კატერინას ახალი წელი და ამოთხრილი განძი

თბილისის ერთ მაღალმთიან გარეუბანში, ერთ ძველ აგურის სახლში ისევე მიაკაკუნა ახალმა წლმა, როგორც ყველასთან, ისევ  ისე შეაბიჯა, როგორ ყოველ წელს და ამ ძველ სახლში მცხოვრებ კატერინას და მის პატარა ოჯახს ისევ ისე არ ჰქონიათ რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი, როგორც სხვა დროს, განსაკუთრებით კი კატერინას, რომელიც კარგა ხანია, აღარ ელის სასწაულებს და კარგა ხანია, მიეჩვია ნაცრისფერ ერთფეროვნებას.

თურმე ისეც ხდება, რომ მოლოდინი გიცრუვდება. არა, ისედაც ხშირად გიცრუვდება და საკმაოდ ხშირადაც, მაგრამ სასიამოვნოდ გაცრუება ნამდვილად იშვიათია. ჰოდა, ასე მოხდა ამჯერად.

31-ში სრულიად მოულოდნელად გაიგო კატერინამ, რომ მისთვისაც მოუცლია sekret santa-ს, თანაც ისეთ სანტას, ყველაზე მეტად რომ გაახარა მისმა ვინაობამ. ჰო, აბა ვინ შეედრება  ქერა, ცისფერთვალება ბუთქუჩა სანტას, თანაც თუ ისე შენი შვილია, თან საყოველთაოდ დამკვირდებული შეხედულებით, საკმაოდ მძიმე ხასიათის, მერე ეს პანდას მინამგვანი სანტა, სულ რომ არ ელოდები ისე, გამოიტანს ქსუტუნით დიდ ჩანთას და საკუთარი დანაზოგით ოჯახის ყველა წევრს დაურიგებს საახალწლო  საჩუქრებს, თან ისე, შემთხვევით არჩეულს კი არა, ყოველი მათგანის გემოვნების გათვალისწინებით. თქვენს კატერინას ულამაზესი სამაჯური და ყელსაბამი შეხვდა, მუქი წითელი ქვებით აწყობილი.

იმ ღამით ყველა ოჯახს ეღვიძა. აქ კი ნაადრევად ჩაქრა შუქი და ძილმა წაიღო პატარა ოჯახი.

დილით, როცა ჯერ კიდევ ეძინა სრულიად თბილისს, ღამისეული ჭამა-სმის მორევით გათანგულს, ოთხი თბილად შეფუთნილი თბილისელი მატარებელში იჯდა და მიქროდა შეუცნობელი შეცნობილისკენ, ნაპოვნი დაკარგულისკენ, თბილის, მშობლიურის მოლოდინით  ქალაქის ნერვიული ქაოსიდან და სნობური კლიმატიდან შორს…

აქამდე რამდენიმე ხნით ადრე:

ისე, როგორ ჩაივლის წელი, რომ რამე კარგი ან ცუდი არ  მოხდეს, ან მარტო ცუდი არ მოხდეს. მარტო კარგი, როგორც წესი, არასდროს ხდება. ასე იყო ეს წელიც. ბევრი ავადმყოფობები, სავადმყოფოები, უფულობები, გულისტკენები, ადამიანების მიგარგვ-მოკარგვები, საკუთარი ნებით თუ უნებლიეთ  დაკარგვები… ან დანაკარგებში ისეთიც ერია, გული რომ დამწყვიტა და ცრემლი მაღვრევინა. მომწყვიტა ცოტა ხნით აქაურობას, იძულებით გადამიყვანა შორეულ წარსულში, იმ წარსულში, სადაც არც მიცხოვრია და მხოლოდ მონათხრობებით ვიცოდი და მახსოვრობის შორეულ სამალავში იყო გადანახული. ბიძა იყო ეს კაცი ჩემი, მამის ძმა. მაშინ კიდეც მოგიყევით ამის შესახებ. ჰოდა იმ ცრემლისა და ტკივილის დროს დამაფიქრა ყველაფერმა იმაზე, რაც ათასჯერ მქონდა ამოკითხულ-განაგონი, რაზეც არა ერთხელ მისაუბრია მოსწავლეებთან, როცა დუმბაძის «სისხლს» ვარჩევდით და მათქმევინა, რომ იქ მყოფების შემხედვარემ მეც ვიგრძენი ამ სისხლის დუღილი და   დავიფიცე, რომ არასდროს მივცემდი მას განელების საშუალებას. მე კი პირობას ყოველთვის ვასრულებ. ასე დაიწყო ის სასიამოვნო შეძენა-დაბრუნება, რომელიც იმ დანაკარგს მოჰყვა, მიმალური განძის ძიებაზე რომ დამაფიქრა. ამ დაფიქრებამ აგვკიხა ყველა თბილისური ახალი წლის სისხამ დილას, დაგვაკიდებინა ფეხზე სუფრა და ორომტრიალი, გადაგვისროლა ლიხს იქით, პატარა სოფელში…

