ბიჭი 90-იანებიდან

განწყობა უკვე შეგიქმნათ, ალბათ, 90-იანების ხსენებამ. სიბნელის, სიცივის, სისხლის, სიძულვილის და ნავთის სუნად აყროლებული ბინძური ქვეყანა და ამ ყველაფერში ჩაკარგული ადამიანები…

არავისთვისაა უცხო ის ამბავი, რომ სკოლა, სამწუხაროდ, ყოველთვის იყო იმის ანარეკლი, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ჰოდა, ასე იყო მაშინაც. იმისტები და ამისტები, წივილ-კივილამდე მისული პოლიტიკური დებატები სამასწავლებლოში, გამურული საკლასო ოთახები, შემოკლებული გაკვეთილები, ბავშვობადამახინჯებული ბავშვები, უვიცები, გზააბნეულები… მოკლედ, სრული სიბნელე და ამ სიბნელეში მე, თქვენი მონა-მორჩილი…

პატივი მცა დირექციამ და, როგორც პატარას და პერსპექტიულს, რაც კი გამორჩეულად მძიმე კლასები მოიპოვებოდა სკოლაში, გადმომილოცა. ამას არ დასჯერდნენ და დამრიგებლობა შემომტენეს დამამთავრებელი კლასის, თუ შეიძლება ასე ეწოდოს ხროვას 25 უვიცის, უზრდელის და პირუტყვული გამომეტყველების მოადამიანო ელემენტის. გადარჩევის მეთოდით მოაგროვეს თუ  რა იყო, არ ვიცი. 11 დამრიგებელი ჰყავდათ გამოცვლილი და მე-12 მე ვიყავი.

გაკვეთილის ჩატარება რომ ვცადე და ახსნა, გაიკვირვეს, ჩვენ მიჩვეულები არ ვართ, ტყუილად ვსხედვართ გაკვეთილებზე და არავინ არაფერს გვთხოვსო.არ დავნებდი და მაინც ვეცადე ჩემის გატანას.  ხან ვუყვებოდი, ხან ვუკითხავდი, ხან გამოდიოდა, ხან-არა.განა არ ვიცოდი, რომ წყლის ნაყვა იყო ჩემი ყოველი მცდელობა, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა გამეჩერებინა ეს ამდენი აწყვეტილი გიჟი?

მისვლის პირველი დღიდანვე მესმოდა საუბრები და კვნესა-ჩივილი ვინმე სანდროზე. ისე ეშინოდათ მისი, როგორ გავარდნილი ტყვიის. დავინტერესდი. ისიც ამთავრებდა იმ წელს სკოლას. ხშირი სტუმარი არ იყო გაკვეთილების. იშვიათად მოდიოდა, მაგრამ გამოჩნდებოდა თუ არა, სკოლა თავდაყირა დგებოდა. ჰყავდა თავისი «შნირები» და დათარეშობდნენ, ნადირობდნენ, ერთობოდნენ, თანაც საკმაოდ საშიშად და ბოროტად.

საშუალო სიმაღლის, კაფანდარა, ქერა, ხუჭუჭა ბიჭი იყო, ცისფერი თვალებით. საუკეთესოდ ჩაცმულ-დახურული, ოჯახი აძლევდა ამის საშუალებას და საშიში ყინულებით თვალებში.

მოკლედ, ერთხელაც ატყდა ამბავი, მორიგი გმირობის შემდეგ გარიცხვას უპირებდნენ. იპედსაბჭოვეს და გარიცხვის მაგივრად კლასიდან გადაიყვანეს და სად? ხვდებით ხომ? ჩემს სადამრიგებლოში. მაინც დაღუპული კლასია და ერთით მეტი, ერთით ნაკლები, არაფერი შეიცვლება და ამ სამაგალითო კლასს შედეგებს ვერ გავუფუჭებთო.

მახარეს მეორე დღეს ეს ამბავი. რა დამემართებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ? ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო, ისე იყო ჩემი საქმე.სასიკვდილო განაჩენივით ველოდებოდა მის გამოჩენას. და აი ერთხელაც გაიღო კარი და შემოვიდა. გული კოჭებთან ჩამივარდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, გავიღიმე და მოვიპატიჟე. ამხედ-ჩამხედა, კარგა ხანს მათვალიერა, მერე ჩაიღიმა და დაჯდა ბოლოში. ხმა არ ამოუღია. იჯდა გასუსული , ხან მერხზე თავდადებული, ხან ფანჯარაში მოცქერალი. რამდენჯერმე სხვებს შეუღრინა, მოკეტეთო. მოკლედ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა გაკვეთილმა, ის კი არა სხვებისთვისაც არ დამჭირვებია შენიშვნის მიცემა.

