ბოდიში

დიდი სარდაფი აქვს ჩვენს სახლს. რა აღარ ყრია იქ. შესვლისას ყოჩაღად თუ არ იქნები, ეგებ კისერიც მოიტეხო. ადრე ასე არ იყო. თვალის ჩინივით უვლიდა და უფრთხილდებოდა იქაურობას ბაბუაჩემი. ყოველთვის დაწიკწიკებული, დალაგებული, გამოხვეტილ-განიავებული იყო და ამ სისუფთავესა და მოწესრიგებულობაში მთელი საღამო ფურჩალობდა ოჯახის უფროსი.მიყვარდა იქ ყოფნა და ბაბუას კუდში დევნა.

ცოტა რომ წამოვიზარდე და სკოლაში წავედი, იმდენი დრო აღარ მრჩებოდა იქ ყოფნისთვის, მაგრამ რაკი ქუჩა დიდად არ მიზიდავდა და მაინცდამაინც არც ბავშვებთან ყიჟინ-თამაში მხიბლავდა, საღამოობით მაინც ვახერხებდი ჭიის გახარებას.

მეზობლები გვყავდა რაჭველები. ბებიაც რაჭველი იყო და ვისაც გსმენიათ რაჭული შოვინიზმის შესახებ, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მეგრულს, მიხვდებით, რატომ უყვარდა ბებიას ის ოჯახი განსაკუთრებით. ჰოდა, ერთხელ ქალიშვილი მოვიდა სტუმრად ამ ოჯახში თავისი პატარა ბიჭით, რომელიც ჩემზე ცოტათი უფროსი იყო. რა ვიცი, მისდღემჩი რომ არ უთქვამთ, წადი და ბავშვებთან ითამაშეო, გადამეკიდა ბებიაჩემი, კაი ბიჭუნაა, მოვიდეს და ეზოში გაერთეთო. დიდად კი არ მინდოდა, მაგრამ უფროსებთან შეწინააღმდეგება როგორ შეიძლებოდა.მოკლედ, გვესტუმრა გელა, ასე ერქვა ბიჭს.

ხან რა მოიგონა, ხან რა, მე კი მოწყენილობისგან აღარ ვიცოდი, რა მექნა. ცოტა არ იყოს სულელადაც მეჩვენებოდა და ვბრაზდებოდი მის სიშტერეებზე, მაგრამ ბებიამ თქვა, კაი ბიჭიაო და როგორ ამოვიღებდი ხმას. ბოლოს, ყველაფერი რომ მოსინჯა ამ  კარგმა ბიჭმა, უი მეფსიაო, ჩაიხადა შარვალი და ამ ბაბუაჩემის გაპრიალებილ სარდაფში არ მოფსა? გამისკდა გული, უკვე წარმოვიდგინე, რას იზამდა ბაბუა. რა მექნა, აღარ ვიცოდი. ხომ არ დავაბეზღებდი? ვერ ვიტანდი ენატანია ბავშვებს. ამიტომაც კაი პარტიზანივით გავჩუმდი და იმედი დავიტოვე, ეგება გაშრეს და ვერ მიხვდეს ბაბუა-მეთქი. აბა კი, საქმეში ხარ?

გავისტუმრე თუ არა , როგორც იქნა, ეს ჩემი მოსაბეზრებელი, სულელი სტუმარი,  ავედი სახლში, შევიძურწე ჩემს ოთახში და წიგნის კითხვა დავიწყე. გავიგონე, როგორ ჩადიოდა ბაბუა კიბეზე და ნერვიულობისკან ასოები სულ ამებლანდა თვალებში. ვიჯექი გასუსული და ველოდი მეხის გავარდნას. დიდხანს არ დამჭირვებია ლოდინი. ეს რა ამბავიაო, იყვირა ჩემმა ფხუკიანმა, გულჩუჩხუნა იმერელმა ბაბუამ და ატყდა მარა რა ატყდა…

გამოვარდა ბებია, ბაბუა ჩხუბობდა, ბებიაც აქოთქოთდა მეორე ხმად, დაუძახეს დედაჩემს. ის ახალი მოსული იყო სამსახურიდან და არც ჩემი თავი ჰქონდა, არც ბაბუაჩემის, არც მისი სარდაფის და არც სულელი ბიჭის მონაფსამის, მაგრამ იმდენი ქნეს, მაინც ჩაიყვანეს. დიდხანს გუგუნებდა ოჯახური ტრიო . ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა ფრაზები, დიდად ვერ ვარჩევდი სიტყვებს, მაგრამ კარგს რომ არაფერს მიქადდა, ამას ვხვდებოდი.

