ბავშვობა, როგორც დიოსკურია

12509078_1658968021037304_513191061442754624_n

სამნი დავრჩით ოჯახში: მე, დედა და მამა. ბაბუა გუშინ დავასაფლავეთ.დედა ზის და ტირის. მამა აჩუმებს, ნუ შეგვჭამე, დაგვასვენეო. მე არ მეტირება. მრცხვენია, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. არც გულის დაწყვეტას ვგრძნობ. სინდისი მქენჯნის, გამორჩეულად ვიყვარდი ბაბუაჩემს, მე კი…

დედას სურათები გადმოუყრია. სათითაოდ ვიღებ და ნელ-ნელა მიცოცხლდება თვალწინ ბავშვობა.

აი ამ ფოტოზე ჩემი დედულეთია, გაგრა. აი, ჩვენი ეზოც, ათასნაირი ყვავილით გადამალაზებული, პალმებით, ფეიხოებით, ბუშმალებით… ვუყურებ ფოტოს და თითქოს სუნიც კი მცემს მათი, ხმაური მესმის აქაფებული ზღვის, ჩემი ოთააის აივნიდან რომ მოჩანდა. აი, ჩვენი სახლიც, დიდი, თეთრი, ლამაზი აივნებით, ზაფხულის საღამოებში  მუდმივად სტუმრებით რომ იყო სავსე და ლამის გათენებამდე ისმოდა ამბრის და უმბრის… აგერ ბიძაჩემი, ჩემი ბუთხუზა ბიძია, კისერზე  შემოვუსვივარ საყვარელი დისშვილი, მე თმებში ვარ ჩაფრენილი, ის კი იცინის გულიანად.

არდადეგებიდან არდადეგებამდე  სული კბილით მეჭირა. ვითმენდი ბებიას და ბაბუას მონატრებას, ვითმენდი ბიძასთან თამაშის სურვილს, ვითვლიდი დღეებს, საათებს, წუთებს და როცა, ბოლოს და ბოლოს, დგებოდა ის ნანატრი დღე, ვალაგებდით მე და დედა ჩემოდანს, ვსხდებოდით მატარებელში და მივემგზავრებოდით.გრძელი  გზაა და დაიძინეო, მეუბნებოდა დედა. მე კი ჯიუტად  ვიჯექი ფანჯარასთან და ვაკვირდებოდი ყველაფერს, სანამ ძილი არ მომწყვეტდა  ყინწს. გამთენიისას მეღვიძებოდა და ჩაწეული ფანჯრიდან ვგრძნობდი ზღვის სუნს. ბევრი ვერაფერი შემოიტოვა ჩემმა ბავშვობის მოგონებებმა, მაგრამ  ეს სურათი ცხადად მახსოვს და ხშირად ვხედავ ფილმის კადრივით: რაღაც უცნაური სინათლე თუ სითეთრე ირგვლივ, ხვინჭკები აქეთ-იქით, მიხრიგინებს ლიანდაგზე მატარებელი და გვერდით მოჩანს  რძისფერ-ცისფერში არეული ზღვა…

ბაქანზე ბიძიას მძღოლი გველოდებოდა, რაკი თავად მას არასდროს ეცალა, საქმეების გადამკიდეს. გული მიფანცქალებდა სიხარულით. მანქანა ჩერდებოდა. გადავხტებოდი და შევრბოდი ჭიშკარში. ბებო და ბაბუ ეზოში  მელოდნენ. ჩამომივიდა ჩემი პრინცესაო, იტყოდა ბაბუა და ამიტაცებდა ხელში. სანამ ბებია სამზარეულოში ფუსფუსებდა, ბაბუა ეზოს მომატარებდა, დამათვალიერებინებდა ახალ-ახალ ნარგავებს, ახალ-ახალ ყვავილებს, გამომკითხავდა თბილისურ ამბებს. ამასობაში სუფრაც იშლებოდა, მერე ბიძიაც მოვიდოდა და ვიკრიბებოდით ყველა დიდ ვერანდაზე.

