სიძულვილი

უთქვამთ, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო. ნაბიჯების რა გითხრათ, მაგრამ მკვლელი, გამანადგურებელი გრძნობა რომაა, ამას კი ვიტყვი. არ გეგონოთ ახლა, მორალისტობას ვაპირებდე და შეგონებებით გიბურღავდეთ ტვინს, რომ არავინ არ უნდა შეიძულო და მტერიც უნდა გიყვარდეს და ასე შემდეგ. ან რა საჭიროა, როცა შეუძლებელია ამის შესრულება და აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს. რადგან სიყვარული შეუძლია, სიძულვილიც ვერ აუვლის გვერდს. განსხვავება იმაშია, ვინ როგორ ექცევა თავის სიძულვილს. ჰოდა აი, დღეს მე ჩემს სიძულვილზე გესაუბრებით.

ადრე მომიწია მასთან გაცნობამ, 5 წლის ასაკში, საბავშვო ბაღში.

ქვიშაში გვათამაშებდნენ ბავშვებს. ჯგუფელი მყავდა ერთი აყლაყუდა გოგო. მაინცდამაინც ჩემთან გადაწყვიტა თამაში. მთელი მონდომებით ვაშენებდი ქალაქს, გვირაბებით და კოშკებით. ის იჯდა და მიყურებდა. კაი ხანს ვიწვალე, ვიშრომე. რომ მოვრჩი, ავდექი და შორიდან დავტკბები-მეთქი გავიფიქრე. ეს გოგო კიდევ ადგა, დაჰკრა წიხლი და არ დამინგრია ეს ჩემი ნაშრომ-ნადაგი? მივვარდი გამწარებული, დავუდექი წინ და რატომ დამინგრიე-მეთქი. იმან კიდევ, არც აცია და არც აცხელა, ისეთი სილა გამაწნა, ნაპერწკლები გამაყრევინა თვალებიდან. წამომცვივდა ცრემლები. რასაკვირველია, თავი შევიკავე და არ ავყევი  მოძალებულ ცრემლს, შემრცხვა და თანაც ასე ვერ გავახარებდი ამ ჟირაფივით გოგოს, ისედაც იდგა და სულელივით იცინოდა. ვერ გავბედე ხელის შებრუნება, არადა როგორ მინდოდა! რა მექნა, შემეშინდა, მხრებამდე ძლივს ვწვდებოდი. რომ მომრეოდა, და დიდი შანსი იყო ამის, სულ გადავირეოდი ალბათ. ამიტომ გავერიდე.

იმ დღიდან ხმა არ გამიცია მისთვის, დანახვა არ მინდოდა მისი. სიზმარშიც და ცხადშიც ხშირად ვხედავდი ამ სცენას, ოღონდ, რეალობისგან განსხვავებით, წარმოსახვაში მეც ვულაწუნებდი სახეში გემრიელად, მერე ძირს ვათრევდი, წიხლებს ვუტყამდი, თმებს ვაწიწკნიდი, ის ტიროდა და მეხვეწებოდა, მაპატიე, მეტს აღარ ვიზამო.

რასაკვირველია, მაშინ არ ვიცოდი, რომ იმ გრძნობას, რომელიც ასე მოულოდნელად გაჩნდა ჩემს გულში, სიძულვილი ერქვა. მხოლოდ წლების მერე მივხდი ამას. იმასაც მივხვდი, რომ ისევ ისე მწარედ მახსოვდა ეს ამბავი, როგოც მაშინ, მთლად ცინცხალი რომ იყო და მიუხედავად წლების გასვლის, წყენა კი არ განელდა, პირიქით, გამწვავდა და ადრე თუ მხოლოდ მის ცემას ვხედავდი წარმოსახვაში, ახლა უკვე ვატყობდი თავს, რომ მისი სიკვდილი მინდოდა.

