გოზინაყი

-აბა,  ჰე, ქეთო, შენი გამოსვლის ჯერია!-ეს იყო ჩემი უცვლელი ფრაზა 31-ში, დღის ბოლოს. მანამდე უნდა დამემთავრებინა ყველანაირი სამზადისი. როცა ყველაფერს გავამზადებდი, დავსხდებოდით მე და ჩემი და, ისე, როგორც პატარობისას,  ვჭრიდით და ვჭრიდით ნიგოზს. დავახვავებდით გობზე. მერე გამოვიდოდა ბებია, აიკაპიწებდა ხელებს და იწყებდა კეთებას.

მარტოს ვტოვებდი სამზარეულოში.

-მოდი, ბებია, მიყურე მაინც, ერთხელაც რომ აღარ ვიყო, ხომ უნდა იცოდე გაკეთება.

-შენ სულ  იქნები. სულ უნდა იყო, არ ვიცი მე. არ ვისწავლი მაგის გაკეთებას, შენ უნდა ქნა ყოველ წელიწადს.

ასე იყო წლების მანძილზე. ოღონდ უკვე იმ წლების, როცა ბებია მოხუცი იყო და ოჯახის ამბები ჩემზე იყო გადმობარებული. არ ვიცი, რა აჩემება იყო ჩემი მხრიდან ასე გადაჭრით უარი გოზინაყის კეთებაზე. სადაც ყველაფერს ვაკეთებდი, ამის სწავლას რაღა უნდოდა, მაგრამ როგორ გითხრათ. რა დავარქვა, არც ვიცი, შიში იყო ეს უფრო მგონი.  ჩემთვის გოზინაყი ბებიასთან ასოცირდებოდა და ალბათ მეშინოდა, რომ თუ ამას ჩამოვართმევდი, აღარც იქნებოდა. სანამ გოზინაყი იდებოდა ჩემს საახალწლო მაგიდაზე, ბებოც იქნებოდა…

ადრე სხვანაირად იყო. ყველა მუშაობდა. ეს საწყალი ბებიაჩემი დილიდან გაქაფული აკეთებდა მარტო ყველაფერს, თან ისე, აგდებულად და მწირად კი არა, მე რომ ვიცი, კაი ბლომ-ბლომად, ბარაქიანად. ბოლოს, როცა გოზინაყზე მიდგებოდა ჯერი, დაგვსვამდა შვილიშვილებს, მანამდე რომ ფეხებში ვედებოდით და ხელს ვუშლიდით, დაგვაჭერინებდა დანებს და გვაჭრევინებდა ნიგოზს. მერე დაბრუნდებოდნენ მშობლები, ბაბუა. და იწყებოდა საახალწლო მოლოდინი და ლხინი.

ჭრიდა ბებია დიდ ორომზე გადაგლესილ გოზინაყს ლამაზ რომბებად. ჩვენ კი ჩუმად ვძუძგურებდით გვერდით, რომ პატარ-პატარა ჩამონატეხებისთვის წაგვევლო ხელი და გაგვეკრა კბილი. აბა მთლიანს ვინ მოგცემდა 12 საათამდე. კრაწუნა, კრახუნა, დაბრაწული, კაკლით, თხილით, კვახის თესლით აკეთებდა ბებო გოზინაყს. მთელ ამ ჯადოსნურ კანაპეში განსაკუთრებულად მიყვარდა კვახის გული, რაღაც სხვანაირი გემო ჰქონდა თაფლში დაბრაწულს. არსად და არასდროს მიჭამია ქეთოს გოზინაყზე უკეთესი, არც მისნაირი.

