სისხლი

-გძინავს?

-არა, არ მძინავს და ჩუმად ილაპარაკე, თორემ შემოვლენ ახლა და გაიგებენ, რომ არ გძინავს.

-ჰო, ჰო, ჩუმად ვიყოთ, თორემ გამოგვეპარება და ვეღარ დავხვდებით.Фото001

საძინებელში ორი პატარა გოგო ეჩურჩულება ერთმანეთს და ცდილობს არ გამორჩეს არაფერი, რაც მათი ოთახის გარეთ ხდება. გასუსულები უგდებენ ყურს ყველაფერს. ბიძიას ელოდებიან. იციან, რომ დღეს  ჩამოვა აუცილებლად, მოგვიანებით. სტოლიპინის რეჟიმია მათ იჯახში. ამ დროს უნდა ეძინოთ აუცილებლად. აი, ახლაც დააწვინეს ორივე, მაგრამ რატომღაც არ ამოწმებენ, სძინავთ თუ არა. ალბათ, უფროსებიც არ არიან წინააღდეგი ამ წესის დარღვევის, უბრალოდ ამას არ ამხელენ.

ცოტა ხანში ისმის ხმაური, დიდების სიცილი, ხვევნა-კოცნა.

-ჩამოვიდა, ჩამოვიდა!-ხტებიან საწოლებიდან და ღამის პერანგისამარა მიტანტალებენ სასტუმრო ოთახში.  იქ თავიანთი ხუმარა, თბილი, საყვარელი ბიძია ხვდებათ.

ერთ მუხლზე ერთი უზის, მეორეზე-მეორე. არიან დიდ ამბავში.

-ზურიკო ბიძია, ზურიკო ბიძია, «რწყილი და ჭიანჭველა» მოგვიყევი რა.

-მეგრულად?

-ჰო,ჰო.

ისიც ყვება დაუზარებლად, გამოთქმით, თეატრალურად.

-ზურიკო ბიძია, ზურიკო ბიძია, აფრინდა აფრინდა ვითამაშოთ, რა!

-ზურიკო ბიძია, ზურიკო ბიძია, რომელია შუა თითი გვეთამაშე რა!

და ასე დაუსრულებლად…

ეს სიმპათიური, ხუმარა კაცი ბიძაჩემი ზურიკოა, მამის ძმა. ეს ორი სასაცილო გოგო კი მე და ჩემი და ვართ.

ყოველ ჯერზე საზეიმო მოვლენა იყო ჩვენთვის მისი ჩამოსვლა. როგორ ველოდებოდით!!! ასე ალბათ რაღაც დიდს, სასწაულად მნიშვნელოვან მოვლენას ელიან ხოლმე. ყოველ ჯერზე მისი ჩამოსვლა ახალისებდა ჩვენს ბავშვობას და ფერებს ჰმატებდა მას.

ვეჯექი კალთაში და ველოდებოდი, როდის შეწუხდებოდა ჩემი ცხვირის არქონის გამო( რაკი ერთობ პაჭუა ცხვირი მქონდა და დიდი ლოყები, ფაქტობრივად არც მეტყობოდა), მერე როგორ დამარიგებდა, რომ უნდა გამეხვრიტა ცხვირი, გამეყარა შიგ ძაფი, ზედ უნდა დამეკიდებინა «გირი» და მექნია აქეთ-იქით და ეგებ ცოტა წამომზრდოდა. ვხვდებოდი, რომ ხუმრობდა და ვკვიჭკვიჭებდი გულიანად.

ასეთი დღეები და ეს შეხვედრები, რომლებიც შემდგომში, სამწუხაროდ, შეწყვიტა ცხოვრებამ თავისი უსამართლობებით, დღემდე ნათელ გაელვებებად ზის მყარად ჩემს მახსოვრობაში და ამ ნათელი გაელვებების მიღმა უცვლელ სიყვარულს გაუდგამს ღრმად ფესვები.

