პატარა ქალაქის დიდი გოლიათი

ცხრა მთის იქით? არა, ლიხის ქედს იქით, ერთ პატარა პროვინციულ  ქალაქში, ერთ პატარა ქუჩაზე ერთ დიდ სახლში ცხოვრობდა გოლიათი. გგონიათ ზღაპრულ გოლიათზე გიყვებით? სულაც არა.ეს იყო ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი, თუმცა თავისი გარეგნული მონაცემებით მართლა ჰგავდა ზღაპრულ გოლიათს: უშველებელი სიმაღლის, დიდი ხელებით, ზონზროხა, როხროხა, თოვლივით თეთრი თმით, შავი წარბებით, ჟან გაბენის პროფილით და პატარა ანცი ხულიგანი ბიჭის ხასიათით.425334_581281451906344_1330054464_n

ჰოდა, ერთხელ ერთი ობოლი გოგო მოხვდა ამ სახლში. უფრო სწორად თვითონ კი არ მოხვდა, მეგობარმა მიიყვანა. ეს მეგობარი ამ გოლიათის შვილი იყო. ჰო, გოლიათი მეგობრის მამას გარეგნობის გამო არ ერქვა. ასე ერქვა უბრალოდ. ეტყობა მისი ნათლია წინასწარ ჭვრეტდა ახალშობილის გარეგნობას და ზუსტად აურჩია სახელი.

ძალიან საწყალი გოგო იყო ეს ობოლი. მერე რა, რომ პატარა იყო. წლებისგან და დარდისგან ნაადრევად დაეკარგა ბავშვობა და ყველაფრის და ყველასი ეშინოდა, საკუთარი თავისაც კი. აღარც დედა ჰყავდა, აღარც მამას ახსოვდა, იყო ასე ბედს და ერთ საწყალ ბებიას მინაბრებული.

ჰოდა, მოხვდა ამ სახლში არაზღაპრულ გოლიათთან, მაგრამ ნამდვილ ზღაპარში.

ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ისევ პატარად იგრძნო თავი, სადაც  გაიხსენა, რა კარგია და არაჩვეულებრივი, როცა გიფრთხილდებიან, ცივ ნიავს არ გაკარებენ, განებივრებენ. აქ იგრძნო პირველად  საკუთარი სქესის განსაკუთრებულობა, ქუჩის ბოლოში სიბნელეში ქურდულად ნაკოცნით.

ეჰ, თქვენ ვინ რას გამოგაპარებთ! მიხვდებოდით ისედაც და დამალვას აზრი არ აქვს. კი, ბატონო, მასეა, მასე-ეგ საწყალი გოგო მე ვიყავი და გოლიათი კიდევ ჩემი მეგობრის მამა.

ცოტა დაზაფრული ვიყავი ჩასვლისას. ჯერ ერთი, უცხო გარემო იყო და ვნერვიულობდი, მრხცვენოდა, მეორეც, ყოველთვის მეშინოდა დიდი ტანის ადამიანების და ეს ამხელა კაცი რომ დავინახე და როხროხი რომ დაიწყო, ისე დავპატარავდი, მეგონა, ცოტაც და გავიპარებოდი, გავქრებოდი. აბა რას წარმოვიდგენდი, რომ ამ დიდ საფარველში პატარა ბავშვი იმალებოდა!

ჰოდა, ასე, ამ პატარა ქალაქში და ამ დიდ სახლში ვიყავი ყველაზე პატარა და იმ განსაკუთრებულობას, რაც პატარასთან მოქცევას ახლავს თან, მუდამ ვგრძნობდი.აქ მე მიფრთხილდებოდნენ ყველგან, ყველა და ყოველთვის. აქ ზრუნავდნენ ჩემზე, ოღონდ ისე, რომ ეს ჩემთვის შემაწუხებელი და მოსარიდებელი არ ყოფილიყო.

სადაა ბავშვი? რა ჭამა ბავშვმა დღეს? მოვიდეს და დაჯდეს, თორემ არ შევჭამ არც მე-ეს იყო ყოველი საღამოს საკითხავები გილიათისგან და მეც, სულ მუდამ მოშიმშილე და დიეტის მიმდევარი, იძულებული ვხდებოდი, ვმჯდარიყავი მის გვერდით და მეჭამა. რაკი ვიცოდი, ამას ვერ ავცდებოდი, მთელი დღე არაფერს ვეკარებოდი, თავს ვინახავდი საღამოს ტრაპეზობისთვის. ვისხედით გვერდიგვერდ და კარლსონივით აქსუტუნებული და თვალებანთებული ატოლებდა, რომელს უფრო დიდი ნაჭერი ნამცხვარი, ან დიდი თეფში ფელამუში შეგვხვდა. თუ  ჩემი მოეჩვენებოდა დიდი, ჩხუბს იწყებდა და გაბუტვას.

ამომიჩრიდა იღლიაში და მაწვალებდა, ხან მკოცნიდა და ხანაც მჩქმეტდა. ჩემი მეგობარი ცოტა არ იყოს ეჭვიანობდა, ჩვენ არასდროს გვკოცნის და ამას უყურე, რა  დღეში აგდებსო და ეჩხუბებოდა.  ძალიან რომ შემაწუხებდა ხოლმე თავისი ტორებით, ვემუქრებოდი, იცოდე, დავუძახებ და ვეტყვი, როგორ მაწვალებ-მეთქი. აჰ, აჰ, მაგი არ ქნა, მაგის ჩხუბს რა გაუძლებსო და თავს მანებებდა.

ასე იყო ყოველ საღამოს. ხან ჩუმჩუმად საჩუქრები მხვდებოდა ოთახში. ჩავდიოდი ნახევრად ცარიელი ჩანთით და იქიდან დატვირთული ვბრუნდებოდი.

