ჩიკონე

ჩიკონე იმერეთის ერთ მხიარულ სოფელში ცხოვრობს. ნამდვილი სახელი არც მე მახსოვს და მგონი არც არავის დუნიაზე. არ ვიცი, რა მსგავსება იპოვეს ენაკვიმატმა იმერლებმა  ამ ჩინდრიკა კაცსა და სისხლისმსმელ ჩიკოტილას შორის, მაგრამ კი შერჩა ეს სახელი.შემოკლებით  ჩიკოსაც ეძახიან.

ნამდვილი ექსპონატია ჩიკონე. გასაღიმებელი, აჰ, არა ამას რავა ვაკადრებ ამ მთასავით კაცს, ღიმილი რას ეყოფა ადამიანს მის შემხედვარეს. გასაცინებელ-გასაფხრეწია ეს ჩვენი ჩიკოია. ანიმაციურ  გმირს ჰგავს გარეგნულად. როცა მის ბავშვობას იხსენებენ იმერლები, ზედ მოაყოლებენ სასხვათაშორისოდ, მას მერე კი არ გაზრდილაო. სიმაღლით  ჰაი და ჰა მეტრი და ორმოცდაათი იქნება, გაჩხიკინებული, პატარა ხელებით და ფეხებით, გაბუძგნილი წვერით და სასაცილოდ დაქაჩული თვალებით. ხრინწიანი ხმა აქვს და რაღაცნაირად გაწელილად ლაპარაკობს, უცნაურად ახვევს და ახუჭუჭებს იმერულ კილოს.

უმეტესად სამხედრო შარვლითა და ქურთუკით დაიარება. შალვას რომ თოკი უნდა სჭეროდა ხელში, რადგან სიმღერას უხდებოდა იმ ერთ გენიალურ სპექტაკლში, ისეა მისი საქმე. ამბებს უხდება ასე. მეტ დამაჯერებლობას სძენს მის მონათხრობებს ომების და იქაური ისტორიების შესახებ. მოისვამს პირზე ხელს, მოხსნის გუდას პირს. აქეთური თუ იქეთური. აბა აფხაზეთი გინდა თუ სამაჩაბლო, გამსახურდია გინდა თუ კიტოვანი, რაც გინდა, სულო და გულო. და ყოველ ამბავში მოვლენების ცენტრში თვითონაა.

-ტრიალ  მინდორში ვართ, ბიჯო, და ატყდა მარა რა ატყდა. აქედან პულემიოტი ისვრის, იქიდან ავტომატების რაკარუკია, სნაიპერებიც გვესრვიან და გვესვრიან. ადგილიც არაა იმფერი, რომ შეყო თავი და დეიმალო. ჰოდა, სიმონ, დაჭრეს ერთი ჩემ გვერდით. რა მექნა, ხომ არ დავტოვებდი? წამევიკიდე ზურგზე. მივრბივარ და მივათრევ ამასაც. დამჭრენ ამასობაში, მარა მაინც გავრბივარ, კიდე დამჭრენ. ჰოდა ვარ ასე ამ დღეში. გავრბივარ,  ზურგზე  ეს  მუტრუკი მყავს მოგდებული  და აქეთ-იქით  კიდევ გაუდის წიუ-წიუ. მივაღწიე, რაფერც იყო შტაბამდე. ის კაცი კი გადაარჩინეს და ჩემს მზეს ნაფიცება ისიც და მისი ოჯახიც. მე ქე დამცხრილეს  მთლად საცერივით, მარა მაგი დამაკლებდა რამეს დათვზე მონადირე კაცს?

ყვება და ყვვება, თან ფეხზე დგება, არ ვიცი, მეტი დამაჯერებლობისთვის თუ ემოციებს ვერ ერევა და იმიტომ. თვალები უბრწყინავს, ამაყად იყურება და აკვირდება აუდიტორიას. ახლა ამ დროს ვინმემ რომ საეჭვო კითხვა დაუსვას და უნდობლობა გამოხატოს, იგივე იქნება, ტყვია რომ დაახალო შუბლში და სასიკვდილოდ გაიმეტო. ჰოდა, იციან ეტყობა ეს კეთილმა იმერლებმა და ხალისით და სიცილ-სიცილით უსმენენ.