მატარებელი ერთი პატარა, პროვინციული ქალაქის სადგურში გაჩერდა, მუდამ მზიანოო, რომ უმღერიან და განსაკუთრებულად ტრაბახა და გასაღიმებლად სწავლას და «გამოსულობას» მონდომებული ხალხი რომ ცხოვრობს. აქედან რომ გახვალ და ცოტა ხანს ივლი, შეხვალ ერთ სოფელში, გასცდები  თუ  არა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს, რომელსაც, ჩვენდა სამარცხვინოდ და ჩემდა გასაკვირად, არასდროს დაადგა საშველი გარემონტება-მიხედვის, ერთი იმერული ეზო და კოხტა სახლი დაგხვდება, რომელშიც უხსოვარ დროს გურიიდან უარაფროდ გამოგდებული კაცი დასახლებულა, თავისი ლამაზი ცოლით და სიმწრით გაუჩაღებია კერია, ორი გადარეული წითური ბიჭით და ლუკმა-პურისთვის წელებზე ფეხის დგმით. ახლა აქ იმ ჩემი ტკბილი ბიძიას ნაგრამი ცხოვრობს. სწორედ მათ ეზოს მიადგა გრძნობებმორეული კატერინა, დასთან და შვილებთან ერთად. აი, ასე, მოულოდნელად, დავესხით თავს.

ეზოში გამოლაგდნენ, თვალებში სიხარული, დაბნეულობა, მოლოდინი და ცოტა ეჭვიც კი დავინახე. ხო, აბა რა. ამდენი წელი ისე გავიდა და ისე გვაბირბითა აქეთ-იქით, სად არ გადამახეთქა და აქ ფეხი ვერ მომაცდენინა მისასვლელად.

მოვყვე, რაც იყო მერე? მინდა, განა არა, მაგრამ ცოტა მეშინია, ნამეტანი არ გადამძალოს სენტიმენტებმა. ამიტომაც ფრაგმენტებს ამოვჭრი,ასე სჯობს.

ჭიქაც არ აწეულა წუხელო. პირველი წელია მამას გარეშე და უხალისოდ შევხვდით ახალ წელსო. ჩუმად მივულოცეთ ერთმანეთს და დავწექითო. სამაგიეროდ, ჩვენი თავდასხმის მერე რომ გაიშალა, არასდროს აღარ აიშალა… ვინც მიცნობთ, კი იცით ჩემი დამოკიდებულება სუფრების და ჭამა-სმის მიმართ. დიდად არც ტრადიციების სიყვარულით გამოვირჩევი, მაგრამ აი რომ დავეძნეყვე მაგიდასთან, არც ავმდგარვარ. დავიკდე წონა, ნაღვლის ბუშტი, ტაქიკარდია, ხერხემალი და საერთოდ, ყველაფერი. ისხდნენ ჩემ გვერდით, ლამაზები, საჯიშეები, ჭკვიანები, სასიამოვმოდ მოსაუბრეები, ენაკვიმატები, ოხრები, წითურები, არაწითურები, ჩემი მსგავსები, არამსგავსები, მამაჩემის მსგავსები, არამსგავსები, ბევრნი… ისე კი არა, ჩვენ რომ ვართ კინკილ-კინკილა… იმდენი ვიცინე, მგონი, რაც მთელ წელიწადში უნდა მეცინა. აი ახლა ვწერ ამას და თან ვგრძნობ, როგორ მტკივა სახის კუნთები. თან ვიცინოდით, თან ვტიროდით. ლაპარაკ-ლაპარაკში, სიცილ-ტირილში ისე გაქრა ბუნდოვანება, ისე ჩადნა წლები, ვითომც არ ყოფილა და ვითომ ასე ერთად გაგვეტარებინოს მთელი ცხოვრება.