როცა შვილი გაუთხოვდა, მახსოვს, როგორ ტიროდა, ეს ჩემს უბეში გამოზრდილი, ჩემს საწოლში ნაწოლი გოგო გურულს რაფერ გაყვაო. მძახალი საყვედურობდა, კი, მარა შენც ხომ გურული ხარო. მე ნამკურნალევი გურული ვარო( გულისხმობდა იმას, რომ იმერეთში იყო დაბადებული და გაზრდილი). მერე დამუქრებია მძახლებს, აქანა რომ ჩამოვიდე და დავინახო, ჩემ საყვარელ შვილს სარეცხს არეცხინებთ და აფენინებთ, სულ ფხრიწინ-ფხრიწინს ოვუტეხავო.

როცა მამა გარდაიცვალა, ჩამოვიდა ზურიკო ბიძია. გადაირივნენ ჩემი შვილის ძმაკაცები. შეიშალნენ მასზე და გვერდიდან არ სცილდებოდნენ. ესეც ყველას ელაპარაკებოდა, ხან ოხუნჯობდა რაღაცას და შორიდან მაცქერალს კიდეც ეჭვი შეეპარებოდა ჭირის თავშეყრა იყო თუ პირიქით… მერე ერთ-ერთი ამ ჩემი შვილის ძმაკაცთაგან მივიდა და თავი მოიწონა, ზურიკო ბაბუა, მეც გურული ვარო. გადახედა ბიძაჩემმა, მოწყენილი თვალებით, დააკვირდა კარგად, მერე ამოიოხრა, მხარზე ზელი მოუტყაპუნა, და არა უშავს, ბაბუა, შენ არ იდარდო, მედიცინა ახლა წინ წავიდა და გიშველიან რამესო. ვიღას ახსოვდა ან მიცვალებული, ან რამე. დაინგრა იქაურობა ხარხარით…

სამყაროში ორად-ორ გვარს ცნობდა: ბაგრატიონს და თავისას.

ისე მონდომებით ეკურკურებოდა ჩემი დის დაქალებს, ჩვენ აქეთ ვიგლიჯებოდით სიცილით. და რომ იცოდეთ, წარმატებით გამოსდიოდა, აღტაცებული გოგოები გვერდიდან აღარ შორდებოდნენ და ესე კავალრობდა შეუდარებლად.

ახლა უნდა დამეწერა ასეთი საყვარელი ბიძია მყავს-მეთქი და  უცებ მომეწურა გული, აწმყოში ვეღარ დავწერ მასზე… მე ასეთი საყვარელი ბიძია მყავდა… ხო, სამწუხაროდ, სიკვდილი არ არჩევს კარგს და ცუდს…

უცნაური ისაა, რომ დიდ ტკივილთან ერთად ამ ადამიანმა დიდი სითბო  დამიტოვა, რომელიც გამომყვა იმ ლამაზი იმერული ეზოდან და დღემდე მათბობს.

ვიჯექი თვალებდაწითლებული, თან მეტირებოდა, თან სინდისი მგლეჯდა, რომ უაზრო პრობლემების და რუტინის გამო ვერ მოვახერხე სიახლოვე ამ ლამაზ გოგოებთან და ბიჭებთან, ჩემი ზურიკოს ნაგრამთან…  ჩავეხუტე სათითაოდ ყველას და ვიგრძენი ის, რასაც სისხლი ჰქვია-საოცარი სითბო, რომელიც კანის უჯრედებიდან ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით გადადის ძარღვებში, დაივლის მთელ სხეულს და გულში დედდება, ცხელდება და გაფორიაქებს…

ისე გამოვიდა, რომ ჩემმა ზურიკომ თავის წასვლით ერთმანეთი თავიდან გვაპოვნინა, გაგვაერთიანა და გაგვაძლიერა…

ვზივარ ახლა, ვწერ და ისევ მივლის თბილი ჟრუანტელი.

სისხლი დუღს და მე აღარ მივცემ მას განელების შანსს.

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «სისხლი»

  1. მაკა:

    „… სისხლი სასწაულია, ბაბუ , სასწაული …„
    ქეთი, შენ რომ მითხარი ჯიხაისში ცხოვრობს ჩემი ბიძის ოჯახიო, ის ბიძა გარდაიცვალა თუ დიდი ხნის გარდაცვლილია?

  2. ხო, მაკა, ის ბიძაა, ხუთშაბათს დავკრძალეთ 😦

  3. მაკა:

    ჩვენ კიდევ, ამ ზაფხულს სტუმრობას ვაპირებდით ჯიხაიშში
    😦

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s