დიდი ხანი გავიდა მას მერე. ახლა უკვე ჩემი შვილები დადიოდნენ საბაშვო ბაღში. ჰოდა, ერთ დღეს გაკვეთილზე ვარ, იღება კარი და დირექტორს ახალი მოსწავლე შემოჰყავს, გაპუწულთმიანი, თვალებდაყვლეპილი აყლაყუდა გოგო… რომ დამკრა თავში, ფეხებამდე გაიარა რაღაცამ. კი, სწორად მიხვდით, ახალი მოსწავლე ისე გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა იმ ჩემს საძულველ გოგოს, კითხვაც არ იყო საჭირო, ისედაც გასაგები იყო, რომ მისი შვილი იდგა ჩემ წინ და ზუსტად დედამისივით თავხედურად იცინოდა… არ შევიმჩნიე არაფერი, გავუმეორე თავს, რომ შვილები არ აგებენ პასუხს მშობლების გამო, რომ არ უნდა ვიყო ბოროტი, გავიღიმე, დავსვი და გავაგრძელე ჩემი საქმე.

გარეგნობის გარდა ჭკუა-გონებითაც დედას ჰგავდა. ქვეყნის ზურგზე არაფერი იცოდა და არც არაფერი აინტერესებდა. ამხელა ვირმა თურმე წერა-კითხვაც არ იცოდა. როცა წიგნი მივაწოდე და საცოდავად აჯლოყინდა და კლასელებმა სიცილი დააყარეს, ცხადად გავიგონე, როგორ აკისკისდა ჩემი დაჩაგრული, კოშკდანგრეული, სილაგაწნული პატარა გოგო…ყველა საგანში გასარიცხად ჰქონდა საქმე, მარტო მე ვუწერდი ნიშანს. არც შენიშვნა მიმიცია არასდროს, მიუხედავად იმის, რომ მისი ჩაცმულობა, პანელიდან გადმოსულისას რომ ჰგავდა, ერთობ მილენჩებდა კლასის ბიჭებს და მაწუხებდა. მერე ერთხელ დედამ მოაკითხა. მოვიდა ჩემთან, ვერ მიცანიო? ვერა-მეთქი. რას არ ვიცანი, რა დამავიწყებდა მის სახეს! ტიროდა, ყველა ლანძღავს ჩემს შვილსო და უნდა გადავიყვანოო, მადლობას მიხდიდა, რომ ასე კარგად ვექცეოდი მის სულელ გოგოს. მოკლედ, დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მე ვიდექი, ვუყურებდი ფანჯრიდან დედა-შვილს და ისევ მესმოდა შორიდან მხიარული კისკისი…

რობერტა და ლიუდა-ასე წყვილად ვიტყვი. ორივე ფიზკულტურას მასწავლიდა, ჩემთვის ყველაზე საძულველ საგანს. არასდროს მესმოდა ამ უცნაური კომპოზიტის არსი. ვერ ვხდებოდი, რა ჰქონდა საერთო კულტურას იმ ყველაფერთან, რაც ამ გაკვეთილს  ახლდა თან. აბა რა უნდოდა კულტურას იმ ბინძურ, ოფლის და შმორის სუნად აყროლებულ გასახდელებში. რა იყო კულტურული ან ჩვენს ჩაცმულობაში (ან ფორმა რას ჰგავდა, ან ჩვენ რას ვგავდით შიგ), ან ყოვლედ უაზრო, ერთუჯრედიანი, უზრდელი მასწავლებლების საქცილში და საუბარში. აქეთ კიდევ ეს ოხერი ნორმატივები გვხოცავდა.

წითური იყო რობერტა, ჩოფურა, სახეზე უამრავი ჭორფლით და ჟღალი წამწამებით. თავი მუდმივად გვერდზე ჰქონდა გადახრილი. იდგა,  თავს ოდნავ აქიცინებდა და ისეთი მკვლელი, დამცინავი ღიმილით გიყურებდა, თავის მოკვლა გინდებოდა. დაგვამწკრივებდა და ტკბებოდა ჩვენი საცოდაობით, დაგვცინოდა… გავქანდებოდი მე  საწყალი, შემოვახტებოდი ბაგირს და მანდ თავდებოდა ჩემი ცოცვაც და ხტომაც… ვიჯექი კვანძზე და ვკონწიალობდი საცოდავად. ის კიდევ მაქილიკებდა. ფიქრებში ვურტყამდი, ბასრი დანით მუცელს ვუფატრავდი, თავს ვაჭრიდი. სამწუხაროდ, რეალობაში არ ეწერა ამას ახდენა და განწირული ვიყავი მისი ქილიკის სასმენად. არადა თავი მომქონდა კიტრივით. სკოლაში საუკეთესო, მიჩვეული ამ საუკეთესოობას, ვკვდებოდი მის გაკვეთილზე. კიდევ კარგი, რომ ზუთხია მასწავლებლების რჩეული ტრადიციული ფრიადოსანი არ ვიყავი, რის გამოც კლასელებს ერთობ ვუყვარდი და არასდროს არავის არ აუტაცებია რობერტას დაცინვა, თანაც მარტო მე არ ვიყავი ამ დღეში, თორემ ალბათ აღარასდროს წავიდოდი სკოლაში.

