წუნკალი ძაღლი, დედა, გოდო და ურწმუნო თომა

 

3 (3)დედაჩემის თანაკურსელი იყო ამალია, როგორც  ყველა ფიზიკოსი, ისიც უგზო-უკვლოდ განათლებული, ყველაფრის მცოდნე და საინტერესო მოსაუბრე. გამორჩეულად ვუყვარდით მე და ჩემი და, რასაკვირველია, დედაჩემის ხათრით და კიდევ იმის გამოც ალბათ, რომ მისი თანაკურსელი და დედაჩვენი ნამეტანი ადრე მოგვცილდა ჩვენც და მეგობრებსაც.

ჩვენი ქუჩის ბოლოში ცხოვრობდა ამალია, დიდ, ძველ სახლში.ერთი ძუნკალი, რწყილებიანი, ავი ძაღლი ჰყავდა. ამოჩემებული ვყავდი იმ შეჩვენებულს. მაინცდამაინც მე მერჩოდა. თოფივით მეშინოდა მისი და სანამ საგულდაგულოდ არ დააბამდნენ, ფეხს არ ვგამდი ეზოში.

ბნელი, მშიერი, ბოროტი, უღიმღამო 90-იანი წლების უშუქო ღამეებში ვიკრიბებოდით გოგოები ამალიასთან, ზამთარში- ჟანგიანი თუნუქის ღუმლისგან გამურულ ოთახში, ზაფხულში-გადაბურდულ უზარმაზარ  ბაღში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე-ამინდის და ტემპერატურის შესატყვისად. ვისხედით და ვიოხებდით გულს, ვისაც რაზე გვქონდა საწუწუნო. სულაც არ ვგრძნობდით, რომ დედად შეგვეფერებოდა, ჩვენზე ჭკუამხიარული იყო. რა უნდა გეთქვა, რომ იმას დაეტუქსე და შეეცხადებინა, ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს გაგიგებდა.

ჰოდა, ერთხელაც ისეთი რამე მოხდა, აქამდე რომ ვერ ამიხსნია, რა ერქვა ამას. სხვას რომ მოეყოლა, არ დავიჯერებდი. ისედაც , ძნელად მჯერა ასეთი რამეების, ძნელად კი არა, საერთოდაც არ მჯერა.

მოკლედ, ერთ საღამოს ამბავი დაგვახვედრა ამალიამ, ბუგო მესტუმრაო. ახლა ეს ბუგო ვინ იყო, არ იკითხავთ?

როგორც კი დაბნელდებოდა, ამალიას მარჯვენა ხელი ჯერ უშეშდებოდა, მერე ეკვრანჩხებოდა. თავიდან ვერ მიხვდა, რა სჭირდა. მერე უცებ, თავისდაუნებურად, მაგიდასთან მივიდა, დაჯდა, ამ დაკვრანჩხული ხელით აიღო კალამი და ფურცელზე ნელ-ნელა გაჩნდა დაბრეცილი ასოები: გამარჯობა, მე ბუგო ვარ და შენთან მოვედი სტუმრადო. თავიდან კი შეეშინდა, მაგრამ მერე მიეჩვია, ესაუბრებოდა, კითხვებს უსვამდა და ისიც პასუხობდა.ისე მივეჩვიე მის მოსვლას, უკვე ყოველ ღამით ველოდები და რაკი ასე სულ ველოდები, გოდო დავარქვიო.

ხან სამყაროს ამბებს არკვევდა ამ ბუგო-გოდოსთან, ხან- პირადს, ხან-საზოგადოს. აბა რა გააკავებდა ამდენ გოგოს, იხუვლეს და იყო ერთი ამბავი, ვინ საბედოს ამბავს იკვლევდა, ვინ მკვდრებს ელაპარაკებოდა.

