სულო

— ეთო, ვიყოთ რა ღარიბები?

-მეტი რაღა?

ეს სიღარიბეს მონდომებული ადამიანი ბიძაჩემია, მეორე კი დეიდაჩემი.

ხშირად მეორდებოდა ასეთი საუბარი მათ ოჯახში, თბილისის ერთი მზიანი უბნის ჩიტისბუდისხელა «ხრუშჩოვკაში».downloadსულიკო ერქვა ბიძაჩემს. არ ვიცი, ვინ აურჩია ეს სახელი, მაგრამ ნამდვილად არ შემცდარა. ცარიელი სული და გული იყო ყველასთვის. ამიტომაც იყო ალბათ, რომ მეგობრები, ასე უამრავი რომ ჰყავდა, სულოს ეძახდნენ.

როგორი სულიკოც იყო და როგორი სულიც ჰქონდა, ისეთივე ხმა ამოსდიოდა ყელიდან, ტკბილი, სუფთა, არავიში რომ აგერევა და თვალდახუჭული გამოარჩევ ყველასგან.ისიც მღეროდა და მღეროდა. ასე სიმღერ-სიმღერით მოიარა ქვეყანა, ასე სიმღერ-სიმღერაში გაატარა ახალგაზრდობა და ასე სიმღერ-სიმღერითვე დაბერდა.

იყო დრო, როცა პირველ მომღერლად ითვლებოდა, როცა მის გამოჩენაზე ინგრეოდა დარბაზი. მოგვიხელთებდა თუ არა, თვალცრემლიანი იხსენებდა იმ წარმატებული კონცერტების ამბებს. ჩვენც ვუსმენდით და ველოდებოდით, როდის მივიდოდა მთავარ ეპიზოდათან-პარიზის ყველაზე პრესტიჟული დარბაზის სცენაზე გამოსვლასთან. მერე იხსენებდა, როგორ მოხვდნენ ეს თბილისელი უნახავი ბიჭები ღამის კლუბში, სადაც ისე უცნაურად ექცეოდნენ სასმელს, რომ გაოცებულები მიშტერებოდნენ, როგორც ამას ბიძაჩემი აღწერდა, კი არ სვამდნენ, ტო, ენას უწობდნენ. მერე უცებ საიდანღაც რომ ბუმბულაფარებული ტიტველი ქალები გამოჩნდნენ და ცეკვა დაიწყეს, სულ გადაირიენ თურმე ეს საბჭოურ ცხოვრებაში მოთრგუნული ბიჭები.

ჰოდა, წაჰყვებოდა — წამოჰყვებოდა მოგონებებს და ბოლოს აუცილებლად აქ მიდიოდა. აი ამას რომ მორჩებოდა, მერე იწყებოდა ყველაზე საინტერესო-ქართული ესტრადის «ლოცვა-კურთხევა». ამ მომენტამდე თუ ვერ მოსწრებდი გასცლოდი და თავი დაგეღწია, მერე უკვე განწირული იყავი მისი გაცეცხლებული ტირადის სმენისთვის და გაგებედა, საწინააღმდეგო რამე გეთქვა და შეკამათებოდი.

აი ტელევიზორში შოუებს და კონცერტებს ხალხი ხომ გართობისთვის უყურებს? ბიძაჩემისთვის ეს თვითგვემა იყო, რომელიც გრძელდებოდა რეპლიკებით, ნერვული ხველებით, გინებით და ლამის ხარაკირით მთავრდებოდა.

«ე, ტო, ამას ეტყობა მეზობელმა უთხრა, კარგად მღერიო, დაიჯერა, ტო და ახლა მომღერალი ჰგონია თავი.» «ესა ნახე, ტო, ჩურჩულებს რა»… და ასე დაუსრულებლად.

ხომ იყო ბავშვურად გულუბრყვილო და ალალი, ასევე ბავშვურად სიმართლის მიხლა იცოდა. ასე მაგალითად, ერთ აღიარებულ თანამედროვე ვარსკვლავს ურჩია, წადი, ტო პარკეტი დააგეო. რამდენი ასეთი იყო კიდევ. ამიტომაც დიდად არ უყვარდათ ელიტის წარმომადგენლებს. ბუნებრივია, ვის მოსწონს სიმართლის მოსმენა, თანაც ისეთი ადამიანისგან, ვინც იცი, გულის სიღრმეში, რომ თავისი საქმის პროფესიონალია და გჯობია ათასჯერ.

