კაკალი

 

common-walnut-tree

რაც თავი მახსოვს სულ იდგა  ჩემს ეზოში. რაც თავი მახსოვს, სულ ასეთი იყო, მთელ ეზოს ეფარებოდა. ქუჩასაც ჩრდილავდა და ზაფხულის ხვატში ყველას თავშესაფარი იყო.

ბერძნული ჯიშისააო, ამბობდა ბებია. ისხამდა ბევრს, დიდ, ქათქათა გულიან ნაყოფს. წლიდან წლამდე გვყოფნიდა ჩვენც და სხვებსაც.

ერთხელაც დამიობლდა ჩემი კაკალი. ორივემ დავკარგეთ ის, ვინც გვივლიდა და ზრუნავდა ჩვენზე, მე-ბაბუა და იმან-პატრონი.

უკან- უკან წავიდა კაკლის საქმე. აღარავინ დაჰფოფინებდა თავზე და დამღიერდა. არა, სიმაღლე-სიგანეზე არაფერი დასტყობია, მაგრამ  ვეღარ ისხამდა ისე.

შეგვაშინებინა ბებიამ, ვუღერეთ ნაჯახი, ვიმეორეთ ტექსტი. მგონი ნამეტანი მოგვივიდა. ისე შეეშინდა, მას მერე ისხამს და ისხამს უამრავს, მაგრამ რად  გინდა, ჩაშავებულს, ჩამჭკნარგულიანს. არც დამრეკია არავინ. ჰოდა, ცვივა ასე ცალობით ეს გასაცოდავებული ნაყოფი, ერევა ნაგავს. გატეხვასაც არ ცდილობს არავინ, რაკი  ვიცით, რომ აუცილებლად ჭიანი იქნება.

მტრები გაიჩინა ჩემმა კაკალმა. გადაეკიდა ერთი ავყია მეზობელი. ფოთოლი ცვივა ჩემთან და მოჭერითო, გაიძახის წლებია. არადა მაშინ , როცა ეს გადაეკიდა, მშვენიერ ნაყოფს გვაძლევდა და აბა ვინ გაიმეტებდა მოსაჭრელად? ჰოდა, რაკი ყური არ შევიბერტყეთ, მოწამვლა დაუწყო. ღამღამობით, ჩუმ-ჩუმდა ხან ნავთს ასხამდა, ხანაც მის მაგვარს  რაღაც სითხეს, სუნით ვხვდებოდი.

უძალიანდა ჩემი კაკალი ვაჟაკცურად საწამლავსაც და წლებსაც, მაგრამ მაინც უწია ყველაფერმა ერთად. გახმობით არ გამხმარა, მაგრამ დაიკორძა, დანაოჭდა, კანი   დაუსკდა, ჭიაც მოემატა.

რაც მეტად სუსტდებოდა, ფესვები მით მეტად ეზრდებოდა და უძლიერდებოდა თითქოს. ალაგ-ალაგ ასფალტიც ამოტეხა ეზოში, ლამის საძირკველში შემოვიდა.

იმ ერთი ცნობილი ხის არ იყოს, ერთ მშვენიერ დღეს ამანაც შემოხვია ფესვები რაღაც მკვრივს, მაგარს და მოუჭირა. არ გაუმერთლა ამაშიც. ღვინით სავსე ქვევრის მაგივრად კანლიზაციის მილი შერჩა ხელში.

სხვა გზა აღარ დაგვიტოვა და თითქოს თვითონ იყო დამნაშავე, სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანეთ.

მთელი დღე ჩეხეს და ხერხეს კაცებმა. ჯერ ხელები დააჭრეს, მერე ყელი გამოჭრეს, მერე წელში გადაამტვრიეს და ბოლოს ფეხები მოუცელეს.

არ გაუმართლა ჩემს კაკალს… ნეტავ მთვრალი მაინც ყოფილიყო და ღვინით გაბჟუებულს ეგებ ვერ გაეგო, ნაკუწ-ნაკუწ რომ გლეჯდნენ…

არც გამიხედავს… არ ვიცი, როგორ იქნება, რომ  ჩავალ და ჭიშკართან არ დამხვდება თავისი დაკორძილი შოლტა ტანით…

ხვალ ისევ გათენდება. ახალი დღე დაიწყება. გაშიშვლებული ეზო საყვედურით შემომხედავს ალბათ და ნაწყენი ამარიდებს მზერას…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «კაკალი»

  1. zhana:

