შიში და მკვლელი გაკვეთილები

სულაც არ მინდოდა იმ ზაფხულს სოფელში წასვლა. საერთოდაც არასდროს მინდოდა არდადეგების იქ გატარება. აბა რა საინტერესო იყო ჩემი იქ ყოფნა. სხვების მსგავსად ხეებზე მე ვერ დავძვრებოდი, დიდად ოღროჩოღროებში ბღოტიალის ოსტატიც ვერ ვიყავი, თვეობით ვუნდებოდი დაჩენჩხილი მუხლების მოშუშებას.ბავშვები ან ჩემზე უფროსები იყვნენ, ან პატარები. თუ ვინმე თანატოლი გამოერეოდა, ისიც თხაბელა, ახტაჯანა და საერთოს ვერ ვნახულობდი. წრეში ბურთიო, აიჩემებდნენ და ჩამდგარი არ ვიყავი, უკვე ბურთი რომ მხვდებოდა. ხელბურთიო და დასაბომბად განწირული სულ მე ვიყავი. ერთადერთ გამოსავლად დიდი ჩანთით წაღებული წიგნები მრჩებოდა. ვიჯექი და ვკითხულობდი და ვკითხულობდი. ვიგერიებდი უფროსების საყვედურებს, გადი, გოგო, რას დაკოსებულხარ, ბავშვებში გაერიეო.

მოკლედ, არ მინდოდა იქ წასვლა. გაცილებით მერჩია ზღვაზე ვყოფილიყავი ან თუნდაც ბაზალეთში, ვივლიდი საბანაოდ, საღამოობით გამოპრანჭული ვისეირნებდი, ეგებ კონცერტიც ყოფილიყო სადმე, თუ არა და გადასარევად ვერთობოდით საცეკვაო მოედანზე, სადაც მთელი მონდომებით ვაკვირდებოდით წყვილებს და ვიხოცებოდით სიცილით.არც ტალახში და წუმპეში მომიწევდა ბოტებით ჭყლაპუნი და არც წყაროდან წყლის თრევა.თანაც ვიცოდი, წინა წლებში გაცნობილი გოგოები დამხვდებოდნენ იქ. მაგრამ როდის იყო, უფროსები ჭკუას ეკითხებოდნენ პატარებს. ჰოდა, აიჩემა დედაჩემმა, არაო, ეს ზაფხული აი ასე ველურად მინდა დავისვენო, ჩითის ხალათით, სოფელში, ბაბუაჩემის ეზოში, ჩემს ბიძაშვილებთანო.

წავათრიეთ ტომრებით კარტოფილი, ბადრიჯანი, ფქვილი და რა ვიცი, ქვეყნის რამე, აბა იმ ღატაკ, გაძვალტყავებულ იმერულ სოფელში მთელი ზაფხული რამე ხომ უნდა გვეჭამა.ჩასვლის დღესვე ბზიკებმა დამკბინეს. საოცარი ჯიშის იყვნენ, უზარმაზარები, ყველაფერს რომ ეხვეოდნენ, კარტოფილსაც კი. ისე გამისივდა ნაკბენი, ბოლოს კომპრესი გამიკეთეს და ასე ფეხშეხვეული ვიჯექი ჩეროში და გამწარებული ვკითხულობდი «სან-ლორენცოელ ბიჭებს», ბუფეტის ფულით რომ ვიყიდე სკოლის გვერდით კიოსკში.

მშობლები მშვენივრად ერთობოდნენ, გულის გასახეთქად ისმოდა მათი სიცილი, ხმამაღალი, არც თუ ისე შეუზარხოშებელი, საუბრები. მე კი ვიჯექი და ასე მეგონა დრო არ გადიოდა და არც არასდროს გავიდოდა ეს საშინელი, მოსაწყენი ზაფხული.

ბანქოს ვთამაშობდით ხოლმე ხის ძირას ფარდაგზე მიყრილები. ამას კიდევ არა უშავდა, აქ არც სისწრაფე იყო საჭირო და არც მუხლის სიმაგრე, ამას ვახერხებდი, თან ისე, რომ ჩემი ჭირვეული თავმოყვარეობა არ დაზარალებულიყო. ჰოდა, იმ დღესაც გავშალეთ დასაფენი. ჩემი და ბავშვების დასაძახებლად გაიქცა. მე მარტო დავრჩი. მასპინძლის სახლიდან დედაჩემის რომელიღაც ბიძაშვილის შვილი გამოვიდა და გვeრდით მომიჯდა, მეც ვითამაშებო. თბილისელი იყო ისიც. მირიანი ერქვა, რა დამავიწყებს მის სახელს. დიდი იყო, სკოლას ამთავრებდა იმ წელს და ჩემთვის 9 წლის ლოყებდაბრილი გოგოსთვის ლამის დიდი კაცი იყო, მით უმეტეს, რომ ულვაშიც ეტყობოდა უკვე და ხელებიც კაი გვარიანად ბანჯგვლიანი ჰქონდა.

