კაბა

შორეულ ბავშვობაში ერთ არაფრით გამორჩეულ ღამეს სიზმარი ვნახე:

ვიყავი დიდი, მქონდა გრძელი თმა ცხენის კუდად შეკრული, მეცვა ულამაზესი შავი კაბა. იმ რიდისა და ყაბაჩის არ იყოს, რისგან იყო შეკერილი თუ მოქსოვილი, ვერ გაარკვევდი, რბილი, ნაზი ქსოვილი, ლამაზად გამოყვანილი, კოხტად გულამოჭრილი, ბოლოში განიერი სახელოებით, წელს ქვემოთ გაშვებული, ფრიალა. მაჯებთან და კაბის ბოლოზე ქობასავით შემოყოლებული ჰქონდა სხვადასხვა ფერის ძაფებით ამოქარგული ორნამენტები.წითელი, კლურჯი, მწვანე, ოქროსფერი, ყვითელი, ცისფერი, ყავისფერი, რა ვიცი, რა ფერს არ ნახავდი. ყველა ისე კარგად იყო ერთმანეთთან  შეხამებული, საოცარ გამას ქმნიდა. მაინც წითელი უფრო დომინირებდა.მეცვა წითელი ლამაზი ფეხსაცმელი, მეკიდა კოხტა წითელი ჩანთა, მესვა წითელი პომადა და ქუჩაში მოვდიოდი. გამვლელ-გამოვლელი ყველა მე მიყურებდა.

ისე ცხადად ვხედავდი ამ ყველაფერს, რომ გამეღვიძა, სარკეში ჩავიხედე და იქიდან ბიჭურად თმაგაკრეჭილმა, მსუქანლოყებიანმა გოგომ რომ შემომხედა, კინაღამ ავტირდი.

მას მერე დამრჩა ეს სიზმარიც და ეს კაბაც.სიზმარში აღარ მინახავს, სამაგიეროდ, ღამღამობით ვხედავდი თვალდახუჭული დაძინებამდე.

მერე ერთხელაც ამოვიჩემე, რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა მქონდეს ასეთი კაბა, გრძელი თმა, ასეთი ფეხსაცმელი, ჩანთა და უნდა დავემშვიდობო მსუქან ლოყებს.

მას მერე დამთავრდა ჩემი მშვიდი ცხოვრება.

ყველაზე მარტივად თმის გაზრდა გამომდიოდა და ეს შევძელი, მაგრამ ლოყებს რაც შეეხება, ერთობ ძნელი საქმე გამოდგა ბებიას გემრიელობების,  აწრიალებული  მადის და კუჭის გამო. თანაც ეს ოხერი გაპრანჭვის ასაკი ყველას რომ ჰქონდა, მე არა და არ მეღირსა.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ასე თმის გაზრდით დამთავრდა ბავშვობა. ამასობაში სტუდენტიც გავხდი და, ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, რომ მარტო ღამღამობით ოცნება და ფიქრი ლამაზ კაბაზე საქმეს ვერ უშველიდა. მეც ავდექი და დავიწყე შიმშილი. თავიდან მიჭირდა, მერე ისე შევეჩვიე,  კიდეც გადამავიწყდა, რა შეგრძნება იყო ეს.

ერთხელაც ერთ პრესტიჟულ მაღაზიას ჩავუარე გვერდით და გული გამიჩერდა-ვიტრინაში მანეკენს ჩემი სიზმრის კაბა ეცვა. შევედი, გულისფანცქალით ჩამოვაღებინე გამყიდველს, ჩავიცვი. მიჭერდა ცოტა. მერე ფასს დავხედე და მივხდი, რომ კიდევ კაი ხნით უნდა დამევიწყებინა ჩემი ოცნება.

გავაასმაგე შიმშილი. კაპიკს კაპიკზე ვაწებებდი, ვინახავდი ტრანსპორტის ფულს და ფეხით დავწანწალებდი, ვზოგავდი სასადილოს ფულს, ვადებდი სტიპენდიას, მერე ვითვლიდი, ისევ ვაკოწიწებდი, ისევ ვითვლიდი, ისევ ვაკოწიწებდი. პერიოდულად მივდიოდი მაღაზიასთან და ვამოწმებდი, კიდევ იყო თუ არა ის ჩემი კაბა. ერთ-ერთ მისვლაზე აღარ დამხვდა.

ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ვიღაც მომიკვდა, მართალია, ეს «ვიღაც» უფრო «რაღაც» იყო, მაგრამ ჩემთვის ეს სიზმრისეული «რაღაც» ისეთი ხელშესახები, მშობლიური, თანაშეზრდილი იყო, უკვე სულიერად აღვიქვამდი.