    ქეთუ-ქეთი! საოცარია, ასე ერთნაირად რომ აღვიქვამთ ბუნებას, როგორც ცოცხალს… იცი, როგორ მიხარია, რომ ასე ზუსტად გადმოსცემ იმას, რასაც აღიქვამ და სხვასაც გულუხვად უზიარებ შენს ფიქრს, ეს ხელოვნებაა, ჩემო კარგო, უბრალოდ წერა კი არა! ძალიან მიყვარს შენი სამყარო- ქეთლანდია, ასე მგონია, ახალი სამყარო აღმოვაჩინე…. არადა დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ… ქეთ, იცი რა, ადრეც ვკითხულობდი ხოლმე ,,ქეთლანდიიდან» ჩანახატებს თუ მოთხრობებს, ძალიან მომწონდა, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ეს შენ იყავი, მერე სადღაც ფეისბუქში წავაწყდი , რომ ავტორი შენ ხარ… ძალიან გამიხარდა…… ამიტომ ვარ ასე აღფრთოვანებული ახლაც, რამდენჯერაც ახალ , ანუ ჩემთვის ახალ მოთხრობას წავიკითხავ… მახსოვს, პირველ კურსზე რომ დამიწერე ერთი მინიატურა ბლოკნოტში, შემოდგომის ფოთლებით სავსე ,,მზიურზე» და პიეროზე, და დღემდე შენახული მაქვს 1982 წელს დაწერილი ეს მინიატურა, აფხაზეთის ომიდან გამოაღწიეს იმ სტუდენტობის დღიურებმა…. როცა მეგობრების ნაწერებს ვკითხულობ, თქვენს სულში ვმოგზაურობ, ასე უფრო კარგად გაიცნობ ადამიანს, ვიდრე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ურთიერთობით, რომელიც ხანდახან დამღლელი გვეჩვენებოდა. კარგია, როცა ადამიანების სულიერ სამყაროში ახალ სიმდიდრეს აღმოაჩენ, სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ეს ყველაზე ძვირფასი განძია…. ნინოც სხვანაირად დავინახე მას შემდეგ, რაც მხოლოდ ფეისბუქით ვურთიერთობთ და მის წიგნებსაც სიხარულით ვკითხულობ, ასევე მიხარია სხვების ნაფიქრ- ნააზრევის კითხვა, მადლობა თქვენ ამ სიხარულისთვის! ამით ყველა გაუგებრობა დაძლეულია… ხანდახან დებიც ვერ ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ საკმარისია, მისი ლექსები გამახსენდეს, რომ ყველა გაუგებრობა უმნიშვნელო ხდება, რადგან სულია მთავარი ადამიანში, სული კი წერის დროს უფრო კარგად ვლინდება, ვიდრე ლაპარაკის დროს, ენა ჩემი მტერი ჩემიო, ასეა, ხანდახან ლაპარაკი ამახინჯებს სათქმელს, წერით კი შეიძლება სათქმელის სწორად, ზუსტად გამოთქმა და ყველაზე მართალი ურთიერთობა… მოკლედ, ტექნიკის ეპოქას პლიუსებიც ბევრი აქვს და მათ შორის ერთ-ერთი ინტერნეტია, ფეისბუქი, სადაც შეიძლება, წერით ისაუბრო და ხელახლა აღმოაჩინო თუნდაც დიდი ხნის ნაცნობი ადამიანები… არსებობს, ალბათ, ისეთი ხალხიც, რომელიც ამ ყველაფერს ბოროტად იყენებს, მაგრამ ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს მათთან…

  2. ყოველ სიტყვაში გეტანხმები. რომ იცოდე, როგორ მიხარია, ჩემს პატარა სახელმწიფოში კარგად რომ გრძნობ თავს. მით უფრო გამიხარდა, რომ ადრეც გცოდნია აქაურობა, სანამ გაიგებდი, რომ ჩემი იყო. ჰო, ადრე ინკოგნიტო ვიყავი. მერე გავმჟღავნდი და მალვას აზრი აღარ ჰქონდა. ის მინიატურა არ მახსოვს 🙂 საინტერესოა, მაშინ რას ვწერდი… პატარა, სულელი გოგო, ფხუკიანი და ცრემლიანი… რომ იცოდე, როგოტრ ველოდები ჩვენს შეხვედრას უკვე ვირტუალურს გარეთ… რამდენი რამე დაგვიგროვდა მოსაყოლი ❤

  3. მაკა:

    მე, ჯერ ქეთის ბლოგები აღმოვაჩინე შემთხვევით და კიტხვა დავიწყე, მერე ფეისბუქზე დავმეგობრდით და ვართ ასე დამეგობრებულები ვირტუალურად ( ჯერ — ჯერობით)…
    კაკლის ხის ისტორიას რაც შეეხებე, ზუსტად მსგავსი ისტორია მაქვს მეც… ხონში, ეზოში გვაქვს ხურმის ხე, უგემრიელესი. დასავლეთ საქართველოში ხურმით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ ეს ჯიში არ არის ისეთი ყველას რომ აქვს. ძალიან დიდი ხანია, რაც ამ ხურმის ხემ პატრონი დაკარგა … ალბათ უპატრონობამ, ალბათ სიბერემაც უწია და ვეღარ არის ისეთი რომ იყო. არადა ზაფხულში ჰამაკის ერთი ბოლო მის ტოტზეა მიბმული რაც თავი მახსოვს, მისი ჩრდილის ქვეშ ვსხდებით და ასე შემდეგ … ამშვენებს ჩემს ეზოს … ამ ბოლო დროს ჩემი დისშვილები აწუწუნდნენ, მთელი ზაფხული ნაყოფი ძირს ცვივაო, ( მე უკვე ათი წელია ზაფხულობით არ ვარ საქართველოში 😦 ) დილით ჯერ ეზოდან ჩამოყრილ ნაყოფს ვხიკავთ დაჯდომა რომ შევძლოთ ეზოშიო, მოკლედ გაიმეტეს ეს ხურმის ხე ….
    მე და ჩემი დები ვერ ვიმეტებთ….
    ამ ზაფხულს ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, აუცილებლად მინდა,იქნებ ვინმემ მასწავლოს თუ შეიძლება ვუმკურნალო და ცოტა ხანი კიდევ გავაძლებინო … ქეთის არ იყოს რომ ჩავალ და არ დამხვდება და „ გაშიშვლებული ეზო საყვედურით შემომხედავს ალბათ და ნაწყენი ამარიდებს მზერას…„ ძალიან გამიჭირდება …
    ჩემს დებსაც

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s