საჩვიდმეტმაისო ანუ მსხვერპლის ფიქრები

«ბავშვობაში ხშირად გვაწერინებდნენ თემას: რა არის ბედნიერება.

სრული იდიოტობაა. გვაგიჟებდნენ.

მას შემდეგ ვიკვლევ,რა არის ეს, შეგრძნება, მდგომარეობა თუ თავის მოტყუება.ან არის კი საერთოდ? მე როგორც მივხვდი — არა.ეს ალბათ უფრო ხანმოკლე შეგრძნებაა,რომელიც რაღაც მომენტში გიჩნდება და მერე მალევე ქრება. ბედნიერება ალბათ წუთებია.ოღონდ ეს წუთები ჩემს საათზე რატომღაც იშვიათად ჩნდება.ზოგს რომ ჰკითხო,ბედნიერება გათხოვებაა.როგორ მშურს ასეთების!თუმცა მეც ასე მეგონა ალბათ და იმიტომაც ჩავიდინე ეს ყოვლად უაზრო საქციელი.ზოგისთვის ბედნიერება შვილების ყოლაა.ესეც ვცადე, თან ორჯერ.წესია ხომაა, რომ ორი შვილი მაინც უნდა გყავდეს.

ორივე ფეხმძიმობა საშინლად მახსენდება. არაფრით არ მესმის რატომ აქვთ ორსულ გოგოებს შთაგონებული და ამაყი სახეები და კიდევ უფრო ამაყად ხაზგასმით გადმოგდებული მუცლები.მახსოვს,როგორ მტკივნეულად განვიცდიდი,რომ ვმახინჯდებოდი და სულაც არ მესაყვარლებოდა ჩემი ტიკივით გაბერილი მუცელი.მერე გავაჩინე და მშობიარობაში,მით უმეტეს,რაა სასიამოვნო,არ ვიცი.ერთადერთი,რაც ბედნიერებად ითვლება, იყო შეგრძნება,რომ ხელში საკუთარი სისხლი და ხორცი გიჭირავს.

რომ ვზრდიდი, ვუვლიდი,აქაც ერია ბედნიერების ნაწილი. უმეტესად ამ ყველაფერს პირველ შვილზე გრძნობ, მეორემდე ისე იღლები,როცა ჩნდება, თავიც აღარ გაქვს გახარების.მერე ორივე ერთად გყავს მისახედი და თავს კარგავ.თავთან ერთად კარგავ საკუთარ ცხოვრებას.მერე თავის პატივისცემას.შესაბამისად, აღარც სხვები გცემენ პატივს.მერე საბოლოოდ ჯდები სახლში და იკანონებ სადილ-ვახშამ-საუზმის,რეცხვა-ხეხვის მოვალეობებს,თან ისე,რომ სხვები დარწმუნებულები არიან,რომ ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ხარ ამით და რომ ეს შენი კრედოა.

მერე თანდათან გიფუჭდება ურთიერთობა საკუთარი პირმშოების მამასთან,მით უმეტეს,თუ «მამაზე» მეტად «დონორი» უფრო შეეფერება.ხვდები,რომ ეს რამდენიმე გრამი სპერმა გავალდებულებს ათას სისულელეს და გული გერევა საკუთარ თავზე. შესაბამისად, აღარც სექსი გინდა.ჯერ გგონია,რომ საერთოდ აღარ გინდა,ვერ ხვდები,რომ ამ კაცთან აღარ გინდა და თუ აქამდე გამოირჩეოდი აქტიურობით,ახლა უკვე აღარ იცი,როგორ აიცილო თავიდან.მერე კი მიხვდები,რომ თურმე კი გდომებია,მაგრამ ამასთან აღარ,ოღონდ ჯერ არ იცი.ამის შემდეგ უფრო საამო და ბედნიერი ხდება ცხოვრება,თავისი ოჯახური სცენებით და ბრალდებებით,რომლებიც რატომღაც სულ შენს მიმართაა წამოყენებული.მერე ერთხელაც მოიგიჟიანებ თავს და თუ გაგიმართლა,მოახერხებ დარჩე მარტო.აქ იწყება მოლოდინი იმის,რომ დაიბრუნებ სიმშვიდეს და ისევ შეიგრძნობ ბედნიერებას.წინ თავისუფლებაა..