სიცილით მოვკვდი, ეს რომ მომიყვა. არც გოგოებს დავუჯერე. ხოდა, მომკიდეს ხელი  ურწმუნო თომას და მიმსვეს მაგიდასთან. ვსვით ჩაი, გავსკდით პაპიროსის ქაჩვით, ჭორაობით, ვის ახსოვდა გოდო და მისი მოლოდინი! და ამ სიცილ-ტრიხინში უცებ ვაიო, და რას ვხედავ! დაიმანჭა ტკივილისგან ამალია, მარჯვენა ხელი დაეგრიხა, თითები დაეკრუნჩხა, ძარღვები დაებერა მტევანზე, მოკიდა ხელი კალამს და ფურცელზე უშნო, დაბრეცილი ასოები გამოჩნდა: გამარჯობა, მოვედი, აბა რას მკითხავო. ახმაურდნენ გოგოები, დააყარეს კითხვები. მე ჩუმად ვიჯექი და არ ვიცოდი, დამეჯერებინა, თუ არა. შემიჩნდა ჩემი და, მოდი დედაჩვენს დაგვალაპარაკოსო. დავთანხმდი ბოლოს, ამდენი გოდოს მოლოდინი ტყუილად რომ არ შეგვრჩეს ხახვივით, ჩვენც ვსინჯოთ-მეთქი.

მოკლედ, ჰკითხა ამალიამ დედაჩემის შესახებ და ნებართვაც ითხოვა მასთან დალაპარაკების. ცოტა ხნის შემდეგ ხელმა ისევ დაიწყო მოძრაობა და დაიწერა, მოვედი, აქ ვარ და როგორ ხართო. გული კი შემიქანდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, სად ხარ-მეთქი და გარეთო. გამოვედით აივანზე. კუკუნახ სიბნელეში ვხედავ სინათლეს და ამ სინათლეში თეთრ ლანდს ქალისას, რომელიც ძალიან ჰგავდა დედაჩემს მისი მეგობრის დახატული პორტრეტიდან… შევბრუნდით ოთახში, ვუთხარი, ასე მეშინია და გეხვეწები, ისე დამენახე, რომ არ შემეშინდეს და შეგეხო-მეთქი. კარგი, ისევ     გამოდიო. გავედით. კიბეზე  ჩამოვედი და ვხედავ, ამალიას ძაღლი მორბის პირდაპი ჩემკენ. ვიფიქრე, მორჩა, შემჭამა და ეგაა-მეთქი. მომვარდა, შემომახტა, თათები კისერზე დამაწყო და  მლოკავს და მლოკავს, თან წკმუტუნებს, თვალები ცრემლებით აქვს სავსე. მე ვდგავარ, მყავს ჩაკრული ეს რწყილიანი ძაღლი, ვკოცნი და ვკოცნი და თან ვტირი და ვტირი. კაი ხანს ვიყავით ასე, მერე უცებ ჩამოხტა და გაიქცა. იქვე ჩავჯექი. აღარაფრის და არავის თავი აღარ მქონდა, აღარც ამალიასი, აღარც მისი დაკვრანჩხული ხელის, აღარც ბუგოსი, აღარც გოდოსი და მისი მოლოდინის, აღარც გოგოების და საერთოდ, აღარც სიცოცხლის. ძლივს  წამოვწიე წელი და წავლასლასდი სახლში.

მკვდარივით მეძინა იმ ღამით. დილით დამირეკა ამალიამ, ხომ ცოცხალი ხარო და ყავაზე მიმიპატიჟა. ჭიშკარი შევაღე, ძაღლის არ შემშინებია რატომღაც. ჰოდა, გადავდგი თუ არა რამდენიმე ნაბიჯი, ეს წუნკალი ისე მებდღვნა, ჩექმები რომ არ მცმოდა, კანჭს გამომაგლეჯდა. ძლივს ჩამომხსნეს ფეხიდან…

კიდევ რამდენიმე ხანს მოდიოდა ღამღამობით ამალიასთან ეს უცნაური სტუმარი. თუმცა მე არც ერთ მის სტუმრობას აღარ დავსწრებივარ და სანამ უკვალოდ არ გაქრა ერთხელაც,მანამდე  ღამით ფეხი არ მიმიდგამს იქ რაღაცის თუ ვიღაცის შიშით.

ხშირად ვიხსენებ იმ უცნაურ ღამეს. თან მჯერა და თან არა. არადა, როგორ იქნება, არ მჯეროდეს, ესეც მოყოლილი ხომ არაა, ხომ მე ვიყავი ნამდვილად და მე ვტიროდი იმ ტურტლიან ძაღლთან ერთად, მეორე დღეს რომ კინაღამ დამგლიჯა.ვიხსენებ და ვერ ვხსნი, ვერც სახელს ვარქმევ რაიმესას. დღემდე არ ვიცი, რა იყო ეს, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ის ატირებული ძაღლი დედაჩემის ცრემლებით მასველებდა და დედაჩემის კოცნით მილოკავდა ლოყებს.

