარა წამოდი, გვაგვიანდება.

ან ასე:

-ეს ყუთი ნეტავი რისია და რა აწერია?

-გერმანულად აწერია, საფოსტო ყუთიო, ნუ ჩერდები, დავაგვიანებთ!

რაკი ამან არ გაჭრა, უფრო მივუახლოვე კითხვები:

-ეს რისი ღილაკი უნდა იყოს?

-ალბათ ზარია, გამოადგი ფეხი.

-ზარი თუა ასე ქვევით რატომაა? ზემოთ არ აყენებენ ხოლმე?
-არ ვიცი, შეიძლება არაა ზარი.

-აბა კიდევ რა შეიძლება იყოს?

-შეიძლება ფოსტის ყუთის გასაღებია.

— ნეტა როგორ გააღებს…

ყოველ ჯერზე იმ იმედით ვსვამდი კითხვებს, რომ ერთხელაც მიხვდებოდა დედა, რაც მინდოდა და მეტყოდა, კაი ჰა, ნუ შემაწუხე და დააჭირე თითიო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ.

რაკი მიხვეულ-მოხვეულმა ვერ გაჭრა, პირდაპირ გადავწყვიტე თხოვნა. კაი ხანს ვამზადე მორალურად საკუთარი თავი და კარს რომ გავუსწორდით, ამოვღერღე:

-ერთხელ დავაჭერ თითს არ შეიძლება?

პასუხად ის მოვისმინე, რასაც წინასწარვე ველოდებოდი, რომ რა წესია, რომ პატრონი გამოვა და რა ვუთხრათ, შევრცხვებით და ასე შემდეგ…

მეტად აღარც მითხოვია.

წლები გავიდა. ახლა უკვე მარტო დავდიოდი მუსიკაზე, დამშლელი არავინ მყავდა, მაგრამ ისე მქონდა გამჯდარი ეს მოსალოდნელი შერცხვენის და გალანძღვის შიში, ერთხელაც არ მივკარებივარ ახლოს იმ უცნაურღილაკიან კარს. ასე თვალის და თავის გააყოლებაში დავამთავრე იქ სიარული.

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და კიდეც მიმავიწყდა კარიც, ყუთიც და ჩემი აჩემებაც.

ერთხელაც ისევ გავიყევი ამ ქუჩას. არც ამჯერად ვიყავი მარტო. თან ჩემი შვილი მახლდა. ახლა ჩვენ მივდიოდით მუსიკალურ სკოლაში, ოღონდ ეს ჩემი გადარეული შვილი ჩემსავით კი არ მიჰყვებოდა ჭკვიანად დედას გვერდით, შლეგივით დარბოდა წინ და უკან.უცებ გაჩერდა და რაღაცას დაუწყო თვალიერება. მივუახლოვდი და სიცილი ამიტყდა. მიხვდით ხომ? იმ ჩემი დამტანჯველი კარის წინ იდგა და იმ ყუთს აკვირდებოდა, მე რომ გამიმწარა ბავშვობა. მკითხა, რა არისო და ვუპასუხე, საფოსტო ყუთია-მეთქი. წითელი წარწერა ალაგ-ალაგ გადასცლოდა, ღილაკიც აღარ პრიალებდა, კარიც მოფხაულიყო მოუვლელობისგან.

ავდექი და მოვუყევი ჩემი და ამ ღილაკის, ყუთის, კარის და დედას ამბავი. ისეთი სახით მიყურებდა, შევეცოდე აშკარად. მოდი, დააჭირეო, მითხრა. მეც მივედი. ცოტა ხანს ვიდექი ასე თითგაშვერილი, გული ყელში მიცემდა. ის იდგა, იცინოდა და მაგულიანებდა. გავბედე და დავაჭირე… არაფერიც არ მოხდა… არც ზარი დარეკილა,არც საფოსტო ყუთი გაღებულა, არც არავინ გამოსულა და საერთოდ, არც კი განძრეულა ეს ღილაკი, ისე იყო ჩაქვავებული…მე წეღან უკვე ვსინჯე და ვიცოდი, არაფერიც რომ არ მოხდებოდა, მაგრამ არ გითხარი, მაინტერესებდა, რას იზამდიო, მითხრა და ისევ შლეგივით გავარდა წინ.  დავრჩი ასე,თითგაშვერილი, იმედგაცრუებული, გულდაწყვეტილი და ნაწყენი საკუთარ თავზე.

მას მერე კიდევ დიდხანს მიწევდა ამ კარის წინ გავლა-გამოვლა და ყოველ ჯერზე ისე ვარიდებდი თვალს, როგორც საკუთარ მარცხს და დიდ სირცხვილს…

ხშირად ვიხსენებ ამ ამბავს და ვერასდროს ვიშორებ თავიდან კითხვას, ნეტავი იმ  ბევრი წლის წინ რომ გამერისკა, არც მაშინ მოხდებოდა არაფერი? არც მაშინ იმუშავებდა ის პატარა ვერცხლისფერი ღილაკი? იქნებ კიდეც მუშაობდა და მერე დრომ და ჟანგმა გააუქმა და დამტოვა ასე პასუხგაუცემელი. იქნებ მაშინ რომ გამერისკა, მერე ყველა ის კარი გამეღო თამამად, რომლის გაღებისაც შემეშინდა, ყველა ის ზარი დამერეკა, რომელზე თითის დაჭერაც ვერ გავბედე…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «ღილაკი»

  1. რა მტანჯველია ეს «იქნებ».
    სულ ვფიქრობ, დედები როგორ ვერ ხვდებიან შვილების სურვილებს?

  2. ალბათ ავიწყდებათ საკუთარი ბავშვობა. მე ვცდილობ მივხვდე ხოლმე.

  3. ახლა მეც ვფიქრობ, რომ ვეცდები. საერთოდაც, ახლა ბევრ რამეზე ვფიქრობ, რომ კარგად გავაკეთებ.
    ხან იმასაც ვფიქრობ, რომ მერე, საქმეებში და ვალდებულებში ჩავიკარგები და არ მეცლება ასეთ რამეებზე საფიქრად :/

  4. აი, ასეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამეები, შემდეგ ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ხოლმე. შორს ვარ იმ აზრისგან რომ რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენაა, მაგრამ ყველაფერს აქვს აზრი, ყველაფერს აქვს შედეგი, შედეგი რომელიც აქვს ალბათ საჭიროა.. არ ვიცი. ასეთ დროს კი ვფიქრობ, რომ პარალელურ სამყაროში პატარა კატერინამ დააჭირა თითი ღილაკს და ახლა სულ სხვანაირად ცხოვრობს, არც უკეთესად, არც უარესად, სხვანაირად.

    საბოლოო ჯამში ყველაზე რთული ყოველთვის იმის გადაწყვეტაა შევცვლიდით თუ არა რამეს და თუ შევცვლიდით, შეიცვლებოდა თუ არა შედეგი, ვინაიდან არ ვიცით შედეგები გაურდაუვალია და ბევრი გზით შეიძლება დადგეს თუ არა 🙂

  5. ოდესმე ვნახავ ალბათ იმ პარალელურ სამყაროს, სადაც სხვანაირი შედეგებია

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s