სუსხიანი აპრილის ღიმილიანი გმირი

გაზაფხულის მშვიდი საღამო იდგა. სადღაც იქნებ ჩიტიც გადაფრინდა ხიდან ხეზე.

დილიდან არ აეწყო რაღაც. ვიღაცა ავად გახდა, ვიღაცა სხვაგან მიემგზავრებოდა, 12311630_1059081170793034_1028713066_oდედას საქმეები გამოუჩნდა გადაუდებელი, მამას-ძმაკაცები აუცილებლად სანახავი.

რაღაც სუსხიანი ქაოსი დაჰყვებოდა  დღეს. პატარა ბუნჩულა იუბილარი, 4 წლის რომ სრულდებოდა, დეიდამ წაიყვანა, რაკი არავის ეცალა მისთვის.

ცუდად ეძინა იუბილარს, წარამარა ეღვიძებოდა და დედას ითხოვდა. უკვირდა დეიდას, ადრე ასეთი რამ  არასდროს დამართნია. მასთან ყოფნა ყველაზე მეტად უყვარდა პატარას.

ეძინა ქალაქს ღრმა ძილით და მის ქუჩებში აპრილით ასურნელებული გაზაფხულის მშვიდი ღამე იწვა.

დილით ოჯახის ახალგაზრდა დიასახლისი, პატარა იუბილარის დედა იპოვეს… ჩამომხრჩვალი…

არავინ იცის, რამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი ამ ლამაზ, სათნო, ჭკვიან გოგოს. არავინ იცის, რამ აიძულა თავისი ამქვეყნიდან გაქცევა შვილის დაბადების დღისთვის დაემთხვია და ამით მოვლენა, რომელიც ყველასათვის სასიხარულოა, ამ პატარა, ბუნჩულა ბიჭისთვის დიდ ტკივილთან გაეიგივებინა…

მერე, როგორც დიდი კლასიკოსი დაწერდა:

ზარი…გლოვა… გაღებული ჭიშკარი…

მითქმა-მოთქმა… კუთხეში მიყუჟული საუბრები…

-იყო წერილი?

-არ იყო წერილი?

-წერილი ყოფილა და გამქრალა

-არაფერი წერილი არ ყოფილა

და ასე უსასრულოდ…

შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, მგლოვიარე ქმარი, წლისთავი…ქორწილი…ახალი დედა… ჩვილის ჩხავილი…

გავიდა წლები. ეს ჩვენი ბუნჩულა იუბილარი მოიზარდა.

როცა მე გავიცანი, უკვე სკოლაში დადიოდა მე-5 თუ მე-6 კლასში. საოცარი ბიჭი იყო. ლურჯი თვალებით ისე ღრმად გიყურებდა, იმსიშორიდან, რომ გავიწყებდა თავის ასაკს. ხასიათით და საქციელითაც არაფრით ჰგავდა ბავშვს. პრინციპული, დაჯერებული  თავის გადაწყვეტილებებში, აზრიანი, არაჩვეულებრივი იუმორით და უზომო სევდით თვალებში. მოგყვებოდა გვერდით და გეგონა ზრდასრული მამაკაცი, თანაც უებრო ჯენტლმენი, გახლდა თან. კიდეც მოგხედავდა, კიდეც დაგიცავდა, კიდეც გასიამოვნებდა.

დავწანწალებდით მე და ჩემი მეგობარი თბილისის ქუჩებში და ეს ნორჩი რაინდიც მუდამ თან გვახლდა.

მერე ისევ გავიდა დრო. აქეთ-იქით გაგვფანტა ყველა.

მერე დაიქცა ქვეყანა.

გაიღვიძა ერში( ან გააღვიძეს) სისხლის და ომის სიყვარულმა. ქართული მიწა უნდა დავიბრუნოთო, აფხაზეთს გვართმევენო. იხუვლეს საჯიშე ბიჭებმა თბილისიდან. ჰოდა აბა ამ «სამ მუშკეტერზე» და  ვაჟა-ფშაველაზე გაზრდილ,»ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის»დევიზის მოყვარულ ბიჭს ვინ გააკავებდა. მერე რა, რომ ასაკი არ უწყობდა ხელს. მოხალისედ წავიდა იმ სასაკლაოზე…

მერე ერთხელაც დამირეკეს, სერგუშა აღარ არისო. როცა ზურგით მოათრევდა დაჭრილ მეგობარს, მაშინ უსვრიათ. ნუ გეშინიათ, არაა სასიკვდილო ჭრილობებიო, იქით ამშვიდებდა თურმე მეგობრებს. მართლაც გადარჩებოდა, რომ ის საზიზღარი მცოცავი ტყვიები არ ყოფილიყო… სანამ საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაფლეთილი ჰქონდა შიგნით ყველაფერი…

ფეხები უკან მრჩებოდა, იქ შესვლას და მის დანახვას სიკვდილი მერჩია, მაგრამ არშესვლაც არ შემეძლო.

