მოგზაური

ზღაპარი? არა, რა ზღაპარი. ასე რომ იყოს, მაშინ აუცილებლად კეთილი ბოლო ექნებოდა ამ ამბავს. არადა, მე, ზაფხულის ამ გრილ საღამოს კლავიატურასთან მჯდომს, წარმოდგენაც არ მაქვს, რით და როგორ დამთავრდება ის, რის დაწყებასაც ვაპირებ.

გმირი? არა, რა გმირი, მაშინ ხომ აუცილებლად დაბრკოლებებთან ბრძოლით  დაქანცული, მაგრამ მაინც შეუპოვარი და იდეას შეწირული უნდა იყოს ის, ვინც ამ ამბის მთავარი მონაწილეა. ყოველ შემთხვევაში, ასე ხსნიან ლიტერატურის მცოდნეები გმირის ფენომენს. ეს კი ერთი გზააბნეული მოხეტიალეა, თავადაც რომ არ იცის, რას ეძებს და საით აუღია გეზი. ისევ მე მოვირგებ ამ მოხეტიალის როლს. ასე აჯობებს.პირველ პირში წერა სხვანაირად მისაღებს, გასაგებს ხდის ამბავსაც და გრძნობებსაც.

როდის, არ მახსოვს, რატომ, არც ეგ ვიცი, ამოვიჩემე მოგზაურობა. ბევრის ნახვა მინდოდა, ახლის ძებნის სურვილი მკლავდა.ბარგის შეკვრით თავი არ შემიწუხებია, პატარა ბოხჩაც საკმარისად მეჩვენა და გზას დავადექი.

უცნაურ და ულამაზეს ქალაქთან აღმოვჩნდი. დიდი მწვანე ჭიშკრით იწყებოდა და ათასფერი ყვავილებით მოხატული მესერით. ოღონდ ეს ყვავილები სულაც არ ჰგავდა მხატვრის დახატულს, ფერებისა და კანონების დაცვისგან  არ იყვნენ დაქანცული. ალაგ-ალაგ მიბნეულ-მობნეულები, უფორმოები, დიდები, სასაცილოფურცლებიანები, ფერად-ფერადები, აი ისეთები, თქვენც რომ ბევრჯერ დაგიხატავთ ფერადი ცარცებით ასფალტზე  ან აკვარელით სახატავ ფურცლებზე.

მზეს დაედო ბინა ამ ქალაქში და ზამთარ-ზაფხულ ოქროსფრად სირმავდა მის პატარა ქუჩებს.კოხტა სახლები ფერად-ფერადი კრამიტის სახურავებით და აყვავილებული აივნებით რომელიღაც ზღაპრის ლამაზილუსტრაცებიან წიგნში მოხვედრილად გაგრძნობინებდა თავს.ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩამწკრივებული ნაყინის ურიკები აწკრიალებდნენ ზანზალაკებს და ფერადწინსაფრებიანი დეიდები კეთილად იღიმებოდნენ. ზოოპარკის ბინადარი ნიანგი ძალიან ჰგავდა გენას ჩემი ბავშვობის წიგნიდან, წითელუკანალიანი მაიმუნი კი-მარია ფრანცევნას.

კი, საოცარი ქალაქი იყო ნამდვილად. სუნიც კი განსაკუთრებული იყო. სიკეთის სუნი გიგრძვნიათ?  საოცარი ნაზავია გოზინაყის და მწიფე ალუბლის, ბებიას ბალიშის და დედას ხალათის, ეზოს კუთხეში აყუდებული სახლეჩი ატმის და ბაბუას დაწურული ყურძნის, ომბალოსა და ბებოს «ბურჟუიკაში» გამომცხვარი ქიშმიშებიანი კექსის.სიკეთეს ხმაც აქვს. ამ პატარა ქალაქის ლამაზი სახლებიდან ისმოდა ღამღამობით ბარიტონით დაბუბუნებული ამბები,( «ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, გადმოუხტა მწყერჩიტა მელიას და რაიო?- იყვირა გამწარებულმა. ვის გოუბედე შენ შვილი გადმომიგდეო. შვილს კი არა შავ ქვას გადმოგიგდებ მე შენო…»), ძველისძველ შვიდსიმიან გიტარაზე დაწკრიალებული იშხნელების სიმღერები.