კრებამ ზევით ამოინაცვლა. ახლა  უკვე გარკვევით ისმოდა ბაბუაჩემის ბარიტონი და კარის აქეთ გასუსული თითქოს ვხედავდი, როგორც ყრიდა თვალებიდან ნაპერწკლებს. ბებია გაიყურსა და გაერიდა, დედა ჩუმად უსმენდა. უცებ გაიღო ჩემი ოთახის კარი, შემოვარდა დედაჩემი, მტაცა ხელი, გამათრია ჯაჯგურ-ჯაჯგურით. რაღაც ჭირად იქვე მაგიდაზე ორი დროშა ეგდო, სკოლაში დაგვირიგეს, პატარა დროშები, წითლები, ცალ მხარეს » მირუ მირ» ეწერა, მეორეზე «პუსწ ვსეგდა ბუდეტ სოლნცე». ჰოდა დასტაცა ხელი დედაჩემმა ამ დროშას და მომცხო და მომცხო. ცხელოდა და სარაფანა მეცვა.ჩაპუტკუნებულ ვარდისფერ მკლავებზე მწარედ მხვდებოდა ხან » მირუ მირ»,.ხან » პუსწ ვსეგდა ბუდეტ სოლნცე» და ზოლებად მრჩებოდა ნაკვალევი. გადაირია ბაბუაჩემი. ბოვშვს რავა ურტყამო და გამოგლიჯა ჩემი თავი გადარეულ დედაჩემს. ხმამაღლა არ მიტირია. რა ვიცი, ეგება კიდევ უფრო სწყენოდათ და კიდევ უფრო გაბრაზებულიყვნენ ისედაც განაწყენებული უფროსები. კი არ ვიცოდი ზუსტად, რა დავაშავე ასეთი, მე ხომ არ მომიფსამს, იმან მოფსა და რა მექნა-მეთქი, გულში ვამბობდი ჩემთვის, მაგრამ ხმამაღლა თქმას რას გავბედავდი.

ბაბუა დაწყნარდა. ბებია საძინებელში შეიკეტა. მე ჩემს ოთახში გავედი. მეჭირა წიგნი, ტყუილად, რასაკვირველია, წკაპაწკუპით ჩამოსული ცრემლები რას წამაკითხებდნენ რამეს. თან ვიცოდი, რომ დამნაშავე არ ვიყავი, სულაც თვითონ არ მომიყვანეს ის სულელი ბიჭი სტუმრად? რომელი ჩემი მეგობარი ის იყო, თან დარდი  მკლავდა, რომ ასე გავაბრაზე ბაბუა და დედა.

მერე ბაბუამ კარი შემომიღო და ჩურჩხელა შემომიტანა. კი მეტირებოდა, მაგრამ ჭამაზე უარს ვერ ვიტყოდი. გამალებული ვახრამუნებდი დაბრაწულ თხილებს, მარილი გემო  და სისველე რომ  დაჰკრავდა… ამ ხრამუნში და ტირილში კიდეც ჩამეძინა.

დილით მთელი ეს «მირუ მირ» და «პუსწ ვსეგდა ბუძეტ სოლნცე» ლურჯ ზოლებად მეხატა მკლავებზე. კვირა დღე იყო. დედაჩემი ხმას არ იღებდა, თვალს მარიდებდა. ვატყობდი, რომ დაწითლებული ჰქონდა თვალები, მაგრამ აბა რა ვიცოდი, რა ატირებდა. ხომ არ ვკითხავდი. უცებ რომ სწყენოდა?