წლების მერე ერთხელ შვილებთან ერთად ზღვიდან დავბრუნდი. ჩამოვედით სამაშრუტო ტაქსიდან. ცხელა უბედურად. ქალაქს ოხშივარი ასდის. მომვარდა ვიღაც მოჩლაჩულშარვლიანი, დაჭმუჭნილპერანგიანი შუახნის კაცი, თან ოფლი ჩამოსდის წურწურით, ქლოშინებს, სულს ძლივს ითქვამს აჭარხლებული, ტაქსი ხომ არ გინდათო. შევხედე  და რობერტა არ შემრჩა ხელში? გასაცოდავებული, მოჩამიჩებული, გასავათებული, ისევ იმ მანქანით, ქე რომ ჩემს ბავშვობაში ჰყავდა… თავი გვერდზე გადავხარე, შევხედე დამცინავი ღიმილით, მერე სხვა ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი…

რუსი იყო ლიუდა, როგორც დიდი კლასიკოსი ამბობს, ზედ ეტყობოდა არაყსა და ღვინოს დაახლოებული რომ იყო, ყოფილი კალათბურთელი, ცხენითავა ქალი უშველებელი საჯდომით და  კაცივით  ტერფებით. 1000 მეტრი გაირბინო უნდაო, ჩამირთავდა წამმზომს. რა წამმზომი მინდოდა, როცა 200 მეტრში ყურებში აღარაფერი მესმოდა, თვალებში მიბნელდებოდა და გული მიმდიოდა. მომასულიერებდნენ, ის კიდევ მედგა თავზე და «კაროვა ტი გრუზინსკაიაო» დამძახოდა.ისედაც ასე გვეძახდა გოგოებს. ვუსმენდი და წარმოსახვაში ვხედავდი ათ მსუქან, ქონიან, ბანჯგვლიან კაცს. ჯერ კარგად სცემდნენ ამ ჩვენს ლიუდას, მერე სათითაოდ აუპატიურებდნენ, წიოდა, კიოდა და შველას ითხოვდა ქართულად…

სკოლაში რომ დავიწყე მუშაობა, სამასწავლებლოში შესულს იქ ლიუდა დამხვდა, ისევ ისეთი ცხვირგაწითლებული, თვალებდაწითლებული, ისევ ისეთი დიდი საჯდომით, ოღონდ დაბერებული. ვერ მიცნო. არ ვიცი, რა თვალზე დამინახა, მაგრამ ისე მოიხიბლა ჩემით, სულ «ნაშა კრასავიცაო» დამძახოდა. ვითმინე, ვითმინე და ერთხელაც გაგანია კრების დროს, როცა დირექციაც იქ იჯდა და ამან კიდევ მითხრა «ნაშა კრასავიცაო», ვუპასუხე: ა პომნიტსია ვი კაგდა-ტო მენია კაროვოი ობზივალი  ი ვ კანცე სემესტრა, პაკა მოი აწეც ვიპივკუ ნე პრინიოს , ზაჩოტ  ნე პასტავილი-მეთქი. გამწვანდა, გაყვითლდა, გალურჯდა. მას მერე, რომ მხედავდა, იმალებოდა.

