ერთი საღამო ღმერთის სამყოფელში

ცხოვრება ყოფის მყრალ საცეცებს ისე გავლებს ზოგჯერ ყრონტში, ჰაერი აღარ გყოფნის, ხროტინებ და გრძნობ, როგორ გეცლება  ფეხქვეშ მიწა. გრძნობ, როგორ  აღწევს ნელ-ნელა, მტკივნეულად შენს ძარღვებში მისი შხამიანი კბილები, წვეთ-წვეთად გწოვს სისხლს და ყოველი გამოწოვილი წვეთის ნაცვლად შხამს გიტოვებს . ერევა ეს შხამი წყალს და სისხლის ნაცვლად მიედინება შენს გულამდე და შენ  ნელ-ნელა ქრები, უჩინარდები, იკარგები, წვეთ-წვეთად, მარცვალ-მარცვალ…

ასე წვეთ-წვეთად, მარცვალ-მარცვალ დაკარგული მივადექი მოწყალების მომლოდინე გლახასავით სინიორ როხასს. ვიჯექი მორთულ-მოაკზმულ, ძვირფასად აბრჭყვიალებულ დარბაზში და ყველა სიმდიდრეს, რასაც ირგვლივ ვხედავდი გახვრეტილი გროშის ფასი ჰქონდა ჩემთვის. მთავარ სიმდიდრეს მხოლოდ მას მერე ველოდი, ეს თვალისმომჭრელად აელვებული ჭაღი რომ ჩაქრებოდა.

მე არ ვარ მუსიკათმცოდნე, არც მუსიკოსი, თუმცა ვარ კარგი მსმენელი და ერთ გლახა მუსიკოსს რომ ვაჯობებ, ისეთი გარკვეული მუსიკის სფეროში. ამიტომაც მგონია, მაქვს უფლება ასე საჯაროდ მოვყვე ჩემი ემოციების შესახებ. მანამდე კი ალბათ აუცილებელია ვთქვა რა კონცერტი იყო და ვისგან ველოდებოდი ჩემი აღდგინების სასწაულს.

სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი რომ გვყავს, იცით, იმედია, ევგენი მიქელაძის სახელობის. ეს ის ევგენი მიქელაძეა, კარაიანს რომ უწევდა კონკურენციას, მახინჯ რეჟიმს რომ დაეცლია და იმ სისხლიან რეპრესიებს არ გადაჰყოლოდა( როცა ბერიასთან შეუყვანიათ დაკითხვაზე, თვალები აუხვევიათ, რომ არ სცოდნოდა, ვისთან შეჰყავდათ. როცა იმ ეშმაკის მოციქულს ხმა ამოუღია, ამას უთქვამს, როგორ ბრძანდებით ლავრენტი პავლოვიჩო. იმას კი აუღია საქსოვი ჩხირი და დაუნანებლად გაუყრია  დიდი მაესტროსთვის ყურში…). ამ ორკესტრს ჯერ მარტო ამ ადამიანის გამო ვგულშემატკივრობ და მერე მისი ხელმძღვანელის გამო. ეს ის ხელმძღვანელია, შურით დაბრმავებული ადამიანები, ვაიხელოვანები უნიჭოდ  და არაპროფესიონალად რომ ნათლავენ. ჰოდა, ამ ორკესტრის კონცერტი იყო გუშინ. აქვე ვიტყვი, რომ როცა მათ შესრულებას ვისმენ, სიამაყისგან წელში ვიმართები. სამწუხაროდ, ეს შეგრძნება ხშირად არ მსტუმრობს, ძირითადად პირიქითაა. ეს ნამდვილად ევროპული დონის ორკესტრია და ამაში მთავარი დამნაშავე ნიკოლოზ რაჭველია. დიახ, ჩემი ნიკალა, რომელიც ბედის უკუღმართობით აქ რომ არ დაბადებულიყო, კაი ხნის ხელის გულზე ნატარები ეყოლებოდა ყველა ნორმალურ ქვეყანას და უნიჭობის იარლიყის მიკერების მცდელობის ნაცვლად, გენიოსად მონათლავდნენ. რას იზამ, ჩემო ნიკოლოზ, გენიოსს უთქვამს, «ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო»…