რა ვიცი, აბა, რა გვიშლიდა ხელს ან ჩვენ და ან იმათ? ალბათ იმათ იმის ეჭვი, რომ ჩვენ, ქალაქელები და თბილისს შეზრდილ-შეხორცებულები, ისეთები ვიქნებოდით, როგორებიც არიან, სამწუხაროდ, უმეტესობა აქურების, გატყლარჭულები, სნობები, გულცივები, დამცინავები…ჩვენ კი იმის ფიქრი, რომ ისინი იმდენი არიან, ჩვენ რაში ვჭირდებით და არ გვისაკლისებენ. ჯამში, როგორც ჩემმა ბიძაშვილმა ახსნა, შიში იმის, რომ არ ვჭირდები… არადა, თურმე როგორ ვჭირდებოდით ერთმანეთს და როგორ აბდლურად გაგვინიავებია ეს წლები…

გარდა ამდენი არაჩვეულებრივი ემოციის და გრძნობების კორიანტელის,  შემოქმედებიდათაც მარგო ამ შეხვედრამ. რომ იცოდეთ, როგორი პერსონაჟი გავიცანი, თითებს ჩაიკვნეტდით. იცი, როგორია?დოჩანაშვილს რომ მოუხდებოდა. აუცილებლად მოვახვედრებ ჩემს გალერეაში მასაც და კიდევ ერთ ადამიანს-ეს ჩემი უფროსი ბიძაშვილია, ჩემი ძამია, ჩემი ილო… ხო, დანარჩენებიც საუკეთესოები არიან, მაგრამ ის რომ ძაფი  არ გაწყდა ჩვენ შორის, სწორედ ამ ჩემი ძამიას დამსახურებაა, მიუხედავად იმის, რომ წლებია გადახვეწილია საქართველოდან. ესეც პერსონაჟია, გასაცინებელი და თან ცრემლიანი, რომელიც, მიუხედავად ჭაღარის, პატარა, ანცი ბიჭივით იქცეოდა, ჭირვეულობდა, დაგვყარა ყველა, თვითონ კი მაინც ბობოქრობდა. მერე მეწვა გვერდით, თავზე ხელს მასმევინებდა, მეხუტებოდა და ტიროდა… იხსენებდა, როგორ ნახა დედაჩემი, ლოგინად ჩავარდნილი… ძლივს ლაპარაკობდა და ასე მითხრა, ილო მიყვარხარო და ცრემლი ჩამოუვიდა ლოყაზეო… ამდენი წელი გავიდა და ეს არასდროს დამავიწყდებაო. მარტო იმ კურხცალის და სიტყვების გამო არ შეიძლებოდა ასე ერთად არ ვყოფილიყავითო…

როცა გვაცილებდნენ, არც მათ და არც ჩვენს თვალებში აღარ იყო ეჭვის და უნდობლობის ნატამალიც კი. არ გვეთმობოდა ერთმანეთი და როცა კისერმოგრეხილები ვშორდებოდით ჭიშკარს, თოვლიც წამოვიდა… მათი და თქვენი არ ვიცი, მე კი სიმბოლურად აღვიქვამ ყველაფერს, იმასაც კი, რასაც უბრალო დამთხვევა ან მეტეოროლოგიური მოვლენა ჰქვია… ისიც სიმბოლური იყო ალბათ, რომ თბილისში დავტოვე ყინვა და ქარბუქი და ჩამოსულს მზე დამხვდა…