აქ იყო ყველაზე მხიარული დღეები, დავალებების, მასწავლებლების, დედის დარიგებების, საყვედურების, აკრძალვების გარეშე. აქ კიდეც ვიჯერებდი, რომ მართლა პრინცესა ვიყავი. ამიტომაც იყო, რომ ღრიალით ვსკდებოდი თბილისში გამომგზავრებისას.

მერე ერთხელაც სამუდამოდ დამეკარგა ეს სიამოვნება. მაშინ დიდად ვერც გავიგე, რა მოხდა და ვის რა უნდოდა, იმას კი მივხვდი, რომ აწი ვერასდროს ჩავიდოდი ბაბუასეულ სახლში. მერე დედას და მამას საუბარს მოვკარი ყური. დედა ტიროდა, მამა ეუბნებოდა, ვერ გავარკვიეთ, არც ცოცხლებშია და არც მკვდრებშიო. მარტო ის გავიგე, დაუჭერიათ და სხვებთან ერთად სტადიოზე  შეუყვანიათო. დედა ტიროდა, იქ ვინც შეიყვანეს, ყველა დახვრიტეს და მაგას ვინ დატოვებდა ცოცხალსო. თურმე ჩემს საყვარელ ბიძიაზე საუბრობდნენ. იმ ღამით ვიტირე და ვიტირე…

მერე იქაურმა მეზობელმა დაურეკა დედას, ბებოს დამბლა დასცემოდა ბიძიას დაპატიმრების შემდეგ. ჰოდა ერთი რომ ჩაწვა, ვეღარც ადგა. იყო ასე ლოგინს მიჯაჭვული. იკლავდა ტირილით თავს დედა, მამა აწყნარებდა, აქედან მაინც ვერაფერს ვუშველითო.

კიდევ დარეკა  იმ მეზობელმა, გააფთხილა დედა და მამა, შესვლას აპირებენ თქვენს სახლში და დროზე გაიყვანეთ მშობლები, რამე არ მოუწიონო. მე დაგეხმარებითო.

გაფრინდა მამა მოსკოვში, იქიდან სოჭში და იმ მადლიანმა ადამიანმა იქ დაახვედრა უვნებლად მოხუცები. ჩამოიყვანა და მას მერე ერთად ვცხოვრობდით გაჭირვებით ჩვენს ხუხულა ერთოთახიან «ხრუშჩოვკაში».

იმ დღიდან სევდამ და ცრემლმა დაიბუდა ოჯახში, ჩემს ბავშვობაში… წავიდოდი  სკოლაში, დავბრუნდებოდი და ბებო და დედა თვალებდასიებულები მხვდებოდნენ. ვითომ არ იმჩნევდნენ,  შევიდოდი თუ არა, ჩუმად იწმენდნენ ცრემლს და ჩუმდებოდნენ, მაგრამ მე ხომ ვხედავდი, ვგრძნობდი ამ სიჩუმეში ჩამხრჩვალ ტკივილს, ჩაგლესილ გოდებას…

როცა ყველაფერი დამთავრდა, დასაკარგი დაიკარგა, თავისი ადამიანებიანად და მათი ცხოვრებებიანად, ძებნას შეუდგნენ ბიძაჩემის. მისი ცოცხლად ყოფნის იმედი არავის ჰქონდა, მაგრამ ეგებ მკვდარი მაინც ვნახოთო. საბოლოოდ დაადგინეს, დახვრიტეს სტადიონზეო და არც არავინ იცის, სადაა ჩამარხული, ან საერთოდ დამარხეს თუ არაო.

ბებო ამის მერე მალე გარდაიცვალა.