ველოდებოდი ყანჩელის საოცარ მუსიკას და ცნობილიგიდონ კრემერის  განსაკუთრებულ ვირტუოზობას. რასაკვირველია, მოლოდინი მქონდა არაჩვეულებრივის, მაგრამ, გამოვტყდები, არც ასეთი…მსოფლიოში უამრავი ვირტუოზია, უამრავი მომისმენია, კიდეც მოვხიბლულვარ მათი ოსტატობით, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებულია. მაინც მგონია, რომ მხოლოდ ინსტრუმენტის კარგად ფლობა და დაკვრის ნიჭი და ხარისხი არაა გადამწყვეტი მუსიკოსისთვის. და საერთოდაც, ხელოვანი მხოლოდ მაშინაა განსაკუთრებული და ნამდვილად ხელოვანი, როცა საკუთარი ნიშა, საკუთარი ხელწერა  აქვს და თვალდახუჭილსაც კი არ აგერევა ვინმეში. არაპროფესიონალის ენაზე გეტყვით და მსგავსი პიანო არასდროს მომისმენია… ეს არაა ბგერა… ეს არის სიჩუმის, სიმშვიდის ულამაზესი, პატარა, მქრქალფთებიანი პეპლების ფარფატი მუსიკის სიმებზე, რომელსაც გადაჰყავხარ ეფემერულ სამყაროში, გავიწყებს მოკვდავობას და მერე ამ პეპლების ფრთებზე მსუბუქად შემოსკუპებულს გაფარფატებს ეთერის უკიდეგანო სივრცეებში…

ისიც უნდა გითხრათ, საკმაოდ ამაყმა და გახარებულმა ამ ფაქტით, რომ მეორე განყოფილებაში მასთან ერთად ალტისტი გიორგი ცაგარელი რომ დავინახე, ცოტა არ იყოს, სკეპტიციზმა დამრია ხელი. მეგონა დაიკარგებოდა ამ დიდი ადამიანის გვერდით. არც იცით, როგორ სასიამოვნოდ  გაოცებული დავრჩი, როცა მივხვდი, რომ საშინლად ვცდებოდი. რომ მიუხედავად თავისი ახალგაზრდობის, ეს ადამიანი ნამდვილად პროფესიონალია და ამ არაჩვეულებრივ ტანდემს არაფერი დაჰკლებია მისი წლების სიმცირით. და რომ იცოდეთ ისე ამაყად მახარებს ეს ამბავი, მიქარწყლება ეროვნული ნიჰილიზმი და წვეთ-წვეთად მიბრუნდება წლების წინ გაბნეული პატრიოტიზმი…

ჩელისტზე გეტყვით ბარემ, არაჩვეულებრივი ქალბატონი გიედრე დირვანაუსკაიტე, რომელმაც სასიამოვნოდ შეავსო ეს სიმების სასწაული მსუყე, ღრმა ბგერებით.

ყოველთვის ვთვლიდი, რომ უამრავ საკრავთა შორის ღვთაებრივობის მატარებელი სიმებიანი ინსტრუმენტებია, განსკუთრებით ვიოლინო და ფლეიტა კიდევ. მათი ხმა გაჯერებს ღმერთის არსებობას და გავიწყებს ცოდვილ, ჭუჭყიან მიწას, ბინძური ტალახით გადალესილს…