მერე ერთხელაც ისევ მოვიდა 31 დეკემბერი. ისევ შევყევი საახალწლო სამზადისს ჯუჯღუნ-ჯუჯღუნით. როცა ყველაფერს მოვრჩი, გამოვზიდე გოზინაყის მასალა, ვჭერი და ვჭერი. როცა  მოვრჩი დაჭრას, კინაღამ  დავიძახე, ჰე, ქეთო, შენი გამოსვლის ჯერია-მეთქი…ვიქექე კულინარიის წიგნში( მაშინ გუგლე არ იყო დამხმარედ), მოვძებნე სლუკუნ-სლუკუნით და ცხვირის ხოცვა-ხოცვით რეცეპტი. ვიდექი ქურასთან, ვურევდი დიდი ხის კოვზით თაფლში ჩაყრილ ნარევს და მესმოდა ბებოს სიტყვები:»მოდი, ბებია, მიყურე მაინც, ერთხელაც რომ აღარ ვიყო, ხომ უნდა იცოდე გაკეთება.»თაფლზე მეტად ცრემლებმა შეკრა, დაბრაწა და გააკრახუნა იმ წელიწადს ჩემი გოზინაყი…

არ ვიცი, ბებომ იზრუნა,გული რომ არ დამწყვეტოდა, თუ რა მოხდა, მაგრამ იმ წელიწადს ზუსტად ისეთი გამოვიდა ჩემი გოზინაყი, როგორიც ბებოსი იყო. ის იყო და ის. მას მერე ხან იშლება, ხან იზილება, ხან ნამეტანი კრახუნაა. არადა ყოველ ჯერზე ერთნაირად ვაკეთებ. ნერვები მეშლებოდა ადრე ამაზე. კიდეც შევწყვიტე კაი ხანს მისი კეთება. მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ლოგიკურია ეს და ასეც უნდა იყოს:

ჩემს კონკიურ ცხოვრებას ზღაპრულ ფერებს აძლევდა ბებია, სიტკბოსა და სითბოში ხვევდა თაფლის არომატით და რა გასაკვირია, რომ მისი წასვლით ეს ყველაფერი მოჰკლებოდა  ჩემს სამყაროს და მეც… და რა გასაკვირია, რომ, როგორც არ უნდა ვეცადო, როგორც არ უნდა ვცვალო პროპორციები, გოზინაყიც ვერ იქნება ისეთი, ბებო რომ  აკეთებდა თავისი უცნაური, სევდიანი ღიმილით, ასე ძალიან რომ მაგონებდა გუდიაშვილის «ფრესკის ღიმილს» და ლამაზი ჩამოქნილი თითებით, ისიც რომ ასე ძალიან მაგონებდა გუდიაშვილისეული ქალების ხელებს…

ისევ მოვიდა 31. წუხელ ბებო დამესიზმრა. იღიმებოდა თავისებურად, მრავალმნიშვნელოვნად, კეთილად, თბილად, იჯდა სავარძელში, მხრებზე შალმოხურული, თავზე ჩალმით. არაფერს ამბობდა, მაგრამ მის ღიმილში და ტკივილიან თვალებში გარკვევით ამოვიკითხე:»გისწავლია, გოზინაყის კეთება, ჩემო რუსოს მინამგვანო, ჩემო ჭკვიანო გოგოო»…

პ.ს იქნებ არაახლაწლურად სევდიანი გამოვიდა ეს ჩანაწერი, მაგრამ სხვანაირად ვერ შევძელი. მაპატიებთ ალბათ დიდსულოვნად.

პ.პ.ს თქვენი ზარმაცი კატერინა გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ მისი  სიახლე მხოლოდ რიცხვებში არ ყოფილიყოს გამოხატული. გისურვებთ ბევრ, ბევრ სასიამოვნო საათს, წუთს, წამს. გოზინაყივით ტკბილ და ფერად წელს ❤

 

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «გოზინაყი»

  1. მრავალ ახალ წელს ^_^

  2. შენც. სულით, გულით და კეთილი სურვილებით ❤

  3. მაკა:

    ჩემთვის ალბათ ყველაზე სევდიანი იქნება ეს ბლოგი … მეც ძალიან დიდი ხანია მაკლია „…მშვენიერი ჩამოქნილი თითებით„ მომზადებული საახალწლო სუფრა …
    აქ მყოფს ხომ საერთოდ არ მაინტერესებს რა ხდება დღეს, სულ ამას ვნატრობ ეს დღეები მალე გავიდეს 😦
    ყველას ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, მშვიდს და სიყვარულით სავსეს ❤
    ქეთი …….

