ფოტო კედელზე

ფოტო შეჩერებული წამია, ფოტოალბომი-ბევრი შეჩერებული წამი.

ალბათ ამიტომ  იღებენ ადამიანები სურათებს, ჰგონიათ, დროს აჯობებენ,  თუნდაც 24122015557წამიერად. არადა,  რა ჯობნაა, გაიჩხაკუნებს თუ არა, ის ისევ ისე გარბის და როცა იმ გაჩხაკუნების შედეგს გადახედავ, კიდევ უფრო მტკივნეულად  გრძნობ ამას.
ჩემი ოთახის კედელზე ერთი ასეთი შეჩერებული წამი  კიდია აგერ უკვე რამდენი წელია.ზედ ერთი ყურებამდე გაკრეჭილი გოგოა, სასაცილო შარვლით, თხილამურებით და თოვლში მუხლებზე დაფერთხებული. ეს დედაჩემია. ის ჩემზე პატარაა და ძალიან მხიარული. თვალები უციმციმებს და ისე იცინის, ხმაც კი მესმის.

დედა ჩემზე ბევრად პატარაა.  არ დაგვაცალა არყოფნამ ერთად გავზრდილიყავით. თუმცა არყოფნამდე გაცილებით ადრე მომაკლო მისი თავი ავადმყოფობამ. მისი თავიც და ბავშვობაც. თამაში, უდარდელობა, რამის დაშავება და დასჯა ან პირიქით და წამახალისებელი მოფერება-დასაჩუქრება, კვირაობით სეირნობა და მსგავსი ამბები წლების მანძილზე  წაშალა და ჩაანაცვლა წამლებმა, ექიმებმა, დიაგნოზებმა, ფორიაქმა, დაძაბულობამ, უღიმილობამ,  რაც იანვრის ერთ ყინვიან ღამეს კიდეც დამთავრდა. ვიხსენებ ახლა ამ ყველაფერს და კიდევ უფრო მეტად მტკივა გული. ახლა უკეთ ვხვდები, რას განიცდიდა მაშინ. ჩვენ ხომ არც გვაგრძნობინებდა. ბოლო წუთამდე ხუმრობდა თავის მდგომარეობაზე. მერე გამახსენდა, ერთხელ სკოლიდან მოსულს ნამტირალევი დამხვდა, მიზეზი არ მითხრა, მარტო გულში ჩამიკრა და მკოცნა და მკოცნა. საწერ მაგიდაზე ჩემი რვეული დამხვდა ადგილნაცვალი. ამით მივხდი მიზეზს. წინა დღით მორიგი სარაიონო წერა გვქონდა. თავისუფალი თემა იყო, სულელური, რასაკვირველია: რა არის ბედნიერება.  ჭკვიანურია არა? ჯერ საერთოდ რატომ უნდა მოგინდეს ამ კითხვის დასმა და თანაც ბავშვისთვის. მეც, რა თქმა უნდა, ალალად მეწერა, რომ არ ვიცი, რა არის ბედნიერება, მაგრამ მგონია, ის ასე გამოიყურება: ეზოში ყვავის თეთრად ტყემალი, ჰაერში იის სუნი ტრიალებს და კიბეზე დედა მეგებება სიცილით, მკიდებს ხელს და ერთად მივდივართ. სად, არ აქვს მნიშვნელობა-მეთქი. ჰოდა, რაღაც ჯანდაბად შავი ნაწერი სახლში წამოვიღე და დამრჩა მაგიდაზე. არადა, რომ მკითხა, რა დაწერეო, დავუმალე, რაღაც სხვა მოვბოდე. მახსოვს, როგორ მომეკუმშა გული. მინდოდა ბოდიში მომეხადა, მაგრამ არ ვიცოდი, რისთვის…  ასე უნებლიეთ, ჩემდა უნებურად ვატკინე გული. ახლა ვიხსენებ ამ ამბავს და ისევ ისეთი პატარა, აცრემლებული და გულმოკუჭული გოგო მგონია ჩემი თავი…

კიდია ეს ფოტო, როგორც უდროოდ შეწყვეტილი ჩემი ბავშვობა, როგორც ჰაერსა და სივრცეში შედედებული ტკივილი და გაოცება.

ასე და ამდენი არავის გავუოცებივარ.

პატარობისას მიკვირდა, რომ რაც არ უნდა მეკითხა, ყველაფერზე ჰქონდა პასუხი, ყველაფერი იცოდა, თან მეამაყებოდა. ვცდილობდი მისი შექება დამემსახურებინა. ვიცოდი, რომ ყველასგან განსხვავებული, ყველაზე ჭკვიანი იყო და მეც მინდოდა მისი შესაფერისი ვყოფილიყავი.