ახლა მუსიკაზე მოგიყვებით. ყანჩელს ასრულებდნენ. იყო Twilight მშობლირად ნაცნობი, ნოსტალგიურად ამაფორიაქებელი, ცრემლმოსადენი ყანჩელური ნიუანსებით, შემდეგ Angels of Sorrow სულისშემძვრელი ემოციების ცვალებადობით, გორის არაჩვეულებრივ ბავშვთა გუნდის მართლაც ანგელოზური ხმებით… ისე ამიტაცა და წამიღო შორს, ლურჯ მარადისობაში, ზესთა სოფელში ვიმოგზაურე, მგონია. ეს იყო სასუფეველი, მერე რა, რომ ხანმოკლე, სამაგიეროდ, გაცილებით ნამდვილი, და ხელშესახები, ვიდრე ის, რასაც იგონებენ და როგორც აღწერენ…

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, კიდეც მევალება, ვაღიარებდე სიტყვის უპირატესობას და ლიტერატურის პირველობას ხელოვნების დიდ და ვცრელ სამყაროში. ასეც არის, თუმცა მსგავსი სასწაულების სმენისას ვგრძნობ ყოყმანს და იმასაც, რომ უპირატესობის პინას მუსიკა სძალავს. მით უმეტეს, თუ საუბარი ყანჩელის მუსიკაზეა. პრინციპში აქ არცაა განსხვავება სიტყვასა და მუსიკას შორის. მისი ყოველი ბგერა სიტყვაა სამყაროში გაშვებული გზავნილად, მისი ყოველი ფრაზა დიდი, ღრმა ადამიანური ტკვილი და სიხარულია და ამ ყველაფრის საოცარი მონაცვლეობა. ხან ზეცაში აგიყვანს და გაფრენს ღრუბლებში, ხან მიწაზე განარცხებს და ამ აქეთ-იქით ხათქუნში თავიდან იბადები ადამიანად… როგორც ჩემი და ამბობს, ყანჩელი მუსიკაში ისაა, ვინც მწერლობაში დოჩანაშვილიო… მართლა ასეა. სიმსუბუქით მოტანილი სიღრმე და სიბრძნე, მხიარულება და ტრაგიზმი, ბედნიერება და უბედურება, ტკივილი და სიამოვნება აზელილია ერთად მუსიკის ჰანგებით შეკრული ერთ დიდ წიგნად, რომელსაც ცხოვრება ჰქვია…

ცალკე ვიტყვი იმაზე, რაც ბოლოს იყო. თბილისური პრემიერა იყო  NU.MU.ZU(შუმერულად ეს ნიშნავს «მე არ ვიცი»).. ეს კი თავად ავტორის ეპიგრაფია:»ის, რაც მსოფლიოში ხადება, ნელ-ნელა ანგრევს უკანასკნელ იმედს ჩემს ცნობიერებაში, რომლის გარეშე ყველა ჩვენგანისთვის სიცოცხლე კარგავს აზრს.მე არ ვიცი, რა მოხდება მომავალში,თუმცა მაინც ვოცნებობ ისეთ სამყაროზე,სადაც ფანატიზმი და ძალადობა აღარ იქნება…»

მე მოგიყვებით, რაც დამმართა და რაზეც მაფიქრა ამ მუსიკამ, თქვენც მოუსმინეთ და იფიქრეთ, რაკი ხელოვნების უპირველესი ფუნქცია ადამიანის გაკეთილშობილებაა, მისი კათარზისი.