ყველა ოჯახში სასურველი სტუმარია.ყველას უყვარს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ნამეტანი კეთილი გულის პატრონია და ერთგული ბუნების, მეორეც, მისი ისტორიების მოსმენა არასდროს მოსწყინდება ადამიანს და არც მოწყენა შეაწუხებს ვინმეს კაი ხანს.

თუ ჩამოსული დაინახა და მოიხელთა, ხომ კიდევ უფრო მძლავრად შლის ფრთებს. ყვება ნადირობის საოცარ ამბებს. პატიჟებს კალმახზე სათევზაოდ( სად  ნახა იმერეთში კალმახი, კაცმა არ იცის), ლანჩხუთის მთებში გარეულ თხებზე სანადიროდ, რომლებიც მისი აღწერით ძალიან ჰგვანან ჭიუხებში მობინადრე, წითელ  წიგნში შეყვანილ ჯიხვებს.

-წევედით, ამას წინებზე, ბიჯო, სანადიროდ. მივყობი ასე ჩუმად ტყეში. უცებ ღრიალი გევიგე, მოვტრიალდი და დათვი არაა? კიდო კაი, გადატენილი მქონდა, ვესროლე და დავჭერი, ბიჯო. დაგორდა და გავყევი. მივედი ახლოს და არ წამოდგა ისევ? ვიფიქრე, ვაი შენს დღეს ახლა, ჩიკოია-თქვა, მარა არ დევიბენი და მივუშვი და მივუშვი. კი წამოვაქციე. იმხელა იყო, ხუთი კაცი მოუნდა მის გატყავებას. მთხოვეს მერე იმგენმა, გვაჩუქე აი ტყავიო და ხათრი ვეღარ გოვუტეხე.

საჭირო კაციცაა ჩიკონე. «კაჭკა» ჰყავს, ანუ ჩვენს ენაზე ურიკა, შიგ შებმული ცხენებით და როცა რაიმეს გადატანააა საჭირო, დაუზარებლად ეხმარება ყველას. თავს იწონებს, ცხენები მყავს სულ ნარჩევ-ნარჩევი, ინგლისური ჯიშისო.რაღა მაინცდამაიც ინგლისური და არა, სიტყვაზე, არაბული, ეგ არ ვიცი, ალბათ მისი ჭკუით ინგლისური უფრო ღირსეულად ჟღერს.

ერთხელ ღორების და გოჭების ჩაბარება გადაუწყვეტიათ ჩიკონეს და ბიძაჩემს. ეს ბიძაჩემიც კაი ოხერი იყო და მიუხედავად იმის, რომ შვილად შეეფერებოდა ჩიკოია, ძმაკაცობდნენ.

შეუმაბთ ჩიკონეს ნაქები ცხენები «კაჭკაში», ჩაუსვამთ ღორები და გოჭები, თან თოკით მიუბამთ შოგნით, გზაში არ გადმოხტნენო და წასულან. მიაჭენებს ჩიკონე ცხენებს და ხედავენ უკნიდან დიდი ღორი მოსდევთ.

-ილიჩ, მეჩვენება, თუ ღორი მოგვსდევს უკან?-ეკითხება ჩიკონე.

-კი, ბიჭო, ეტყობა გოჭების ჭყვირილი გეიგონა ვიღაცის დედა ღორმა და გამოგვეკიდა. ოუჩქარე ერთი, არ დაგვეწიოს.