ბებია-ბაბუები იყვნენ მრავლად ამ ქალაქში, შვილიშვილებზე გადამკვდარ-გადაფოფრილები, გამუდმებით სამსახურებში გადახვეწილი მშობლების მონატრული პატარა გოგო-ბიჭები, ორშაბათიდან კვირამდე რომ ელოდნენ მშობლების მოცლას და ნანატრი კვირის დადგომისთანავე მოსალოდნელი სეირნობებით აჭყლოპინებულები ისე მისდევდნენ მშობლებს, აღარც იხედებოდნენ გულდაწყვეტილი ბებია-ბაბუებისკენ. მერე ისევ მოდიოდა ორშაბათი და ისევ ისმოდა ღამღამობით უცნაური ამბები და სიმღერები. ზოგჯერ სიცხით გათანგული პატარას საწოლთან ჩუმად იწმენდდა ცრემლს გულჩვილი ბაბუა და აკანკალებული ხმით ულოცავდა ლოყებაწითლებულ შვილიშვილს: » ავჭრი, დავჭრი, ჩავჭრი ქვაბში, გამევიტან კარში, ჩავყრი წყალში…» ან კიდევ «აშინა, მაშინა, გულო, რამ შეგაშინა, ფერო, რამ შეგაშინა, აგურგულდი, დაგურგულდი, გულო, გულთან მიგურგულდი, ფერო ფერთან მიგურგულდი, გულო ჩადექ საგულეში…»

სულაც არ ვაპირებდი  ამ ქალაქიდან სადმე წასვლას, მაგრამ ერთხელ საიდანღაც მოპარულმა მაჯლაჯუნამ ალესილი დანით გამოფატრა დედაჩემი. ვიჯექი გაშტერებული, დღე დღეს მისდევდა, საათი-საათს, წუთი-წუთს. დედაჩემის სიცოცხლე თანდათან კლებულობდა, თავდებოდა, იწურებოდა. აღარც მესერზე მიხატული ყვავილები მახსოვდა, აღარც ლამაზი სანაყინეები, არც სიკეთის სუნი მცემდა და აღარც ხმები მესმოდა მისი. მხოლოდ იმას ვხედავდი, რაც დედაჩემის თვალებში ეწერა: » მაპატიე, რომ დროზე ადრე მოგიწევს ამ ქალაქიდან წასვლაო».როცა ბოლო წვეთი ჩამოილია მისი სუნთქვის, მივხვდი, რომ აქ აღარ დამედგომებოდა, რომ აქ ჩემი ადგილი აღარ იყო.  ავიკიდე ჩემი ბოხჩა და გზას გავუდექი…

მივდიოდი და ვფიქრობდი იმაზე, რაც უკან დარჩა. აღარც ვიცოდი, მენანებოდა საოცარ ქალაქთან განშორება თუ არა. ჩემს გასაოცრად, ვატყობდი სიბრაზე მომყვებოდა თან, ალბათ ბოლომდე ვერდარჩენის სიბრაზე იყო ეს. გამოგდებულად ვგრძნობდი თავს და ვერ ვპატიობდი ვერც თავს და ვერც იმას, რაც უკან დამრჩა. მერე გზადაგზა ფიქრისას მივხვდი, რომ  მაინც ვერ დარჩებოდი იქ დიდხანს, რაკი მუდმივად ერთ ადგილას დარჩენა საერთოდაც შეუძლებელია ხილულ სამყაროში. ამიტომაც შევეშვი ბრაზს და სიახლეებისთვის მოვემზადე.

ქალაქი, რომლის ზღურბლსაც გადავაბიჯე, არაფრით ჰგავდა წინას. ის იყო ხმაურიანი, ქაოსში აზელილი ფერებით, უამრავი ადამიანით, ფერადი კაბებით, ვარცხნილობებით, ქუსლიან ფეხსაცმელზე დგომით გატანჯული გოგოებით. ბოჰემის სუნი თავბრუდამხვევად ატრიალებდა დროის ისრებს და უმოწყალოდ ათრობდა თრიაქივით იმათ, ვინც აქ ახლის საძიებლად მოსულიყო, მეც მათ შორის. ვიღას ახსოვდა ნაზი შელოცვები და სახალისო ზღაპრები. ან ვიღას აინტერესებდა იმათი მოსმენა, ვისაც გვერდიდან არ ვშორდებოდით წინა ქალაქში. ფუყე თავდაჯერებულობის სენი იყო მოდებული და ბრიყვი რწმენა.რა საჭიროა, იხსენო ის, რაც უკანაა, რა საჭიროა უსმინო იმათ, ვინც იქ დარჩნენ, იმ ძველ ქალაქში. შენ ხომ მათზე წინ ხარ დროში, ამიტომაც მათზე მეტი იცი და ყველაფერს იზამ, რომ მათზე უკეთსად იცხოვრო.ახალი სახეები, ახალი სახელები, წიგნები, თეატრების და კინოთეატრების ბილეთები, მატარებლის ჩიქჩიქი, ტყეღრეში ხეტიალი, შეხვედრები, დაშორებები, არაფრისგან სადარდებლის გამოძებნის ხერხები, ანტიდეპრესანტები, კონიაკი და ზოგჯერ არაყიც, გაფლანგული საათები და ისევ ბრიყვული რწმენა, რომ მართალი ხარ და რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა.