მოკლედ, ვსხედვართ და ველოდებით ბავშვების მოსვლას. უცებ ამ მირიანმა აიღო თავისი ბეწვებიანი ხელი, ფეხზე დამადო, მერე ნელ-ნელა ააყოლა ზევით, შეაცურა ბოლომდე ჩემი ჭრელი სარაფნის ქვეშ და იქ გააჩერა, სადაც ჩემი გოჭებიანი ტრუსის ტოტი მთავრდებოდა.ბანჯგვლიანი ხელი ჰქონდა, დიდი, ოფლიანი, ცხელი…

იმ ასაკიდან ბევრი არაფერი შემორჩა ჩემს მახსოვრობას, მაგრამ ის დღე და ის წამი დღესაც ისეთივე სიცხადით მახსოვს და დღესაც ისევე მიჩქარდება გული და სიმწრის ოფლი მასხამს, როგორც მაშინ.სადღაც შორს, წლების იქით, მომავალში მცხოვრებმა ჩემმა სქესმა მიმახვედრა, რომ რაღაც არ იყო კარგად, რაღაც არ იყო სწორი…ახლა იმის წარმოდგენაც შემიძლია, როგორი სახე მქონდა ალბათ მაშინ-გაოცებული, თვალებგაფართოებული, გაწითლებული, დამფრთხალი. ვიჯექი და არ ვიცოდი, რა მექნა.ჩემდა გასაოცრად, ვიღიმებოდი, ალბათ საცოდავად. ვერც ვაპროტესტებდი, ბიძაშვილიაო და გულში იკრავდა დედაჩემი, ვერც ვდგებოდი, არადა, ეს ბავშვებიც არ ჩანდნენ. საუკუნე გავიდა თითქოს, სანამ მოვიდოდნენ. მოგვიახლოვდნენ თუ არა, მირიანმა ხელი მომაშორა. მაშინვე ავდექი, არ მინდა თამაში-მეთქი, სახლში ავედი და იმ დღეს არც ჩამოვსულვარ ეზოში.პირველი, რა გავაკეთე, კარადიდან პატარა ბოთლი გამოვიღე, მარგანეცის ფხვნილი ეყარა შიგ და როცა რამეს ვიტკენდით, დედა მისი ხსნარით გვბანდა ნატკენ ადგილებს, ინფექცია არ შეგეჭრებათო. ჰოდა, გავხსენი და მოვიბანე ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ვგრძობდი ოფლიანი ხელის სიმძიმეს.

მეტირებოდა, ყოველ ფეხის ხმაზე დაფეთებული ვიყურებოდი აივნიდან, სულ მეგონა ერთხელაც კიბეზე ამოვიდოდა ის ოფლიანხელებიანი მუტრუკი. არა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამას, არც ვიცოდი და ვერც ვხვდებოდი, მაგრამ მაინც მეშინოდა რაღაცის, უცნობის,წარმოუდგენლის. ვერც გავბედე დედაჩემისთვის მეთქვა, გულში იკრავდა, ბიძაშვილიაო და…ისე დამამძიმა ამ უთქმელობამ, ჩემი და მოვიხელთე და მოვუყევი.  საცოდავად მიყურებდა და გულისყურით მისმენდა, გაფაციცებით ისრუტავდა ამ საშინელ საიდუმლოს, არადა, ჯერ მე ხომ ვიყავი იმ ასაკის, ჭკუა რომ მოეკითხება და ის საერთოდ 5 წლის იყო… მოკლედ, იმ დღიდან ჩემი დაიკო ჩემს მოკავშირედ იქცა, ერთად ვადევნებდით თვალს იმ საზიზღარ ბიძაშვილს და სადაც იმას დავლანდავდით, არ ვეკარებოდით იმ ადგილს.

იმ ზაფხულიდან სხვა არც არაფერი დამმახსოვრებია.