მეგონა დამთავრდა ყველაფერი, მეგონა ვერასდროს ვეღარ ვიცონებებდი რამეზე და არც არასდროს მეღირსებოდა სურვილების ასრულება.

შემატყო ბებიამ, რა გჭირსო. მოვუყევი. არაფერი უთქვამს. მეორე დღეს შინმისულს საკერავ მანქანასთან მიმჯდარი დამხვდა. გადმოუღია რაღაც ძველი შავი ნაჭერი და კერავს კაბას. როცა კერვას მორჩა,  გადმოყარა ფერადი ძაფები და ქარგვას შეუდგა. ჰოდა, ერთხელაც დამახვედრა კაბა.მართალია, დიდად ვერ ჰგავდა იმ ჩემს სიზმრისეულ კაბას, არც ისეთი რბილი იყო, არც ძაფები იყო ისეთი და არც ორნამენტები, მაგრამ ცუდი არ იყო მაინც.

რომ გითხრათ, გამიხარდა-მეთქი, მოგატყუებთ. მაინც არ შევიმჩნიე, ისეთი მონდომებული კერავდა ბებია, გულს ვერ ვატკენდი. კიდეც მეცვა რამდენჯერმე, მაგრამ, ეს არაფრით ჰგავდა იმ შეგრძნებას,  მე რომ  მქონდა წარმოდგენილი. მალე მოვიბეზრე ეს კაბა, მივკუჭე ძველ კარადაში და ხელიც აღარ გამიყრია…

ამის მერე აღარ გამხსენებია ის ჩემი სიზმარი და მასში ნანახი არაჩვეულებრივი კაბა.

გავიდა წლები. არაერთხელ ამკვიატებია რაიმეს სურვილი და ასევე არაერთხელ მწვევია იმედგაცრუება. კიდეც დავიკანონე უკვე ეს და ჩავთვალე, რომ ასეც უნდა იყოს და რომ ეს წარუმატებლობების და ოცნებების ვერასრულების მოჯადოებული წრე, იმ ვერნაღირსები კაბის რადიუსით შემოიხაზა  ჩემ ირგვლივ…

ცხოვრებაში ყველაფერი წრეზე ტრიალებს, მოდაც მათ შორის. ჰოდა, ერთხელაც ისევ არ წავადექი ჩემს სიზმრისეულ კაბას? ზუსტად ისეთს, როგორიც მახსოვდა იმ საბედისწერო სიზმრიდან! ახლა უკვე შემეძლო, ჩემო ოცნების ასრულებისთვის გამეკრა ჯიბეზე ხელი. ასეც მოვიქეცი. ასე რომ არ მექნა, თვალებში ვერ შევხედავდი საკუთარ თავს.

გულაფანცქალებული მოვქანდი სახლში. ორმაგად მიხაროდა. ჯერ ერთი, მეღირსა, როგორც იქნა, მერე რა, რომ ამდენი წლის შემდეგ, მეორეც, იმ საღამოს დაბადების დღეზე ვიყავი წასასვლელი და გადაპრანჭული მისვლა ნამდვილად არ მაწყენდა.

ჩავიცვი კაბა, მერე წითელი ფეხსაცმელები, ამდენი ხანი რომ უქმად ეყარა კარადაში, გავიკეთე ცხენის კუდი, წავისვი წითელი პომადა, გადავიკიდე პატარა ლამაზი წითელი ჩანთა…

ვიდექი სარკესთან და ვუყურებდი ჩემს სიზმრისეულ მეს. მერე უცებ ორეული გაქრა და მის მაგივრად აცრემლებული პატარა, მსუქანლოყება გოგო დავინახე… რაღაც ჩამნწყდა გულში…არანაირი სიხარული, არანაირი კმაყოფილება…

კაბა დავკეცე და გავახვიე. ამოვიცვი ჯინსი, გადავიცვი პულოვერი, გავიშალე თმა, მოვიცილე პომადა და ლამაზი საჩუქრით ხელდამშვენებული მივადექი მეგობარს…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «კაბა»

  1. jana:

    ქეთი! ასე მგონია, თავიდან აღმოგაჩინე… ასეა ყოველი შენი მოთხრობის თუ ჩანახატის წაკითხვის შემდეგ და უსაზღვროდ მიხარია, რომ ასე კარგად წერთ ჩემი მეგობრები! ვამაყობ თქვენით! ეს ჩანაწერები აუცილებლად წიგნად უნდა გამოსცე!

  2. მადლობა, ჩემო საყვარელო ❤ ჩემთვის შენი შეფასება ბევრს ნიშნავს

  3. ასრულებული ოცნებებით მიღებული იმედგაცრუება. ზოგჯერ ჯობია რაღაცები აუსრულებელი დარჩეს

  4. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრი იწვალე მის ასრულებაზე…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s