ფოტო სამალავიდან

ზამთარი ზაფხულს მანატრებს, სიცივე — სითბოს და ამ მონატრების გრძელ, პორჭყნია, ჩხვლეტია ძაფს იმ ადამიანების მონატრებასთან მივყავარ, რომელთა წასვლითაც ზაფხული დააკლდა ცხოვრებას. ამ მონატრებას ძველ ალბომთან მივყავარ ისევ და ისევ ვაძრობ  კიდევ ერთ ძველ, გაცრეცილ ფოტოს…

ერთ თბილისურ, ძველ ეზოში დგანან სამნი: მარცხნივ კოხტა გოგოა, იქნება ასე 18-19წლის, თავზე თეთრი ბერეტი ახურავს, ოდნავ გვერდზე გადახრილი, თეთრი კოფთა აცვია, საყელოსთან შავი ბროშით, შავი ნაკეცებიანი ქვედა ბოლო, თეთრი მოკლე წინდები და თეთრი, გადასაბნევშესაკრავიანი ფეხსაცმელები. მარჯვნივ ძალიან ლამაზი ქალი დგას, გრძელი, მაქმანებიანი შავი კაბით, მაღლა აკოკოლავებული თმით, თავი ოდნავ აქვს მიბრუნებული გვერდით და ლამაზი პროფილი უჩანს, თხელ თითებში გრძელტარიან მუშტუკში გაჩხერილი სიგარეტი მოუჩანს, თვალებში კი-დიდი სევდა. ამ ორს წინ, შუაში, პატარა გოგო უდგათ, მუხლებამდე კაბით და გაჩხიკინებული, მაკარონივით ფეხებით, აქეთ-იქით კაწაწებით და ხელში თოჯინათი.

ფოტო დაბზარულია, გადატეხილი ნაკეცზე.

ეს ბერეტიანი გოგო ჩემი ბებიაა, მის გვერდით მდგომი ლამაზი ქალი კი მისი მასწავლებელია, თამარი.

უჯრაში ინახავდა ხოლმე ბებია ამ ფოტოს, სხვა ფოტოებისგან განცალკევებით. მიკვირდა. ერთხელ ვკითხე, ასე თუ გიყვარს, რატომ არ გაუფრთხილდი, ასე რომაა გაუბედურებული-მეთქი. გაიღიმა და რომ გავუფრთხილდი, იმიტომაცაა ასეო. მერე მომიყვა:

ახალი გაწითლებულია ქვეყანა. ვიღაცას აკულაკებენ, ვიღაცას კლავენ, კოლექტივიზაცია ნელ-ნელა ანადგურებს ნაოფლარს და შრომის სიყვარულს.

ხმა გავარდა ონში, სკოლაში ახალი მასწავლებელი მოსულაო თბილისიდან. ინტერესით ელოდნენ ბავშვები მის გამოჩენას, ჰოდა, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, გაღებულა კარი და შემოსულა, მარა რა შემოსულა. ენა ჩავარდნიათ ბავშვებს მისი სილამაზის შემხედვარეებს. თუმცა არც მარტო სილამაზე იყო მიზეზი. დედოფალივით იყოო, ამბობდა ბებია. ისე ეცვა, როგორც არავის, ისე ლაპარაკობდა, როგორც არავინო. ბებია წინ მჯდარა, როგორც მოწადინებული სწავლას და სამაგალითო მოსწავლე. შევციცინებდი თვალებშიო. ეტყობა იმასაც მოეწონა ეს ჩემი ჭკვიანი ბებია, პატარა გაკნაჭული გოგო რომ იყო იმ დროს, თავზე ხელი გადამისვაო, ახლაც მახსოვს, როგორი რბილი და თბილი ხელი ჰქონდაო. ის იყო და ის, იმ დღიდან თამარის საყვარელ მოსწავლედ ქცეულა ბებია. კიდეც მტოვებდა გაკვეთილების მერეო, წიგნებს მატანდა სახლში საკითხავად, მერე ვარჩევდით ერთად, მიყვებოდა ათას საინტერესო რამესო. საგანს ხომ ასწავლიდა და ასწავლიდა, თანაც ორს-ქართულს და ისტორიას. რუსულშიც მამეცადინებდაო , მეუბნებოდა, ჭკვიანი გოგო ხარ, სწავლა უნდა გააგრძელო, თბილისში უნდა წახვიდე და იქ გამოგადგებაო.

მთელი რაიონის საცოლო ბიჭები მასზე იყვნენ შეყვარებულები, მაგრამ ისეთი უცხო იყო და მედიდური, თქმასაც ვერ უბედავდა ვერავინ.

რამდენიმე წელი იცხოვრა ონში. ბებია იზრდებოდა, თანდათან კიდეც დამეგობრებულან.

