კორო

მე და კორო ერთად ვიზრდებოდით. ორიოდე წლითაა ჩემზე უფროსი.  ვთამაშობდით, ვიძინებდით, ვიღვიძებდით, მაგრამ ამ ყველაფერს ლაიტმოტივად გასდევდა ჩემი წამება. დიახ, დიახ, ეს გოგო იყო ჩემი მწვალებელი. მდგომარეობას ის აუარესებდა, რომ მიყვარდა ეს გადარეული ახტაჯანა. მიყვარდა და თან მეშინოდა მისი გაბრაზება-გადაკიდების, რაკი ვიცოდი, რომ შავი დღე დამადგებოდა. ჰოდა, ვცდილობდი მე საწყალი მისი გულის მოგებას, მოთმენას მისი სისაძაგლეების, არშემჩნევას წყენის, რომ მერე არ დაეცინა, ტირილის შეკავებას, რომ უფროსებს არ დავეტუქსე, ტყულუბრალოდ რა გატირებსო, დაჩივლებას, რომ მერე არ ეთქვათ, უჟმური ხარო.

მოკლედ, ასე გადიოდა ჩვენი ბავშვობა, სანამ ბინა არ მიიღეს და არ გადავიდნენ.

შაბათ-კვირას, დიდი ჩანთით ზურგზე სტუმრობდა კორო ბებია-ბაბუას. მოიყვანდნენ მშობლები და ტოვებდნენ. თან ველოდებოდი, მაგრამ თან ვაი ამ მოლოდინს. წინასწარ ვიცოდი, რომ ეს ორი დღე ჩემი წვა-დაგვის იქნებოდა. აბა, კაი გოგო იყავი და შეგემჩნია. ველოდებოდი ასე სასიკვდილო განაჩენივით მის მოსვლას.

ხან რას მოიგონებდა და ხან რას, თანაც ყოველ ჯერზე რამე უსაქციელოს, გასამწარებელს. აი ერთხელ მოუნდა გართობა და ჩამკეტა საქათმეში. წარმოიდგინეთ, მე, საქათმის ბადეზე მსუქანი ხელებით ჩაფრენილი, ლოყებდაწითლებული, თვალებზე ცრემლებით, თავზე ქათმები მახტებიან. ვდგავარ და ვსლუკუნებ:- კორო, კორო, გამომიშვი რა… ის კი დგას და კვდება სიცილით. მერე მოდიან უფროსები, გამოვყავარ ტყვეობიდან და აქეთ  მსაყვედურობენ, დიდი ამბავი, გაერთო ბავშვი, რა გატირებს, რა მოხდა მერეო.

ან ვუყვები რაღაცას და უცებ მომაფურთხებს, მე ვცდილობ ენა მივუტანო დედას, რომ ეგებ ახლა მაინც გამამართლონ და საქმეში ხარ? ეტყობა ისეთ სისულეეებს ეუბნებოდი, მობეზრდა და მოგაფურთხაო.

ხან ჩემს პატარა დაზე ერთობოდა. კი მეცოდებოდა, მაგრამ მაინც კოროს ბანაკში უნდა ვყოფილიყავი, თორემ დავისჯებოდი. ჰოდა, ვიდექით და ვაბრაზებდით პატარას:

-პაპრიგუნია სტეკაზა ლეტო კრასოე პრაპელა, მანანა

-ოგლიანუტსია ნე უსპელა, კაკ ზიმა კაწიტ ვ გლაზა, მანანა.

-ვაიმე, დედიკო, გოგოები ჩემზე ცუდ ლამეებს ლაპარაკობენ ლუსულააად-აკივლდებოდა ჩემი და.

არაფრით ვგავდით ერთმანეთს. ის-გაჩხიკინებული, მე ჩასუქებული, ის გიჟი, გადარეული, მე ჩუმი და დამჯერე.

დაგვათარეშებდა შაბათ-კვირას და მტოვებდა დარბეულს.

დამცინოდა, რომ მასავით ვერ დავრბოდი, დამცინოდა, რომ მასავით ვერ ვხტუნავდი, ხეზე ვერ ავდიოდი, რომ ველოსიპედს სამთვლიანს ვერ გავცდი ვერასდროს, ის კიდევ ქაჯივით დაქროდა ორთვლიანით აღმა-დაღმა, დამცინოდა, რომ ვერაფრით ვისწავლე «როლიკებზე» სრიალი,  თვითონ რომ  გასწორებული ჰქონდა აღმართ-დაღმართი.