 

სად გავჩერდი? წინ თავისუფლებაა-მეთქი ხომ? კარგი, ბატონო, გავნაგრძოთ.

ამ «თავისუფლებაში» იწყებ ბრძოლას პრობლემებთან,თუმცა მანამდეც არ გაკლდა.

შვილები ნელ-ნელა იზრდებიან.შენთვის თითქოს დრო გაჩერებულია და იმას,რომ ის არსადაც არ გაჩერებულა,შვილების ცქერისას,მათი ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის ყიდვისას და მათი ხასიათის ცვლილებისას ხვდები.თან სულ გეჩქარება,გინდა მალე გავიდეს დრო,თუმცა არ იცი,რად გინდა და რას ელი.ალბათ სადღაც გულის სიღრმეში გგონია,ირწმუნებ თავს,რომ გაიზრდებიან და მერე იზრუნებ საკუთარ თავზე,მერე მაინც დაიბრუნებ ბედნიერების განცდას.რა გზით,ეს არ იცი,მაგრამ ამას არც უღრმავდები.ისინი იზრდებიან და ნელ-ნელა ისაკუთრებენ შენს ცხოვრებას.აღარაფერი აღარაა ირგვლივ.სრული ვაკუუმი.საქმე,ანგარიში,მათი პრობლემები და შენ საერთოდაც იკარგები ამ ყველაფერში.

ასე გადის დრო.ერთხელაც აღმოაჩენ,რომ აღარც ხარ.ანუ კი ხარ ფიზიკურად, მაგრამ თან არ ხარ.

მერე ხვდები,რომ მარტო შვილები ვერ გხდიან ბედნიერს.შეიძლება ვიღაცისთვის არის ეს ბედნიერება,მაგრამ შენ რომ არ გყოფნის ამისთვის?!.ბედნიერება ხომ სუბიექტურია,ყველას სხვადასხვა საზომი აქვს ამის.ბედნიერი ადამიანი მაშინაა,როცა თვითონ გრძნობს თავს კარგად,არა?

ზოგი იმასაც გეტყვის, რომ ასეთი მდგომარეობა სექსის არქონის ბრალია.და რომ ამაშიც თვითონ ხარ დამნაშავე. რომ ხარ კომპლექსიანი,რომ ზედმეტად ბევრს ფიქრობ,ზედმეტად სერიოზულად ეკიდები ამ ამბავს.რომ უნდა შეეშვა მსჯელობას და იოლად შეხედო ამ ამბავს.ბოლოს და ბოლოს, ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. მაგრამ ,როგორც ჩვენი შოთიკო იტყოდა:»თავსა ახლად ვერვინ იშობს.»ყოველი მცდელობა,მარტივად გადაწყვიტო ეს საქმე,ძირშივე განწირულია.აბა რას იზამ,თუ ტვინის გამორთვა არ შეგიძლია?!რას იზამ, როცა  ეროტიკული ფანტაზიები მარტო ყოფნისას უფრო საინტერესოა,ვიდრე მამაკაცის გვერდით.არ გაცლიან,ბატონო, რომ მოგინდეს მათი განხორციელება.აბა რა უნდა მოუხერხო თავს,თუ ლტოლვას ვერ გიჩენს ვერც ბიცეფსები,ვერც მანქანის და მობილურის მოდელი,თუმცა თუ ეს დანგრეული 06-ია და შავ-თეთრი «სიმენსი»,უკუშედეგიც აქვს.ვერც გარეგნული იერსახეა გადამწყვეტი,თუმცა თუ მოჩორთილი ფეხსაცმელი აცვია კერენსკისდროინდელი და საშინელი «ნასკები» უჩანს და ქართულ-მამაკაცური სუნი ასდის,არც იფიქრებ არაფერზე.რას იზამ, როცა გაღიზიანებს ზეინტელექტუალობაზე პრეტენზიის მქონე კაცები,მაგრამ ასევე ნერვებს გიშლიან იმბეცილები და მუტრუკი «გრუზინები».ამას, ჩემო ბატონო, ქართულ ენაზე პრეტენზიულობა ჰქვია.რას  უშველი ამას, როცა ყველა შენი სურვილი გონებიდან მოდის.ტვინმა უნდა გიკარნახოს,მოგცეს იმპულსი,რომ გინდა ეს კაცი. უკეთესი იქნებოდა ეს იმპულსი ცოტა ქვევიდან მოდიოდეს.ასე უფრო მარტივად იქნებოდა ყველაფერი,მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა.