მაოცებდა, როგორ შეეძლო ყოფილიყო ფიზიკოსი,  თავით გადაშვებული სამეცნიერო  შრომებში, და პარალელურად მათემატიკაში ემზადებინა აბიტურიენტები და მეც, თქვენი მონა-მორჩილი. მიკვირდა, როგორ შეეძლო ამ ყველაფერთან ერთად მშვენიერი ჩანახატების წერა და ჩემთვისაც ისეთი რჩევების მოცემა ქართულის მეცადინეობისას, ჩემს მასწავლებელს რომ არც დაესიზმრებოდა.როგორ შეეძლო ასე შეეყვარებინა ჩემთვის კითხა( რაც მე ვერაფრით შევძელი ჩემი შვილებისთვის), ასე მშვენივრად დაეკრა და სცოდნოდა მუსიკის სამყარო, მიუხედავად იმის, რომ სულაც არ უვლია მუსიკაზე და ამ ყველაფერს მხოლოდ აბსოლუტური სმენის  წყალობით ახერხებდა.

მიკვირდა, როგორ შეეძლო უარი ეთქვა ლომონოსოვის უნივერსიტეტში კათედრაზე დარჩენაზე და მოსალოდნელ კარიერაზე. ამ სკვითებში ვერ გავჩერდები და მამაჩემის გარეშე ვერ გავძლებო. როგორ შეეძლო უარი ეთქვა ნევის პროსპექტზე ბინის ჩუქებაზე, მერე იტყვიან მოხუცს ბინისთვის უვლიდაო. როგორ შეეძლო უარი ეთქვა უნგრეთში გათხოვებაზე სალი კლდეების გამო. როგორ შეეძლო ყველას დახმარებოდა , მერე იმათ წიგნები გამოეცათ და ეს თანაავტორადაც არ მოეხსენებინათ.

მიკვირდა, როგორ შეეძლო მოსკოვში მთელი  თვის მივლინების ფულით დიდი თეატრის აბონემენტი ეყიდა გადამყიდველთან, მაშინ როცა ჩექმაში  წყალი შესდიოდა და ასე ფხებდასველებული მჯდარიყო ბედნიერად  ყველა ბალეტზე და ეცქირა მსოფლიო ვარსკვლავებისთვის, დარჩენილი ფულით კი მთელი ჩემოდანი სათამაშოები ჩამოეტანა ჩვენთვის.

მიკვირდა, როგორ შეეძლო ყველას სიყვარული და ზედ გადაყოლა, იმათზეც კი, ვისგან გულნატკენიც პატარა ბავშვივით სლუკუნებდა ხოლმე შინ დაბრუნებული. მიკვირდა, როგორ შეეძლო ყველასთვის ჰქონოდა დრო საკუთარი თავის გარდა, ყველა დაეზოგა, საკუთარი  თავის გარდა.

მახსოვს, ისე მაბრაზებდა ეს ყველაფერი, პროტესტი მკლავდა, მაგრამ ვერ ვუბედავდი. სამაგიეროდ, გულში ვიმეორებდი, რომ მე ასე არ  მოვიქცეოდი არასდროს.

ის იმდენად იდეალური იყო, ახლა რომ ვფიქრდები, ალბათ ლოგიკურია მისი დიდხანს არგაჩერება ამ  სამყაროში.

აგერ უკვე რამდენი წელი გავიდა და მაინც არ მელევა გაოცება. პირიქით, რაც დრო გადის და რაც მეტად მემატება წლები, მით მეტად მაკვირვებს ყოველ გავლა-გამოვლაზე  ეს გაკრეჭილი გოგო ფოტოდან.

მიკვირს, როგორ შეეძლო სცოდნოდა საკუთარი დიაგნოზი, როცა ექიმებს უჭირდათ გარკვევა. როგორ შეეძლო უკვე ხელებატროფირებულს ისე ლარივით სწორად გაესვა თვალებზე ფანქარი, მე რომ ვერასდროს მოვახერხებ და თან ეცინა თავის თავზე, ჩემზეა, მელა კვდებოდა და თავი საქათმისკენ მიჰქონდაო. როგორ შეეძლო ლოგინად ჩავარდნილს ისევ ჰყვარებოდა ყველა, ისევ ეხუმრა, არასდროს შეეწუხებინდა ოჯახის წევრები წუწუნით, არასდროს ეთქვა, რომ გული სწყდებოდა  რამეზე.