ერთხელ ამბავი მოსვლიათ თბილისიდან, ბებიას ბიძა საავადმყოფოში დაეწვინათ. მაშინვე ჩასულან ბებიას დედ-მამა. უნახავთ. არაფერი იყო სერიოზული, ბანალური აპენდიციტის ოპერაცია გაუკეთებია. მერეც უნახავთ, მშვენივრად იყო. მოკლედ, დაიმშვიდეს გულები და დაბრუნდნენ რაჭაში. რა ექნათ, შვილებს ხომ არ დაყრიდნენ ღვთის ანაბარად? ორ დღეში დეპეშა მოსვლიათ, ბიძიას გარდაცვალების ცნობით.

ვერავინ გაიგო, რა მოხდა. რაღაც ცუდი სუნი ასდიოდა ამ ამბავს. მერე გაიგეს, რომ კიდეც გაუჩხრეკიათ მისი ბინა, რაღაც წიგნები წაუღიათ, ამბობენ ანტისაბჭოთა იყოო. შეეშინდათ ბებიას მშობლებს სიმართლის გარკვევის და დაბრუნებულან ხმისამოუღებლად ონში. ახლა იმას ფიქრობდნენ, ბინა როგორ შეენარჩუნებინათ. გამოსავალიც იპოვეს. მაინც ოცნებობდა ბებიაჩემი თბილისში წასვლაზე და ბარემ ბინასაც მიხედავსო, გაუშვეს.

ასე დაშორდნენ ერთმანეთს ბებია და თამარი.

გავიდა რამდენიმე წელი, ბებიამ თურმე ჩააბარა, სწავლობდა. ერთხელ, სახლში დაბრუნებულს, ეზოში დიდი საბარგო მანქანა დახვდა. მუშები რაღაცას ცლიდნენ და ცლიდნენ. რომ მიუახლოვდა, ნახა, სულ წიგნები იყო. ეყარა ასე ხროვად მტვრიან ეზოში. იქვე კიბის საფეხურზე იჯდა ვიღაც ქალი და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ეზოში პატარა გოგო დარბოდა თოჯინით ხელში.

ახლოს მისულა ბებია და თავისი საყვარელი თამარ მასწავლებელი არ უცვნია? იმასაც შეუკივლია, ჩაუკრავს გულში და ისეთი ქვითინი ამოუშვია, ბებიასაც ასტირებია, თუმცა ვერ ხვდებოდა, რა ატირებდა ამ ულამაზეს ქალს.

ის გაცრეცილი ფოტოც ამ დღეს გადაუღიათ.

კიბის ქვეშ პატარა, უფანჯრო, ნესტიანი ოთახი იყო და იქ შესახლებულა თამარი შვილთან ერთად. ბებია იმ საღამოსვე მისულა მათთან, თამარს კარი გაუღია, აქეთ-იქით გაუხედავ-გამოუხედავს, ჩურჩულით უთქვამს, ნუ მოხვალ ხოლმე აქ, არ დაგინახონო. გვიან ეზოში გამოდი და იქ ვილაპარაკოთო.

დაბნეულა ბებიაჩემი, ვერ გაეგო, რა ხდებოდა.

ღამით ჩასულა ეზოში. ხის სკამზე დახვდა ჩამომჯდარი თამარი. მოუყოლია თავისი ამბავი.

ბებიას წამოსლის მერე მალე მიუტოვებია სკოლა და თბილისში დაბრუნებულა. მალე გათხოვილა. ქმარი ერთობ წესიერი, განათლებული კაცი ყოფილა, მასზე უფროსი, თანამდებობაც ჰქონია, განათლების შესაფერისი. ცხოვრობდნენ თურმე სიამტკბილობით. ბავშვიც ეყოლათ. მერე ერთხელ დაიბარეს თურმე ავადსახსენებელ ადგილას ოჯახის უფროსი. ცუდ ხასიათზე დაბრუნებულა. რამდენიმე დღეში გვიან ღამით შავი მანქანა შემოგრიხინდა ეზოში და წაიყვანეს. ყველაფერი ჩამოურთმევიათ, რაც კი გააჩნდათ. ხალხის მტერიაო, ბინიდანაც გამოსახლეს. აი აქ რა წიუგნებიც ნახე, ეს იყო ჩვენი ქონებაო. ის საცოდავიც წერდაო, მაგრამ მისი წიგნები არ დამიტოვესო. ის თუ ხალხის მტერი იყო, აბა მოყვარე ვიღააო, ტიროდა თურმე თამარი. ახლა ჩვენ ხალხის მტრის ოჯახი ვართ და ყველა გვერიდებაო. შენც მოგვერიდეო. აბა როგორ მოერიდებოდა ჩემი კეთილი ბებია მის უსაყვარლეს ადამიანს, რომლისგანაც იმდენი სიკეთე ახსოვდა. ჩუმჩუმად აკითხავდა მაინც თურმე და საუბრობდნენ გვიანობამდე.

