თინო

ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. ტოლები იყვნენ. მეგობრობდნენ. ერთად დადიოდნენ წყაროზე, ერთად დაჰყვებოდნენ მამებს თივის ჩამოსატანად, ერთად მიჰქონდათ მათთვის პატარა კალათებით სადილი ზაფხულის ხვატით გადაყვითლებულ ყანაში, ერთად ეფიცხებოდნენ მზეს რიონის ნაპირას და ერთად ჭყუმპალაობდნენ ცივ მდინარეში. თინო და ქეთო-ორი სასაცილო, გაკნაჭული, მზისგან დამწვარკანჭებიანი, კაწაწებიანი გოგო, ორი განუყრელი მეგობარი.

სულ რაღაცას ჩურჩულებდნენ, სულ რაღაცაზე იცინოდნენ.ასე  სიცილ-სიცილით წავიდნენ ერთ დღეს სკოლაში და დასხდნენ ერთ მერხთან. დიდხანს არ მოუწიათ ერთად ჯდომამ.ეს რა ამბავია, რამდენს ლაპარაკობთ და რა გაცინებთო, ქორივით დააცხრა თავს მასწავლებელი ორ უშველებელ ბაბთებიან გოგოს. მერე თინოს ხელი წაავლო და შენთვის მაინც სულ ერთია, წინ იჯდები თუ უკანო და გადასვა ბოლო მერხთან.

უჭირდა სწავლა პატარა თინოს. იმ გაკვეთილებზეც იმიტომ ქაქანებდნენ გაუჩერებლად, რომ მასწავლებლის ახსნილს  თავიდან უხსნიდა პატარა მეგობარი.

ღიმილი წაერთვა  თინოს. დარდობდა ქეთო.თვითონ რომ უცებ დაამთავრებდა მეცადინეობას და გავარდებოდა გარეთ, თინო ცრემლმომდგარი უყურებდა ფანჯრიდან ბავშვების თამაშს, გართობას და ხვნეშით ფურცლავდა წიგნებს გვიანობამდე.

მივიდოდნენ სკოლაში და დაიწყებოდა თუ არა გაკვეთილი, ის ოხერი მასწავლებელი მაინცდამაინც თინოს ეცემოდა, გაიყვანდა და აყრიდა კითხვებს.დღეს არ ჩააგდებდა, ასე რომ არ ეწამებინა პატარა გოგო. დადგებოდა დასახვრეტად გამზადებულივით თინო, აკანკალებული ხმით დაიწყებდა მოყოლას, მერე უცებ აებნეოდა თავგზა, ხან სად გადახტებოდა, ხან სად, ავიწყდებოდა ყველაფერი, ჩერდებოდა, თავჩაღუნული ისმენდა მასწავლებლის ლანძღვას. ქეთო გულმოწურული იჯდა და ხედავდა, როგორ ეცემოდა წკაპაწკუპით თინოს ცხვირგაცვეთილ ფეხსაცმელებს მსხვილ-მსხვილი ცრემლები.

სკოლიდან ატირებულ მეგობარს აცილებდა სახლამდე, მეორე დილით კი სახლიდან გამოსულს ისევ ატირებულს მიჰყვებოდა უხმოდ სკოლამდე. ასე იყო ყოველ დღე.

ერთგან მასწავლებელი ეჩხუბებოდა და ლანძღავდა, მეორეგან-დედა. შე სასიკვდილე, რამ გამოგაშტერა ასე, ეს ქეთუნიკა თუ სწავლობს ასე კარგად, შენ რა, მოგსპო, რომ გვარცხვენო.კლასელებიც აბუჩად იგდებდნენ. ის რომ ტირილს იწყებდა, ესენი ატეხდნენ ხარხარს, მასწავლებელი იდგა ამაყად, ქეთოს კი მიწა გასკდომოდა, ის ერჩივნა ამის ყურებას.

ერთხელაც ატყდა ამბავი სკოლაში, უნდა დაგვესწრონო. დაურიგა ლექსები ბავშვებს მასწავლებელმა და გააფრთხილა, იცოდეთ ისე ისწავლეთ, არაფერი შეგეშალოთ, თორემ დაგხოცავთ სუყველასო. თბილისიდან მოსულ სტუმრებს ელოდნენ. დიდი ბელადის დაბადების, თუ ჩაძაღლების დღეს აღნიშნავდა ქვეყანა. ჰოდა მისცეს ამ საწყალ თინოსაც ლექსი.დედამ უთხრა, ახლაც რომ შემარცხვინო, სახლში აღარ მოხვიდე, რიონს გაჰყვე სჯობიაო.