შემდეგი ჩემი სიძულვილის სიაში ნინაა, ბაბუას ძმის ცოლი,ერთი  ავყია, უცხვირპირო ქალი. როცა დედაჩემმა ბაბუას ეზოში პატარა ოდის ჩადგმა გადაწყვიტა, ნინას არ გაუპროტესტებია, რა უფლება მაქვსო, ბაბუაშენის ეზოაო. ხოდა, უკვე ნაყიდი, ფიცარ-ფიცარ დაშლილი ოდა რომ მოიტანეს ეზოში, გაიფოფრა და გადაირია. ეგ ამბავი მათხოვრის და დედაბრის ამბავს ჰგავსო, სახლში რომ შემოუშვა და მერე სახლიდან რომ გააგდოო. გადაირია დედაჩემი, ის ხო თავის თავის უბედური იყო. იტირა და იტირა, მეო მათხოვარი მიწოდაო. დარჩა ასე ორღობეში დაშლილი სახლით. მერე სამადლოდ მეზობელმა ჩაადგმევინა დროებით ყანაში. ისეთი კანკალი დაეწყო ნერვიულობისგან, მთელი დღე ვერ გაჩერდა. იქიდან რომ წამოვედით, საჭესთან იჯდა და კინაღამ გადავარდა მოსახვევში. ძლივს მოვაღწიეთ თბილისამდე. ცოტა ხანში ავადაც გახდა და აღარც მოსწევია იმ სახლში დასასვენებლად ჩასვლა. მთელი სამყარო რომ უყვარდა და არავიზე ნაწყენი რომ არ იყო, ამ ქალს ვერ იტანდა.  მრცხვენია, მაგრამ მეზიზღებაო. რომ ვიცი, როგორი ბუნების იყო დედაჩემი, ორმაგად მტკივა გული, ესე იგი, როგორ  აწყენინა, როგორ ატკინა , რომ ასე  ამბობდა.

ის სახლი, რასაკვირველია, გავყიდე. აღარც იქით გამიხედავს არასდროს, მაგრამ ნინას სიძულვილი ვერა და ვერ მოვიშორე. მეტსაც გეტყვით, ერთადერთი ადამიანია, ვის სიკვდილსაც ვნატრობდი. კარგად ხანს ველოდე. ამასობაში დედაც გარდაიცვალა, მამაც, ბებიაც, ბაბუაც. ხოდა აგერ ორიოდე წლის წინ ჩაძაღლდა, როგორც იქნა. ვიცი, რომ ცუდია, მაგრამ ისე გამიხარდა, როგორც იშვიათად მიხარია ხოლმე რამე… და აი სწორედ მაშინ შემეშინდა პირველად სიძულვილის, რაკი მივხვდი, რომ მისი მიყოლა საკუთარ თავს მაკარგვინებდა… სწორედ იმ დღედან დავიწყე ბრძოლა მასთან.

სანამ ეს ბრძოლა უშედეგოდ მიდიოდა, კიდევ ემატებოდნენ ადამიანები ამ სიას.

ნათელა ჩემი ლექტორი იყო. ერთი მახინჯი, შინაბერა, უგემოვნებო, დარტყმული, ფართხუნა კაბაზე და ლაბადაზე ბოტასებით და კაშნეთი, ზვიადისტი… გადამეკიდა, ხან საყურე არ მოსწონდა ჩემი, ხან ვარცხნილობა. ერთხელაც, ვჭორაობდი გამწარებული, ამაყენა, გამიყვანა დაფასთან, გამთათხა და აბა, თუ რამე გაგეგება საერთოდო, ეს აბრუნეო და დამიწერა სახელი-ლილი. რა გითხრათ, ასეთი შეურაცხყოფილი ალბათ დედა რომ შეეგინებინა, არ ვიქნებოდი.გავბრაზდი, გავმწარდი და ჯიბრზე ასე ვაბრუნე: სახ-ლილ,მოთხ-ლილ-მა, მიც-ლილ-ს და ა.შ. გადაირია. სულ უვიცი მეძახა. როგორ ჩააბარე საინტერესოა გრამატიკაო. მე შვიდად მივუგე, მედალი მქონდა და მარტო წერით მოვხვდი-მეთქი.დედა, მედალი მქონდაოო, სულ გადაირია. გიყიდეს ხომო? რა შემატყო ნეტავი მყიდველობისუნარიანობის, ან რა მეცვა, ან რა მეხურა… ჩემმა მეგობარმა ამოიკვნესა, მასწო, გამსახურდიასაც ხომ მასე აქვსო, ახლა ამაზე გაგიჟდა და გამოგვყარა ორივე. მას მერე მის ლექციაზე ფეხიც არ შემიდგამს. არ ვიცი ახლა ცოცხალია თუ არა, თუ მოკვდა, არ დავმალავ და გამიხარდება ფრიად!