მას მერე  ბევრმა წყალმა ჩაიარა, ხან  დატოვა ქვიშა და ხან წაიღო, ხან ამ ქვიშას  მეც მიმაყოლა. ბევრი რამ შეიცვალა, მეც, რასაკვირველია, თუმცა ჩემი სკეპტიკურობა არსად გამქრალა, ის კი არა, პირიქით, მომემატა. ახლა კიდევ უფრო მეტად არ მჯერა უცნაური ამბების, სასწაულების. მე მხოლოდ იმ სასწაულის მჯერა, თვითონ რომ ვახდენ არაადამიანური შრომის, მოთმინების და ტკივილის ხარჯზე. არც იმ ბუგოს თუ გოდოს ამბის მჯერა თითქოს, მაგრამ იმ უცნაურ ღამით საოცარი მეტამორფოზა იმ ავი ძაღლის, მისი ცრემლიანი თვალები არასდროს ამომდის გონებიდან და თვალებიდან და მაჯერებს  იმ რწყილებით სავსე მწვირიან სხეულში დედაჩემის დროებით არსებობას. ზუსტად ასე მჯერა ისიც,რომ ახლად გაღვიძებულზე სიზმრიდან გამოყოლილი სითბო გულში  უბრალოდ გამოძინებულობის ბრალი არაა, არც სიმხურვალე ლოყაზეა უბრალოდ ბალიშზე დების ნაკვალევი , ერთიც და მეორეც სიზმარში გამოცხადებული დედაჩემის ბრალია, მისი ცხელი კოცნის და თბილი თითების ანაბეჭდის. იქნებ ვიღაცისთვის სისულელეც იყოს ეს ყველაფერი, ისევე, როგორც ჩემთვისაა სხვების მოყოლილი ამბები ხშირად, მაგრამ ვის შეუძლია ამტკიცოს, რომ ასე არაა?

ვინ იცის, იქნებ იმქვეყნიურობაც ერთი დიდი ზღაპარია და მხოლოდ მანამდე არსებობს, სანამ ჩვენ ვცოცხლობთ და ვიჯერებთ მის არსებობას. და როგორც კი ჩვენი ცხოვრება მთავრდება, ისიც ჩვენთან ერთად ქრება უკვალოდ. თუმცა, სანამ ვცოცხლობ, მინდა მჯეროდეს, რომ სადღაც ცხოვრობს ერთი საოცარი, ყველასგან განსხვავებული ლამაზი გოგო, მიყურებს, მაკვირდება, მმფარველობს, მგულშემატკივრობს და თუ ხშირად არ მსტუმრობს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ მე მიფრთხილდება.

იქნებ ბოლომდე მე თვითონაც არ მჯერა ამის, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რადგან მაშინ იოლია ყველაფერთან შეჭიდება, რადგან მაშინ იოლია სიკვდილზე ფიქრიც…

 

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «წუნკალი ძაღლი, დედა, გოდო და ურწმუნო თომა»

  1. მაკა:

    რა ბედნიერი წუთი გქონია ქეთთ …
    მინდაააა

  2. zhana:

    ადამიანის სული უკვდავია და ის გარდაცვალების მერეც გვესაუბრება, ჩვენ ეს გვწამს, ვიღაცას არ სწამს, მაგრამ… ვის შეუძლია, ამტკიცოს, რომ არ არსებობს სულის უკვდავება? მე სწორედ ეს მგონია ღმერთის ნება… მარადიულობა…

  3. მე ყველაფრის მჯერა. არა იმიტომ რომ ზოგადად «მორწმუნე» ვარ (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს), არამედ იმიტომ რომ მგონია სამყაროში ენერგია არ იკარგება. ჩვენ, ჩვენი ფიქრები, სურვილები, ემოციები და ა.შ. ყველაფერი ენერგიაა (ვართ), ენერგია კი მასასაც იძენს. რაც ყველაზე მეტად გჭირდებოდა, რეალობა გახდა ის და ამაში დაუჯერებელი არაფერი უნდა იყოს. უსაზღვროდ ბედნიერი მომენტი უნდა ყოფილიყო, რომელიც სულ მოგცემს სტიმულს ❤

  4. ❤ ხო, მეც მგონია, რომ სამყაროში ყველაფერი აკინძულია, ხილულიც და უხილავიც,

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s