პორტრეტი

18112015548

ხომ არის, რომ  შენთვის აუხსნელად აგეკვიატება რაიმეს სურვილი და თავს არ განებებს. ასე ამეტორღიალა სურვილი, მქონოდა საკუთარი  პორტრეტი. იქნებ კიდეც თქვათ, რაა ამაში გასაოცარიო. როგორ გეტყობათ, რომ არ მიცნობთ. მე ის ვარ, ვისაც გული უწუხს ფოტოს გადაღებისას, ვისაც არც ერთ მათგანზე არ მოსწონს საკუთარი თავი და დაუნანებლად ანადგურებს ყველა ისეთს, რომელზეც უკვე განსაკუთრებულად ეგონჯება თავი. მე ის ვარ, ვინც ყოველთვის თუ არა, ხშირად მაინც ეჭვის თვალით უყურებს  საკუთარ გარეგნობას. ახლა ხომ გესმით რაა გასაკვირი ამ აჩემებულ სურვილში.

მოკლედ, ასე, ერთხელაც, უეცრად და რატომღაც ამეკვიატა და მორჩა.

მეგობარი გვყავდა ერთი. სულ დახატულ-გადახატული ჰყავდა ყველა. ჩემზეც მიდგა ჯერი. მხატა და მხატა, ხია და ხია, მხატა და მხატა. ბოლოს გამომიცხადა, თავი დამანებე, წუთში ასჯერ გეცვლება გამომეტყველება, ყოველ შეცვლაზე სხვა ადამიანს ვხედავ და ვერ გეწევიო.დამპირდა მერე, მაცალე და უშენოდ დავხატავო.

დრო გავიდა. დაპირება კიდეც მიმავიწყდა, აი სურვილი კი მაინც დამრჩა.

ერთხელაც, ზაფხულის თბილ, წყნარ საღამოს, ჩემმს დამ, რომელსაც, ჩემგან განსხვავებით ხატვა შეუძლია და, ჩემდა გასაკვირად, არასდროს იყენებს ამას, გამომიცხადა, დაჯექი, უნდა დაგხატოო. უარს როგორ ვიტყოდი.

ეს იყო ალბათ საუკეთესო ყველა იმ პორტრეტთა შორის, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ამაზე უკეთ ვერავინ დამიჭერდა. აქ არ იყო: ცხვირი ჰგავს? ჰგავს, ნიკაპი ჰგავს? ჰგავს. ან რა საჭიროა. არასდროს მომწონდა ფოტოს სიზუსტით დახატული პორტრეტები. ეს იყო ბავშვურად გულუბრყვილო აკვარელით დიდ  ქაღალდზე ყველანაირი კანონების და წესების დარღვევა, მაგრამ ეს მე ვიყავი. ხაზების ქაოსში ასე ზუსტად ვერავინ დამიჭერდა. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, რომ რაც მინდოდა, ის შესრულდა და თან ისე, როგორც მინდოდა.

მიხაროდა პატარა ბავშვივით. გავიკარი ოთახში. ყოველ დილით და ღამით, პირისპირ როცა ვრჩებოდით, ვუყურებდით ერთმანეთს, ხან შევჩიოდით საკუთარ ტკივილებს, ხან ვბჭობდით, ხანაც უბრალოდ ვდუმდით.

მერე ერთხელ, ყოფის პროზაში თავით გადაშვებულს, ჩემი ოთახიდან შვილების აჭყლოპინებული ჟრიამული მომესმა. საეჭვოდ ჟღერდა. შევაღე კარი და ვხედავ: დგანან, უჭირავთ ხელში  ხილის საჭრელი პატარა დანები და ჩემს პორტრეტზე დანასობიას თამაშობენ. მე ჯერ დანების დანახვაზე ავკივლდი. როცა განვაიარაღე , შიშით გავიხედე კედლისკენ…ეკიდა ჩემი ნაპორტრეტალი, თვალამოთხრილი, ყელგამოჭრილი, სახედასერილი და სიმწრისგან სისხლი გაშრობოდა, უცრემლოდ ტიროდა, ცალი თვალით…

ვიტირე. სიცილი დამაყარეს. არაფერი მითქვამს, არც ამიხსნია რამე, რა აზრი ჰქონდა. ჩამოვხიე ნარჩენები და ჩავკუჭე ურნაში.

ისევ გავიდა დრო. შვილები დაიზარდნენ, მეც… ჰოდა ერთ დღესაც ისევ გამოჩნდა წლების წინ დაკარგულ-მივიწყებული  მეგობარი, ასე უშედეგოდ რომ ეჭიდავებოდა ჩემს დახატვას წლების მანძილზე. გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა. ვისაუბრეთ ამბრის, უმბრის. ამასობაში დაპირებაც გამახსენდა და ვკითხე, სადაა შეპირებული-მეთქი. იქნებაო, მიპასუხა დაფიქრებულმა.ისევ დაიკარგა რაღაც ხნით. მერე  გამოჩნდა. მესტუმრა  იღლიაში  ამოჩრილი ქაღალდში გახვეული რაღაცით.

