ლევანა

ზემო იმერეთის ერთ კლდიაშვილისეულ სოფელში, კლდიაშვილისეული კილოთი მოსაუბრე იმერლებში ცხოვრობდა ლევანა, ლევანა- სულელად რომ იცნობდა ყველა. არადა, უძახე სულელი შენ, 6 შვილი ჰყავდა, ლამაზები, ჭკვიანები. ან გენეტიკამ დაჰყარა ფარ-ხმალი მათ სასარგებლოდ, ან ლევანა არ იყო სულელი და უბრალოდ თავს ისულელებდა.

აზნაური იყო ლევანა, უფრო სწორად ნააზნაურალი. ისედაც გაღატაკებული» შემოდგომის აზნოუშვილი» მთლად მათხოვრად აქცია ახალმა დროებამ. ბაბუაჩემი ეხუმრებოდა თურმე, შენ ის მაჭავარიანი ხარ, კოვზი რომ ნაცარში ჩაუვარდაო?  აპა არა?მარა ისი ჩემმა ძმამ ქე ამეიღოო, პასუხობდა ლევანა.მარტო გვარი შემორჩა  წინაპრებისგან. უკუდო ამპარტავნობაც კი დაკარგა. ჰო, კიდევ სიზარმაცესაც ვერ შეელია და, მიუხედავად უზომო გაჭირვების, ვერ ნახავდით თოხით ან ბარით ხელში.სამაგიეროდ,სიმღერა გინდა, ცეკვა გინდა, დოლზე დაკვრა გინდა, გარმონი გინდა- ყველაფერი ეხერხებოდა და გამოსდიოდა. ამიტომაც სასურველი სტუმარი იყო ყველა სუფრაზე და წვეულებაში. მეტი რა უნდოდა. დადიოდა ასე ოჯახიდან ოჯახში ჩანგალზე და ირჩენდა თავს არისტო ქვაშავიძესავით.

სახლიც ისეთივე ჰქონდა, მინგრეული, ნასახლარს უფრო ჰგავდა პატარა ფიცრული. გამოიშლებოდნენ ჩამოძენძილ-ჩამოკონკილი შვილები, ზოგი ტყეს შეესეოდა, ზოგიც მეზობლების ბოსტნებს იმ იმედით, რომ რამე კბილში გასაგდებს იპოვნიდნენ.

სხვა იქნებ მოწყენილი ყოფილიყო ამ ყოფაში, იქნებ ხასიათიც გაჰფუჭებოდა ზედმეტი სიღატაკით, ოღონდ არა ლევანას. «მეტი ჯავრი არ მაქვს კიდო, გაჭივრებას დავადარდიანებინო თავიო»,-გადაიკიდებდა გარმონს, გაწელავდა და გამოწელავდა. როცა ნამეტანი შიმშილისგან აუჟივლდებოდა წვრილშვილი, გამოიტანდა დოლს, ჩამოჯდებოდა ჩეროში, «დოუარეთ, დოუარეთო» და დაცვენამდე აცეკვებდა პატარებს.

წისქვილი ჩაუბარებია სოფელს. მუშაობა შენ არ გინდა და ა, ბატონო, იჯექი შენთვის და ამუშავე აქაურობა, სხვა თუ არაფერი, მინდი მაინც დაგრჩებაო( ანუ ყოველი საფქვავიდან წილი). ერთი დღე მჯდარა ლევანა და აყვირებულა, «აქანა ასე რა გამაჩერებს, ხო მამკლა მოწყენილობამო», დაუკეტავს და მიუწერია, ვისაც დაფქვა გინდოდეთ, მომძებნეთო. მერე გრაფიკიც გამოუკრავს: «გამოსასვლელი დღეები-ორშაფათი, სამშაფათი, ოთხშაფათი, ხუთშაფათი, პარასკები. სამუშაო დღეები-შაფათი შუადღე და კვირა საღამო.»

საიდანღაც გაფუჭებული ტელეფონის ავტომატი მოუთრევია და მიუჭედებია კედელზე. თუ ვინმე ქალაქელს გამოიჭერდა, დარეკვა რომ უნდოდა, მიასწავლიდა სერიოზული სახით. იდგა მერე იქვე და სიცილით იფხრიწებოდა, მოტყუებულ-გაბითურებული სახის ცქერისას.

ავად გამხდარა ლევანა. მუცლის ტკივილი შესჩვევია. შეუჩივლია ბაბუაჩემისთვის. ნამეტანი უყვარდა ბაბუაჩემს ეს ლევანა. თვითონაც ენაკვიმატი, ეტყობა კაი დროს ატარებდა მისი სისულელეების ყურებით და სმენით. ეს ამბებიც მისგან მაქვს მოსმენილი. არ ვიცი, მე რამდენად სახალისოდ გამომდის, მაგრამ როცა ბაბუა მიყვებოდა, სიცილისგან ცრემლიც კი მდიოდა.

