სიბერე

downloadერთმა კარგმა პოეტმა ასე თქვა, სიბერე ძუ მგელივით მოგვიხტებაო. პირველად მაშინ ვიგრძენი მისი ქშენა და კბილების ხრჭიალი, დედაჩემის ოთახის კარი რომ შევაღე და ცარიელი იყო, მერე ჩემს ოთახში რომ დავბრუნდი და ჩვრით გავწმინდე მეორე დედაჩემი, რომელიც სულ ერთსა და იმავე ასაკში გამოამწყვდია ხის ძველმა ჩარჩომ.გამომკრა კლანჭი, მერე ამოიქშინა, ჯერ ნამეტანი პატარა ხარო და კბილები გააღრჭიალა. ისეთი ცხელი იყო ეს ქშენა და ისეთი შემზარავი ეს ღრჭენა, თვალები დავხუჭე და გავიქეცი.მას მერე გავრბივარ.

გზადაგზა მეცლებიან გვერდიდან ადამიანები და ყოველ ჯერზე კიდევ უფრო ძლიერად მესმის ეს საზიზღარ ხმა უკნიდან, კიდევ უფრო თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ.ის კი  მომდევს. მწვდება ხანდახან, გამომკრავს კბილს, მერე დამაცდის, რომ გავასწრო და ისევ მომდევს. ყოველი კლანჭის ან კბილის გაკვრაზე ხან რას ვკარგავ და ხან რას.

წლების წინ, როცა ამ სირბილისას მეცა და კაი გვარიანად გამომაგლიჯა სისხლიანი ხორცი, იმდენ ხანს ვიშუშებდი, კიდეც გადავაყოლე ვინმეს შეყვარების უნარი და მის ნაცვლად ერთი სასაცილო პატარა ჭინკა ჩამისახლდა, რომელიც ყოველ ჯერზე რომანტიკული ამბების დაწყებისას, სიცილით იფხრიწება და მეც მაცინებს.

შემდეგ კიდევ რომ ჩამავლო ეშვები, თმის საღებავის არჩევა დავიწყე. მერე  ჩემს ოთახში სარკე გაჩნდა და მის წინ სხვადასხვა კრემი, ზოგი თვალის, ზოგი სახის, ზოგი ხელის, ზოგი ტანის… მერე სასწორზე ხშირ-ხშირად დავიწყე დადგომა, აფთიაქშიც მოვუხშირე სიარულს.

მაინც გავრბოდი და თან მახსენდებოდა ბებიაჩემის სიტყვები, სარკეში ჩახედვის მრცხვენიაო, რომ ამბობდა დამნაშავე სახით ოდესღაც ულამაზესი ქალი.ისე რატომაა, რომ ეს ოხერი სიბერე  ლამაზებს უფრო ადვილად ერევა, შეუხედავებს დიდად ვერაფერს აკლებს, ის კი არა, ზოგი ასაკოვანი გაცილებით სიმპათიურად გამოიყურება, ვიდრე ახალგაზრდობისას. აკი ამიტომაც ვხედავ  დეიდაჩემის  თვალებში დამნაშავედ დამორცხვებულ კითხვის ნიშნებს…

ყოველ ჯერზე ვკარგავ-მეთქი რაღაცას ან ვიღაცას, მაგრამ ამ დაკარგვასთან ერთად ვპოულობ რაღაც-რაღაცებს.თუ შეყვარების უნარს დავემშვიდობე, სამაგიეროდ , ასმაგად შევიყვარე ისინი, ვინც ჩემი ცხოვრების ნაწილები არიან და მათი სიყვარულით ამოვავსე ყველა დაცარიელებული კუნჭული გულში. თუ ოცნების სურვილი დამეკარგა, სამაგიეროდ,ფანტაზიებში ბოდიალს მივეჩვიე და ამ ფანტაზიების ამბებად დალაგებას.

გამომწვრთნა ბავშვობიდან სიბერესთან ერთად სირბილმა. აღარ ვიხეთქავ გულს წარუმატებლობებზე, იმედგაცრუებებს ვიღებ კანონზომიერებად, აღარ ველოდები სასწაულებს, ვისწავლე წყენის მშვიდად მიღება და როცა მეძალება ყველასა და ყველაფრისგან გაქცევის სურვილი, თავშესაფრად საკუთარი გონება და ფიქრები მეგულება.აღარ  ვფორიაქობ სისულელეებზე, აღარ მაშინებს სიკვდილზე ფიქრი, მაგრამ მაინც მუხლები მიკანკალებს შიშისგან უკან მიხედვისას მგლურ თვალებს და ქშენას რომ ვგრძნობ. თან მიხარია ეს ჩემი დაბრძენება და შინაგან სიმშვიდეში ჩათბუნება და თან მაშინებს, რაკი ვიცი, ეს იმას ნიშნავს, რომ მალე გამომაჭამს ყელს და რაკი ეს ვიცი, ბუნებრივია, რომ აღარ მეშინია სიკვდილის. ის ერთგვარი გამოსავალიცაა სიბერისთვის თავის  ასარიდებლად.