სულ ტყუილად მეშინოდა.რაც ის გამოჩნდა, ვეღარავინ ბედავდა კლასში აფრენას. თუ ის იყო გაკვეთილზე, ყველა გასუსული იჯდა და  მეც ვაკეთებდი იმას, რაც მიმაჩნდა საჭიროდ. ნელ-ნელა საკონტროლოებიც შევაპარე, მერე ტესტები მოვუგონე, მერე კიდეც მოვაყოლე რამდენიმეს შიგადაშიგ, მოკლედ ყინული ცოტა მაინც დავძარი.

ერთხელაც დედამისმა მომაკითხა, გულში ჩამიკრა, მკოცნა და მკოცნა. ვიდექი გაოცებული და ვუყურებდი ამ სიმპათიურ ქალს, აცრემლებული რომ მიხდიდა მადლობას იმისთვის, რომ ასე ადამიანურად ვექცევი მის შვილს, რომ არ ვუმწარებ სიცოცხლეს მასზე საყვედურებით და მისი ლანძღვით. მინდა მოგიყვეთ სანდროს შესახებო. გამიხარდა და სახლში დავპატიჟე. მესტუმრა.

დავსხედით, დავიდგით კათხებით ქაფქაფა ყავა და დაიწყო:

ტრავმირებული ბავშვიაო. თქვენ არ იცით, რამხელა დარდს ატარებს გულითო.მერე გაიხსენა ახალგაზრდობა, თავისი უიღბლო სიყვარულის ამბავი, ტარდიციულ-ქართული  სტერეოტიპებით ამხედრებული უფროსობა. ორსულ პატარძალს როგორ შემოვუშვებთ ოჯახში, ეგებ სხვისი ბავშვიაო. მოკლედ, ჩაიშალა ამბავი. ბავშვი გაჩნდა, მაგრამ მამა არ ცნობდა შვილად… იყოჩაღეს ქალის მამამ და ძმებმა, გვარის მიცემა აიძულეს. თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. მამა მაინც არ ცნობდა თავის შვილად პატარა სანდროს.

ლამაზი ბიჭი იყო, საყვარელი, ჭკვიანი, სწავლობდა საუკეთესოდ. ასე ამბობდა, ფრიადოსანი რომ ვიქნები, მამა გაიგებს და შევუყვარდებიო. ამასობაში ასაკი ემატებოდა, იზრდებოდა ამ გულისტკივილში ეს პატარა ბიჭი. არც უბანი აკლებდა ხელს, სიტყვა ნაბიჭვარი არავის ამოუღია ჯერ ხმარებიდან. მერე იყო დედასთან კონფლიქტები, საქმის რჩევები, სიმართლის დადგენის მცდელობები. წლებიც ემატებოდა და თანდათან იცვლებოდა, ეცვლებოდა ხასიათი. სწავლას თავი მიანება, ყოჩობა დაიწყო.სასტიკი თამაშები შეიყვარა.

ველოსიპედი უყიდა ბაბუამ, ძვირიანი, საუკეთესო, ისეირნებს, გაერთობაო. ის კიდევ უსაფრთდებოდა მამას, მისდევდა მის მანქანას ველოსიპედით და ქვებს ესროდა უკნიდან. თუ სადმე გაჩერებულს წააწყდებოდა, კაწრავდა, ან საბურავს დაუშვებდა, ან შუშას ჩაუმტვრევდა.

რომ მოიზარდა, ფულის გროვება დაუწყია, იარაღი უნდა ვიყიდო და მამაჩემი უნდა მოვკლაო.

ვუყურებდი ამ გამწარებულ დედას, ცრემლების ფრქვევით რომ მიყვებოდა კაი ოჯახის ახლობელივით ამ ყველაფერს და გული მიკვდებოდა. არც ვიცი, რით დავიმსახურე, რომ ასე ახლობლად მივეღე და ასე ჩაეხედებინა ჩემთვის საკუთარი ცხოვრების ბნელ მოსახვევებში.