დასცხო და დასცხო ჩიკონემ, აიწყვიტეს ცხენებმა. მიქრის «კაჭკა» და მისდევს გამწარებული ჭყივილით დედა ღორი. შეანელებენ, ისიც ანელებს, აუჩქარებენ, ისიც აჩქარებს. ასეთი გადარეული მარულით ჩააღწიეს ჩაუქმა მხედრებმა და თავგანწირულმა ღორმა ცენტრამდე. გადმოვიდნენ ბიძაჩემი და ჩიკონე და ხედავენ ეს საწყალი მორბენალი ღორი თოკითაა მიბმული  ურიკაზე. თურმე გადმოვარდნილა და ესენი კიდევ გიჟებივით მიქროდნენ მის გასასწრებად. ვიღა ჩეიბარებდა იმას, სულ  ატყავებული ჰქონდა ფხოკიალისგან გვერდები, მარტო თავი და ყურები ჰქონდა მთელიო.

ზამთრის ერთ ცივ ღამეს რაღაც საქმეზე წასულან კვლავ ერთგული მეგობრები. გვიან მორჩენილან. გავიყინებით «კაჭკაზეო» და უხუხავთ და უხუხავთ არაყი. ზედმეტი მოსვლიათ. უჭენებიათ და უჭენებიათ ცხენები, ამათაც აუწყვეტიათ. ნასვამებს ყინწი მოსწყვეტიათ, ვეღარ დაუმორჩილებიათ ცხენები, აყირავებულან და წამოდგომის თავიც არ ჰქონებიათ. ჰოდა, გვიან, როცა ოჯახის წევრებმა გახედეს დაბრუნებულებს, დაინახეს გაქაფული ცხენები, ურიკა და ორი კაცის მაგივრად ოთხი ფეხი, ჰაერში აშვერილი, ორი დიდი და ორი პატარა.

კიდევ რამდენი ასეთი ისტორიაა ამ სასაცილო კაცის ირგლივ, რეალური თუ გამონაგონი, ვინ იცის…

ბავშვობაში ყველას  მოგვიგონებია  ისტორიები საკუთარი თავებისთვის. მერე  დროის ქარაშოტმა გადაგვიარა და მოგვავიწყა ის ამბები, ასე ხალისით რომ ვირგებდით მათში მთავარ როლებს, ის კი არა ოცნებებიც წაგვგლიჯა. ამ კაცს კი ვერც დრომ მოუხერხა რამე და ვერც გაჭირვებამ.  ან იქნებ მოუხერხა და ამიტომაც ძნელ რეალობას ამ ზღაპრულ გამონაგონებში აფარებს თავს. თუ რეალურ ცხოვრებაში, ხელმოკლეა, დაბალი, ჩია, უპერსპექტივო, მოყოლილ ამბებში მძლეთამძლეა, გულადი, ღონიერი, დევგმირი…

ბნელ ღამეებში ბანცალით ჩამოივლის ორღობეებს, ომახიანად დასჭექავს: «დაუბერე, დაუბერე, ნიავო, ჩიკოია მქვიაო!» და თუ სიფხიზლის ნატამალი მაინც შენიშნა შემორჩენილი საკუთარ თავს, ღიმილით შეაღებს შემხვედრ  ჭიშკარს, თუმცა, რაც დრო გადის, სულ უფრო ცოტა ჭიშკარი და ეზო ეგულება შესასვლელი, სულ უფრო ცოტა სახლიდან გამოდის შუქი, სულ უფრო ცოტა საკვამურიდან ამოდის კვამლი…

იმერეთის ერთ პატარა, ნახევრადდაცლილ მხიარულ სოფელში ცხოვრობს მუნჰაუზენის კოლხი მემკვიდრე, შალიკო ხვინგიაძის სულერი ძმა და ჩემი ამბის არაჩვეულებრივი გმირი, გასაცინებელი იმერელი ჩიკონე, რომლის ისტორიების მოსმენაც არასდროს მობეზრდება ადამიანს.

არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ანეკდოტების პერსონაჟებად თუ გამოდგებიან. ისეთებიც არიან, ფელეტონებს რომ უხდებიან. აი ჩიკონე სამოთხრობე კაცია, კეთილი, გემრიელი, იუმორით სავსე მოთხრობის, კარგ ხასიათზე რომ დაგაყენებს ყოფით გადაღლილს…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Один комментарий на «ჩიკონე»

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s