პარკში წაგვიყვანეს  ერთხელ. დამსვა ამ შეჩვენებულმა ის რაღაც საზიზღარი ნავები რომ იყო, დიდი, რკინის, იმაზე და დაიწყო და დაიწყო. ჩვენ ვდგავართ აქეთ-იქით, ის აქანებს ნავს. თანდათან მაღლა აჰყავს, მე ვდგავარ, ხელეფჩაფრენილი, მუხლები მიკანკალებს, ცოტაც და წავიქცევი.  ვერც ვჯდები, მრცხვენია, იმიტომ რომ ყველა ფეხზე დგას ასეთ ნავებზე, გული მისკდება მგონია, ჰაერი არ მყოფნის, ცრემლებს ვიკავებ სიმწრით, ძალით ვიღიმები. აბა, რომ დამინახოს, რომ მეტირება, უარესს იზამს და თანაც დამცინებს სახალხოდ. «კორო, კორო, გვეყოფა, კაი?»- ვეხვეწები, შენც არ მომიკვდე.ახლაც კოშმარივით მახსოვს ეს დღე და მას მერე, დავიფიცებ, არასდროს აღარ გავკარებივარ ამ ნავებს.

ვისვენებთ ზღვაზე. ის ცურავს გიჟივით, მე, რასაკვირველია, არ ვიცი ცურვა. შემიყვანს გასაბერი ბალიშით, არ მინდა, რომ მივყავარ, მაგრამ აბა კაი დედმამიშვილი ხარ და გაბედე გაპროტესტება. მერე მტოვებს სიღრმეში, თვითონ გამოდის და იფხრიწება სიცილით. ვარ ასე გაჭირვებულიად, სანამ უფროსები არ მომისაკლისებენ  და არ გამომიყვანენ.

გავიდა წლები. ასე იყო თუ ისე, გადავურჩი ჩემი მარბიელი კოროს ოინებს. გავიზარდეთ. ახლა სხვანაირად დავმეგობრდით.

გულის სიღმეში მშურდა მისი. არასდროს ერიდებოდა იმის თქმის, რაც უნდოდა, არც ბრძოლა უჭირდა საკუთარი აზრის და სურვილის გასატანად. იყო თამამი, ყოჩაღი, თავდაჯერებული, მხიარული, აზარტული. სულ მინდოდა მიმებაძა, ხან გამომდიოდა, ხან არა, ბოლო უფრო ხშირად.

არ იყო სპორტის სახობა, რომელიც არ ეხერხებოდა, ცურავდა, ჩოგბურთს თამაშობდა, ფეხბურთსაც კი. 10 ბიჭი რომ იყო სტადიონზე, ეს მე-11 იდგა. იყო მეგობრების სული და გული, სიცოცხლით სავსე ხულიგანი გოგო.

ყველას ეგონა, რომ მას არაფერი გაუჭირდებოდა ცხოვრებაში, ყველგან თავს გაიტანდა და მე საწყალს რა მელოდა, იმას დარდობდნენ.

გაიარა დრომ. ისიც ისევე ჩაება ოჯახურ ორომტრიალში, შვილების მოვლა-გაზრდაში, როგორც მე. ოღონდ, სრულიად მოულოდნელად ჩემთვის, ისე გამოვიდა, რომ მან თავი დაკარგა ამ ყველაფერში… ეს ახტაჯანა, თავისნათქვამა გოგო ისე გახედნა ყოფამ და ვაჟკაცმა თანამეცხედრემ, რომ სამუდამოდ გაექცა ხელიდან საკუთარი «მე» და სურვილებიც მხოლოდ ოჯახური ფარგლით შემოეხაზა…

გგონიათ, დაიჩივლებს? ისე მოყვება , ჩაგაბჟირებს სიცილით. არადა, რომ დავუფიქრდები ხოლმე, რა საშინელებებს ყვება, გული მიკვდება.

