ვარინკა

მოხვედრილხართ როდესმე მტრის ბანაკში? ან თუნდაც ტყვედ მკაცრი რეჟიმის ციხეში? ვერაა სასიამოვნო და შესაშური მდგომარეობა. ახლა წარმოიდგინეთ ამ ყოფაში სასწაულით მოვლენილი ერთადერთი ადამიანი, რომელიც გითანაგრძნობს, არ მონაწილეობს შენს ტანჯვა-წამებაში, პირიქით, გიფრთხილდება, გიცავს და გიმსუბუქებს თავისი ყურადღებით და სიყვარულით ამ ჯოჯოხეთში ყოფნას. სწორედ ასეთი ადამიანი იყო ვარინკა.

რასაკვირველია, არც ომში ვყოფილვარ, არც მტრის ბანაკში და არც ციხეში .  ასე ფიგურალურად მოვნათლე  ის, რასაც სხვები გათხოვებას და მეუღლის ოჯახში ცხოვრებას არქმევენ. ასე უფრო ადვილია გვერდი ავუარო ბანალურობას, სენტიმენტებს, წირპვლას და გულყრებს და ლაკონიურად დავხატო იმ საშინელი წლების მდგომარეობა და განცდები.

პატარძეულელი იყო ბებია ვარა. დედამისს გოგლა ლეონიძე დაუტირებია. თამამი, ყოჩაღი გოგო ყოფილა, აი ისეთი, გურულები აჯილღას რომ დაარქმევდნენ. ცხენს აჭენებდა ისე, სოფლელ ბიჭებს სჯობნიდა, ჩუმ-ჩუმად ყალიონს ექაჩებოდა. მერე , როგორც წიგნებშია ხოლმე, გათხოვდა, თბილისში გადმოსახლდა, ორი ბიჭიც გააგორა და სულ მალე კიდეც დაქვრივდა. ჰოდა, ესეც ისე, როგორც  წიგნებშია ხოლმე, ჩაიცვა შავები და აღარც გაიხადა. ისედაც დიდად ნაზი და ნარნარა არ იყო და ახლა სულ კაცივით დაჯმუხდა და გაგოროზდა. შეეჭიდა მარტო ამ უსწორმასწორო წუთისოფელს და აჯობა კიდეც. გამოზარდა შვილები, წესიერ, მშრომელ ადამიანებად. მართალია, თვითონ წესიერად კითხვაც არ იცოდა, მაგრამ შრომის სიყვარული და პატიოსნება ორივე შვილს ასწავლა.ავად გამხდარა მინინგიტით. არავის ეგონა, რომ გადარჩებოდა, მაგრამ ამასაც მოერია და ყველას  გასაოცრად, გამოუძვრა სიკვდილს. მართალია, თავის ქიცინი და ხელების კანკალი დაუტოვა მძიმე სენმა, მაგრამ მაინც ყოჩაღობდა. ის კი არა, შვილიშვილებიც დაზარდა. მერე შვილები თავთავიანთი ოჯახებით აქეთ-იქით მისახლდ-მოსახლდნენ, ვარინკა კი მარტო დარჩა თავის ღარიბულ ოთახში თბილისის ერთი ძველი უბნის «კომუნალკაში», სადაც უბატონოდ ხმას ვერ სცემდა ვერავინ.

რძლებს დიდად არ მოუკლავთ თავი ხვეწნით, ჩვენთან იცხოვრეოა და მაინცდამაინც არ ვარინკას კლავდა ამის სურვილი. ასე ერჩია, თავისთვის, თავის ჭკუაზე ცხოვრება წყნარად და შვილებთან სტუმრად მისვლაც აკმაყოფილებდა. მართალია, ყოველი ასეთი სტუმრობისას რძლები სეტყვასავით აყრიდნენ საყვედურებს და მწარე-მწარე სიტყვებს, მაგრამ ვარას ბალი ათი შაური, სულ ფეხზე ეკიდა იმათი ნათქვამიც და ხასიათიც.მაშინ მივიდოდა, როცა თვითონ უნდოდა, მანამდე დარჩებოდა, სანამ თვითონ უნდოდა.

ერთადერთი  იყო, ვინც მტრულად არ დამხვდა, ვისაც  დანახვისთანავე კიდეც მოვეწონე და კიდეც შემიყვარა. მარტო  იყო, როცა ვესტუმრეთ. აღარ იცოდა, რა ექნა სიხარულით. უი, გენაცვალოთ ბაბოო, ვიშვიშებდა კახურად და დაქანქარებდა აქეთ-იქით თავის ქიცინით. მერე, მოშიებული იქნებიო და კანკალ-კანკალით ერბოკვერცხი შემიწვა. მართალია, მარილი ზედმეტი ჰქონდა და შიგ ჩაცვენილლი ნაჭუჭები მეკნაწუნებოდა, მაგრამ როგორ შევიმჩნევდი. აი იმ დღიდან  ჩემს ქომაგად  იქცა.

