მგზავრის ფიქრები

«ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე  საქართველოს  საოცნებო გზები»

ნაწვიმარი გზები ფეხქვეშ ეგებიან  საბურავებს.ფანჯრებს მიღმა კისრისტეხით გარბიან ხეები და ბუჩქები, მინდვრები და მთები, შავ-თეთრად აქაფებული ღრუბლები, ჩურჩხელა და ნაზუქი, სოკო და ჟოლო, დოქი და ქოთანი, ორომი და ჩაფი.

მაღლობი და გორაკი, ციხე და ეკლესია, მიხვეული და მოხვეული, აღმართი და დაღმართი, შარა და შუკა, ორღობე და ყორე, კოინდარი და ღობეები, ავოკადო და მუშმალა, ყვავილები და ერთმანეთის წამხედურობით მოვლილ-გაწიკწიკებული, დავარცხნილი ეზოები, «იმე» და «ბოშო»,»რაფერ» და «იმფერ», :გადმოი» და «შემოი».

მასპინძელი ერთი და მასპინძელი მეორე, მესამე- რიგში ჩამდგარი, ზოგი ამაყი და გამარჯვებული, ზოგი გულდაწყვეტილი და პირობას დაჯერებული, სხვა დროს სტუმრობის.

ნიკელის საწოლი გახამებული თეთრეულით, გადაბრუნებისას ჭრაჭუნით და თეთრეულის ტკაცუნ-ტკაცუნით, ხის და ნესტის სუნი, ძაღლების წკავწკავი, დილის ფუსფუსი, ქვედა სართულიდან  ჩამიჩუმად ამოსული მორიდებული ჩურჩული სამზარეულოში მოტრიალე მასპინძლების. სხვანაირი, აი რაღაცნაირი, თავმოსაწონებელი ჭიქები და თეფშები, ღიმილიანი საუბრები, ზოგჯერ ცრემლითაც მონაყოლი ამბები.

ჭიშკრიდან გამოყოლებული თვალები  და დამშვიდობება, ასე მალე რომ ამთავრებს სოფლის ერთფეროვნებაში უეცრად შემოჭრილ სიახლეს და ისევ მწვანე, ნესტიან მოწყენილობაში ტოვებს ღობესთან ჩამწკრივებულ ღიმილიან, გულდაწყვეტილ მასპინძლებს.

ისევ შარა და ისევ შუკა, ორღობე და ყორე, კოინდარი და ღობეები, ავოკადო და მუშმალა, ყვავილები და ერთმანეთის წამხედურობით თუ ჯიბრით მოვლილ-გალამაზებული, დავარცხნილი ეზოები, აღმართი და დაღმართი, მიხვეული და მოხვეული, მაღლობი და გორაკი, ციხე და ეკლესია.

მზით აოქროსფრებული გზები ჩქარ-ჩქარად იკეცება საბურავებქვეშ, ფანჯრებს მიღმა გარბიან  მზით გაჩახჩახებული მინდვრები და მთები, ხეები და ბუჩქები, წითელ-თეთრად აქაფებული ღრუბლები.

გზებთან ერთად ვკეცავ ფიქრებს, ფიქრებს იმაზე, რაზე ფიქრიც დამავიწყეს თუ დავივიწყე. ვკეცავ ულევ სილამაზეს, გზადაგზა შეხვედრილს, და ის ყველაფერი, რასაც საქართველო ჰქვია, ერთ ულამაზეს, ჯიშიან ქალად წარმომიდგება, რომელსაც გლახა ქმარიც ჰყოლია, გლახა  შვილებიც, ბევრი თვითონ უწვალია, კიდევ უფრო ბევრი სხვას უწვალებია, მაგრამ მაინც ისეთი მშვენიერია, ბარე ასი მოვლილ-ნაპატრონევი რომ ვერ შეედრება. ერთი გახუნებული, ჩამოძონძილი ჩითის კაბა აცვია, ჩაფართხუნებული, კისრამდე დახურული, მაგრამ ეს უბადრუკი სამოსი ვერ მალავს მის ქალურობას, მისი ტანის ვნებიან მიხვეულ-მოხვეულებს.გრძელი, სქელი თმა გაუშლია, თავზე მწვანე ჯიღა დაუდგამს და ისეთი მომხიბვლელი, მაცდური და მიმზიდველია, ბევრი რომ  დედიშობილაც ვერ იქნება.

დგას ეს ღმერთივით ქალი  და ელის, როდის მოექცევიან ისე, როგორც დედოფალს ეკადრება, როდის მიხედავენ და უპატრონებენ. უნდა დააჩქარონ, თორემ რა დალევს გზაზე ათას ოხერს და ვიგინდარას! ვის არ აღეძრება ჟინი მისი დანახვისას, ვის არ მოუნდება ვნების ჩაღვრა მის ხორცვავსე, ვნებიან სხეულში…,

… გზა სიარულმა დალია, დრო-ფიქრთა დენამ. გახურებულ შუბლზე დაორთქლილ ბოთლს ვიდებ. მერე  ვიყუდებ და ყლუპ-ყლუპად ვსვამ ყინულიან წყალს. ცივი წვეთები ჩამდის მაისურში, მაჟრიალებს და კერტები მებერება. ყელში მოწოლილი ბურთი ძლივს იკვლევს გზას თვალებისკენ.

ბოლოჯერ ვკეცავ გზას, ვახვევ ფიქრის ძაფით და მივუყვები  ქალაქის გზას, სადაც, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლებად მახსენდება დაძენძილკაბიანი, მწვანეჯიღოსანი ლამაზმანი, სულ უფრო  და უფრო იშვიათად მეფიქრება მასზე…

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «მგზავრის ფიქრები»

  1. მე მახსენდება ძალიან ხშირად ეს დაძენძილკაბიანი, მწვანეჯიღოსანი ლამაზმანი …
    უფფფ, რა კარგად იტყვი (დაწერ) ხოლმე რააა 🌷⚘🌷

  2. მადლობა, მაკუნია ❤

  3. გზებთან ერთად ვკეცავ ფიქრებს, ფიქრებს იმაზე, რაზე ფიქრიც დამავიწყეს თუ დავივიწყე… — როგორი კარგი გოგო ხარ შენ 🙂

  4. მადლობა 🙂 შენც კარგი გოგო ხარ ❤

  5. ვაიმე, გზა მომენატრა, ის შეგრძნება თბილისიდან რომ გადიხარ და მიდი… ფანჯრიდან რომ იყურები და დაძინება გეზარება. პოსტის კითხვისას შეიძლება ითქვას რომ შევიგრძენი გზა. «ყვავილები და ერთმანეთის წამხედურობით მოვლილ-გაწიკწიკებული, დავარცხნილი ეზოები, «იმე» და «ბოშო»,»რაფერ» და «იმფერ», :გადმოი» და «შემოი».» აუ ❤ კატერინა ❤

  6. ისეთი ემოცია გამომაყოლეს, თავი დოჩანაშვილის მოთხრობა რომაა «ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება», იმის პერსონაჟი მეგონა ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s