მიკვირს, როგორ შეძლო იმქვეყნიდან მოეხერხებინა, რომ ყოველთვის, როცა რამის გაკეთებას ვაპირებდი და ვაპირებ დღემდე, კარგისას თუ ცუდისას, ჯერ იმაზე ვფიქრობ, მას ეწყინებოდა თუ არა.

აგერ რამდენიმე დღის წინ, ბებოს ძველი კომოდის ქექვისას პარკი ვიპოვე დიდი, რაღაც ფურცლებით და საბუთებით სავსე. ვქექე და ვქექე და ისევ დამრია ხელი გაოცებამ, ვზივარ და მიკვირს, როგორ შეეძლო ამ უცნაურ გოგოს( ჰო, ახლა მე იმდენად დიდი ვარ მასზე, შემიძლია ასე მოვიხსენიო) არც კი ეხსენებინა, რომ მის  დიპლომს, პეტერბურგში დაცულს, მინაწერი აქვს, რომ ამ ქართველმა სტუდენტმა ფურორი მოახდინა და ცდისას მიიღო ისეთი ნაპერწკალი, რომელიც იწინასწარმეტყველა იოფემ და მსგავსი ჯერ არავის გამოსვლია. რომ ასე ჩაკუჭული ჰქონდა და მიმალური სამი საავტორი უფლება  ბირთვულ ფიზიკაში, რომლის აზრიც ვერ გამოვიტანე კითხვისას.

ჩემზე ამბობენ, დედას ჰგავსო. არის ამაში სიმართლი მარცვალი, თუმცა მე, მისი  ცხოვრების გაკვეთილებით  ნამეცადინევმა, მოვახერხე შემესრულებინა ის, რასაც პატარობისას ვგეგმავდი — არასდროს გადავყვები სხვას. მათ გამო არ მოვაკლებ დროს და სითბოს იმათ, ვინც ჩემი სახლის კედლებში ტრიალებენ. ვერასდროს ამატირებენ ამ სახლს გარეთ მყოფები. განა არ გადავყოლივარ და არ მიტირია, მაგრამ დედაჩემისგან განსხვავებით ჭკუა ვისწავლე, გავიზარდე, ვიმეცადინე და შევასწავლე თავს გარემოსგან თავდაცვა. იქნებ არცაა ეს კარგი, მაგრამ ძალიან არ მინდა ჩემმა შვილებმაც გამოიარონ ის, რაც მე გამოვიარე. წლების მერე გავეცი პასუხი იმ კითხვას, რაც სულ მაწუხებდა. ასეთ იდეალურს და გამორჩეულს რატომ ერგო წილად ასე მოკლე და მტკივნეული გზა. აკი ვთქვი, ლოგიკურია-მეთქი. ალბათ ასეა. თურმე როცა ადამიანი ულევ სითბოს გასცემს დაუნანებლად, იხარჯება, ილევა, სუსტდება. უკან ხომ მხოლოდ ცუდი გიბრუნდება ადამიანს და  ენერგიის მუდმივობაც მხოლოდ ფიზიკის სახლმძღვანელოშია…

მას მერე , რაც  ფოტოების ისტორიების წერა დავიწყე, ვუტრიალებ ამ ფოტოს და დედაჩემს. დავიწყებ, გავწვეტმ ისევ დავიწყებ, გავწვეტ. ვერა და ვერ დავაბოლოვე. ხან იმის მეშინოდაქ, რომ ზედმეტად სენტიმენტალური გამოვიდოდა, ხან იმის, რომ მე ვერ მოვძებნიდი საჭირო სიტყვებს, ხან იმის, რომ გადავყვებოდი მასზე წერას.

დღეს ჩვეულებისამებრ ჩავუარა კედელზე გაკრეჭილ გოგოს, ჩავხედე მოჭუტულ თვალებში და გავიგონე, როგორ მითხრა, ნეტავი შენ, არ გრცხვენია ამხელა გოგოს, რისი გეშინიაო. მეც დავჯექი და შევუდექი.

კედელზე კი კიდია ფოტო, როგორც უდროოდ შეწყვეტილი ჩემი ბავშვობა, როგორც ჰაერსა და სივრცეში შედედებული ტკივილი და გაოცება…

 

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ფოტო კედელზე»

  1. მაკა:

    რა დავწერო არ ვიცი …
    მესმის შენი ტკივილი, რომელსაც რაც დრო გადის უფრო მძაფრად ვგრძნობ(თ) …

  2. ჰო, არ შველის დრო მონატრებას, პირიქით

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s