პატარა გოგო ხშირად ავადმყოფობდა, ალბათ ნესტი თავისას შვრებოდა და უჰაერობა…

ერთ ღამეს მათ ეზოშიც მოგრიხინდა შავი მანქანა. დილით გაიგეს, რომ თამარი წაუყვანიათ.

თავს იკლავდა ბებია თურმე ტირილით, მეზობლები აჩუმებნდნენ, გაჩერდი, გოგო, თორემ შენც მის გზას გაგიყენებენო. დარჩენილა ეს პატარა გოგო ასე უპატრონოდ. სადღაც სოფელში ნათესავი გამოსჩენია და იმას წაუყვანია.

გასულა დრო.

ერთხელ კარზე დაუკაკუნეს ბებიას თურმე. გაუღია და ვიღაც გოგო დაუნახავს, ფერმკრთალი, გალეული, ცუდად ჩაცმული. ვერ მიცანიო? კი, კი, სწორად მიხვდით, თამარის შვილი იყო, ნინო. გახარებია ბებიას. შეუპატიჟებია. გამოუკითხავს ამბები. დედაჩემის არაფერი ვიციო. ავად ვარო. აქ საავადმყოფოში უნდა დავწვეო.

ახველებდა თურმე უბედურად. სისხლიც ამოუყოლებია და მალავდა ცხვირსახოცსო.

სამზარეულოში გასულან ჩაისთვის და მეზობლებს ამბავი აუტეხიათ, აქედან გაიყვანე ეგ «ჩიხოტკიანი», არ გადაგვედოსო.

შეკეტილა თურმე საწყალი და კარეთ აღარ გამოდიოდა. ბებიას აუდუღებია ჩაი, დაუსხამს თავის ჭიქაში, თავის თეფშზე დაუწყვია რაც მოეპოვებოდა საჭმელი და მიუტანია. ერთი თეფშიდან ვჭამეთ და ერთი ჭიქიდან დავლიეთო. არ გინდა, რას აკეთებ, არ გადაგდოო, ტიროდა თურმე ნინო. ბებია კი იცინოდა, ნეტავი შენო, არაფერიც არ გჭირსო. მერე მორცხვად უთქვამს, მე იატაკზე დავწვები, მოშორებითო. ბებიას კი შეუწვენია თავის ლოგინში. სიცხე ჰქონდაო, აკანკალებდა და ვეხუტებოდი და ვათბობდიო…

ორი დღე იყო და მერე წავიდა საავადმყოფოშიო. მას მერე აღარაფერი გამიგია მასზეო.

ისევ გავიდა წლები, ბევრი, ბევრი ტკივილით და სიხარულით. მეორე შვილს ნათლავდნენ ბებია და ბაბუა.

ქაშუეთში მივედითო, ყვებოდა ბებია, გვერდით ჩავუარე მათხოვრებს და შევედი ტაძარშიო. ხელები ჩამრჩა ერთ-ერთის თვალებშიო, თხელი, გრძელი თითებით და საჩვენებელზე დიდი შავთვლიანი ბეჭდითო. ადგილზე ვეღარ ვჩერდებოდი, ერთი სული მქონდა, როდის გამოვიდოდით, რომ მომეძებნა ის ქალიო. მორჩენილან ნათლობას, გამოსულან გარეთ, მაგრამ ის ქალი აღარ მჯდარა. მანქანაში რომ ვსხდებოდით, პატარა ბიჭი მოვიდა და ყვავილები მომცა, ერთმა მათხოვარმა მითხრა, აი იმ ლამაზ ქალს გადაეცი, როცა გარეთ გამოვაო…

არ ვიცი, მართლა თამარი იყო თუ არა ის მათხოვარი, მაგრამ ბებია დარწმუნებული იყო ამაში და ვერ ინელებდა იმას, რომ ვერ იყოჩაღა და ვერ მოძებნა თავისი ულამაზესი თამარ მასწავლებელი…

წლების მანძილზე მალავდა თურმე ბებია ამ ფოტოს, ეშინოდა გამოჩენის, ვერც გადასაგდებად იმეტებდა. გადაკეცილი, გამოკრული, გამოკერებული ჰქონდა თურმე პალტოს სარჩულის ქვემოდან. ისე გამიჯდა ამ ფოტოს შიში, ახლაც კი ვწუხდები, ვინმემ არ ნახოსო…

ზამთრის სიცივემ ბებიას მონატრებასთან მიმიყვანა, ბებიამ-ამ ფოტოსთან, ამ ფოტომ კი სისხლიან ეპოქაში გამოსრესილ ულამაზეს თამართან. მისი ამბავი ნამდვილად არის ფილმი, რომელიც შავ-თეთრ ფოტოს მოსდევს თან…

 

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s