ჰოდა, შეუჩივლია და ბაბუასაც დაუვლია ხელი და ჩამოუყვანია თბილისში. წაუყვანია ვიღაც პროფესორთან.

აბა, რა გაწუხებთო, უკითხავს ექიმს. მოუჭუტავს თვალები ლევანას, შენ თუ პრაფესორი ხარ, გამოიცანი რა მაწუხებს, მე თუ გითხარი, რა გამოვიდაო. დაუსვამს კითხვები დაბნეულ ექიმს. კვებაზე როგორ ხართო. კუებაზე არა, მარა მაცუებინებს ძიელ მწარედო. მოკლედ შეწუხებულა ეს კაცი და გაუშვია ნევროპათოლოგთან. იმას თითი მიუტანია თვალებთან და აბა გააყოლეო. ლევანას აუწევია თითი და ახლა შენ გააყოლეო და კი მიუტანია უკანალთან.

მეტროთი მგზავრობდნენ ერთხელ თურმე. ჰოდა, გამოუცხადებიათ, შემდეგი სადგური ოქტომბერიო.» იმე, რას ამბობს ეს ქალი, რავა ოქტომბრამდე აქ უნდა ვიჯდეო?»-აყვირებულა ლევანა.

ისე მოსწონებია თბილისში ყოფნა, უთქვამს, აქედან ფეხის მომცვლელი აღარ ვარ, აქანა უნდა დევიწყო მუშაობაო. დაუწყია ფიქრი, როგორი სამსახური უნდოდა. კაი ხანს ფიქრობდა და ერთხელაც ტელევიზიით სიმფონიური ორკესტრის  კონცერტს გადმოსცემდნენ .დირიჟორის დანახვაზე უკითხავს. ამას რა ჰქვიაო. უთხრეს და აგაშენა ღმერთმაო. ძლივს არ გევიგე, ჩემი საქმე რა ყოფილაო? დირიჯორი უნდა ვიყო მეო( ბეჭდვის შეცდომა არ გეგონოთ), დევიჭერ დიდ ჯოხს და ვიქნევ, ამაზე კაი საქმე რა უნდა იყოს, საჩემოა, დაღლა ამას არ უნდა, თოხი და ბარიო.

სულ მიკვირდა, რას დაატარებდა ეს ბაბუაჩემი აქეთ-იქით ამ სულელ ლევანას. ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები, ერთობოდა და მასალას აგოვებდა. ოპერაშიც კი წაუყვანია. ბებიაჩემი გადაპრანჭული, თვითონაც გამოწკეპილი და გვერდით ლევანა!!! დასძინებია ლევანას და უცებ კაი ხმამაღლა რომ დაცხო ორკესტრმა და კაპელამაც, გამოღვიძებია, წამომხტარა და ისეთი ტაში დაუცხია, მთელი დარბაზი ამას უყურებდა. დამწვარა ბებია სირცხვილით, ბაბუა კი იგლიჯებოდა სიცილით.

ასე ხუმრობა-სიცილში, ცეკვა-თამაშში გაულევია ცხოვრება და წასულა მერე თავის უკუდო ამპარტავან წინაპრებთან. ლევანას შვილები ერთიმეორეზე უკეთესები გამოვიდნენ. კიდეც ისწავლეს და კიდეც მყარად დადგნენ ფეხზე ამ ცხოვრებაში. სახლიც წამოჭიმეს მამის ნაქოხარის ადგილას.

ვწერ ახლა ამ სასაცილო კაცზე, წინ მიდევს ძველისძველი, გაცრეცილი ფოტო: წყაროზე რამდენიმე ბიჭია, მათ შორის ბაბუაჩემიცაა. ერთ-ერთი ბიჭი მარტო წელს ქვემოთ ჩანს-ეს ლევანაა. ვერ დაემიზნა თურმე, ეშინოდა ჩაჩხაკუნებისას ცეცხლი გამოდისო და ისე გაკვანწულა ჰაერში, მარტო დახეული შარვალი დარჩენილა ობიექტივში.

ვწერ და ვფიქრობ, მაინც არ მასვენებს აზრი, რომ მთელი მისი სისულელე ფანდი იყო ერთგვარი თავის დაცვის და გადარჩენის და სხვა არაფერი. თქვენ როგორ გგონიათ?

p.s. გვატირებო და იმედია, ეს არ გამოვიდა სატირალი 🙂

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ლევანა»

  1. მაკა:

    🙂 ვგიჟდები იმერულ იუმორზე ❤

  2. გადავრჩი ანუ, არ აგეტირა და გაგაცინე? ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s