მთელი დღე ასე უმძრახად ვუარეთ გვერდი ერთმანეთს. არადა, ეს ერთი დღე  იყო, სახლში რომ ვხედავდი წესიერად და ამის ასე გამოუყენებლობა იქნებოდა? მერე ვიფიქრე, რომ გამებედა, მივსულიყავი და ბოდიში მომეხადა. კი არ ვიცოდი, რაზე, მაგრამ უფროსებს ხომ უყვართ, ბოდიშს რომ უხდი. მივედი. დავუდექი წინ. ამიტყდა ტირილი. ვტირი, მარა რას ვტირი და თან ვყლოჭინებ, ბოდიში, მეტს აღარ მიზამ-მეთქი. დედა იჯდა გახევებული და ისეთი სახე ჰქონდა, კიდევ უფრო ამომიჯდა გული. მერე ტუჩი აუკანკალდა და ისე ატირდა,შიშისა და გაოცებისგან  უცებ გავჩუმდი. ჩამიკრა გულში, მკოცნიდა, თან ტიროდა მთელი ხმით, მკოცნიდა ლოყებზე, ხელებზე, მკლავებზე და ცრემლებით მასველებდა. მეც ავზლუქუნდი. კაი ხანს ვტიროდით ასე ორივე, ვყავდი გულში მაგრად ჩაკრული, მე მას ვასველებდი, ის-მე. მიხაროდა, რომ არავინ აღარ იყო ნაწყენი და არავინ აღარ მიბრაზდებოდა, მიხაროდა, ასე რომ მეფერებოდა დედაჩემი, მაგრამ მაინც მეტირებოდა, მეცოდებოდა და იმიტომ.  რაკი ასე ტიროდა, ალბათ რაღაცაზე დარდობდა ძალიან. ჰოდა, მეტირებოდა, ის რომ დარდობდა, იმაზე…

იმ  დღის მერე გადამიყვარდა სარდაფში ძრომიალი და თუ აუცილებელი არ იყო, ფეხსაც არ ვდგამდი იქ. ის ქვეშაფსია გელა ხომ ჭირის დღესავით შევიძულე და თუ დამიჯერებთ, დღემდე მძულს…

მას მერე იმდენი წელი გავიდა, იმდენი ტკივილი და ცრემლი გადამატარა  თავზე, იქნებ კიდეც უნდა დამვიწყებოდა ეს ამბავი, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ჩემი შვილები მაბრაზებდნენ, გელას მოფსმული, ჩემი დროშისგან აჭრელებული მკლავები და საცოდავი დასჯილი ბავშვივით აქვითინებული დედაჩემი მიდგებოდა თვალწინ და მოწოლილი სიბრაზე უკან იხევდა. არც არასდროს გავბუტვივარ და არც არასდროს დავლოდებივარ მათგან ბოდიშის მოხდას. ახლა, წლების მერე ვხვდები, რომ იმ დღეს მე კი არა, დედაჩემმა მომიხადა ბოდიში, ოღონდ ისე, რომ მაშინ ვერ მივხვდი ამას…

არ ვიცი, რამ გამახსენა ეს ამბავი. იქნებ ამინდმა, იქნებ იმან, რომ დღეს სწორედ მშობლების და შვილების ურთიერთობაზე ვსაუბრობდით მე და ჩემი აბიტურიენტები.

იმ ავბედითი დროშის ერთ მხარეს დაწერილი ფრაზა ლექსიდან იყო, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს ქართულად:

«დაე, მუდამ იყოს მზე,

დაე მუდამ იყოს ცა,

დაე მუდამ იყოს დედა,

დაე მუდამ ვიყო მე»…

მზე და ცა კი არის მუდამ, სად წავა. დედა კარგა ხანია იმ მუდმივობაშია, აქედან რომ არ ჩანს, მე კი ვარ გაკვეხებული მზეს, ცასა და არყოფნის მუდმივობაში ჩარჩენილ დედას შორის.

პ.ს. დამავიწყდა მეთქვა, რომ დროშაც და ყელსახვევიც იმ დღიდან შემძულდა…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «ბოდიში»

  1. მაკა:

    ქეთითქვააააა

  2. zhana:

    მე მიყვარს დედაშენი, ქეთი! ყველა დედა მიყვარს…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s