ერთხელ, აივანზე ჩუმად შემძვრალს სამალავში, თავზე წამომადგა და მე რომ ელდა მეცა, ჩაიქირქილა, მოწიე შვილო, შენხელა რომ ვიყავი, ტარიანებს ვეწეოდიო. მას მერე  თუ ვარინკა იყო, აღარ მეშინოდა მტარვალების. მდარაჯობდა და საშიშორების მოახლოებას მამცნობდა ხოლმე.

ნამდვილი კახელი იყო, ყიამყრალი, სიტყვის პირდაპირ მიმხლელი. ერთხელ რაღაცაზე თუ ვიღაცაზე ნაწყნი ვიყავი, ჩამომიჯდა და თავისებული კახური აფორიზმით დამმოძღვრა: «იცი რა, შვილო, რომ მოგაკუებენ, შენც უნდა მიაკუო, უტრაკო რომ არ ეგონოო»…

როცა დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ თავი დავაღწიე ტყვეობას, ჩემთან მოდიოდა ხოლმე სტუმრად, «ბალღებს ბულკები მოვუტანეო»,- ამოაწყობდა კანკალ-კანკალით.» უი, ბულკის პურო, შენ კი გენაცვალოს ვარა ბაბოო», ეფერებოდა შვილთაშვილს.

ქვეყანა რომ აირია და გაუმაძღარ შვილ-რძალს შემოსავალი შემოაკლდა, მოითათბირეს და ვარას გამოუხცადეს, ბინა უნდა გაყიდო, ფული მოგვცე და ჩვენთან გადმოსახლდიო. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა ვარინკამ. რომ არაფერმა გაჭრა თავისნათქვამა კახელთან, მონაგარმა ულტიმატუმს მიმართა: თუ არ გაყიდი, მოსავლელი რომ გახდები, არ მოგხედავთო.

მოკლედ, ბევრი იბრძოლა ვარინკამ, მაგრამ ბოლოს დანებდა გაავებულ რძალ-შვილს. გაყიდა თავისი ხუხულა, ფული ჩაუჯიბა  და შეეკედლა შვილს. მთელი მისი მიფოხიალებული ავლა-დიდებიდან ძველებური მაგიდა და ტანსაცმლის საკიდი იყო მთელი და ვარგისი. დაადებინა მანქანაზე და მე  მომიტანა. ახლაც მიდგას და ძალიან ხშირად, როცა სადილად მივუჯდები ხოლმე სქელფეხება მაგიდას, ვიხსენებ მის ბოლო საუბარს. აცრემლებული იჯდა ბებიაჩემთან და გულს იოხებდა. ეს რა მიქნესო, როგორ გამიყიდეს სახლიო და ტიროდა. არადა, ვის ენახა ცრემლი ყოჩაღი ვარას თვალზე… ამ საუბრის მერე ძალიან მალე გარდაიცვალა. ისე, რომ არც მოვლა დასჭირვებია.

წლებთან და პრობლემებთან ბრძოლამ მასწავლა წარსულის გადავიწყება, განსაკუთრებით იმ ამბების, ცუდად რომ მამახსოვრებდა თავს და გულს მტკენდა, ადამიანებიც მივაყოლე იმ ამბებს. აი ვარინკა კი დავიტოვე და ძალიან ხშირად  ვიხსენებ ხოლმე, როგორც ჩემიანს, როგორც ქომაგს მტრის გარემოცვაში.

ჩემს კომოდში ერთი ხელნაკეთი, დაწნული მათრახი დევს. ვარინკას საჩუქარია. რამდენი დავინახავ, ჩემს წამრმოსახვაში ცოცხლდება წელამდე სქელქერანაწნავიანი აჯილღა გოგო, ცხენზე მომხტარი და გიჟივით მოჭენავე, ცა ქუდად რომ არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად და ბუზს რომ ვერ აუფრენდა ვერავინ. რაც წარმოიდგენდა მაშინ თავმომწონე ვარინკა, რომ წლების მერე ბავშვივით აატირებდა იმათი უმადურობა,  ვისაც მთელი ახალგაზრდობა  შესწირა და ანაცვალა…

აკი  უთქვამს ბრძენკაცს: » წუთისოფელი ზოგისთვის მამააა, ზოგისთვის კი მამინაცვალიო».

ჩემს კეთილად გასახსენებელ ადამიანთა სიაში ცხოვრობს ვარინკა ბებია, თუმცა საფლავიც კი არ ვიცი მისი…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s