როდის გამოვიხურე ამ ქალაქის კარი ზუსტად არც მახსოვს. იქნებ მაშინ, როცა თეთრხალათიანებმა სასაცილოდ სახედამანჭული მუთაქა შემაჩეჩეს ხელში, ან იქნებ მაშინ, როცა პირველად მეტაკა ცხვირ-პირში წარუმატებლობების სიმწარე, იმედგაცრუების მჭახე სინათლე. ასე თუ ისე სხვაგან აღმოვჩნდი და ეს «სხვაგან»არაფრით ჰგავდა იმ ადგილს, რომელიც წარმომედგინა ჩემს შემდეგ ნავსადგურად.

ამ ქალაქში ჭრელ-ჭრელი მძივების აკინძვა შევიყვარე, რაკი შავ-თეთრი მეფობდა ირგვლივ.ეს სიძულვილის ქალაქი აღმოჩნდა, სადაც მისი სიმყრალე გწვავდა გულ-მუცელს.დიდხანს არ მინდოდა დამეჯერებინდა, მაგრამ მაინც ვერსად გავექეცი იმის აღიარებას, რომ მეგობრობა სიტუაციური ყოფილა და გამორჩევითი. რომ «ვეფხისტყაოსნური» მეგობრების თავაგადადებულობა მითია და სანატრელი, მაგრამ არა რეალური. გაჭირვების ჟამს  სუსტს და უღონოს მხოლოდ წიგნებში ეხმარებიან, აქ კი, ამ ქალაქში, თუკი შეგამჩნიეს ეს ყველაფერი, ან გიგანებენ ან კიდევ გადაგივლიან. როცა ეს დავინახე და დავიჯერე, დიდი ჯებირი ამოვაშენე, მე აქეთ დავრჩი და ქალაქი-იქით. მოვაკოწიწე ჩემი ნარჩენები და იმათ შემოვახვიე, ვინც ჩემი ნაწილია, შემოვახვიე ამ ქალაქის სიძულვილისგან გადასარჩენად. აქ ხომ ღმერთიც მკვდარია, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობს,ის ადამიანებმა მოკლეს. ჰოდა, აბა რაღაა გასაკვირი, თუ გადატენილ უხეშობას, გულგრილობას და გამორჩენიობას მუდმივად შენკენ აქვს ლულა მოშვერილი ავად და ჩახმახის გამოკვრას ელოდება.

ამ ქალაქში ისე უცებ გავიზარდე, თითქოს ზღაპარში მოვხვდი და ჯადოსნური ელექსირით დამაბერეს საუკუნეებით. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი პლუსი. აქ აღარ ველოდები სასწაულებს, არც არავის იმედი მაქვს, გარდა საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების, ამტანობის.

მე ვცხოვრობ მშვიდად, ჩემს პატარა სამყაროში, დიდი, საწყენ-სალანძღავი სიტყვების კორიანტელით აყროლებულ ქალაქში და რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ხშირად მახსენდება ჩემი ლამაზყვავილებიანი, ატმის და ომბალოს სუნით ამწვანებული სამყოფელი.

აკი გითხარით, არ ვიცი, როგორ დამთავრდება ის, რის დაწყებასაც ვაპირებ-მეთქი. არ ვიცი, როდის გამოვიხურავ ამ ქალაქის კარს და როდის გავუდგები გზას სხვა სამყოფელისკენ. არც ის ვიცი, იქ  რა დამხვდება.ძალიან მინდა სანაყინეების წკრიალი გავიგონო,მზიან მდელოზე გავწვე დაქანცული, ღრმად შევისუნთქო ახლადგამომცხვარი ქიშმიშებიანი  კექსის ოხშივარი და  ფრთხილად ავაყოლო ხმა შვიდსიმიან გიტარას…

მანამდე კი აქ, ამ ქალაქში, როცა დღე თვალს ხუჭავს და ღამის სიბნელე ძილად მაწვება ქუთუთოზე, რაღაც მომენტში, აი ძილსა და ღვიძილს შორის რომაა, აფართხალებულ გულზე ვგრძნობ ცხელ, დაკოჟრილ ხელს და  მესმის ლამაზი, ბუბუნა ბარიტონი:»აშინა, მაშინა, გულო, რამ შეგაშინა, ფერო, რამ შეგაშინა, აგურგულდი, დაგურგულდი, გულო, გულთან მიგურგულდი, ფერო ფერთან მიგურგულდი, გულო ჩადექ საგულეში…»

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან, პროზა с метками , , , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «მოგზაური»

  1. «გოზინაყის და მწიფე ალუბლის, ბებიას ბალიშის და დედას ხალათის, ეზოს კუთხეში აყუდებული სახლეჩი ატმის და ბაბუას დაწურული ყურძნის, ომბალოსა და ბებოს «ბურჟუიკაში» გამომცხვარი ქიშმიშებიანი კექსის.» ❤ კატერინა ❤

  2. zhana:

    რა ახლობელია ეს ყველაფერი ჩემთვის… ….. ,,გულო, რამ შეგაშინა»…რა მარტონი ვართ ამ ბინდისფერ წუთისოფელში…….ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s