ნათესავი გარდაგვეცვალა. მოგვიწია ქელეხის სუფრაზე დარჩენამ, ნამეტანი ახლობელი იყო და არ გამოდიოდა თავის დაძვრენა. ჰოდა, სხედან იქ თვალცრემლიანები, იხსენებენ ბაბა კატიას( რუსი იყო ერივნებით), დეიდაჩემი გულაჩუყებული ყვება, ომის დროს, როცა შიმშილი დაიარებოდა ქალაქში, ზამთრის ცივ საღამოს როგორ სტუმრობდნენ კეთილ კატიას და როგორ აჭმევდა  გაყინულ გოგოებს ცხელ წითელ ბორშს. ბიძაჩემი ზის, სადღაც იყურება და უცებ რეპლიკა:»აუფ, ტო, რა ჯობია კაი ცხელ წითელ ბორშს!»

მთელ თბილისს იცნობდა და მთელი თბილისი იცნობდა. დადიოდა ფეხით( მანქანა არც არასდროს ჰყოლია), გაღიმებული, სტვენა-სტვენით, ხან ვინ გააჩერებდა, ხან-ვინ, ხან ვინ იკრავდა გულში, ხან -ვინ. ცეკა-ტეკადან დაწყებული, მწვანილის გამყიდვლამდე ყველა ცნობდა, თუმცა არასდროს უსარგებლია ამით. სხვა მასზე გაცილებით ნაკლები მონაცემების ვარსკვლავები რომ აგარაკებს იშენებდნენ და ასახლებდნენ მონაგარს, ეს ბედნიერად ცხოვრობდა თავის «ხრუშკოვკაში» და შიგადაშიგ ამბოხებულ დეიდაჩემს ღიმილით უმეორებდა:» ეთო, ვიყოთ რა ღარიბები».

როგორც ყველა გურულს, ამასაც ოხერი ენა ჰქონდა. როცა სიბერეში ავად გახდა და წარამარა უწევდა უროლოგის დახმარება, ხუმრობდა,»რაც მთელი ცხოვრება პატივი მცა, ტო და მასიამოვნა, ახლა სულ ძმრად ამომადინა ცხვირშიო».

ისე წავიდა ამქვეყნიდან, ერთი სოლო კონცერტი არ აღირსეს. არადა ბოლო წუთამდე შეეძლო გამოსულიყო და ცოცხლად ემღერა ყველაფერი, განსხვავებით ბევრი ახლანდელი ვარსკვლავისგან.

უსამართლოა ისედაც ეს ცხოვრება, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებულად გამოირჩევიან არასწორი დამოკიდებულებებით, შეფასებებით, უსამართლო გადაწყვეტილებებითა და საქციელებით.

«სიმღერაა მთელი ჩემი ქონებაო»,-მღეროდა და მართლაც ასე იყო.

წავიდა ჩემი ტკბილხმიანი ბიძია სულო ისე, როგორც მიდიან სხვები. მიწა იყო და მიწად იქცევა ისევე, როგორც ყველა, მაგრამ მათგან განსხვავებით მან დატოვა თავისი კრიალა, გულშიჩამწვდომი ხმა, ჩაკარგულ-ჩამდნარი ძველ ჩანაწერებში.

«სალამურსა გულში ჩავწვდიო»-მღეროდა და მართლაც ასე იყო. როცა სულოზე ვფიქრობ, მჯერა, იქაც, იმქვეყნად, აკვნესებს სალამურად თავის გემრიელ ხმას…

ახლა კი გიტოვებთ ერთ სიმღერას

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «სულო»

  1. მაკა:

    მაშინ შიგნიდან მღეროდნენ, გულით მღეროდნენ და უყვარდათ სიმღერა, ახლა (ყველაზე ალბათ ვერ ვიტვი, საბედნიეროდ) სახელისთვის მღერიან, თუ ამას სახელი ქვია …

  2. მასეა, მაკა, სახელისთვის იმდენად არა, რამდენადაც კეთილდღეობისთვის

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s