გამარჯობა, ბილი!

ბილიმ დაიძინა. ჰო, აბა სხვა რა გზა ჰქონდა გარყვნილი მამინაცვლის ძალადობისგან თავის the-minds-of-billy-milligan-geo-coverდასახსნელად. დაიძინა და მის ნაცვლად სხვამ გაიღვიძა-ტკივილის მიმღებმა… თუმცა მოგვიანებით გამთლიანებული, 24 ნაკუწისგან შეკოწიწებული, ბილი მიხვდა, რომ გაცილებით ადრე დაიძინა პირველად, იმდენად ადრე, რომ ვერც მიხვდა, რომ დაიძინა და მის ნაცვლად ხან «კუთხის ბავშვი»-ქრისტინი, ხან ყრუ შონი უხვდებოდა უფროსების აგრესიასა  და ძალადობას. მერე ერთხელაც ნელ-ნელა, თანდათანობით გაჩენილებმა საბოლოოდ მიაძინეს, რაკი საბოლოოდ ამოეწურა გამძლეობა. მას მერე ხან ერთი გამოდიოდა და ხან მეორე. ზოგი ცნობდა ერთმანეთს, ზოგიც- ვერა. იყვნენ სასურველებიც და არასასურველებიც, მოსიყვარულეებიც  და სასტიკებიც, რომანტიკოსებიც და ცინიკოსებიც, გარყვნილებიც და უმწიკვლოებიც, წიგნიერებიც და უვიცებიც და მათ გასვლა-შემოსვლაში ეძინა ბილის…

ეჰ, დენიელ, რა კარგი ბიჭი იქნებოდი, ცოტა ნაკლები ლაპარაკი რომ გიყვარდეს, ამდენი პერსონაჟის ჩაკვეხება რომ არ იცოდე და თავგზას არ მირევდე, არ მღლიდე ზედმეტი სიტყვებით.

კანონსაც და საზოგადოებასაც საშიში დამნაშავე ეგონათ ბილი. არ იცოდნენ, არ სჯეროდათ, რომ დამნაშავე ბილი არ იყო. მას  ხომ იმ დროს ეძინა, როცა სხვები ცუდ საქმეებს აკეთებდნენ.

და დადგა დრო ბილის გაღვიძების და მან გაიღვიძა. დაბნეულმა დაუწყო თვლა და დაკვირვება  ადამიანებს,  მასში რომ ცხოვრობდნენ, განსხვავებულად იქცეოდნენ, განსხვავებული აზრები, შეხედულებები ჰქონდათ, განსხვავებული გარეგნობა, განსხვავებული ასაკი.სათითაოდ გაიცნო ყოველი მათგანი, გამთლიანდა და მასწავლებლად იქცა. ახლა უკვე შეეძლო ყველას მართვა, გაკონტროლება, თუმცა მალე ისევ დაიშალა, დანაწევრდა და ახლა გაცილებით ქაოსურად, ვიდრე ადრე და ეს ისევ ბეცი საზოგადოების, სწორხაზოვანი ადამიანების და ფუჩეჩი სამართლის ბრალი იყო.

რამდენი ხანია, აღარავინ შემყვარებია, ბილი. შენ შემაყვარე თავი და ზუსტად ვიცი, შენ გვერდით რომ ვყოფილიყავი, ამ ჩვენს დენიელს  რომ ჩავეკვეხებინე მეც იმ უამრავში, შენ რომ დაგახვია თავს, უკვე  როგორც პერსონაჟი არ მეყვარებოდი და მაშინ ჩემშიც გაიღვიძებდა ის გოგო, დიდი ხნის წინ რომ დავაძინე და მის ნაცვლად სენტიმენტებზე მოქილიკე გამოვიყვანე…

«ეძღვნება ყველას, ვისაც ბავშვობაში ძალადობა განუცდია, განსაკუთრებით მათ, ვინც იმალება»-ასე თქვა ბილის ამბავზე ავტორმა და თავისდაუნებურად ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა, ახსნა ის, რის ახსნასაც მუდმივად ვცდილობ, ვიკვლევ და რასაც სხვები მძიმე ხასიათს ეძახიან.