ვიჯექი მანქანაში, ვუყურებდი ჩემი თბილისის ქუჩებს და ვხვდებოდი, რა მაკლდა. მაკლდა ის, რაც დააკლდა აქაურობას, მაკლდა ის, რამაც ეს ჩემი საყვარელი ქალაქი ლამაზ-ქალაქიდან კამორად აქცია… მაკლდა ადამიანური სითბო და სიალალე, რაც ისე ჩაახრჩო სიყალბემ, გორგასალს რომ ენახა, ძნელად თუ მონათლავდა თბილისად…

ჩემს სიცოცხლეში პირველად დავფიქრდი ამაზე და, ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ სიამოვნებით ვიცხოვრებდი  პატარა, პროვინციულ ქალაქში, ოღონდ აუცილებლად დასავლეთში, რაკი ყველაფერი კარგი დასავლეთიდან მოდის…

ეს იყო ყველაზე სავსე და ხალისიანი ახალი წელი, ათწლეულების მანძილზე რაც კი ყოფილა  და ახლა, როცა ამას ვწერ, თავში მიტრიალებს ისევ დუმბაძის ფრაზა, მთელი დუნია ჩვენ ვიქნებითო, რომ წერდა…

ასე მგონია, ჯიბეგაფხეკილმა, ლუკმაპურს მონატრებულმა, მოულოდნელად, უხსოვარ დროს ჩამარხული განძი ამოვთხარე…

DSC_0054

პ.ს. გილოცავთ ყველას ახალ წელს და გისურვებთ თქვენც გეპოვოთ განძი ❤

 

 

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები. Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «კატერინას ახალი წელი და ამოთხრილი განძი»

  1. მაკა:

    მაგ იმერულ სოფელთან ახლოს ერთი პატარა ქალაქია(ამ ქალაქის მკვიდრთ ვერ შებედავ მათ ქალაქს დაბა უწოდო), იმ ქალაქში მაქვს პატარა, აგურით ნაშენი სახლი. 13 წლის რომ გავხდი და თბილისში გადავედი სასწავლებლად, მერე ფაქტიურად არ მიცხოვრია ამ ქალაქში, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ყველა ქალაქზე უდიდესი და უთბილესი იყო და არის ახლაც … ეს სიახლოვე დედის საფლავის რომ გაჩნდა ამ ქალაქში მერე უფრო მძაფრი გახდა …
    წარმოიდგინე ქეთი, ავტობუსიდან რომ ჩამოვალ, სამი სახლი უნდა გავიარო და ჩემი ეზოა … დამინახავს მეზობელი და დაიძახებს __ მაკოიე ჩამოსულააა … გააღებს ჭიშკარს, მეიცა ერწამა ჭიდან წყალს მოგიტან დაღლილი იქნები და ცივი წყალი გესიამოვნება, მეორე მეზობელი დამიძახებს, მაკაია, გოგო ჩამოი??? ჭადები დავაკარი და არ ჭამო არაფერი გარმოი ჩემთან … ახლა ისე მენატრება იქაურობა არ მომბეზრდება წერა …
    11 წლიანი ემიგრაციის მერე, ხონის ამ პატარა სახლში ცხოვრებაზე ვოცნებობ და ყველას უკვირს, როგორ უნდა გავძლო იქ …
    არა და მე როგორ მენატრება ეს სითბო …
    ვგიჟდები იმერეთზე

  2. მეც, განსაკუთრებულად მიყვარს, ზემოც და ქვემოც, მიხედავად გურული ფესვების. სხვანაირი სითბო და მოგონებები მაკავშირებს ამ კუთხესთან ❤

  3. კატერინა ❤ ცოტა დაგვიანებით გილოცავ ❤ და 2016 წელს მოლოდინების სულ სასიამოვნო გაცრუებას გისურვებ ❤

  4. მეც გილოცავ იმავე სურვილით და კიდევ განძის ამოთხრის დამატებით ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s