თუ გაზაფხულმა დაიგვიანა

თუ გაზაფხულმა დაიგვიანა, გადავიფარებ ფიქრის თბილ საბანს,01

ჩავიორთქლები ლიმონების სურნელებაში.

გაყინულ სხეულს ავაწებებ გახურებულ ზურგს და

ცივ ტერფებს მივაფიცხებ ცხელ წვივებს.

თუ გაზაფხულმა დაიგვიანა, კედელს მივახატავ აყვავებულ ატმის რტოს,

ვარდისფერიდან გადავხედავ ზამთრის ნაცრისფერს,,

მაჯებზე ავიკინძავ მძივებს ფერად-ფერადს,

სხეულს შემოვახვევ ფიქრის ფერად ფარჩებს.

თუ გაზაფხულმა დაიგვიანა, გრძნობებს  ჩამოვმარცვლავ ცრემლებად.

ცრემლების მარცვლებს სიტყვებად ავკინძავ ,

ჩამოვიკიდებ ყელზე თილისმად.

თუ გაზაფხულმა დაიგვიანა, გადავიფარებ ფიქრის თბილ საბანს

და დავისიზმრებ სიზმრებს ზღვისსუნიანს, მზით გათანგულებს.

ყოფნა-არყოფნის საფიქრალში გავლევ ღამეებს,

გაყინულ თითებზე ჩამოვითვლი დარჩენილ დღეებს.

თუ გაზაფხულმა დაიგვიანა, გადავიფარებ ფიქრის თბილ საბანს,

ფეხით დავივლი ქუჩებს ფერად-ფერადს, აყვავებულებს.

თუ გაზაფხულმა დაიგვიანა, ფიქრის სამალავს შევეხიზნები პენელოპად

და ფერად ძაფებად ჩამოვართავ ნაცრისფერ მოლოდინს.

Запись опубликована в рубрике არაპოეტური ლექსები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Оставьте комментарий