რაც არ უნდა აპროტესტოთ, მეტ-ნაკლებად, ყველა ძალადობის მსხვერპლები ვართ, მერე რა, თუ ეს ძალადობა არ ყოფილა ისეთი სასტიკი, როგორიც ბილის შემთხვევაში. ეგებ უნებურადაც იყო მათი მხრიდან, ვინც ისე გვატკინეს გული, რომ დამალვა ვამჯობინეთ. ეგებ მოუზომავი მონდომების ბრალი იყო, ეგებ გადამეტებული სიყვარულის, ეგებ ეგოიზმის, რას გაიგებ. ტკივილები კი უკვალოდ არ ქრება. ზოგჯერ  ისინი შიშებად იქცევა. შიშს კი დიდი თვალები აქვს და მის გამოყვლეპილ მზერას არ შეხვდე სჯობს…

როგორ  მიყვარს ასეთი  წიგნები, წაკითხვის მერე რომ გაწვალებს და გაფიქრებს დღედაღამ. იმდენად მაფიქრებს, მშურს დენიელის, რომ მან დაწერა ბილის ამბავი. გვერდით მაინც ვყოლოდი, ეგებ მომეხერხებინა და გადამეფიქრებინებინა ამდენი ზედმეტსიტყვაობა და არაფრის მაქნისი პერსონაჟი.

მიდევს წინ  უკვე წაკითხული წიგნი, ჟინმოკლული, დაღლილი, დაცლილი დავყურებ და ისევ ჩემში მცხოვრებ ადამიანებზე ვფიქრობ, ვითვლი და ვალაგებ ასაკის და ზნეობის მიხედვით.

ახლა მივხვდი, რატომ არ მაწუხებს მარტო ყოფნა, რატომ არ მეშინია მარტოობის. იმდენი ვართ, რა მოგვაწყენს. თუმცა ჩემი «ოჯახის» წევრები ბილის «ოჯახისგან» განსხვავდებიან. უჩემოდ არაფერს აკეთებენ. მე ვარ მასწავლებელი და მე ვაძლევ ყოველ მათგანს გამოსვლის უფლებას. არა, ზოგჯერ კი არის ხოლმე, უკითხავად რომ გამოხტებიან და მერე ვდარდობ  საკუთარ სისუსტეზე, თუმცა ეს იშვიათად ხდება. როცა ყველას აღმოვაჩენ და გავეცნობი, ეგებ კიდეც დავწერო ამაზე და თუ დავწერე, ეს იქნება საუკეთესო ავტოპორტრეტი.

«თუ რეალობას კარს ჩავუკეტავთ, ჩვენს სამყაროში მშვიდად შეგვეძლება ცხოვრება. ვიცით, რომ სამყარო ტკივილის გარეშე — გრძნობებისგან დაცლილი სამყაროა… მაგრამ სამყარო გრძნობების გარეშე ტკივილისგან თავისუფალ სამყაროს ნიშნავს»-ეს კევინმა თქვა, ბილის «ოჯახიდან» ერთ-ერთმა, თუმცა, ასე მგონია, ჩემი ფიქრებია…

მომავალ პაემნამდე თავის ადგილზე დავაბრუნებ ბილი მილიგანის უცნაურ ამბავს, ისევ მივეცემი თვითჩაღრმავებას, სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. აკი თქვა ავტორმა: «მრავლობითი პიროვნებები ბუნების ერთ-ერთ  ისეთ ექსპერიმენტს წარმოადგენენ, რომელიც ჩვენი თავის შესახებ გაცილებით მეტს შეგვატყობინებს, ვიდრე აქამდე ვიცოდით»…

თქვენც სცადეთ.

 

 

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები, წიგნები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «გამარჯობა, ბილი!»

  1. ორივე წიგნის ელ — ვერსია ვიყიდე, შენი სტატუსის მერე …

  2. მაკუნია, გამიხარრი ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s