იწვა ჩემი სერგუშა, მხარბეჭიანი, ლამაზი, ზღაპრული მზეჭაბუკის მსგავსი. იწვა ცოცხალივით. ვუყურებდი და ასე მეგონა წამოდგებოდა და გამიღიმებდა თავისი არაჩვეულებრივი ღიმილით, მკვდარსაც რომ კარგ ხასიათზე დააყენებდა ლოყებზე გაჩენილი ორი საყვარელი ფოსოთი…

სერგუშას მერე არ ვცნობ არანაირ ომს, არც სამართლიანს და არც უსამართლოს, რაკი ორივე ბოროტებასთანააა გაიგივებული ჩემთვის. სერგუშას მერე აღარ მჯერა ხმამაღალი პატრიოტობის, შეძახილების. სერგუშას მერე დავიჯერე, რომ ომები მხოლოდ გაბღენძილი ადამიანების ჯიბის გასასქელებლადააა მოგონებული და რომ ომის შემდგომ დამდგარი მშვიდობაც ისეთივე საშიშია, როგორც თავად ომი…

ღიმილის ბიჭი იყო-მეთქი, უნდა დამეწერა.მერე უცებ გამახსენდა, რამხელა ტკივილს დაატარებდა ეს კეთილი ბიჭი გემრიელი ღიმილის მიღმა, ჩუმად, ღრმად და გადავიფიქრე…

არდაბრუნების დანაშაული ყველამ ვაპატიეთ სერგუშას, რაკი გმირი იყო და თავისი საუკუნე მიჰქონდა განიერი მხრებით, მაგრამ ქვეყანას ვერასდროს ვაპატიებთ მისნაირი მზეჭაბუკების გაბირბითებას, უდროოდ ჩამქრალ სიცოცხლეს და უმათოდ ყოფნის ტკივილს…თუმცა ქვეყანა რა შუაშია…

ან იქნებ ომიც არაფერ შუაშია და ამ უთავბოლო სამყაროს გაარიდა მონატრებულმა დედამ საყვარელი შვილი. გულში ჩაიკრა, პატიება სთხოვა და ნებართვა დაკარგული წლების და ზრუნვის ანაზღაურების…

ვინ იცის…

პ.ს. არ ყოფილა დღე, რომ არ გამხსენებოდა ეს თვალებნათელი ბიჭი. არ ყოფილა დღე, რომ არ მომენდომებინა შევმძვრალიყავი დროის მიღმა იმ ლამაზი გოგოს სულში, აზრებში… ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ მქონია ის მდგომარეობა, გაღვიძება რომ აღარ გინდა, არყოფნა რომ გირჩევნია ყოფნას. ასეთ მომენტებში ყოველთვის თვალწინ მიდგებოდა სერგუშას სახე და  მილეული სასიცოცხლო ძალა წამიერად მიბრუნდებოდა. ასე მგონია, მშობლები შვილებს მხოლოდ გარეგნობას, ხასიათს არ გადასცემენ თავიანთი ქრომოსომებით… ისინი ნებით თუ უნებლიეთ მათ უანდერძებენ უიღბლობას და წარმატებულობას, ბედნიერებას და უბედობას ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებიან ამას. სამყაროში არაფერი იკარგება, ყველაფერო წრეზე ტრიალებს…მოჯადოებულ წრეზე და ჩვენი ყოველი ნათელი თუ ბნელი მომენტი სადღაც წლების წინ, ჩვენი მშობლების ცხოვრებიდან იღებს სათავეს…

პ.პ.ს. არ მახსოვდა და 30-ში დაღუპულა სერგუშა…ტყუილად არ ამკვიატებია. უცნაურია, ან იქნებ სულაც არა და ძალიანაც კანონზომიერია…

 

 

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s