მტკვარს გატანებული სიცოცხლე

უამრავი ადამიანი ირევა კატერინას ფიქრებში. მერე ამ ფიქრებშივე ლაგდებიან ისტორიებად, am-Murray_Tinkelman_03პორტრეტებად, პერსონაჟებად, დადებითებად, უარყოფითებად, გასაღიმებლებად, ცრემლის დასაღვრელებად. ვფურცლავ და ვფურცლავ გონებაში ყოველ მათგანს, თავთავიანთი ისტორიებით, ზოგზე ვწერ, ზოგზე-არა, ზოგს სამომავლოდ ვინახავ მარაგად. სწორედ ამ გადანახულებიდან გამოვჩხრიკე ელენე, ჩემი ყოფილი მეგობარი…

სკოლაში გავიცანით ერთმანეთი, იმ საშინელ სამასწავლებლოში, ასე ჭირის დღესავით რომ მეჯავრებოდა, იქ შესვლა. შევედი ერთ დღესაც და სასაიმოვნოდ გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ კიდევ ყოფილა ჩემსავით ბედის უკუღმართობით სკოლაში მოხვედრილი ადამიანი, რომელიც ჩემსავით არღვევდა ფონს ამ საყრუეთში. დავუახლოვდით ერთმანეთს. საერთო ბევრი აღმოგვაჩნდა. ორივეს ჯავახიშვილი გვქონდა დამთავრებული, თითქმის ერთსა და იმავე წლებში, საერთო ნაცნობები, ლექტორები, საერთო სიტუაციები, სტუდენტობის მოგონებები, საერთო სია წაკითხული წიგნების, საყვარელი მწერლების. იმას ერთი შვილი ჰყავდა, მე -ორი. მისი გოგო ჩემი უმცროსი ბიჭის ტოლი იყო. მარტო ზრდიდა და ამაშიც ბევრი გვქონდა საერთო. გვესმოდა ერთმანეთის პრობლემების, სატკივარის. მოკლედ, სასიამოვნოდ აეწყო  ურთიერთობა და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ჩემი უჯიათობა, პრეტენზიულობა. არა, განა რამეს მოვითხოვდი მისგან. მაგრამ ალბათ ვტყუი და მოვითხოვდი, რაკი ასე ადვილად შევძელი მისი ამოშლა ახლობლების სიიდან.

არაფერი დაუშავებია. უბრალოდ, ტყუილებში გამოვიჭირე რამდენჯერმე. დავფიქრდი, მერე კიდევ გამოვიჭირე და უკვე ნდობადაკარგულმა ეჭვით დავუწყე ყურება. გრძნობდა ალბათ, უთქმელად რომ ვშორდებოდი ნელ-ნელა და ყველანაირად ცდილობდა გაჩენილი დისტანციის დარღვევას. მეძალებოდა. ხან სად მომაგნებდა და ხან სად. ცდილობდა საუბრის გაბმას, გულახდილობას, მე კი არ ვაცლიდი და ტაქტიანად ვიცილებდი.

რაც მეტად ცდილობდა, მით მეტი წინააღდეგობა ხვდებოდა ჩემგან. რაც მეტად ვშორდებოდი, მით მეტად იცვლებოდა. ვატყობდი ამ ცვლილებას. თავიდან მიკვირდა, მერე შევაჩვიე თვალი და რაკი ჩემთვის სულერთ ადამიანად ჩავთვალე, აღარც დავინტერესებულვარ ამ ცვლილებების მიზეზებით.

ოღონდ ცვლილებაც არის და ცვლილებაც. სხვა ადამიანი გახდა ჩაცმითაც, ქცევითაც, თანაც ისეთი ადამიანი, როგორებიც გულს მირევენ და როგორებსაც ახლოს არ ვიკარებ. აი ასე, თვალსა და ხელს შუა, თანდათან, ამ სასიამოვნო ადასმიანისგან  ერთი გატყლარჭული, უგზო-უკვლოდ გათითხნილი, ვულგარულად ჩაცმული ქალი დადგა. სხვების არ ვიცი და მე კი ძალიან მაოცებდა ეს ცვლილება. ისე იცვამდა, აი კიდეც რომ შეგრცხვებოდა მის გვერდით დადგომა, მით უმეტეს, მოსწავლეების დასანახად. კიდეც აჟივჟივდა მთელი სკოლა. ხან რას უგონებდნენ და ხან რას. მესმოდა და არ ვიმჩნევდი, არც ვინტერესდებოდი, რა იყო მართალი და რა ტყუილი. ჩემთვის დასაფიქრებლად ისიც საკმარისი იყო, რასაც საკუთარი თვალით ვუყურებდი და რისი მომსწრეც რამდენჯერმე თავად გავხდი. მესმოდა, მაღალი კლასის ბიჭებს ეარშიყებაო, კიდეც ეძლევაო, მაგრამ ვუყრუებდი. ბიჭებსაც მეტი რა უნდოდათ. ამ ასაკში ძალიან დაუნდობლები არიან ბავშვები, ჰოდა რაც იყო და არ იყო, ყვებოდნენ და ყვებოდნენ. ხანდახან მიჩნდებოდა სურვილი, მივსულიყავი, მეკითხა, რა გიჭირს, რა გჭირს, ეგებ გიშველო რამით-მეთქი, მაგრამ მერე ვუმეორებდი საკუთარ თავს, რომ ყველა თვითონ აკეთებს ამ ცხოვრებაში არჩევანს და ყველამ თვითონ იცის თავისი საქმე. პერიოდულად ისევ ჰქონდა მცდელობა ჩემთან ჩაჯდომა-ბაასის, მაგრამ უკვე იმხელა და იმსისქე გამხდარიყო გაჩენილი ყინული, უზარმაზარ აისბერგს რომ გადააჭარბებდა.