ბოლო ადამიანი ამ შავ სიაში ერთი რიგითი კომკავშირელი ზომბია, რომელიც ბანაკის უფროსი იყო შრომითი სემესტრის დროს. სწორედ მან არ გამიშვა ბაბუასთან ერთად ბანაკიდან.არადა დიდს კი არაფერს ვითხოვდი, საღამომდე მინდოდა მასთან ერთად ყოფნა, რომ მარტოს არ ეხეტიალა უცნობ ქალაქში მატარებლის გასვლამდე. არაფერმა არ გაჭრა. გავაცილე ატირებულმა ჩემი ტკბილი ბაბუა და მას მერე აღარც მინახავს ცოცხალი…

როცა ამ ერთუჯრედიანი არსების სიკვდილის ამბავი გავიგე, ხმამაღლა შევყვირე, იშ, ხომ ჩაძაღლდა-მეთქი. ისე მიხაროდა, თითქოს მისი სიკვდილი ბაბუას გამიცოცხლებდა…

ხოდა კიდევ ერთხელ შევშინდი. მივხვდი, რომ სიძულვილი სარეველა ბალახივითაა, თუ დროზე არ მოიშორე, მოგედება გულზე და გამოგიჭამს სიკეთის ყვავილებს. არადა, ეს ოხერი ბრძოლაც რომ ძნელია მასთან! დიდი ხნის ფიქრისა და წვალების მერე ჩემი მეთოდი გამოვნახე. ყველა შესაძლო კანდიდატს მანამდე ვკლავ, ვიდრე შემძულდებოდეს. აი ასე, უბრალოდ, ვიღებ და ვკლავ, ვშლი ჩემი ცხოვრებიდან. არ აქვს მნიშვნელობა, დიდი ხნის ნაცნობია თუ ცოტა ხნის, მეგობარია თუ ნათესავი. ის კი არა, ზოგჯერ პირიქითაცაა, ვინც ძალიან ახლობელია და საყვარელი, სწორედ იმათ უწევთ ყველაზე ადრე და სწრაფად წაშლა, თორემ ერთი თუ გადადღაბნა მათი სახეები სიძულვილმა და ზიზღმა, რაღა მოერევა მერე თავს.

მაინც მგონია, არამიწიერია ის შეგონება, რომ უნდა მოერიო თავს და არ შეიძულო. თუმცა ის, რომ აირიდო ვინმეს შეძულება, ნამდვილად შესაძლებელია და ეს პირველ რიგში ისევ  შენთვისაა კარგი სულიერი წონასწორობის, შინაგანი სიმშვიდის და საკუთარი თავის პატივისცემის შესანარჩუნებლად.

მე ეს შევძელი და ჩემი სიძულვილის სიას, საბედნიეროდ, ჯერ არავინ შემატებია. იმედია, ასეც გაგრძელდება.

ასე რომ, თუკი შეატყობთ ზიზღის, სიძულვილის შემოტევას, მოიშორეთ, მოიწყვიტეთ ის ადამიანი, ვითომც არ ყოფილა ისე. სცადეთ.

გისურვეთ წარმატებებს, გკოცნით თქვენი კატერინა ❤

 

 

 

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «სიძულვილი»

  1. zhana:

    საოცრად გულწრფელი ქეთი… საოცრად უბრალო და ადამიანური… სიყალბის და ამპარტავნების გარეშე… ისევე, როგორც მაშინ, პირველ კურსზე…

  2. ჟან… ბევრ რამეში გამომცვალა ეგებ ცხოვრებამ, მაგრამ ეგენი ვეცადე შემენარჩუნებინა, რაკი თავადაც ვერ ვიტან სიყალბეს და უაზრო ყელყელაობას. მახარებს ხოლმე აქ შენი კვალის ნახვა ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s