ტარიელი

გგონიათ იმ ტარიელზე ვწერ, ქე რომ ვეფხვის ტყავი ეცვა, ცრემლებს აღვარღვარებდა წყლის პირას და შიგადაშიგ გული მისდიოდა? ოლოლო, თქვენ, ვერ გამოიცანთ!

ეს ტარიელი აგერ ჩემ წინ ცხოვრობს ერთობ ბედნიერად, ცოლით და სამი შვილით( მათ საუბედუროდ).

ჩემი ტარიელი დაბალი, ფეხებგაღვერილი კაცია. მოკლე კისრზე დიდი, გლობუსივით თავი ადგას. მელოტია. დიდი კლასიკოსის არ იყოს, ღვინოსთან და არაყთან მჭიდრო სიახლოვის გამო ცხვირი, ლოყები მუდამ წითელი აქვს, თვალები დაჭეხებული. მელოტი თავიც წითლად ულაპლაპებს.

რამდენადაც ჩიაა გარეგნულად, იმდენად ომახიანი ხმა აქვს, მუდმივად ჩახლეჩილი სმიგან და ყვირილისგან.ნამეტანი ხმამაღლაა დაწერილი. და საერთოდაც, საოცარი ოჯახია, ჩუმად ლაპარაკი არავინ იცის. მათი საუბარი ისეთია, შეუჩვეველ ყურს აუცილებლად ხელჩართული ჩხუბი ეგონება.

არაჩვეულებრივი ლექსიკური მარაგი აქვს ტარიელს. ჩვენი დალოცვილი ენის ასევე დალოცვილი ჰარმონიული თანხმოვნები მისთვის შექმნილა. მისი ყოველი ფრაზა ალიტერაციის ნიმუშია, სადაც მეორდება ბგერები: «ტ», «ყ»,»შ», «ც»,»მ» სხვადასხვა კომბინაციით. ნამდვილი შემოქმედია, რომ იცოდეთ. მისი სმენისას მიხვდებით, რომ ფანტაზია მართლაც უსაზღვროა. თუკი ოდესმე იქნება შეჯიბრი გინებაში, ტარიელს ვერავინ გაუწევს კონკურენციას. აგინებს ყველას და ყველაფერს, სულიერსა და უსულოს, შინაურსა და გარეულს.

მუდმივად დაღლილია ცხოვრების ამაოებისგან, ამიტომაც არ მუშაობს. არის თავმომწონე. როგორც ნამდვილ ქართველს მამაკაცს შეეფერება, უკიდეგანოდ ამაყი საკუთარი სქესით და ამ სქესით მინიჭებული უპირატესობით.

წეღანაც გითხარით და ოჯახში ყველა ფორტისიმოზე საუბრობს. დროდადრო ეს ხმამაღალი სიტყვა-პასუხი უკვე წივილ-კივილში გადადის. ისმის ისეთი სიტყვები, როგორებიცაა» მოკლა», «ვაიმე», მოკლავ, შენი»,»დედა», «მამა» და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ეს ხდება შებნელებულზე, როცა უკვე მიღებულია დღის ნორმა და ბახუსის მლავებსაა მიცემული ეს ჩვენი რაინდი. ცოლი ტოლს არ უდებს, ყოჩაღია.ასეთი ცეცხლოვანი ღამის შემდეგ, დილით, უთენია, შილიფად ჩაცმული გამოდის ეზოში და ღიღინ-ღიღინით რწყავს ყინულივით ცივი წყლით ბოსტანს და ხეხილს, ან ასევე ღიღინით კრეფს უკვე მოწეულ, თავისი ქმრისთავისფერ პამიდორს.

მათი შემხედვარე ნამდვილად გაიგებს სიტყვა «იდილიის» მნიშვნელობას და ჩასწვდება შემდეგი ფრაზების არსს: «ფერი ფერსა და მადლი ღმერთსაო», «ერთ სულ და ერთ ხორც»…

ცხოველებიც განსაკუთრებულები ჰყავთ: ძაღლი მგელივით ყმუის გაუთავებლად, მამალი ყივილის ნაცვლად ტარზანის ხმებს გამოსცემს, ცხვარი კი  არ ბღავის, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვამს გულდაწყვეტილი ბავშვივით: «მე, მე», ბოლოში კითხვის ნიშნით.

«ზაოდობა» აქვს ტარიელს ეზოში. დიდი თავყრილობაა. ტარიელის მწვადი ცეცხლზე შხივის, ქვაბიდან წვეთ-წვეთად მოდის მირონი. შეკრებილან რაინდები და ვაჟკაცობისას ამბობენ, სამშობლოს სიყვარულისას,ოჯახის სიწმინდისა და ხელშეუხებლობისას, შვილების სიყვარულისას და ამაყები, თვალცრემლიანები იბრახუნებენ ღიპს ზემოთ ქონიან მჯიღებს.

მე კი ვემზადები მეორე განყოფილებისთვის, რომელიც სტუმრების წასვლის შემდეგ დაიწყება. სავარაუდოდ, ხანგრძლივი კინოსეანსი მელის მძაფრსიუჟეტიანი თრილერის…

ვუცქერი ფანჯრიდან ამ საოცარ სანახაობას … ნოემბრის ცივი ნიავი ქროლვით იწვევს ციფერ ლანდს… ეღიმება ულვაშებში, უყურებს ცოტა ხანს, მერე ხელს იქნევს მოწყვეტით და ამბობს:»ეტყობა, რომ ქართველია»…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s