  4. ზაფხულში გავაკეთოთ 🙂

  5. zhana:

    ქეთი! ძალიან მიყვარხართ ყველა, ქეთო ბებო სულ მახსოვს, როგორ ვთქვა, არ ვიცი, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები მუდამ ცოცხლები არიან ჩემთვის, როგორც დედაჩემი, ასევე ჩემი მეგობრების დედები, ბებო, დეიდა, მამიდა, მოკლედ, ისინი, ვინც ჩვენ გვზრდიდნენ და ჩვენთვის ცოცხლობდნენ… ახლა, ეს რომ წავიკითხე, ყველანი ერთად მომაგონდნენ, ეს ცრემლიანი სიყვარული იმათ დაგვიტოვეს სახსოვრად და ბუნებრივია, ახალ წელს უფრო გვახსენდება მათი სითბო, რომელიც ძალიან გვაკლია…ზუსტად ასე ვიყავი მე დედაჩემის ხაჭაპურზე, საუკეთესო ხაჭაპურს აცხობდა და მეც ასე მჯეროდა, რომ ასეთი ხაჭაპური მხოლოდ დედას უნდა გამოეცხო, ისიც ასე მეუბნებოდა, ხო, ღომზეც ასევე, მაგრამ მეც ასე მეგონა, თუ ამ საქმეს ჩამოვართმევდი, ისიც აღარ იქნებოდა, ვაცხობდი ნამცხვრებს, პიცას, ყველაფერს, ოღონდ არა ხაჭაპურს, წარმოიდგინე, დღემდე ასეა, ვერაფრით შევეგუე ხაჭაპურის ცხობას, არადა გადასარევ ცომს ვაკეთებ, ან ჩემს დას ვკარნახობ რეცეპტს, მერე კი თვითონ აცხობს… რაღაც საოცრებაა, ასე რომ ვგავართ ხასიათით მე და შენ, დებივით… ახლა ეს წავიკითხე და გული სევდით ამევსო, ასეც უნდა იყოს, ისინი, ვისაც ვეღარ ვხედავთ, მაინც ჩვენთან არიან, ამას კი უფრო ასეთ დღეებში ვგრძნობთ, ახალ წელს, აღდგომას, მარიამობას, როცა ჩვენი ქართული ტრადიციით აღნიშნავდნენ ამ დღეს და ფუსფუსებდნენ ჩვენი გამზრდელები__დედები, ბებიები თუ სხვა ახლობლები… ჩემებთან ერთად მახსენდებიან შენი ქეთო ბებო, ლიკას ციალა მამიდა, ნინოს დედა… ვისაც ცოცხალი ჰყავს დედა და სხვა გამზრდელები,ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს, ყველას ვუსურვებ ბედნიერ ახალ წელს, შენი თქმის არ იყოს, ქეთი, გოზინაყივით ტკბილ ახალ წელს და ტკბილ სიცოცხლეს გისურვებთ მრავალ წელიწადს!

  6. მართლა საოცრებაა… მეც მასე ვარ, მაგრამ მაინც მიწევს კეთება, რაკი სხვა ვერავინ გააკეთებს. დიდი მადლობა, ჟან ასეთი სიტყვებისთვის. მეც გილოცავ და გისურვებ სულ ახლოს, ხელის გაწვდენამდე მანძილზე გყოლოდეს ყოველთვის საყვარელი ადამიანები. და კიდევ ვისურვებ წელს მაინც შედგეს ჩვენი ცრემლიანი საუბრები პირისპირ და არა მონიტორიდან ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s