ერთხელ, მზიანი დღე იყო, ფანჯრები ღია გვქონდა კლასსში. ვსხედვართ, ვწერთ საკონტროლოს. სანდროც მოსულია( წინასწარ არკვევდა, როდის მქონდა წერა, რომ არ გაეცდინა და საყვედური არ მიმეღო). უცებ ქვედა სართულიდან, ჩვენ ქვემოთ ოთახიდან, ისეთი კივილი გაისმა, ვიფიქრე, კლავენ-მეთქი ვიღაცას. რამდენიმე წუთში სასწავლო ნაწილი შემოვარდა პირზე დუჟმომდგარი. კივის და წივის. მომდგა და მომდგა, მლანძღავს, რომ არაფრის მაქნისი ვარ, რომ სკოლაში არაა ჩემი ადგილი, რომ წესრიგი არ მაქვს. მე ვდგავარ და გაოცებული ვუყურებ.თურმე ვიღაცას ჩვენი ოთახის ფანჯრიდან ძუაზე გამობმული ჩანგალი ჩაუშვია ქვევით. იქ ბავშვებმა დაინახეს, როგორ ქანაობდა ეს ჩანგალი, მერე მასწავლებელმა და ატეხა პანიკა. მე ვერაფერი შევამჩნიე. აბა რა ვიცი, ყველა ჩუმად იყო, წერდა, ძუა არ ჩანდა და არც ჩანგალი და ხომ არ დამესიზმრებოდა? ეს ქალი კიდევ დგას და ილამძღება, ყრის დორბლებს და შხეფები მხვდება სახეზე. რა არ მითხრა, მე სულელს კიდევ ტირილი ამიტყდა. ის ყვირის გამარჯვებული სახით, მე ვტირი. არასდროს დამავიწყდება სანდროს სახე. წამოხტა. აქეთ მოიხედე, შე ქაჯოო, უყვირა სასწავლო ნაწილს. დიდი ხანია, კაბინეტში დაჯექიო? შენ ის არ ხარ, მის გაკვეთილზე მერხებზე რომ დავრბოდიო? მე მქონდა ეგ ჩანგალი ჩაშვებული(დღემდე არ ვიცი, მართლა მას ჰქონდა, თუ დაიბრალა) და თუ ყოჩაღი ხარ, მე მეჩხუბე, მაგას რას ერჩიო. ან ვინ მოგცა უფლება, მაგისი ლანძღვისო. ჯერ «ლ» გაასწორე და მერე ილაპარაკე, შე სოფლელო გომბიოო. მაგას რომ უყურებ, იცი როგორი ოჯახიდანაა და როგორი ჭკვიანიაო? შენი წონა წიგნი აქვს წაკითხული და შენ, ლაპარაკი რომ ვერ გისწავლია წესიერად, როგორ უბედავ ასეთ რამეებსო. მერე მოვიდა ჩემთან, თავზე ხელი გადამისვა, მომცა ცხვირსახოცი და ნეტავი შენ, ამ გოიმის გამო რომ იშლი ნერვებს და ტირიო.

სახე  მოერყა სასწავლო ნაწილს. ენა ჩაუვარდა, გაწითლდა და უკანმოუხედავად გავარდა ოთახიდან.

იმ დღიდან ასმაგად შემიყვარდა ეს ბიჭი.

ისე ჩავამთავრეთ სასწავლო წელი, ერთი უბრალო წყენაც არ მოგვსვლია. ის მე მცემდა პატივს, მე-მას.

ზაფხულში მოკლეს სანდრო.

ვიღაც ბობოლას სახლში შეპარულან ბიჭები, «ნაკოლი» ჰქონიათ, სახლში არავინ იყო, პატრონს კი იარაღის კოლექცია ჰქონდა. უნდა გაეტანათ და გაეყიდათ. შევიდნენ, მაგრამ სახლის პატრონი შინ დახვდათ. სროლა აუტეხია, სანდრო ფეხში დაჭრილა, წაქცეულა, დანარჩენებს გამოუსწრიათ, გვესმოდა, როგორ ეხვეწებოდა, არ მომკლა, ბიძია, ხომ ხედავ, იარაღი არ მაქვს, წავალ, არაფერი მინდა შენიო. ამას კიდევ მიუყოლებია და მიუყოლებია ტყვიები. მერე გამოტანია და ქუჩაში დაუგდია. წაუყვანიათ ბიჭებს, დაუწვენიათ საავადმყოფოს კიბეზე და გაქცეულან. შეუყვანიათ სანიტრებს, უნახავთ. დაგვიანებული იყოო, უთხრეს დედას.

მამა არც გასვენებაში მისულა.

ერთი დიდი ადამიანი, ჩემთვის ყველაზე ჭკვინი კაცი მსოფლიოში, ამბობდა თვალით ხედვა არაა საკმარისი, ხშირად ცდება, მთავარი გულის და გონების ხედვააო.

მეც გონების და გულის ხედვით ვიხსენებ ამ 17 წლიანი ტკივილით ნაცხოვრებ ბიჭს და გულის და გონების ხედვით ვცდილობ მისი ამბის მოყოლას. გამომივიდა თუ არა, ეგ თქვენი გადასაწყვეტია.

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s