სადგურში მანქანა გვხვდებოდა, დიდი, ძველი, გემივით მანქანა( მგონი «ვოლგა-21), გაძეძგვილი ბიჭებით( ამ ჩემი მეგობრის მეგობრებით). არიქა. გოგოები მოდიანო და ერთი კვირით ადრე ემზადებოდნენ, გეგმავდნენ, სად და როდის უნდა წავეყვანეთ. მე იმათთვისაც პატარა ვიყავი და ცივ ნიავს არ მაკარებდნენ. ჩავეტენებოდით მანქანაში სამ სართულად, ვინ ვის კალთაში იჯდა, ვერ გაარკვევდი და ჰერი, ჰერი, ხან სად ვეყარეთ და ხან სად. სადაც არ უნდა წავსულიყავით, ბოლო გაჩერება ზღვაზე იყო, შუაღამისას, მოპარული ჭიქებით, შამპანურის სმით და მერე ამ ჭიქების სროლა-მსხვრევით ჰუსარულად.

თუ შეაგვიანდებოდათ გამოვლა, ვიდექი ფანჯარასთან ატუზული, ველოდებოდი და ვმღეროდი არიას:»კობააააა…»( ასე ერქვა მანქანის პატრონს). ან თუ არ ვიდექი და სხვა რამეს ვაკეთებდი, ცალი ყური მაინც ქუჩისკენ მქონდა და ყოველ გაფაჩუნებაზე გავრბოდი და ვიცქირებოდი. ისინიც მოდიოდნენ, არ გვაღალატებდნენ. ჩამოვიმხობდით, რაც მოგვხდებოდა იმას და თავქუდმოგლეჯილები ჩავრბოდით კიბეზე.

თბილისში წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მიფუჭდებოდა ხასიათი. არ მეთმობოდა უდარდელი და ხალისიანი დღეები, არ მინდოდა თბილისურ მოწყენილობაში და პრობლემებში თავით გადაშვება…

მერე ისევ მოდიოდა არდადეგები და ისევ იწყებოდა ზღაპარი, თავისი რაინდებით და გოლიათით.

დიდი დრო გავიდა მას მერე.  რამდენიმე წლის წინ ისევ მომიწია იქ ჩასვლამ. ჩემი ზღაპარი სადღაც გამქრალიყო… ჩემი ფერადი, მხიარული ქალაქი იყო ნაცრისფერი და მოწყენილი, უსიცოცხლო, ჩამკვდარი. გოლიათის სახლი იყო ჩუმი და ცრემლიანი. მეორე სართულზე იმ ოთახში, სადაც ჩუმ-ჩუმად სიგარეტს ვაბოლებდი უწესო გოგო, ახლა გაუნძრევლად იწვა როხროხა გოლიათი, არც მეფერებოდა, არც მაწვალებდა, არც არაფერს მჩუქნიდა, არც საჭმელს მაძალებდა… ვიდექი მის გვერდით, ყელშიბურთგაჩხერილი, თვალწინ კადრებად მედგა დღეები, საათები, წუთები, ღიმილიანები, მხიარულები… ჩემს წინ იწვა ადამიანი, რომელმაც მე დაკარგული ბავშვობა დამიბრუნა და მე მხოლოდ ის შემეძლო, ღეჯეჯა თმაზე ხელი გადამესვა, ცრემლი დამეღვარა და დაუჯდომლად მეკითხა ფსალმუნი… აბა სხვა რა შემეძლო კიდევ? ალბათ ის, რომ სიცოცხლის ბოლომდე მახსოვდეს ის ყველაფერი, რაც აქაურობასთან მაკავშირებს, ალბათ ის, რომ არასდროს მომცილდეს იმ დღეების სიყვარულის, მადლიერების გრძნობა…

ვიჯექი მანქანაში და უკან ვიყურებოდი. წვიმიან სინაცრისფრეში რჩებოდა გოლიათის მოწყენილი სახლი და მასთან რჩებოდა ჩემი ბავშვობა, აღფრთოვანება, გაოცებული თვალები, პირველი LOVE-STORY, ზამთრის სითეთრეში ჩაკარგული ზღვის ნაპირას ცეკვა და გულუხვი რაინდების უანგარო სიყვარული.

ვზივარ ახლა, ამ უმზეო დღეს, მიტრიალებს თვალწინ ფრაგმენტები იმ ხალისიანი დღეების და მეკვიატება სევდა პერიფრაზად:

მაგონდება მარადის

მხიარული დღეები,

თოლიების კამარა-

უცხო სამოთხეები.

აღარ შემრჩა, აღარა

მხიარული თვალები,

მას დრომ გადაუარა

და ჩაუქრო ალები.

ცხრა მთის იქით? არა, ლიხის ქედს იქით, ერთ პატარა პროვინციულ  ქალაქში, ერთ პატარა ქუჩაზე ერთ დიდ სახლში ცხოვრობდა გოლიათი. ამ პატარა ქალაქში დარჩა უამრავი მხიარული დღე, წამი. ამ დიდ სახლში კი დღესაც ცხოვრობს ზღაპრული გოლიათის კეთილი სული და ალბათ ახლა ეშმაკურად ეცინება ჩემი სიტყვების სმენისას…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «პატარა ქალაქის დიდი გოლიათი»

  1. მაკა:

    დამანებებ თავს?????
    უნდა შევწყვიტო შენთან მეგობრობა, სხვა გზა არ დამიტოვე … ❤

  2. ❤ უთბილესი, ჩამწყდა რაღაც

  3. ❤ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ფერადი ნაწილია, იყო, უფრო სწორად.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s