დუმილის ყვირილი

1270228_10202108994952662_1311852800_oჩემთან ახლოს, აი მთლად ჩემ გვერდით, ერთი კარგი და ჭკვიანი გოგო ცხოვრობდა.

კარგ და ჭკვიან გოგოებს იშვიათად უმართლებთ პირად ცხოვრებაში, გამონაკლისი არც ეს აღმოჩნდა.დარჩა გულნატკენი, დათრგუნული, უარყოფილი, დეპრესიით და ჩვილით ხელზე.

რომ იცოდეთ, რამდენი ბრძოლის და შრომის ფასად დაუჯდა დაკარგული სულიერი წონასწორობის დაბრუნება. დღედაღამ მუშაობდა, სწავლობდა, თან პატარა, სასაცილო გოგუცუნას ზრდიდა.ვინ ვინ და მე ნამდვილად კარგად ვიცი, როგორია მომაკვდინებელ მოგონებებთან გამკლავება, როგორია მარტო დარჩემის შიში და მასთან ბრძოლა, მერე შეგუება, როგორია ღამღამობით შემოწოლილი დამთრგუნველი ფიქრები და ზაფრა იმის, შეძლებ თუ არა შენ ანაბარად დარჩენილი შვილის ფეხზე დაყენებას.

გადიოდა წლები.

თავგადაკლულმა მონდომებამ შედეგი გამოიღო. ჩემი ჩანაწერის გმირი შემდგარ, წარმატებულ ქალად იქცა. უყვარდათ, აფასებდნენ. ის სასაცილო გოგუცუნაც წამოიზარდა და საყვარელ გოგოდ იქცა, რომელმაც ერთ მშვენიერ  დღეს ჩემი ოთახის კარი შემოაღო და მას მერე წლებია მახარებს თავისი სტუმრობით. ხო, სტუმრობა უფრო ერქვა ამას, ვიდრე მეცადინეობა. არა, რასაკვირველია, კიდეც ვმეცადინეობდით, კიდეც ვწერდით და კიდეც ვიქექებოდით წიგნებში, მაგრამ გემრიელი სტუმრობასავით ხალისიანი იყო ეს ყველაფერი.მისმა დედიკომ, იმ კარგმა გოგომ, ასე მითხრა, შენ იმედზე ვარ და მინდა აზროვნება და ფიქრი ასწავლოო. მეც ვეცადე ძალიან და, მგონი, ნამეტანიც მომივიდა. თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ დიდურად მსჯელობს და ფიქრობს. ცუდი, რასაკვირველია, არაფერია ამაში, გარდა იმისა, რომ რთულია ამით ცხოვრება, თუმცა არც უამისოდაა ადვილი… ყველაფერს გავაკეთებ, რომ დედიკო გავახაროო და ასეც მოიქცა. ლიწინ-ლიწინით ჩააბარა გამოცდები, გრანტიც აიღო და საუკეთესო უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა.

სიხარულით აღარ ვიცი, რა ვქნაო, ასე მითხრა მისმა კარგმა დედიკომ. მერე ისიც შემომჩივლა, ისე ვიღლები, საღამოობით აღარაფრის თავი არ მაქვს, მაგრამ ამდენი ჯდომით ზურგი ისე მტკივა, ღამღამობით სიარული დავიწყე, უკვე 4 კილომეტრზე ავედი და ძალიან მიხარიაო. მეც შემომთავაზა, წამო, ჩემთან ერთად იარეო, მაგრამ ვერა და ვერ ამიყოლია.

უჰ, არც ვიცი, როგორ დავწერო… იმ ღამითაც ასე გავიდა მეგობართან ერთად სასეირნოდ. მიდოდნენ და თან საუბრობდნენ, რა გამოულევს ბავშვობის მეგობრებს სალაპარაკოს. ამ დროს გამოვარდა გიჟივით ვიღაც ნაბიჭვარი, ავარდა ტროტუარზე და ისე გადალეწა ეს ანგელოზივით გოგო, განძრევაც ვერ მოასწრო…

რამდენიმე დღეა ელდა ჩასახლდა ჩემს ქუჩაზე, ზაფრა და დუმილი გაწვა უბანში. მეც და დარწმუნებული ვარ სხვებსაც გონებიდან არ გვშორდება  ჩარჩენილი კარგშვილმოკლული დედის ტირილი, გამწარებული დების სიტყვები და უდედობისგან ცხოვრებაამოტრიალებული, დაფეთებულთვალებიანი გოგოს გაოგნებული მზერა… წელში გადამტეხა მისმა სახემ. ვინ ვინ და მე კარგად ვიცი, რასაც გრძნობს და ფიქრობს. ალბათ ამიტომაც არ ვიცი, როგორ ვანუგეშო. მეც ხომ მაშინ, წლების წინ, სისულელედ ვთვლიდი, რომ მაწყნარებდნენ, ის კი არა, კიდეც ვბრაზდებოდი.