-ველოდებოდი, გოგო იმ დღეს. გახდა 1, გახდა 2, გახდა 3, არ ჩანს. ვერც ვწვები. რომ დავიძინო და კარი დაკეტილი დახვდეს და მთვრალი იყოს, გაიგებს მთელი სადარბაზო. თან მეძინება, ვკვდები ისე. მოვიდა, როგორც იქნა. რეკავს ზარს. მე გავდივარ ნიფხვით, ვაღებ და ვხედავ დიიიდ ბუჩქს იასამნისას, სად მოტრიტა, არ ვიცი, ფესვებიც ზედ აქვს. ირწევა ეს ბუჩქი და ქვევით ფეხსაცმელები ჩანს. მერე ნელ-ნელა სწევს ქვევით ამ ბუჩქს და ჩნდება მისი სახე, თმა დაუსველებია და ნორჩი ლენინელივით აქვს გადაწეული. იღიმება, როგორ იცი? აი «ადნაჟდი ვ ამერიკეში» რომ დე ნირო იღიმება, ისე. მაწვდის თაიგულს, და აი მე შენ როგორ მიყვარხარო. თან მეკითხება, ვინ არის აქო. არავინ , გენაცვალე, არავინ არაა -მეთქი. არ დაიჯერა. ჰოდა კაი ნახევარი საათი, დავდიოდით ოთახებში, ვიხედებოდით კარადებში, ლოგინების ქვეშ. მერე ჩუმად გავიპარე, ვიფიქრე ახლა მაინც დავწვები-მეთქი. დამადგა თავზე დოინჯით, როგორო, მე შენ სიყვარულით თაიგული მოგართვი და ასე უდიერად უნდა დატოვოო? ავდექი, რაღა მექნა. გამოვიტანე ერთი ვაზა, არ ჩაეტა, გამოვიტანე მეორე, არც იქ ჩაეტა. გამოვიტანე მაკრატელი, არ გაჭრა. გამოვიტანე სეკატორი, ვერც იმან გაჭრა. გამოვიტანე, გოგო ხერხი. ვხერხე და ვხერხე, ჩავაწყვე მერე წყალში. აი ასეო, ასე არ სჯობიაო? მე კიდევ აღარ დამეძინა ამდენი ხანხალის მერე.

-მოვდივართ, გოგო, იმ დღეს მცხეთიდან. გალეწილი მთვრალია. ხან რას შევასკდით კინაღამ და ხან რაც, ხანაც მტკვარში გადავცვივდით. ლაპარაკს და შენიშვნას აზრი არ ჰქონდა. მეც ავდექი, ჩავწიე ფანჯარა და მთელი გზა ვეზომებოდი, თუ წყალში გადავარდებოდა, გავეტეოდი თუ არა ამ ფანჯარაში.

აი ასეთი გოგოა. სატირალსაც ისე მოუვება, მოგკლავს სიცილით.

არც ჭკუა ჰქონდა ვინმეზე ნაკლები, არც განათლება, მაგრამ რაკი ასე მოსთხოვეს, ჩაჯდა სახლში, ზარდა შვილები, ემსახურა ყველას და სანაცვლოდ ახლა უსაქმურს, უვიცს, მუქთახორასაც კი უწოდებენ ხოლმე…

როცა ქალებზე ძალადობაზე საუბრობენ, ძალაუნებურად ჩემი გადარეული კორო მახსენდება. წარმოივდგენ ხოლმე, როგორი უნდა ყოფილიყო, ახლა როგორია და გული მტკივა. ისე დაუნდობლად ხედნა და გვემა ყოფამ, ოჯახმა და ვიღაც-ვიღაცებმა, იმ ყოჩაღი გოგოსგან ერთი დაშინებული, იოლად მოტირალი გოგოღა დარჩა, რომელსაც ცხოვრებას  მხოლოდ იუმორი უმსუბუქებს.

უცნაურია ცხოვრება. ვინ იფიქრებდა, რომ ის საქათმეში გამოკეტილი, ატირებული გოგო ასეთი ბრძოლისუნარიანი გამოდგებოდა და საკუთარი თავის  დაბრუნება-გადარჩენისთვის უკან არ დაიხევდა არც ბრძოლიდან, არც გაჭირვებიდან, არც მარტოობიდან და საბოლოოდ მაინც მოახერხებდა ნამცეც-ნამცეც მიბნეულ-გაბნეული თავის შეკრებას, გამთლიანებას. ვინ იფიქრებდა, რომ ის ხულიგანი გოგო, მე რომ ასე მშურდა მისი, დღეს ჩემს სიყოჩაღეზე ისაუბრებდა და თვითონ დაემსგავსებოდა საქათმეში გამოკეტილ ატირებულ პატარას…

სხვების გულისტკივილი ყოველთვის ახლოს მიმაქვს ხოლმე გულთან. აი კოროსი კი მკლავს… თავს ვერ ვერევი, როცა ვუყურებ ორი წუთის წინ ოხუნჯობით მოყოლილი ამბის მერე, როგორ ისვამს კოტიტა ხელებს  და იწმენდ მსხვილ-მსხვილ ცრემლებს ჩუმად უშველებელი ლურჯი თვალებიდან.

ერის გადასახედიდან კორო გმირი ქალია, თავდადებული, ჩემთვის კი საცოდავი მსხვერპლია იმ ყველაფრის, რასაც ქართული ოჯახი ჰქვია.

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «კორო»

  1. მაკა:

    რატომ უტრიალდებათ ტვინი ნეტავ ქალებს?

  2. ეროვნული პრობლემაა

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s