დააკვდა ზედ. გადაჰყვა მეცადინეობას. შინ თუ გარეთ, საწოლში თუ წყაროზე, გზაში თუ საკლასო ოთახში, სულ ამ ლექსს იმეორებდა ბუტბუტით.

დადგა ის დღეც. მოვიდნენ საპატიო სტუმრები. დახვდნენ ზარზეიმით.ქეთო გულშემატკივრობდა მეგობარს. კიდეც გადაამეორებინა ლექსი, მერე ჩაიბარა და შეაქო, თავიდან ბოლომდე უშეცდომოდ ჩაარაკრაკა.

დაიწყო გაკვეთილი. აბა ატყდა ლექსების თქმა და ქება-დიდება. მოვიდა თინოს ჯერიც. გავიდა  და დაიწყო ომახიანად: » მოკვდა ლენინი, სტირის ქვეყანა… არა, არა …მოკვდა ლენინი, არა არა.. სტირის ქვეყანა». «გაიგე, ბიჭო? ლენინი არ მომკვდარა, სძინავს»-გადასძახა ერთმა მეორეს და ატყდა სიცილი. თინო გაწითლდა და ატირებული გარეთ გავარდა.

სკოლაში ვერსად იპოვა ქეთომ თინო. იფიქრა, ალბათ აღარ დამელოდა და სახლში წავიდაო. მიაკითხა. თინოს დედამ, არ მოსულა, ეგ სასიკვდილე, კიდევ თავი მომჭრა და შემარცხვინაო, თუ სადმე ნახო, უთხარი დროზე მოვიდეს, თვარა დავაცლი თმებსო.

მოსაღამოვდა. ხმაური ატყდა უბანში. თინოს დედის ხმა იყო. შვილს ეძებდა. ქეთო გამოვარდა გარეთ და გაჰყვა მეგობრის დედას. გზადაგზა ყველას ეკითხებოდნენ  გოგოს ამბავს, ხომ არ დაგინახავთო. მერე ერთმა მეზობელმა უთხრათ, რავა არ დამინახავს, მდინარისკენ მიდიოდაო. პატარა ბიჭებმა, გზად რომ შეხვდნენ მდინარეში ჭყუმპალაობით გასავათებულები, ჩვენთან ერთად იყო, იჯდა ნაპირზეო. ვეძახეთ, მარა წყალში არ ჩამოვიდაო. ჩვენ რომ წამოვედით, ის ისევ იქ იჯდაო.

როცა თინოს დედა და ქეთო ჩავიდნენ სანაპიროზე, იქ არავინ დახვდათ, მხოლოდ ორი ცალი ცხვირგაცვეთილი, პატარა ფეხსაცმელი იდო წკუპად, ლამაზად და ორივეში პატარა თეთრი წინდა იყო დაკეცილად ჩადებული…

პ.ს. ეს ამბავი ბებიამ მომიყვა, პატარა რომ ვიყავი. თან ცრემლებს იწმენდდა და დარდობდა, რომ ვერაფრით დაეხმარა და ვერ გადაარჩინა პატარა მეგობარი. მას მერე იმდენი წელი გავიდა, მე კი მაინც  ხშირად მახსენდება ეს ამბავი, ის კი არა, ზოგჯერ სიზმარშიც კი ვხედავ საღამოს ბინდში გახვეულ რიონს და მის ნაპირას ორ პატარა ფეხსაცმელს წკუპად დადებულს…

 

 

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «თინო»

  1. zhana:

    რა უცნაურია, აი ასე, სიცილ-სიცილში კლავენ ადამიანები მათ, ვინც სხვებზე სუსტია და ეს ძლიერებად მიაჩნიათ… უკეთილშობილესი ქეთო ბებოს ბავშვობაშიც კი ასე ყოფილა… რამდენად ღვთისნიერი იყო ქეთო ბებო, რომ ასე ახსოვდა ეს ამბავი მთელი ცხოვრება და ისე მოგიყვა, რომ შენც ასე დაგამახსოვრდა მისი ნაამბობი… საოცარია, ისინიც რომ ადამიანებად თვლიან საკუთარ თავს, ვისაც ასე, გულგრილად, სიცილ-სიცილში, თვითმკვლელობამდე მიჰყავს სხვები, შედარებით სუსტები, ეს ალბათ ეშმაკის ძალის გამოვლინებაა… ახლაც ხომ ხდება ასე…

  2. ხდება რომელია, ან როდის არ ხდებოდა. მე რომ მკიტხო, ეს გაცილებით სასტიკი მკვლელობაა, ვიდრე მკვლელობა პირდაპირი მნიშვნელობით

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s