ხშირად ვიხსენებდი იმ დღეს და თავში გაჩენილი უამრავი კითხვისთვის, ბზიკებივით რომ მეხვეოდნენ, პასუხების მოძებნას და დახვედრებას ვცდილობდი.ეს იყო ჩემი პირველი შიში, რომელმაც ვერ ჩაიარა უკვალოდ და თავისი ანაბეჭდი დატოვა ჩემს ფსიქიკაზე.

ერთხელ მთელი კლასი პოლიკლინიკაში წაგვიყვანეს აცრებზე. ეზოში ვიდექით და ველოდებოდით, როდის შეგვიყვანდნენ. აქეთ-იქით გავიფანტეთ, მოგვწyინდა ერთ ადგილას დგომა. იქვე პატარა ჩიხი იყო და მიფოხიალებული სახლები. იმ მხარეს გაცვენილი ბავშვები დაფეთებულები დაბრუნდნენ, ჩოჩქოლ-ჩოჩქოლით. დავინტერესდი. გავყევი გზას და ვხედავ, ძაღლი დგას და საცოდავად წკმუტუნებს, უკან უდგას ვიღაც დიდმუცლიანი კაცი, ტიტველი ფეხები ფოსტლებში აქვს წაყოფილი, გაკავებული ჰყავს ეს საწყალი ძაღლი და მთელი ძალით ეხლება. ვერ მივხვდი, რას ერჩოდა ეს კაცი ამ ძაღლს, ან რას სტკენდა ისეთს, რომ ეს საწყალი ასე ტიროდა.დავფეთდი. კიდევ უფრო დავფეთდი, როცა ჩემზე მეტად გაცნობიერებულებმა ამიხსნეს, რაც ხდებოდა. ახლა ეს შოკი გადამექცა თანმდევ შიშად. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ბევრი ვიწვალე თუ ცოტა გაჩენილი კითხვების მოსარევად, მივედი აზრამდე, რომ ფრთხილად უნდა ვიყო ამ სქესთან, რაკი მათგან ყველაფერს უნდა მოველოდე.

რასაკვირველია, წლებმა დავარცხნა ჩემი შიშები და იმასაც მივხვდი, რომ ამ საზომით არ შეიძლება მიუდგე ყველას, მაგრამ რაღაც მარცვალი მაინც დარჩა, იქნებ მდოგვის მარცვლისოდენა, მაგრამ მწარე და ეკალივით ჩხვლეტია. ამიტომაც მზადყოფნა მოულოდნელობის და თავდაცვის წესად მექცა.

რამდენიმე წლის შემდეგ მეგობართან მეწვია კიდევ ერთი შიში. პატარობიდან დავდიოდი ამ ოჯახში, ვიცოდი, ყველას ვუყვარდი, მეფერებოდნენ, თავს მევლებოდნენ. ჰოდა, ერთხელ, ტრადიციული სტუმრობისას, როცა ოთახში მარტო დავრჩი მეგობრის მამასთან, უცაბ წამოვიდა ჩემკენ. დიდი იყო, ახმახი, მსუქანი, წამავლო ხელები, გამაკავა, თან იცინოდა. არ ვიცოდი, რა მექნა. სახეს ახლოს სწევდა, უნდა გაკოცოო. უკვე არც თუ ისე შორს მყოფმა ჩემმა სქესმა მიკარნახა, რომ სულაც არ აპირებდა მამაშვილურად ლოყაზე კოცნას. არ ვიცი, რატომ გამიჩნდა ეს აზრი. შიშმა დამიარა თავიდან ფეხამდე. არც ვიცი, რისი უფრო მეშინოდა, იმის რომ შეიძლებოდა ისე, აი სხვანაირი რომაა, ეკოცნა, თუ იმის, რომ ჩემი მეგობრის მამა იყო და მერე რა უნდა მექნა, ვერ ვხდებოდი. არც ის მინდოდა, შემემჩნია, რომ შემეშინდა და მეთქვა, რაც გავიფიქრე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, იუარებდა და აქეთ გამოვიდოდი უზრდელი,  გაფუჭებული და ალბათ მეგობრის დაკარგვაც გარდაუვალი იქნებოდა. ვიყოჩაღე, ვითომ მჯეროდა, რომ მეთამაშებოდა, გავისულელე თავი, დავუძვერი ხელიდან და გავიქეცი სიცილ-სიცილით. რასაკვირველია, აღარასდროს მივსულვარ მათთან სახლში, ხან რას ვიმიზეზებდი, ხან რას და ნელ-ნელა კიდეც დავაჩვიე ჩემი მეგობარი უკვე ჩემთან სიარულს. ისე გავიდა წლები, ისე გავიზარდეთ და შევაბერდით ერთმანეთს, არაფერი მითქვამს მისთვის, არც ვეტყვი, რა საჭიროა! თუმცა ჩემთვის არც ამ ამბავს ჩაუვლია უკვალოდ. ადრინდელ შიშებს და უნდობლობას კიდევ ერთი დაემატა, უკვე ის, რომ ამ სქესისთვის ბარიერი არ არსებობს, არ არსებობს «არ შეიძლება» და ყველაფერი მოსული და მისაღებია, თუ სიჩუმის, გაუხმაურებლობის გარანტიაა.