მოკლედ აი ასე, ერთი ხელის მოსმით და გადაჭრით მოვიწყვიტე ეს ადამიანი. კი მეფიქრებოდა მასზე, ვხვდებოდი, რომ რაღაც ვერ იყო მის თავს კარგად. არ ვიცი,  ეს ხაზგასმით ველური»ნაშის» იმიჯი და გამომწვევი საქციელი საკუთარი თავის რეალიზებულ ქალად აღქმის მცდელობა იყო, საკუთარ კომპლექსებთან ბრძოლა, თუ უბრალოდ ფსიქიკის რღვევა…

ზამთარი იდგა. მამა გარდაიცვალა. რასაკვირველილა, სამსახურში არ დავდიოდი. ვიჟექი ჭირისუფლად და მესმოდა, როგორ ყვებოდა ყველა მომსვლელი ახალ ამბავს, ტელევიზიით გადმოცემულს, რომ ვიღაც ახალგაზრდა ქალმა მტკვარში დაიხრჩო თავი და ეძებენ…

მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, რომ ეს ახალგაზრდა ქალი ელენე ყოფილა…წერილი დაუტოვებია: გარეთ ღამეა და საშინელი ქარიაო. როგორ არ მინდა ახლა გარეთ გასვლა, მაგრამ უნდა წავიდე, სხვა გზა არააო. უნდა წავიდე, რომ ჩემი შვილი დავიცვა და გადავარჩინოო. მტკვარი ალბათ ცივი იქნება, მე კიდევ როგორ არ მიყვარს სიცივეო. როცა ჩავხტები, პირს დიდზე გავაღებ, რომ მალე დავიხრჩო და დიდხანს არ შემცივდესო. ემშვიდობებოდა შვილს. მაპატიეო. ჩემზეც ეწერა თურმე, ჩემი მეგობარი იყოო… მომკლა ამ ფრაზამ…

ისევ ასავსავეს ენები უსაქმურმა ჭორიკნებმა. ზოგმა თქვა, ვალები ჰქონია და ემუქრებოდნენო. ალბათ თამაშობდა, თორემ რად უნდოდა ამდენი ფულიო. განსაკუთრებით ისინი ილანძღებოდნენ, ვისი ვალიც ემართა. იმასაც მოვკარი ყური ამ მორალისტებიდან ზოგიერთი მევახშეობდა თურმე და რაკი ვალს ვერ უბრუნებდა ის საწყალი, ემუქრებოდნენ, არეკვინებდნენ ვიღაც-ვიღაცებს.

რომ წარმოვიდგენ, რა ტრიალებდა მის თავსა და გულში, როგორ წერდა იმ წერილს, როგორ მიუყვებოდა ზამთრის სუსხიან, ქარიან ღამით პლეხანოვს სახლის ხალათით და ჩუსტებით, სირცხვილი ყრონტში მავლებს კლანჭებს და მხუთავს. ეგებ მე რომ არ მეგანა მისთვის, ეგებ ასე დაუნდობლად რომ არ ამომეშალა ცხოვრებიდან, ასე აღარ მოქცეულიყო. ეგებ როგორ ვჭირდებოდი, მე კი მორალისტებს და უგულო, სასტიკ მოსწავლეებს აყოლილმა კარი ცხვირწინ მივუხურე და გარეთ დავტოვე უადამიანო ყინვასა და სიბნელეში…

ძალიან ცოტა ადამიანის წინაშე ვგრძნობ დანაშაულს. უმეტესად ესენი გარდაცვლილები არიან. ცოცხალთა შორის არავინაა ისეთი, ვისთვისაც ბოდიში მქონდეს მოსახდელი. თუმცა იმ გარდაცვლილებში, რომლებზე ფიქრისასაც მტანჯავს სინდისი, ელენე გამორჩეულია. როცა მას ვიხსენებ, ასე მგონია პანელზე გავამწესე საკუთარი ადამიანობა და გულგრილად ვუყურე, როგორ მიბახებდნენ  სინდისს მტკივნეულად, სასტიკად…

ქარია გარეთ. ცივა. მე ვზივარ და ყელში ბურთად მაწვება ერთი გზააბნეული გოგოს ამბავი, განავლის სუნით აყროლებულ მტკვარს გატანებული მისი მოკლე სიცოცხლე. ვცდილობ შევძვრე მის ტყავში, მის ფიქრებში, წარმოვიდგინო, რას განიცდიდა იმ დროს, შუაღამისას ქუჩას რომ მიუყვებოდა, მოაჯირზე რომ ძვრებოდა, წყალში რომ ხტებოდა…

დაუნდობელი გაკვეთილები იცის ცხოვრებამ, ეკლიანი წკეპლით მროზგველი  გაკვეთილები…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «მტკვარს გატანებული სიცოცხლე»

  1. მაკა:

    დიდი ხანია არ ჩანდი, ვიფიქრე მომეწერა … როგორ ხარ — თქო …
    დამასევდიანე

  2. დაუნდობელი გაკვეთილები იცის ცხოვრებამ, ეკლიანი წკეპლით მროზგველი გაკვეთილები… ——— უფ…. დავიზაფრე….

  3. ხო, იყო მძიმე ეს ისტორია, დაწერაც გამიჭირდა…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s