 

რაც უფრო მეტს ვფიქრობ,უფრო მეტს ვხვდები,რომ მთელი ჩემი  ცხოვრება სხვების პრობლემების და დახმარების მცდელობაა.მართალია,ეს სხვები ჩემიანები არიან,მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია.

ერთ დღესაც საბოლოოდ დარწმუნდები იმაში, რომ მხოლოდ იმისთვის გიცხოვრია, სხვებისთვის გაგეადვილებინა ცხოვრება, თვითონ კი არც გიცხოვრია. თან თითქოს წერდი და აცოდვილებდი შენს გზას და თან გიგანტური საშლელით შლიდი. თან არც იშლებოდა ბოლომდე და უშნოდ გადადღაბნილი რჩებოდა ნაკვალევად.გადაკითხვითაც კი ვერ გადაიკითხავ, გულითაც რომ მოინდომო.

ჰოდა ზიხარ ამ უნიჭო, გაცრეცილი, გადადღაბნილი მაკულატურით ხელში და ფიქრობ: ამ ყველაფერს კიდევ სიმტკიცის დღე უნდა?»

 

პ.ს.იწერებოდა ცოტა ჩემი, ცოტა შენი, ცოტა მისი, ცოტა სხვისი, მოკლედ, ევას ქართველ შთამომავალთა ამბებით

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «საჩვიდმეტმაისო ანუ მსხვერპლის ფიქრები»

  1. მეც მგონია რომ ბედნიერება ხანგრძლივი პროცესი ან საერთოდ პროცესი არ შეიძლება იყოს. ეს უფრო ხანმოკლე მდგომარეობაა, აღფრთოვანების, შფოთვის და ა.შ. სხვა შეგრძნებები რომლებიც უფრო დუნედ მიედინება, ბედნიერებაზე მეტად სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდაა, იმის აღქმა რომ საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი კარგადაა და გათენებაც თუ არ გიხარია, არც გწყინს.
    ზოგჯერ, გარკვეულ საკითხებში შესაძლოა თავის იძულება იყოს საჭირო, იმ დაშვებით რომ რაღაცაზე გადაბიჯების შემდეგ, შესაძლოა შეგეცვალოს დამოკიდებულება. აი, როცა ჭამა არ გინდა, მაგრამ მაინც დაიწყებ ჭამას და შემდეგ გსიამოვნებს. თუმცა ვერაფრის მტკიცებას დავიწყებ, ასე არასდროს მოვწცეულვარ, გადაბიჯება ძალიან მიჭირს, შეუძლებელიც კია. არ მინდა, ე.ი. არ მინდა და მორჩა.

  2. მე გადავაბიჯე და კმაყოფილი ვარ, რომ ამ მდგომარეობას გავექეცი. თუმცა ბედნიერება მაინც იშვიათი და წამიერი შეგრძნებაა

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s