ცალკე ცხოვრების უსამართლობა მახრჩობს, ცალკე ამ პატარა გოგოს დარდი, ცალკე მისი ლამაზი დედიკოს უდროო წასვლა მიკლავს გულს და ცალკე ამოტივიტივებული მომაკვდინებელი კადრები წარსულიდან…

ჰოდა, ახლა თქვენ, ყველას, ვინც ყოჩაღად მიუსხდებით ხოლმე საჭეს, გეუბნებით: ყველა მეზიზღებით, ვინც ვერ ხვდებით, რომ როცა გიჟებივით მიაქროლებთ თქვენ-თქვენ მანქანებს, პოტენციური მკვლელები ხართ! თქვენ ირგვლივ ადამიანები ირევიან და არა ჭიანჭველები. ადამიანებს კი სახლებში დედები, მამები, დები, ძმები, შვილები  ელოდებიან, მათ შორის თქვენც, და მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ მოგინდათ საკუთარი ავადმყოფური ეგოს დაკმაყოფილება, რატომ უნდა ღვარონ ცრემლი?!  რატომ უნდა ატარონ საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილი?!

ჩემს ქუჩაზე დუმილი მეფობს, სიბრაზით, გულისტკივილით გაჯერებული დუმილი. ის   ყველას გასაგონად გაჰკივის: დახედე სპიდომეტრს, გაიხსენე პატარა ნინუცას თვალები!!!

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

12 комментариев на «დუმილის ყვირილი»

  1. თამო:

    მწარეა…..

  2. კი, ძალიან…

  3. nino:

    ra samwuxaroa, gmertma natelshi amyopos natias ulamazesi suli, mis dedas daikoebs da shvils gamzleobas vusurveb, upalma akmaros 😦

  4. მანანიკო:

    შემძრა თვენმა სიტყვებმა,გული მიკვდება, ასეთი თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახი მოურჩენელი ტკივილისთვის და შეუშრობელი ცრემლებისთვის რომ გაწირეს…მეც მძულხართ ყველა არასრულფასოვანი ადამიანი რომელიც ვითომ და ადრენალის ეძებს სინამდვილეში კი სხვისი უბედურების მაძიებელია,თვიონ ხომ რჩებიან და აგრძელებენ ვაი ცხოვეებას…

  5. კანონმდებლობაც ისეთი გვაქვს, რომ მასეთი მახინჯების წისქვილზე ასხამს წყალს…

  6. zhana:

    ეს ომია…გამოუცხადებელი ომი… ტერორი…….გვატერორებენ საქართველოს მოქალაქეებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ,,წერტილოვანი დარტყმები » ხდება სპეციალურად, გამიზნულად, რომ ხალხი მუდმივად შოკ ში ამყოფონ! 90_იან წლებში დაწყებული ომი საქართველოს წინააღმდეგ ახლა ასე გრძელდება, არავინაა დაზღვეული და მეც , როცა სახლიდან გავდივარ, არ ვარ დარწმუნებული, რომ სახლში ცოცხალი დავბრუნდები… ჩემი თავის დარდი კი არ მაქვს მარტო და იმიტომ კი არ «ვამბობ ამას, მე ის მზარავს, რომ ასეთი ტერორისტები ან მათი დამკვეთები ანგელოზის სახეებით დადიან და ისე მომხიბლავად უღიმიან ხალხს, რომ არჩევნებშიც კი იმარჯვებენ ხანდახან….. საკუთარი ხალხის მჭამელი კაციჭამიები … ეს ის მაფიაა, რომელმაც მე გადამაგდო მეხუთე სართულიდან 1997 წელს და რაკი მე გადავრჩი, სამი წლის შემდეგ ჩემი უმცროსი ძმა გადააგდეს ენგურში, სვანეთის გზაზე, მანქანით, თავის ორ თანატოლ ბიჭთან ერთად, ერთ-ერთი ჩვენი ბიძაშვილი იყო…მე ის ავარია არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთი და იგივე მაფია გვანადგურებს… მერე დედა მომიწამლეს, ასე ვეძახი ექიმების მიერ ოპერაციის დროს Cჰეპატიტის ვირუსით პაციენტის დაინფიცირებას, დედა 2010 წელს გარდაიცვალა, 4 წლის შემდეგ მამაჩემს მოუწია ფეხის ოპერაცია და იგივე განმეორდა, ისიც ექიმებმა მოწამლეს C ჰეპატიტის ვირუსით…… მამა წელს, მაისში გარდაიცვალა… ამიტომაა, ამდენ ხანს რომ არ შეგეხმიანე, ქეთი, მინდოდა მომეწერა, მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვა მოგწერე:,,ქეთი!» მერე ვეღარაფერი მივამატე, ვიცი, ძალიან განიცდი სხვების ტჯივილს და აღარ დაგიმძიმე გული… მერე სხვა რაღაცებზე გადავიტანე სიტყვა, იმ დღეებში რომ გწერდი, შენს მოთხრობებზე, რომ ჩემი ტკივილიც არ დამემატებინა შენთვის, არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ ნინოს ვუთხარი და მოვიდა პანაშვიდზე, შენ კი ვერ გითხარი, სწორედ ამიტომ, ასე რომ განიცდი ყველაფერს… იქნებ ვინმემ იფიქროს, რომ ვაჭარბებ, მაგრამ მაინც ვიტყვი: ჩვენ გენოციდს გვიწყობენ, გვატერორებენ, ნადირობენ ჩვენზე, ჩვენთვის აღარ დამთავრდა ომი, 90იანი წლებიდან ჩვენს ირგვლივ სულ ტრაგედიაა, უბედურება ტრიალებს… ალბათ, ძალიან ძლიერი და ცბიერი მტრები გვყავს, ისეთი, წეღან რომ ვწერდი, ანგელოზის ღიმილით შენიღბულები, თავიანთი მსხვერპლის ჭირისუფლებად რომ ასაღებენ თავს… არ მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა, მაგრამ … ,,დუმილის ყვირილმა» მათქმევინა მეც ჩემი დარდი… და თუ კიდევ მოხდება ,, უბედური შემთხვევა» ჩვენს ოჯახში, ვთქვათ, ჩემს თავზე ვიტყვი მარტო, თუ სახლიდან გავალ და ცოცხალი ვეღარ დავბრუნდები შინ, იცოდეს ყველამ, რომ ეს სულაც არ იქნება შემთხვევითი, 1997 წლიდან სულ ვგრძნობ, რომ ტერორი გრძელდება ჩვენს მიმართ… ვინც მაშინ მიმიყვანა თვითმკვლელობამდე, ის მაფია ვგრძნობ, რომ ისევ ნადირობს ჩვენზე… ასე იქნებოდა ის გოგოც, რაკიღა წესიერი ადამიანი იყო, ვიღაცას რაღაცაში არ დაემორჩილა ალბათ და ურჩებს კლავენ… ასეა , ასე ხდება აქ… სადაური წესია და აქაური წესია…….. ხალხი კი მიდის არჩევნებზე კომუნისტური შემართებით და ხშირად მომხიბლავ კაციჭამიებს აძლევს ხმას, დღემდე რომ ნადირობენ ადამიანებზე, იმათ… რა ეშველება ამ საცოდავ ქვეყანას?…..

  7. რას ამბობ, ჟან! მე არ გამიგია, ნეტავი გეთქვა ან ნინოს ეთქვა…რა გითხრა, არც ვიცი. მხოლოდ იმას გეტყვი, რომ როგორღაც ვნახოთ ერთმანეთი ❤

  8. უფფ ……… როგორ მეტკინა გული
    ვინც წავიდა და აღარ არის ხომ მეცოდება, მაგრამ ის პატარა გოგო ხომ მთელი ცხოვრება ტკივილით იქნება, არასოდეს რომ მოუშუშდება ისეთით …
    მეც ვიცი რა არის ეს ტკივილი. თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება

  9. გიორგი:

    ძალლიან მწარე რეალობა.. და ამ რეალობაში მარტო მძღოლი არ აპის ლამნაშავე. სახელმწიფოა დამნაშავე.. სახელმწიფო რომელიც არ აკეთებს პრევენციას და არ სჯის, არ ქმნის საზოგალოებრივ აზრს და არ აკეთებს ამ აზრის რეკლამირებას..

  10. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და გეთანხმები. ბანალურს ვამბობ, მაგრამ წყალი სათავიდან იმღვრევა. ყველაზე საინტერესო კიდევ ისაა, რომ იმ ადგილას, სადაც ეს მოხდა, პოლიციის შენობაა. არც არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ეჯიბრებიან ერთმანეთს ჯიგიტები. ამ ლამაზი გოგოს და მასთან ერთად მისი მეგობრიე მკვლელი კი გარეთაა

  11. Уведомление: დუმილის ყვირილი | inesapepi

  12. Gmerto Nu Dasji Am Axalgazrdas Metad — !!! Mieci Dzala Gaumklavdes Am Tkivils Da Dedikos Ar Gaumtyunos Imedebi … Deda Xom Pizikurad Ar Ikneba Mastan , torem Sul Masze Izrunebs Cis Kabadonidan — !!! — Gmerto Gaadzliere Da Mieci Simshvide Am Gogonas — !!!

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s