ამ ამბების მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. მე გავიზარდე. იმდენნაირმა ადამიანმა გაიარა ცხოვრების გზაზე, არაფერი აღარ მაოცებს და მაშინებს, მაგრამ იმ შოკისმომგვრელი შემთხვევების დაღი მაინც მომყვება დღემდე და ამ დაღს უნდობლობა ჰქვია.თუმცა იქნებ სწორედ ამ უნდობლობის დამსახურებაა, რომ არასდროს გავბმულვარ ისეთ მახეში, რომელშიც თავად არ მდომებია გაბმა და შესაბამისად, არც სანანებლად მქონია საქმე არასდროს.

ფსიქოლოგიური ტრავმები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანებს, ეს მართალია, თუმცა ვინ იცის, ზოგჯერ იქნებ აუცილებელიცაა ამგვარი ტრავმები გაცილებით დიდი ტკივილისა და უბედურების თავიდან ასაცილებლად. მთავარი მაინც ისაა ალბათ, შენ როგორ მოერევი ამ ყველაფერს და რას ისწავლი ამ სასტიკი გაკვეთილებიდან.

თუმცა ალბათ მაინც აჯობებდა არ ყოფილიყო ეს გაკვეთილები. ალბათ აჯობებს არ იყვნენ ასეთი მასწავლებლები, მკვლელი მასწავლებლები, რომლებიც ხელის აუკანკალებლად ხოცავენ ჩვენს ნდობას, რწმენას და სისხლიანი კოჟრებით ავსებენ ჩვენს გულებს…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «შიში და მკვლელი გაკვეთილები»

  1. ისე გავბრაზდი, ენა ჩამივარდა. ფსიქოლოგიური ტრავმები, გაუცნობიერებლად, ისე რომ შეიძლება არც გვახსოვდეს, ძალიან ბევრ რამეს ცვლის, ჩვენს დამოკიდებულებებს, შიშებს, ცხოვრების ხარისხსაც კი. ზოგჯერ გამოუსწორებელი შედეგები აქვს. საშინლად გავბრაზდი, არის საკითხები რომლებთან მიმართებაშიც მაქვს რადიკალური, სასტიკი დამოკიდებულება, არის რაღაცები, რაზეც თვალის დაუხამხამებლად შემიძლია «გამოვიტანო ყველაზე მკაცრი განაჩენი».
    სწორედ გარემოს მიმართ არსებული უნდობლობის გამო მაქვს ზღვარგადასული კონტროლის მოთხოვნილება, რაც ჩემი საყვარელი ადამიანების დაცვის აუცილებლობით მართლდება. ვიცი, რომ ზღვარგადასული არაფერი ვარგა და ეს ისევ ამ ადამიანებისთვის იქნება არაფრის მომტანი, მაგრამ მზად ვარ დრაკონიან ციხესიმაგრეში გამოვკეტო ყველა ვისი დაცვაც მინდა.
    გული მომეკუმშა პატარა კატერინას წარმოდგენით.

  2. ხო, მეც მასეთი სასტიკი დამოკიდებულება მაქვს მსგავსი ამბების მიმართ, მიუხედავად ჩემი ლოიალობის საერთოდ. იქნებ მაგიტომაც, რომ საკუთარ თავზე გამოვცადე მათი შედეგები. ბუკეტი მაქვს კიდევ სხვაც, ამის გარდა. ვინ იცის რამდენი წელი ვებრძოლე ნარჩენ კომპლექსებს, მთლად ალბათ ვერ მოვერიე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში დავამარცხე. ხო, მეც მეცოდება, რომ წარმოვიდგენ ხოლმე.<3

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s