პირველივე ბგერებიდან დავიკარგე. არა, ფიტული იჯდა პარტერის სავარძელში გადასვენებული, მაგრამ სული, გონება, მხედველობა დაქროდა უკიდეგანო ლაბირინთებში. ვიჯექი უძრავად და ვხედავდი ფილმს, რომელიც იყო ერთი დიდი პროტესტი, გულიდან ამოდღლეზილი, სისხლის ნაგლეჯებამოყოლილი ხავილი, ძახილი სამყაროში გაბნეული. ვხედავდი გავეშებული თემის პირისპირ სახეგამტკნარებულ ალუდას, აკანკალებული ხმით რომ ამბობდა «ვაი ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა-ბრალითაო», ვხედავდი ღირსებას, ადამიანობას, ჰუმანიზმს შეწირულ, ხმლებით აკუწულ ჯოყოლას, თმაგაშლილ აღაზას, მერანზე ამხედრებულ ბარათაშვილს, გველებთან მოცეკვავე ელის, ალავერდის გუმბათზე ხელებგაშლილ გურამს, დაძინების ქარაფზე მდგომ იგის,  დახეულჩოხიან ვაჟას, გუდაში ხმიადის ამარა დარჩენილს, ფანჯრიდან გასაფრენად გამზადებულ გალაკტიონს… მეც დავეხეტებოდი ჩემი არც თუ ისე ადვილი ცხოვრების ლაბირინთებში, თვალწინ მიტრიალებდა ოცნებები, ნამსხვრევებად ქცეულები, გრძნობები, ყინულებად გაბნეულები, კომუნალური გადასახადების ქვითრებს დამსგავსებული იმედები, ტკივილი, სიბნელე, მერე სინათლე, სხივად შემოჭრილი…და ეს ყველაფერი წვიმდა ღვათქაფად ჩემს თვალებიდან. როცა ბოლო ბგერა გაისმა, როცა დამთავრდა ეს უცნაური სვლა-ფრენა, მე დავუბრუნდი ჩემს უღონო სხეულს.

ზამთრის ცივ ღამეს გავყევი  თბილისის ქუჩებში. სიცივე მიგრილებდა ცხელ ლოყებს და ვგრძნობდი, როგორ მიდი-მოდიოდა სისხლი ძარღვებში, როგომ მსუბუქად მიმესვლებოდა ამ ნაცრისფერ ღამეში.

ამ საოცარმა საღამომ, ღმერთმა, რომელიც ჩემთვის მუსიკაში ცხოვრობს, წვეთ-წვეთ ცრემლებად ჩამომიცალა ყოფის სიმძიმე და ბგერების მაგიით გაცოცხლებული, გაძლიერებული, მკვდრეთით აღდგენილი გამომიშვა ქაოსის სამფლობელოში.

ემოციებმოზღვავებულებს არ გვეთმობოდა საღამოს დასრულება. მერე გვიანობამდე ვისხედით «ZAZANOVA»-ში, ვსვამდით ცხელ, არომატულ ხილის ჩაის და ვუსმენდით ერთი კარგი გიტარისტის დაკრულ მშვიდ, არაჩვეულებრივ მუსიკაც ასეთივე არაჩვეულებრივი ფილმიდან, რომელსაც დაგიტოვებთ სულერად ამაღლებული, განწმენდილი, ამსუბუქებული კატერინა და გეტყვით, რომ სამყარო შეიძლება იყოს მშვენიერი, თუკი თქვენ მოინდომებთ ამას ❤

 

.

Запись опубликована в рубрике თეატრი, კინო, მუსიკა с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «ერთი საღამო ღმერთის სამყოფელში»

  1. მაკა:

    ქეთი მომენატრე. საოცარი ბლოგით შემოხვედი დღეს ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაში.
    როგორ მენატრება ეს ყველაფერი … თუ კიდევ შემიძლია …….

  2. კი, მაკა შეგიძლია. ერთხელაც ერთად წავალთ ასეთ საღამოზე ❤

  3. მაია გოგავა:

    დიდი მადლობა არაჩვეულებრივი წერილისთვის. მე როგორც ამ ორკესტრის მევიოლინე, ბედნიერი ვარ, როცა ვკითხულობ და ვგრძნობ, ჩვენს გუშინდელ მონდომებას ასეთი გრძნობები გამოუწვევია თქვენში და იმედია სხვა ადამიანთა გულებშიც. ყოველი კონცერტის წინ გამახსენდება რომ ჩვენ ვუკრავთ თქვენთვის!

  4. მაია:

    გიტარისტი კი არაჩვეულებრივი გიორგი ფხალაძეა, ჩვენი მევიოლინის მეუღლე.

  5. მადლობა თქვენ ყველას, სათითაოდ, დიდი საქმის ასე თავდადებით და სიყვარუ;ლით კეთებისთვის ❤

  6. კი, არაჩვეულებრივია, ნამდვილად.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s