მარათონი

ისე მალე იღლებიან ის დალოცვილები დროის მარათონში, დაფეხვილები, ქანცგაწყვეტილები ქოქინ-ქოქინით მილასლასებენ. მუხლი ეკეცებათ. მიეყრებიან სადმე მოფარებულ ადგილას და ისეთ ღრმა ძილს მიეცემიან, კაცი ვერ მიხვდება, სძინავთ თუ დაიხოცნენ. ძალიანაც გინდა გააღვიძო, წამოაგდო ფეხზე და ისევ თან გაიყოლო, მაგრამ როდის იყო ვინმეს მიცვალებულის გაცოცხლება შეეძლო.ყრიან ასე, გარდაცვლილები წვრილ-წვრილ სურვილებად, და თუკი რაიმეს წაღებას აპირებ საგზლად ხანგრძლივ რბოლაში, ისევ ამ ნარჩენებს უნდა დასჯერდე. შენც მეტი რა გზა გაქვს?! ემშვიდობები სამუდამოდ ერთ დროს ძვირფასებს, ახლა უკვე ფიტულად ქცეულებს. მუხლებზე დამხობილი ფრთხილად აგროვებ მარცვალ-მარცვალ ოცნებების გვამებთან გაბნეულ სურვილებს, ყრი აბგაში, იკიდებ ზურგზე და აგრძელებ მარათონს.

გზადაგზა ხსნი აბგას, ესიყვარულები, აკვირდები, აჩხრიალებ ფერად კენჭებად. ზოგიერთი იქნებ ფერშეცვლილად, გახუნებულადაც მოგეჩვენოს. ეჰო, იტყვი, აღარ ღირს ამის თრევა და შენახვაო და მოისვრი მტვრიან გზაზე.

გზადაგზა იჩუტება შენი აბგა, პატარავდება, იცლება და შემორჩენილები საცოდავად გორიალობენ აქეთ-იქით, ეხლებიან აბგის კედლებს და სულთმობრძავივით ხრიალებენ. სწორედ ეს ხრიალი გახსენებს, რომ ზურგზე აბგა გკიდია, ერთ დროს რომ სავსე იყო და ახლა ტყლაპივით ჩამოგტყლარწვია ბეჭებზე. ისე ეჩვევი ამ ხმას, ბოლოს უკვე აღარც გესმის და ეს აბგაც უკვე კანივით შეგზრდია და აღარცაა საჭირო მისი გახნსა და თვალიერება. ან რა საჭიროა, თუკი მარტო თვალიერება შეგიძლია, მარტო ტარება  და მერე უსარგებლობის გამო გადაყრა.

ჰოდა, ამსუბუქებული აგრძელებ სრბოლას. ახლა უკვე აღარც ფიქრობ არც იმათზე, სადღაც შორს რომ დატოვე გარდაცვლილები, აღარც იმათზე, ზოგი ნებით და ზოგი უნებლიეთ რომ ამოიცალნენ შენი ტომსიკიდან. ცოტაც და აღარც გაგახსენდება, იყვნენ საერთოდ თუ ესეც შენი ღამეული ბოდვების ნაყოფია, დილით გაღვიძებულს ნახევარიც რომ აღარ გახსოვს და მხოლოდ დაღლილობას გრძნობ ქაოსიდან გამოყოლილს.

ცოტაც და სულაც არ შეგაწუხებს მათი უქონლობა.

ცოტაც და იმასაც იტყვი, ასე უკეთესიაო.

თუმცა ზოგჯერ, როცა გასავათებული მივარდები ჩეროში ძალების მოსაკრებად, რაღაც მომენტში გონებაში ჩამოკენჭავ და გაიხსენებ სათითაოდ ყოველ მათგანს ისე, როგორც ძვირფას ადამიანებს იხსენებენ ხოლმე მოწყენის ჟამს. მერე დაფიქრდები და მიხვდები, რომ ავად ხარ და ამ ავადმყოფობას უსურვილობა ჰქვია.

ამის მერე კიდევ უფრო მარტივია ყველაფერი. გამეტებით კაფავ გზად შეხვედრილ პრობლემებს, იგერიებ აბეზარ ფიქრებს და ახალ ტომარას იკიდებ ზურგზე, ვალდებულებებით სავსეს. ის კი ისეთი მძიმეა, სადღაა სურვილების დრო ან ადგილი.

სადღაც შორს  კი მიწოლილან შენი  მკვდარი ოცნებები და ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ მიაგნებ მათ საფლავს.

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «მარათონი»

  1. როგორი ზუსტია და როგორი სამწუხარო. ვალდებულებებით სავსე რომ რჩები.

  2. ხო და მაგაზე სამწუხარო კიდევ ისაა, რომ აღარ გაღელვებს ეს და ეჩვევი

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s