დაგხატეო. არ დამიწყო შენიშვნები და დაწუნებაო. ბევრი ვიფიქრე და როგორც დაგინახე, ისე გავაკეთეო. დაგიტოვებ და რომ წავალ, მერე ნახეო.

ისე მაინტერესებდა, ლამის  გავაგდე სახლიდან. როცა წავიდა, გულის კანკალით შემოვახიე ქაღალდი სურათს.

არ იყო აქ არც ყური და არც ცხვირი, არც სახე და არც თვალი… ტილოზე, ვან გოგის «მზესუმზირებით» რომ იყო აშკარად შთაგონებული და ამაზე მეტად ჩემი დამოკიდებულებით ამ ნახატის მიმართ, რამდენიმე გახუნებული მზესუმზირა ეხატა. ჰაერში გაყინულები, გადმობნეულები, ქარში გაწეწილები, , ფოთლებგაჩეჩილები, ალაგ-ალაგ ყვავილგაცვენილები ზუსტად ისე მობღაუჭებოდნენ გახეხილ ტილოც, როგორც მე ჩემს უღიმღამო ცხოვრებას, ზუსტად ისე უჩერდებოდნენ აწყვეტილ ქარს, როგორც მე — ტკივილებს..

ვიჯექი და ვუყურებდი, დიდხანს, თვალმოუშორებლად… არ მთბილოდა ისე, როგორც დამთბებოდა, ვან გოგის «მზესუმზირები» რომ მკიდებოდა მის ნაცვლად, არც სიყვითლე მაცხუნებდა ვანგოგური… ვუყურებდი და ვხედავდი საკუთარ თავს, ქარში თმაგაწეწილს, ფრთებდამტვრეულს, სურვილებდაკარგულს, გრძნობებგახუნებულს, იმედებგაცრეცილს და მაინც დაუმორჩილებელს, მაინც გაბნეულს და არა დაცემულს, მაინც მებრძოლს, მერე რა, რომ ხშირად დამარცხებულს…

ისე შეეზარდა ეს ნახატი ჩემს ოთახს, მგონია, სულ ეკიდა, რაც მე ვარსებობ.

ღამღამობით, განსაკუთრებით ზამთრის გრძელ, მომქანცველ ღამეებში, მივაჩერდები ხოლმე და ამ მზესუმზირების ქაოსის მიღმა ვხედავ ჩემს ნაკუწ-ნაკუწ დაჩეხილ პორტრეტს, რომელიც ახლა უკვე, წლების მერე, შვილებთან ასოცირდება ჩემთვის და გაცილებით ღრმა, ფილოსოფიურ აზრს იძენს, ვიდრე მაშინდელი გულისტკენა და ცრემლი იყო. ვინ იცის, რამდენჯერ დავსერილვარ ასე , მათგან ნასროლი დაუფიქრებელი სიტყვით, ვინ იცის, რამდენჯერ ამომგლეჯია გულიდან სისხლიანი ნაფლეთი მათზე ფიქრით და დარდით, ვინ იცის, რამდენჯერ დამიბრმავებია ასე «ჩემისად მაყურებელი თვალი», ვინ იცის, რამდენჯერ დამიკარგავს თავიც და სახეც მათი ტკივილებით გათანგულს… ახლა  კი, ამდენ დანაკარგში ამოზრდილი მათი სიყვარულით გაძლიერებული, ვიხსენებ მათ სიტყვებს, როგორ გაგვიმართლა, რომ გვყავხარო და  ამ უცნაური მზესუმზირებივით ყალყზე შემდგარი ვეგებები წლების ქარიშხალს…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «პორტრეტი»

  1. მაკა:

    საკუთარი თავის საოცარ პორტრეტს ქმნი, ქეთი …
    დამდეგს გილოცავ ❤

  2. მაკუნია ❤ როგორ იცი თქმა…მადლობა, ჩემო ოქროს გულის გოგო, მეც გილოცავ და ვიმედოვნებ ამ წელიწადში მაინც შედგება ჩვენი ბაასი 🙂

  3. ხათუნა:

    ჩემო ქეთი გილოცავ 2016 წლის შემობრძანებას,საუკეთესო სურვილებით.
    შემოვიჭყიტე შენს სამყაროში ❤ აღფრთოვანებული ვარ შემოქმედებით…
    მიყვარხართ გკოცნი ბევრს :O

  4. მადლობა, ხათო, მეც გილოცავ. მიხარია შენი შემოჭყეტა ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s