როცა ბავშვობიდან გრძნობ სიბერეს შენში, ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად, კიდეც უნდა ეგუებოდე ამას წესით, მაგრამ როდის იყო წესებს ვიცავდი.

ვაგრძელებ სირბილს და ვიმედოვნებ მანამდე მომისწრებს დიადი არყოფნა, სანამ საბოლოოდ არ შემახრამუნებს ეს დაუნდობელი ძუ მგელი. ან თუ მაინც შემახრამუნებს, ვიმედოვნებ მალე მოვა ყოჩაღი მონადირის ფორმაში გამოწყობილი, გაუფატრავს მუცელს, გამომიყვანს და გამიშვებს იქ, სადაც არ არიან ძუ მგლები…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «სიბერე»

  1. მაკა:

    როგორ მიყვარს ეს თავშესაფარი … საკუთარი გონება და ფიქრები…

  2. მაკუნია ❤ მომენატრე.

  3. zhana:

    ,, ნუ შეგაშინებს ჩემი ჭაღარა,
    ეს არც თოვლია და არც სიბერე,
    გრძნობამ და ფიქრმა ვერცხლით დამფარა
    და ახლა სხვა ფერს ვერ შევიფერებ…»

    ეს სიტყვები მახსენდება ხშირად, ინგა ფერაძის სიმღერიდან… მართალია, დროის ულმობელ სვლას თან მიაქვს გარეგნული სილამაზე, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მეტი შინაგანი სილამაზე მოაქვს, ეს უფრო მნიშვნელოვანია…გალაკტიონის არ იყოს, ,,როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს», ასე სჯობს ეს სულიერი სილამაზე ფიზიკურს, წარმავალს… დრო მას ვერაფერს აკლებს…
    წუთისოფლის ამაოებას დროის სვლასთან ერთად შევიგრძნობთ, ვკარგავთ ბევრ რამეს და, რაც მთავარია, ბევრ ვინმეს…საოცარია, რამდენი ტკივილის ატანა შეუძლია ადამიანს…
    ზოგის გზა ვარდებითაა მოფენილი, ზოგის კი ეკლებით… წუთისოფელი ზოგისთვის მამაა და ზოგისთვის მამინაცვალიო…რას ვიზამთ, ბევრი ტკივილი გვერგო…
    ,,ნუ მიენდობი, სოფელი მტყუანი არს და უპირო,
    არ დაიჭირვის ხელითა, რაც უნდა ბრჭყალი უჭირო,
    დღეს რომე ლხინი მოგაგოს, ხვალ ვერ მოურჩე უჭირო,,
    ამად სჯობს, ხორცი უვარჰყო, სულსა ულოცო, უწირო…»

    არ ვიცი, რამდენად ზუსტად მახსოვს გურამიშვილის ეს ციტატა, წუთისოფლის წარმავალობაზე და ამაოებაზე სხვაც ბევრი რამე წაგვიკითხავს, მაგრამ საკუთარ თავზე რომ განიცდი ადამიანი ყოველივე ამას, სულ სხვანაირად აღიქვამ…მერე მარადიულობას უფრო აფასებ, ვიდრე წარმავალს, სულიერად უფრო მდიდრდები, ვიდრე მატერიალურად… მოდი, ყველაფერ ამას, დაბერება კი არა, დაბრძენება დავარქვათ, ასეც არის, შენი ნააზრევის კითხვა მარწმუნებს ამაში და სულ არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ვიცვლებით გარეგნულად, მთავარია, ჩვენი სული მდიდრდებოდეს , ძლიერდებოდეს და ლამაზდებოდეს, ივსებოდეს სიკეთით, სინათლით, სიყვარულით, სათნოებით… ამას ყველაფერს ვხედავ, როცა შენს ნაწერებს ვკითხულობ და მიხარია, რომ სწორად დამინახავს თავიდანვე მეგობრების სულიერი სამყარო … ეს არის მარადიული ადამიანში, სული, და ამიტომ სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა სულიერ სამყაროსთან შედარებით! ისეთი კარგი წიგნი გამოვა ამ შენი ჩანაწერებიდან, რომ სულ დაგავიწყდება სიბერე და ასეთი განწყობილება! აი, ნახავ! აუცილებლად უნდა გამოიცეს წიგნად ეს მშვენიერი ჩანაწერები თუ მოთხრობები თუ ლექსები, აღარ ვიცი, რა დავარქვა, ეს პროზაც არის და პოეზიაც!

  4. ჟანა… ❤ როგორი კომენტარი იყო, გული გამითბა და თან მეტკინა ერთდოულად. მადლობელი ვარ, ჩემო ოქროს გულიანო და ოქროს სიტყვებიანო გოგო ❤

  5. zhana:

    მადლობა შენ ,იმისთვის, რომ ასეთი გულწრფელი ხარ!

  6. შენ კი იმისთვის, რომ არ ივიწყებ კატერინას ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s