დავრჩით ოთხნი. მეცოდებოდა ბაბუა. უცნაური ის იყო და ვერაფრით ვხვდებოდი მიზეზს, რომ დედაც და მამაც უხეშად ექცეოდნენ ბაბუას. განსაკუთრებით მამა. დედა მხოლოდ ხანდახან, როცა ბაბუა გააბრაზებდა, გადაუგდებდა ხოლმე მწარე-მწარეს. ვერც ვეკითხებოდი ვერავის, რას ერჩოდნენ ამ საწყალ მოხუცს. გადამაჩვია კითხვების დასმას ბავშვობასთან ნაადრევმა გამომშვიდობებამ. ეჰო, დამნაშავე ვარ, ცოცხალი რომ ვარო, იტყოდა ხოლმე ბაბუა და გული მიკვდებოდა.

ასე გადიოდა ხმაურიან დუმილში, ცრემლიანმოგონებებიან  დღეებში წლები. მე ვიზრდებოდი და ღამღამობით ისევ ვხედავდი ძილის წინ უცნაურ რძისფერ სითეთრეში ჩაძირულ ზღვას და ლიანდაგებს.

ერთხელ სტუმრები იყვნენ.  კაცებმა დალიეს. შეყვნენ ლაპარაკს მამა და ბაბუა.  მამამ წამოაძახა, შენ რა კაცი ხარ, საკუთარი შვილი გაწირეო. ბაბუა წამოჭარხლდა, ნიკაპი აუკანკალდა, ცრემლები წამოუვიდა და სამზარეულოში გავიდა უხმოდ. დედამ ჩხუბი დაუწყო მამას, თავისი ყოფნის მაგას და როგორ არ გრცხვენიაო. აღარ მომასვენა ცნობისმოყვარეობამ. შევუჩნდი მამას და ვათქმევინე ბოლოს.

როცა ქართველებს დაერივნენ, ბიძაჩემს მოუხერხებია სახლში შეპარვა. უბრალო კაცი არ იყო და ყველა ხვდებოდა, რომ არავინ გააჩერებდა ცოცხალს. სხვენი ჰქონდათ და იქ გადაუმალავთ მშობლებს. შეცვენილან იმ ღამით. დასგომიან თავზე მოხუცებს იარაღით. სიტყვა ვერ დააცდენინეს ვერც ერთს. მერე ბაბუა მიუბამთ სკამზე და ცემა დაუწყიათ. ვეღარ გაუძლო თურმე და უთქვამს შვილის სამალავი…

არ უნდა მოეყოლა ალბათ მამას ეს ამბავი. თვალებში  ვეღარ ვუყურებდი ბაბუას. მისი დანახვისას სულ ბიძაჩემი მახსენდებოდა და სიბრაზე მახრჩობდა.

სამნი დავრჩით ოჯახში. ბაბუა გუშინ დავასაფლავეთ. დედა გაუთავებლად ტირის, მამა აჩუმებს, მე კი არ მეტირება… ცრემლი სადღაც წაიღო ტკივილმა, შორს, მოუსავლეთში, ისე, როგორც ჩემი ბავშვობა და რძისფერ სითეთრეში ჩაძირული ზღვა და ლიანდაგები…

ხანდახან, როცა ძველ ფოტოებს ვათვალიერებ, მგონია, ზღვამ დაიტანა ქვეშ ჩემი ბავშვობა. ასე დიოსკურიასავით წევს ღრმად ფსკერზე და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული ისეთივე მითოსურია და ლეგენდის მსგავსი, როგორც დიოსკურიას ამბავი…

სადღაც შორს, მიუწვდომლად შორს, მიუხედავად სიახლოვის, არის ერთი მზიანი პატარა ქალაქი, რომელთანაც რძისფერ სითეთრეში ჩაძირული ზღვა და ლაინდაგები მიგაცილებენ. არის ერთი დიდი  ეზო და თეთრი სახლი. ბაღში ალბათ ისევ დგას ფეიხოა და ბუშმალა, პალმებიც ალბათ ისევ იწონებენ თავს. ან იქნებ სულაც არაა ასე და ისევე გადახმა და გაუდაბურდა იქაურობა, როგორც ჩემი იმედი იქ დაბრუნების…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s